ოპერაცია " მემკვიდრე" - კვირის პალიტრა

ოპერაცია " მემკვიდრე"

(გაგრძელება, დასაწყისი #20-23)

1996 წელს ჩეჩნეთში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ იჩქერია კრიმინალურმა ტერორმა მოიცვა: ადამიანების გატაცება (ძირითადად უცხოელი მოქალაქეებისა) და მასობრივი მკვლელობები ყოველდღიური ცხოვრების წესად იქცა.

1997 წლის 27 იანვარს ჩეჩნეთში პირველი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და ასლან მასხადოვი იჩქერიის პრეზიდენტი გახდა. მასხადოვის მთავრობა ცდილობდა დაერწმუნებინა ევროპა, რომ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში იჩქერია დემოკრატიული რეფორმებისთვის მზად იყო, რუსეთში თითქოს დაავიწყდათ კიდეც ჩეჩნეთი, თუმცა... როგორც აღმოჩნდა, დროებით.

1998 წლის 25 ივლისს, პრეზიდენტ ელცინის ბრძანებით, ფე-ეს-ბეს დირექტორად ვლადიმირ პუტინი  დაინიშნა. ხელისუფლებაში მოსასვლელად და საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად პუტინს ძლიერი კარტი სჭირდებოდა და ასეთად ისევ  ჩეჩნეთი იქცა - ლუბიანკაზე ოპერაცია "მემკვიდრე" დაიწყო....

ამასობაში ვაჰაბიტური მოძრაობა დაღესტანსაც მოედო. მთებში კარგად გამაგრებული სამხედრო ბანაკები შენდებოდა. დაღესტნელი ვაჰაბიტების ლიდერი ბაგაუტდინი ჩეჩნეთში შამილ ბასაევთან და ამირ ხატაბთან აფარებდა თავს და თან იარაღს და საწვავს ყიდულობდა, გროზნოს ბაზარშიც კი იცოდნენ, რომ ბასაევი რაღაცისთვის ემზადებოდა....

1999 წელს ასლან მასხადოვმა უშიშროების მინისტრად ტურპალ-ალი არტგარიევი დანიშნა. ახალ მინისტრს, რომელიც რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს ემხრობოდა, შამილ ბასაევი და მისი ვაჰაბიტური ბანდები თვალში არ მოსდიოდა...

1999 წლის  აგვისტოში ელცინისა და ასლან მასხადოვის შეხვედრა იგეგმებოდა. მაისის შუა რიცხვებში   საფრანგეთის პატარა ქალაქ ბულიეში, რომელიც ნიცასთან მდებარეობს,  იარაღით ცნობილი მოვაჭრის, არნანდ ჰაშოგის ვილაში სტუმრებს ელოდნენ. თავიდან ვილას ებრაული წარმოშობის სოხუმელი ბიზნესმენი იაკობ კოსმანი ესტუმრა 6 კაცთან ერთად.

ერთ-ერთი მათგანი აფხაზეთის  გმირი ცვეიბა გახლდათ, რომელმაც აფხაზეთის ომში თავი ქართველი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობებით გამოიჩინა. ორიოდე კვირის შემდეგ ცვეიბა, მხლებელთან ერთად, ადგილობრივ აეროპორტში წავიდა. კერძო თვითმფრინავმა პარიზიდან კიდევ ორი სტუმარი ჩამოიყვანა. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ სულთან სოსნალიევი, აფხაზეთის ომის დროს თავდაცვის მინისტრი (შამილ ბასაევი მისი მოადგილე იყო, როდესაც ომში ცნობილ ჩეჩნურ ბატალიონს ხელმძღვანელობდა), მეორე, ასევე სოხუმელი ГРУ-ს პოლკოვნიკი ანტონ სურიკოვი, მეტსახელად "მანსური". იმხანად ის პრემიერ-მინისტრ ევგენი პრიმაკოვის აპარატში მუშაოდა.

3 ივლისს ბულიეს პორტში ინგლისური იახტა "მაგია" შევიდა და მალტიდან ორი კაცი ჩამოიყვანა: ვაჰაბიტურ წრეებში გავლენიანი ფიგურა, ვინმე თურქი მაჰმედი და საველე მეთაური შამილ ბასაევი. სტუმრები არნანდ ჰაშოგის ვილაში დაბინავდნენ. 4 ივლისს ბულიეს აეროპორტში რუსეთის ერთ-ერთი ნავთობკომპანიის თვითმფრინავი დაეშვა.

რუსეთიდან ჩამოსულ სტუმარს ლიმუზინით დახვდნენ, ის კი არც მეტი, არც ნაკლები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ვოლოშინი აღმოჩნდა. იმ საღამოს ჰაშოგის ვილაში დაცვა გააორმაგეს და რამდენიმე ასეული მეტრის რადიუსში მობილური ტელეფონის ბლოკირებაც ხდებოდა. გამთენიისას ვოლოშინი რუსეთში გაფრინდა, დანარჩენმა სტუმრებმაც იმავე  დღეს დატოვეს ბულიე.

6 ივლისს კრემლში, პრეზიდენტთან აუდიენციის შემდეგ, პუტინი ვოლოშინს ესტუმრა. ფე-ეს-ბეს დირექტორი ნიცაში შეხვედრით დაინტერესდა.

- ცოტა არ იყოს გაგვიჭირდა, - უხალისოდ თქვა ვოლოშინმა, - ძნელია შამილი  რამეში დაარწმუნო, თუმცა, როგორც ჩანს, ასლან სოსნალიევს ენდო.–

სოსნალიევის ხსენებაზე პუტინს გაეღიმა.

- თარიღზე შეთანხმდით? -  ჰკითხა მშვიდად ვოლოშინს.

- კი. 7 აგვისტო. ბასაევი არტგარიევის ჩამოშორებას ითხოვს, - დასძინა ვოლოშინმა.

- მხოლოდ ფე-ეს-ბე ითხოვს! - წარბი ასწია პუტინმა და კაბინეტიდან გასვლისას ვოლოშინს დაჰპირდა, ბასაევის თხოვნაზე ვიფიქრებო.

19 ივლისს მოსკოვში მოულოდნელად იჩქერიის თავდაცვის მინისტრი ტურპალ-ალი არტგარიევი  დააკავეს. ის მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ გაათავისუფლეს. მიუხედავად იმისა, რომ არტგარიევმა იცოდა ნიცაში შეთანხმების შესახებ, მის აღსაკვეთად ვერაფერი იღონა, გვიანი იყო.

1999 წლის 27 ივლისს ჩეჩნეთის მთებში, ვაჰაბიტების ბანაკში, ბასაევი და ბაგაუტდინი დიდხანს საუბრობდნენ.

- ჯოჰარისა და მასხადოვის იდეა დიდი ჩეჩნეთია, რომლის შემადგენლობაში მოზდოკის რაიონიც შევა, აგრეთვე სტავროპოლის მხარის ნოღაის რაიონიც, ხასავიურთი და  დაღესტნის ნაწილი კასპიის ზღვაზე გასასვლელად,  დანარჩენი ნაწილი კი ჩეჩნეთის მინიიმპერიის პროტექტორატი იქნებოდა ჩრდილოეთ კავკასიაში.

- თქვენ რას ფიქრობთ?–- ჰკითხა ბაგაუტდინმა.

- ჩვენ, ისევე როგორც იანდარბიევი, ვფიქრობთ, რომ ჯიჰადი და შარიათი უნდა იყოს  მთელ აღმოსავლეთ კავკასიაში და არა მარტო კავკასიაში, მოვა დრო და მოსკოვამდე მივალთ. აქ იქნება ხალიფატი არაბების მმართველობით. ჩეჩნები კი ნელ-ნელა გაითქვიფებიან...

"მეტისმეტად მეოცნებე ხომ არ გახდა შამილი?" - გაიფიქრა ბაგაუტდინმა და ბასაევს მიუბრუნდა:

- როგორც  ჩემი წყაროები მატყობინებენ, დაღესტანში ჩემი უსაფრთხო გადასვლა გარანტირებულია.

- მე შენს ადგილას ასე დარწმუნებული არ ვიქნებოდი, - ეჭვიანად ჩაილაპარაკა ბასაევმა, - ამიტომ ჯობს ოპერაცია ერთად დავიწყოთ.

- მირჩევნია, დამოუკიდებლად გადავიდე. თან, როგორც მითხრეს,   ცუმადინში მხოლოდ მილიცია დგას. ისინი თავისიანებს ხელს არ მოჰკიდებენ. გარდა ამისა, იქ უკვე გადაზიდულია იარაღის დიდი მარაგი.

- ნება შენია, - ხელები გაშალა ბასაევმა, - მაშინ მე და ამირ ხატაბი ბოთლიხის რაიონისკენ დავიძვრებით. ამ ოპერაციას "იმამ-ყაზ მუჰამედს" დავარქმევთ.

1999 წლის 2 აგვისტოს  ბაგაუტდინი დაღესტანში გადავიდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, გააცურეს და ხაფანგი დაუგეს. მახაჭყალაში ვაჰაბიტი მეომრები მილიციის მხრიდან დიდ  წინააღმდეგობას წააწყდნენ. შეტაკებები ცუმადინში მთელი დღე გრძელდებოდა. სწორედ 2-3 აგვისტოს მოვლენები გახდა ოფიციალური საბაბი და 7 აგვისტოს”ისლამის სამშვიდობო ბრიგადის” ნაწილები შამილ ბასაევისა და ამირ ხატაბის მეთაურობით, დაღესტანში შეიჭრნენ, ბოთლიხის რაიონში რამდენიმე სოფლის დაკავების შემდეგ ბასაევმა ოპერაცია "იმამ-ყაზ მუჰამედი" დაწყებულად გამოაცხადა.

ბასაევის დაღესტანში შეჭრამ  საფუძველი გამოაცალა ევროპის ნდობას მასხადოვის მთავრობის მიმართ. ოპერაცია "მემკვიდრე" წარმატებით მიმდინარეობდა.

1999 წლის  9 აგვისტოს პრეზიდენტმა ელცინმა ვლადიმირ პუტინი პრემიერ-მინისტრად დანიშნა, ხოლო  ნიკოლაი პატრუშევი ფე-ეს-ბეს დირექტორად.

შამილ ბასაევის დაღესტანში შეჭრა  ჩეჩნეთში მეორე ომის გაჩაღების მიზეზი გახდა.

მოულოდნელად ტერაქტების სერია განხორციელდა  რუსეთის სხვადასხვა ქალაქში. მოსკოვში, ვოლგოდონსკსა და  ბუინაკსკში ტერორისტებმა საცხოვრებელი კორპუსები ააფეთქეს, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პრემიერ-მინისტრმა პუტინმა 17 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის საბჭოს სხდომაზე განაცხადა, - საჭიროა განადგურდეს ტერორიზმის ბუდეო და მოითხოვა ჩეჩნეთში ავიადარტყმების და სხვა ოპერაციების განხორციელება, რაც, ფაქტობრივად, ომის გამოცხადებას ნიშნავდა...

ჩრდილოკავკასიელი ლიდერები მიხვდნენ, რომ რუსეთი იჩქერიას ახალ ომში ითრევდა, ამიტომ 20 სექტემბერს მაგაცეში (ინგუშეთი) შედგა ასლან  მასხადოვის, რუსლან აუშევისა და ძასოხოვის შეხვედრა.

იჩქერიის პრეზიდენტი ადგილს ვერ პოულობდა.

- ომი გარდაუვალია, მაგრამ იქნებ მოვახერხოთ პრეზიდენტ ელცინთან შეხვედრა? - უკანასკნელ იმედს ებღაუჭებოდა მასხადოვი.

- უნდა დავარწმუნო პრეზიდენტი, რომ რუსეთში საცხოვრებელ კორპუსებს საზიზღარი”ჩეჩენი ხალხი კი არა, ფე-ეს-ბე აფეთქებს.

რუსლან აუშევმა, რომელიც მთელი შეხვედრის განმავლობაში ჩაფიქრებული იჯდა, მოულოდნელად მასხადოვს მიმართა:

- ასლან, ალბათ გახსოვს, რად დაუჯდა ჯოჰარს სიმართლე. თUუ პრეზიდენტს შეხვდები, მაშინ ყველაფერს ფარდა აეხდება და შეიძლება ომი თავიდან ავიცილოთ. მაგრამ, როგორ ფიქრობ, ის ხალხი, ვისაც ომის დაწყება უნდა, გულხელდაკრეფილი დაჯდება? ადრე თუ სტეპაშინი იყო, ახლა პატრუშევია, არაფერი შეცვლილა.

სიჩუმე ჩამოვარდა.

- ჩვენ, ყველანი, პრემიერ პუტინს უნდა შევხვდეთ, - თქვა მოულოდნელად ძასოხოვმა, - და ეს წლის ბოლომდე უნდა მოვახერხოთ ნალჩიკში ან პიატიგორსკში. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ...

საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებები რუსეთში კვლავ გრძელდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურმა გამოძიებამ ტერაქტებში  ჩეჩნურ კვალს ვერ მიაკვლია, მიუხედავად იმისა, რომ ასლან მასხადოვი მზად იყო, შეხვედროდა პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს, ჩეჩნეთში ავიადარტყმები მაინც გრძელდებოდა. საჭირო იყო, საპრეზიდენტო არჩევნებს ომის ფონზე ჩაევლო.

მაშინ პუტინს პრეზიდენტის სავარძელი გარანტირებული ექნებოდა. ასტანაში ვიზიტად მყოფმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: "ჩვენ ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ, საჰაერო დარტყმები ხორციელდება მხოლოდ "ბოევიკთა" ბაზებში და ეს გაგრძელდება ყველგან, სადაც არ უნდა იყვნენ. ჩვენ მათ ყველგან დავედევნებით, თუ, ბოდიში და, ტუალეტში დავიჭერთ, იქ ჩავაძაღლებთ!"

ფრთიანმა ფრაზამ, "დ ცფჰნბჰტ პფვჯხტვ", პუტინის რეიტინგი ორმაგად გაზარდა. რუსეთის ნახევარ მოსახლეობას სჯეროდა, რომ საცხოვრებელ კორპუსებს ბანდიტები - ბასაევი და ხატაბი აფეთქებდნენ, მოსახლეობის 64%-ის აზრით, ჩეჩნები უნდა განედევნათ რუსეთიდან, ამდენივე ეთანხმებოდა ჩეჩნეთის მასირებულ დაბომბვებს.

საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებამ  რუსეთის საზოგადოებრივ აზრში საბოლოო გარდატეხა მოახდინა, უკვე ყველა ფიქრობდა, რომ ომი ერთადერთი საშუალება იყო ჩეჩნურ ტერორიზმთან საბრძოლველად.

1999 წლის 4 ოქტომბერს რუსეთის ჯარების ნაწილებმა ჩეჩნეთის საზღვრები გადალახეს. ჩეჩნეთში ომი დაიწყო.…

ასლან მასხადოვის მთავრობა ამაოდ მოუწოდებდა საერთაშორისო საზოგადოებრიობას, ხმა აემაღლებინა რუსეთის მიერ ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგ გამოცხადებულ გენოციდზე...

გროზნოში ისევ სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობდა. ქალაქი თითქმის აღარ არსებობდა. ირგვლივ მხოლოდ ნანგრევები იყო...

შამილ ბასაევი იჩქერიის არმიის სამხედრო მეთაურებთან ერთად მასხადოვთან იმყოფებოდა.

- რუსეთის ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენს ბლოკირებას საზღვრებიდანაც მოახდენს, - უიმედოდ თქვა ასლან  მასხადოვმა, - და მთებში გადაადგილების საშუალებას აღარ მოგვცემს.

- თუ რუსებმა გროზნოს ბლოკირება სრულყოფილად ვერ შეძლეს, ისინი ვერასოდეს მოახერხებენ იმ კლდიანი ადგილების დაკავებას, რომელიც მთელი ჩეჩნეთ-საქართველოს სასაზღვრო ზოლს მიუყვება. ასე რომ, კუფრების (ურჯულოების) ასეთი განცხადებები ღიმილის მომგვრელია, - მშვიდად თქვა შამილ ბასაევმა და დაამატა, - საჭიროების შემთხვევაში ჩვენ პანკისში გადასვლას და ძალების მოკრებას შევძლებთ.

პანკისის ხსენებაზე თათბირის მონაწილეებმა გაიკვირვეს. გაოცება ვერც იჩქერიის პრეზიდენტმა დამალა.

- ეს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, - ორაზროვნად თქვა ბასაევმა, - ამ წუთში ამირ ხატაბი იქ ჩვენს სულიერ ძმებთან იმყოფება.

- ესე იგი პანკისი.

"ნეტა ვინ ითრევს საქართველოს ამ ავანტიურაში?" -  გაიფიქრა ასლან მასხადოვმა და ისევ ბასაევს შეხედა...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)