რას გეგმავდა "ცალხელა აჰმედი" საქართველოში - კვირის პალიტრა

რას გეგმავდა "ცალხელა აჰმედი" საქართველოში

"- გინდა, ტერაქტი მოაწყო?

- ძალიან მინდა. ოღონდ მამა თუ ნებას დამრთავს... როდესაც ვხედავ ჩემი ტოლების ან ჩემზე უმცროსების მიერ მოწყობილ ტერაქტებს, მათი შეუდარებელი საქციელი დიდ შთაგონებას მაძლევს.

- და რა გელის უფლისგან?

- განკითხვის ჟამს უფალი მკითხავს, - რატომ გააკეთე ესო. ვუპასუხებ, - მხოლოდ შენთვის-მეთქი. უფალი შეაფასებს ჩემს ზრახვებს. თუ ჩემი მიზანი ისლამის სახელით ბოროტების აღმოფხვრა იყო, ჯილდოდ სამოთხეს მარგუნებს"."

დოკუმენტალისტი შარმინ ობაიდ ჩინო, "ბიჭები თვითმკვლელთა ბანაკებიდან"ღმერთო, გთხოვ, როგორც დააშორე ეშმაკი შენს მოწყალებას, ისე დამაშორე მეც - როგორი უბედურიცაა ეშმაკის შთამომავლობა, ისეთი უბედური იყოს ჩემი შთამომავლობა, თუ მე ის გავაკეთე, რასაც მაბრალებენ, მაგრამ თუ არ ჩამიდენია, მაშინ გთხოვ, იგივე გაუკეთე მათ".

აჰმედ ჩატაევი, 2015 წ.

ამერიკელ კოლეგებთან ერთად წარმოებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს ტერორიზმში ეჭვმიტანილ სამ ლიკვიდირებულ პირს შორის "ისლამური ხალიფატის" ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა აჰმედ ჩატაევიც იყო. მსოფლიო მოჯაჰედურ წრეებში კარგად ცნობილი "ცალხელა აჰმედი", რომლის ხელში ჩაგდებას თორმეტამდე ქვეყნის სპეცსამსახურები (მათ შორის აშშ, რუსეთი, თურქეთი) წლებია, ცდილობენ, საბოლოოდ ქართველი სპეცსამსახურების "ნადავლი" აღმოჩნდა.

თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციიდან თითქმის ორი კვირა გავიდა, მაგრამ საზოგადოებისთვის, რომელიც ლამის 20 საათი პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს მოვლენების განვითარებას, ბევრი არაფერია ცნობილი. ქალაქის პირობებში უპრეცედენტო სპეცოპერაციამ უამრავი კითხვა გააჩინა, რომელზეც პასუხის გაცემას ისევ მედია ცდილობს. ვრცელდებოდა უამრავი ვერსია, თუმცა კითხვები - როგორ აღმოჩნდა საერთაშორისო ტერორიზმში ძებნილი საქართველოში, რა გეგმები ჰქონდა, როგორ მოახერხეს დიდი რაოდენობით იარაღის შეძენა, დღემდე უპასუხოა. რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯერჯერობით თავს იკავებს, გადავწყვიტეთ, ამ ამბების საკუთარი ვერსია შემოგთავაზოთ.

სავარაუდოდ, ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირთა ჯგუფი საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა, სადაც ჩატაევი ბოლო 6 თვე იმყოფებოდა(?!). თავადაც და მისი სამი თანმხლები (მათგან მხოლოდ საიდ დუდაევია ცნობილი, მოხდა თუ არა დანარჩენი ორის იდენტიფიცირება, უცნობია) "ისლამური ხალიფატის" გამოცდილი მებრძოლები იყვნენ. ჩატაევის ჯგუფს შემოსვლა შეეძლო როგორც არალეგალურად (ე.წ. მწვანე ზოლით), ისე სარფის საბაჟოს გავლით. საზღვრის გადმოლახვა იოლი არ არის, მაგრამ ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს. ეს საქმე 600-900 დოლარამდე ჯდება, თუ საზღვარზე გადმოსვლას კონკრეტულ ცვლას დაამთხვევ, ან საქართველოში მომავალი ავტობუსების გამჭრიახ მძღოლებთან დაიჭერ თადარიგს. ჩატაევმა - ვაითუ, ვინმემ მიცნოსო, ალბათ, "მწვანე ზოლით" გადმოსვლა არჩია. ამ გზით შემოსვლა-გასვლის მსურველებს მომსახურებას გარკვეული ანაზღაურების ფასად "მეგზურებიც" სთავაზობენ, თუმცა ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ეს "მეგზურის" გარეშეც შესაძლებელია. ვინაიდან მაღალმთიან აჭარაში "ისლამურ ხალიფატს" მხარდამჭერები ჰყავს (ხალიფატში "აჭარულ ფრთას" თამაზ ჭაღალიძე - "აჰმედ გურჯი" ხელმძღვანელობს. 2015 წლის შემოდგომაზე აჭარაში ანტიტერორისტული ოპერაციაც კი ჩატარდა და "ისლამური ხალიფატის" ადგილობრივი წევრები დააკავეს), შესაძლოა, ჩატაევის ჯგუფისთვის მეგზურობა ერთ-ერთ მათგანს გაეწია.

...ბინა, რომელშიც ისინი მოხვდნენ, ცხადია, "საიმედო" უნდა ყოფილიყო. გამოცდილი და ფრთხილი კაცი არ გარისკავდა ოპერაციის ჩავარდნას, ამიტომ ბინა წინასწარ იყო შერჩეული. ეს კი ცხადყოფს, რომ მას აქ ხელის შემწყობები ჰყავდა. შემდეგი ეტაპი იარაღის შოვნა იქნებოდა. ბინაში აღმოჩენილი იმ რაოდენობის იარაღით და ასაფეთქებელი ნივთიერებებით, რა თქმა უნდა, ჯგუფი საქართველოში ვერ შემოვიდოდა. ის აქ იყო მოძიებული. ადვილი შესაძლებელია, არც შეესყიდათ და უკვე ნაქონი მარაგით ესარგებლათ. 2012 წლის ლაფანყურის მოვლენებისას საზოგადოებამ ნახა, რომ ჯგუფი, რომელიც დაღესტნის საზღვრისკენ მიიწევდა, კბილებამდე იყო შეიარაღებული, არ არის გამორიცხული, საქართველოში გადამალული ყოფილიყო იარაღის ხელშეუხებელი მარაგიც, რომელიც უთუოდ ჩატაევსაც ეცოდინებოდა. მათი ბინაში უსაფრთხოდ გადმოტანა ისევ ხელისშემწყობთა დახმარებით მოხდებოდა. ჩატაევი გარეთ არ გამოდიოდა და მისი საქართველოში ყოფნის შესახებ მისმა გარემოცვამაც სირიაში ბევრი არაფერი იცოდა, მაგრამ ეს მაინც გახდა ცნობილი ქართული სპეცსამსახურებისთვის (უცნობია, ეს ინფორმაცია ანტიტერორისტულმა დეპარტამენტმა დამოუკიდებლად მოიპოვა, თუ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების დახმარებით მიიღო).

21 ნოემბრის საღამოს, დაახლოებით 7 საათზე, სამართალდამცავებმა ქუჩაში ვინმე საიდ დუდაევი დააკავეს, ორიოდე საათის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ანტიტერორისტული დეპარტამენტი ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ოპერაციას ატარებდა, რა დროსაც მათ ერთ-ერთი ბინიდან ტერორიზმში ეჭვმიტანილმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. შეთავაზებას, ჩაბარებულიყვნენ, ბინაში მყოფებმა უარით უპასუხეს, "ხალიფატის" მებრძოლები ბოლომდე აპირებდნენ წინააღმდეგობის გაწევას. სპეცოპერაციამ 20 საათს გასტანა. დაიღუპა  სპეცრაზმის ერთი თანამშრომელი, დაიჭრა 4 სამართალდამცავი. საბოლოოდ, ბინაში მყოფი სამი კაციდან ორი ეზოში იყო ლიკვიდირებული, ხოლო ჩატაევმა თავი აიფეთქა.

თუ დადასტურდება, რომ ჩატაევმა შაჰიდის ქამრით აიფეთქა თავი, ცხადი ხდება კიდევ რამდენიმე დეტალი.

სავარაუდოდ, შაჰიდის ქამარი მაშინ გაიკეთა, როდესაც ბინაში მყოფებმა ჩაბარებაზე უარი თქვეს. შესაძლოა, ჩატაევი ვარაუდობდა, რომ ბინაში სპეცრაზმელების შეჭრის შემთხვევაში თავს აიფეთქებდა და ამას იქ მყოფი რამდენიმე ათეული სპეცრაზმელის სიცოცხლეც შეეწირებოდა (ალბათ, ამიტომ არ ჩქარობდნენ სპეცრაზმელები ბინაში შეჭრას). როგორც ჩანს, სამართალდამცავები გარედან ცდილობდნენ ჩატაევის განეიტრალებას, მათ სახლში ხელყუმბარებიც კი შეყარეს. სანამ სპეცრაზმი კორპუსის მეორე სართულიდან დაიწყებდა შიგნით შეღწევას, ეტყობა, მაშინ მოსთხოვა მოჯაჰედმა ორ თანმხლებს, დაეტოვებინათ იგი. ტერორიზმში ეჭვიტანილმა პირებმა კარგად იცოდნენ, რომ გარეთ გასვლის შემთხვევაში მოკლავდნენ, მაგრამ, სავარაუდოდ, ფანჯრიდან მაინც გადახტნენ. ერთი იქვე მოკლეს, მეორემ რამდენიმე ათეული მეტრის გარბენაღა მოასწრო, "ცალხელა აჰმედი" კი შაჰიდი გახდა (შაჰიდობა მოჯაჰედისთვის დიდი პატივია. გარდა ამისა, მას ბევრი მატერიალური სიკეთეც მოაქვს, შაჰიდების ოჯახები სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველყოფილი არიან).

რას აპირებდა ჩატაევის ჯგუფი თბილისში და რა იყო მისი მოტივაცია, ამ კითხვებზე პასუხი არც ჩვენ გვაქვს, თუმცა შაჰიდის ქამრის არსებობა ბინაში (ის შეიძლება მხოლოდ ერთი არ ყოფილიყო), მიანიშნებს შემდეგზე: სავარაუდოდ, თბილისში იგეგმებოდა ტერაქტი, რომელიც თვითმკვლელებს უნდა განეხორციელებინათ, რაც ავტომატურად დიდ მსხვერპლს ნიშნავს.

ვინ უნდა ყოფილიყვნენ ის თვითმკვლელები? სავარაუდოდ, ჩატაევის თანმხლები სამი ახალგაზრდა. ის, რომ ჩატაევი "ისლამურ ხალიფატში" საბჭოური სივრციდან ახალგაზრდების რეკრუტირებასა და ტერაქტებისთვის სპეცმომზადებას კურატორობდა, 2015 წლის აგვისტოში კიდევ ერთხელ გახდა ცნობილი, როცა სტამბოლში მისი თანამებრძოლები - 23 წლის იაკუბ იბრაგიმოვი (ჩეჩენი) და 38 წლის აბდულა აბდულაევი, მეტსახელად "უზბეკი" (დაღესტნელი) დააკავეს. მათ თურქ სამართალდამცავებს უთხრეს, რომ აჰმედ ჩატაევი ხელმძღვანელობს "ხალიფატში" იმ სპეცსკოლას", სადაც ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მოქალაქე ახალგაზრდები ტერაქტების მომზადებას სწავლობენ და შაჰიდობაზე მეოცნებენი თვითმკვლელობისთვისაც ემზადებიან. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჩატაევის თანმხლებნი სწორედ მისი "აღსაზრდელები" იყვნენ. რა თქმა უნდა, ფსონზე დიდი ინტერესები იყო დადებული, რადგან "ხალიფატის" ერთ-ერთი ლიდერი საქართველოში გამოჩნდა, თუმცა მეორე მხრივ, თუ მართლაც იგეგმებოდა საქართველოში ტერაქტი, მისი მომზადება-უზრუნველყოფა მხოლოდ ჩატაევს თუ შეეძლო, რადგან ის წლების განმავლობაში აქ ცხოვრობდა და თავისი კავშირების წყალობით სიტუაციას დღემდე ფლობდა.

სანამ გამოძიება ანტიტერორიტული ოპერაციის დროს ლიკვიდირებულ პირთა, აგრეთვე ჩატაევის ხელისშემწყობთა წრის დადგენაზე მუშაობს, საზოგადოებაში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კითხვა გაჩნდა, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციით დასრულდა ტერორიზმის საფრთხე საქართველოში, თუ შავი დროშების საგა მხოლოდ ახლა იწყება?

ვინ არის აჰმედ ჩატაევი

დაიბადა 1980 წელს ვედენოში (ჩეჩნეთი), 1999 წელს იბრძოდა მეორე ჩეჩნეთის ომში, 2001 წელს დააკავეს ბანდიტური დაჯგუფების წევრობისთვის. ერთი ვერსიით, მას ციხეში მოჰკვეთეს მკლავი. 2001 წელს მოახერხა ციხიდან თავის დაღწევა. 2003 წელს მიიღო ავსტრიაში ლტოლვილის სტატუსი. ამავე პერიოდში გაიცნო იჩქერიის დევნილი მთავრობის ხელმძღვანელი აჰმედ ზაკაევი და დაინიშნა მის წარმომადგენლად. მას შემდეგ, რაც დოკუ უმაროვმა "კავკასიის ემირატი" გამოაცხადა, ჩატაევი მის ერთგულ თანამებრძოლად იქცა. იყო "კავკასიის ემირატის" წარმომადგენელი ევროპაში, მოგვიანებით კი საქართველოში. 2008 წელს რამდენიმე ჩეჩენთან ერთად იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს შვედეთის ქალაქ ტრელებორგში. ციხეში წელიწადზე მეტი გაატარა. 2010 წელს დააკავეს უკრაინის ქალაქ უჟგოროდში. ტელეფონში უპოვეს ასაფეთქებელი მოწყობილობების ინსტრუქციები და აფეთქების შემდეგ გარდაცვლილთა ფოტოები. უკრაინისგან ჩატაევის გადაცემას ითხოვდა რუსეთი, თუმცა ევროპის სასამართლომ აუკრძალა უკრაინას რუსეთისთვის მისი გადაცემა. ჩატაევის გადაცემა მოითხოვა საქართველომაც ერთი სისხლის სამართლის საქმის გამო. საქართველოს მოთხოვნა დააკმაყოფილეს. 2011 წლის 19 მაისს ის დაიჭირეს ბულგარეთი-თურქეთის საზღვარზე. მის გადაცემაზე რუსეთს ამჯერადაც უარი უთხრეს.

ჩატაევი იყო საქართველოს მოქალაქე და ოჯახითურთ საქართველოში ცხოვრობდა. 2012 წელს მისი სახელი გამოჩნდა ლაფანყურის მოვლენებში და სპეცოპერაციის შემდგომ დააკავეს, თუმცა 2012 წლის ბოლოს გაუშვეს. ის წავიდა ავსტრიაში. 2013 წელს საქართველო დატოვა მისმა ოჯახმაც. 2015 წელს გამოჩნდა სირიაში. "ისლამურ ხალიფატში" ევროპის და პოსტსაბჭოური სივრცის რეკრუტირების ქსელის კურატორი იყო. 2016 წელს სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერაქტს 43 ადამიანი ემსხვერპლა, თურქი სამართალდამცავები ერთხანს სწორედ ჩატაევს მოიაზრებდნენ ტერაქტის მოთავედ.

ნინო ბურჭულაძე