"ცალხელა აჰმედის" შეუსრულებელი მისია
25-12-2017
"ცალხელა აჰმედის" შეუსრულებელი მისია
აჰმედ ჩატაევს "კავკასიის ვილაიეთის" აღდგენა სურდა?!

22-23 ნოემბერს ბერი გაბრ­იელ სალოსის გამზირზე ჩატარებული ანტიტერორისტული სპეც­ოპერაცია შეიძლება ითქვას, უპრეცედენტო იყო -"საზოგადოება, რომელსაც საქართველოში­ მხოლოდ პოლიტიკური ტერაქტები ახსოვს, თითქმის 20 საათის განმავლობაში ადევნებდა თვალს ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების შეიარაღებულ დაპირისპირებას სპეცრაზმ­თან. თუმცა კიდევ უფრო გაოგნ­ებული დარჩა, როცა მედიიდან შეიტყო, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილი ლიკვიდირებული პირები­ ისლამური­ ხალიფატის მებრძოლები იყვნენ, ერთ-ერთი მათგანი კი, აჰმედ ჩატაევი, "ცალხელა აჰმედი", წლებია ამერიკის საშიშ ტერორისტთა სიაში "საპატიო ადგილზე" იყო...
ერთი თვე გავიდა და დღემდე არაფერი­ ვიცით "ჩატაევის მისიის" დეტალებზე, არც იმ საფრთხეზე, რომელიც სპეცოპერაციით თავიდან აირიდა სახელმწიფომ.

სანამ სახელმწიფო უსაფრთ­ხოების სამსახური დუმს, მედია ცდილობს სიცხადე შეიტანოს საქ­მეში. თავისი ვერსია "კვირის პალიტრამაც" შესთავაზა მკითხველს (იხ. "კვირის პალიტრა" #48-49)­ - ამ ხნის განმავლობაში ვცდილობდით კითხვებზე პასუხები
მოგვეძიებინა. ვინაიდან მოპოვებული ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელია,­ მკითხველს კვლავ ვერსიის სახით ვთავაზობთ:

2017 წლის ზაფხულში ცხადი შეიქნა, რომ ისლამურ ხალიფატს" სირიასა და ერაყში დიდი დღე არ ეწერა. დამარცხებას შეეგუვნენ "ხალიფატის" ლიდერებიც, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მართალია ფსევდოხალიფატს აღარ ჰქონდა ტერიტორია და "სახელმწიფოდ" ვეღარ ჩამოყალიბდებოდა, მაგრამ ჯერ კიდევ სიცოცხლისუნარიანი იყვნენ - "ისლამური სახელმწიფოს" ფილიალები მსოფლიოს 13 ქვეყანაშია. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნებოდა მიძინებული" ვილ­აიეთების აღდგენაც ისეთ მნიშვ­ნელოვან ტერიტორიებზე, როგო­რიცაა ჩრდილოეთი კავკასია და აზერბაიჯანი. ეს კი მოჯაჰედებს­ უნდა მოეხერხებინათ - ისინი­ შამას­ (სირია) ქვეყნიდან დაიძვრებოდნენ სამშობლოსკენ. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს გადაწყდა ჩრდილო კავკასიაში "კავკასიის იმარათის", როგორც "ხალიფატის­" ვილაიეთის აღდგენა. ამისთვის მხოლოდ ფინანსური რესურსი არ კმაროდა, საჭირო იყო ადამიანურიც. ომში დამარცხებული­ "ხალიფ­ატის" რიგებში ყოფნა­ მოხალისეებისთვის მაცდუნებელი­ ვერ იქნებოდა, ამიტომ რეპუტ­აციის აღსადგენად საჭირო იყო რეზონ­ანსული განაცხადი, რომელიც დაამტკიცებდა, რომ "ხალიფატი" ჯერ კიდევ ბრძოლისუნარიანი და რაც მთავარია, საქმის გამკეთებელია. რეზონანსული განაცხადი", სავარაუდოდ, ტერაქტები უნდა ყოფილიყო, მათ შორის, საქართველოში.

ჩვენი­ საზოგადოება დარწმუნებული იყო, რომ ხალიფატის" ტერორის საფრთხე არასდროს დაგვემუქრებოდა, რადგან მოჯაჰედებს კარგად ახსოვთ საქართველოს სიკეთე­ ჩეჩნური ომების პერ­იოდში, აგრეთვე შემდგომში, პარტიზანული მოძრაობისას"... თუმცა ბოლო ორი წელია ვითარ­ება კარდინალურად შეიცვალა. ის თაობა­ მებრძოლებისა, რომელსაც ახსო­ვდა საქართველოს დახმარება, "17 წლის განმავლობაში ომებში გაწ­ყდა, მათი ადგილი დაიკავეს ახალმა მებრძოლებმა, რომ­ელთა უმრავლესობას საქართველოს სახელი­ არც კი გაუგია. გარდა ამისა, ბოლო ორი წელია ჩვენი­ ქვეყანა­ აღარ არის "ხალიფატის" რიგების შემავსებელი - არაერთი მოთხოვნისა და შემდგომ მუქარისა საქართველოდან "ხალიფატის" რიგებში­ საომრად აღარავინ წასულა, ხოლო მას შემდეგ, რაც "ჟღალი გენერალი" (თარხან ბათი­რაშვილი)" მოკლეს, ხალიფატს ანგარიშგასაწევი აღარავინ დარჩა­ და "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში საქართველოს მოქალაქე­ების თავგანწირვა"ც დაივიწყეს.

სავარაუდოდ, "ხალიფატის" კავკასიის ვილაიეთის აღდგენა ითავა აჰმედ ჩატაევმა, რომელიც გაზაფხულიდან თურქეთში იმყოფებოდა, ხოლო ტერაქტების მოწყობაზე "ხალიფატის" ფილიალებს უნდა ეზრუნათ. თავდაპირველად ჩატ­აევის ჩამოსვლა საქართველოში არც იგეგმებოდა, სავარაუდოდ, ეს გეგმა მაშინ შეიცვალა, როცა ცნობილი შეიქნა, რომ საქართველოში' ხალიფატის" მხარდამჭერებს­ ტერაქტის მოწყობის სურვილი­ არ აღმოაჩნდათ. ბოლოს გადაწ­ყდა, ჩატაევი თავად ჩამოსულიყო­. სავარაუდოდ, მას საქართველოში გამოყოლაზე უარი' ხალიფატში' მყოფმა ჩვენებურებმაც უთხრეს, რის შემდეგაც ჩატაევის ჯგუფი შეივსო­ "ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. სპეცსკოლის მოხალისეებით - პოსტსაბჭოთა სივრციდან რეკრუტირებულ ახალგაზრდებს "ისლამურ სახელმწიფოში" ტერაქტებისა და დივერსიული აქტების მოწყობა ჰქონდათ შესწავლილი.

გამოცდილ "ცალხელა აჰმედს" საფრთხეები კარგად ექნებოდა გათვლილი, თუმცა, სავარაუდოდ, ფიქრობდა, რომ ამჯერადაც იღბ­ალი­ არ უმტყუნებდა, ძველი კავ­შირების წყალობით იარაღისა თუ ბინის შოვნა არ გაუჭირდებოდა და რაც მთავარია, საქართველო ახლოს არის მისი საბოლოო დისლოკაციის ადგილთან - ჩრდილო კავკასიასთან, სადაც გადასასვლელი რამდენიმე საიმედო ბილიკი იცოდა. ვინ იცის, იქნებ სათადარიგო გეგმაც ჰქონდა მისიის ჩავარდნისთვის. ჩვენი ინფორმაციით, ჩატაევს თავიდან თავშესაფარი სულ სხვაგან მოუნახეს, თუმცა, როცა თბილისში ჩამოვიდა, ბერი გაბრიელ სალოსის­ გამზირზე მიიყვანეს. როგორც მედია აცხადებდა, იქ ჯერ კიდევ გაზაფხულზე "ჟღალი გენერლის" ახლო ნათესავს, მერაბ­ ცათიაშვილს ჰქონდა ნაქირავები ბინა. ცათიაშვილი, გარდა იმისა, რომ ხალიფატის" სამხედრო მინისტრს­ ენათესავებოდა, 2015 წლის ზაფ­ხულიდან თავადაც ხალიფატის" წარმომადგენლად იწოდებოდა.

ცნობილი არ არის, როდის მიიტანეს იარაღი ბინაში, ჩატაევის­ ჩამოსვლამდე თუ მისი გამოჩენის შემდგომ. თუმცა სპეცოპერაციის დამთავრების შემდეგ ბინაში არსებული საბრძოლო არსენალის დათვალიერებამ ცხადყო, რომ იარაღი სამალავიდან იყო ამოღებული. ჩატაევს, რომელიც საქართველოში "კავ­კასიის იმარათისთვის" მებრძოლებს წვრთნიდა და იარაღითაც უზრუნველყოფდა, შესაძლებელია იარაღის მარაგი რამდენიმე ადგილას ჰქონოდა. იარაღი თბილისში­ გადამალეს ე.წ. ლაფანყურის ჯგუფის გადარჩენილმა წევრებმაც. სავარაუდოდ, ჩატაევის ჯგუფს იარაღის ეს ნაწილიც ჩაუვარდა ხელში. რადგან საბ­რძოლო არსენალს რამდენიმე ადგ­ილიდან, მათ შორის რეგიონიდან, თბილისში მოუყარეს თავი, ფაქტია, ჩატაევი ოპერაციას სწორედ თბილისში გეგმავდა. თუმცა­ თავად ემსხვერპლა სულ სხვა ოპერაციას და ტერაქტისთვის გამზ­ადებული შაჰიდის ქამარი მას მოჯაჰედისთვის ღირსეულ სიკვდილში დაეხმარა.

მასთან მყოფი პირების შესახებ დღემდე არაფერი ვიცით. ლიკვი­დირებული პირების იდენტიფიც­ი­რება, სავარაუდოდ, გამოძიებასაც უჭირს. ასევე არავინ იცის, ტყუის თუ არა დაკავებული პირი, როცა აცხადებს, რომ საიდ დუდაევია.

ნინო ბურჭულაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით