აჰმედ ჩატაევი: "აქ რაღაცები გართულდა" - კვირის პალიტრა

აჰმედ ჩატაევი: "აქ რაღაცები გართულდა"

"კვირის პალიტრისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ჩატაევი უკან, თურქეთში დაბრუნებას გეგმავდა...

"კვირის პალიტრამ" გაარკვია, რომ ჩატაევთან ერთად ლიკვიდირებული პირები - იბრაჰიმ ადაშევი და ასლანბეკ სოლტაჰმედოვი 2014 წლიდან ჩატაევს თან ახლდნენ როგორც სირიაში, ისე თურქეთში. განსაკუთრებული ნდობით მოჯაჰედებში "ცალხელა ლანდის" სახელით ცნობილი სოლტაჰმედოვი სარგებლობდა

"ჩემი შვილი სიკვდილს ებრძვის, მძინარეს ესროლეს და ახლა კიდევ ამბობენ, ტერორისტიაო. ხელისუფლების სირცხვილია ასეთი განცხადება. ამბობენ, წინააღმდეგობა გაუწიაო, როცა ბავშვი საწოლიდან წამომჯდარიც არ იყო, ისე ესროლეს. ხელისუფლება თავად ქმნის ტერორისტებს. მე ახლა ეს ქვეყანაც მძულს, ჩემი თავიც და ყველა. თუ ჩემი შვილი ტერორისტია, მაშინ მეც ტერორისტი ვარ. ამ საქმეს ასე არ დავტოვებთ - სტრასბურგამდე მივალთ და სიმართლეს დავადგენთ, რომ ჩემი უდანაშაულოA Dშვილი სასიკვდილოდ გაიმეტეს".

მალხაზ მაჩალიკაშვილი, თამერლან მაჩალიკაშვილის მამა. 27 დეკემბერი

"ვემიჯნებით და ვგმობთ რელიგიის სახელით ძალადობას. ამის ჩამდენი პასუხს აგებს კანონისა თუ ღმერთის წინაშე. კაცის კვლას, ჩაგვრას, წამებას არაფერი აქვს საერთო ისლამთან. ისლამი მშვიდობის რელიგიაა და მშვიდობას ქადაგებს".

ბეგლარ ქამუშაძე, საქართველოს მუფთი. 27 დეკემბერი

26 დეკემბერს, ღამის სამ საათზე, პანკისის ხეობაში მორიგი სპეცოპერაცია დაიწყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმი ომალოსა და დუისში ერთდროულად რამდენიმე სახლში შევიდა და 5 პირი დააკავა. სპეცოპერაციას პანკისში, ისევე როგორც ერთი თვის წინ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, მძიმე შედეგის გარეშე არ ჩაუვლია. დუისში თამერლან მაჩალიკაშვილის დაკავებისას სპეცრაზმელმა მას თავში ესროლა, რის შემდეგაც უგონოდ მყოფი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

21-22 ნოემბრის ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შემდგომ თვეზე მეტი გავიდა და საზოგადოება კვლავ დიდი ინტერესით ელოდა საქმის ახალ დეტალებს. თუმცა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა პანკისში დაკავებულ პირთა ვინაობა, საქმე კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა - ბაადურ ჩოფანაშვილის, რუსლან ალდამოვის, რამზან მარგოშვილის, ზურაბ გორანაკაშვილისა და თამერლან მაჩალიკაშვილის (ეს უკანასკნელი 19 წლისაა) გვარები ყველასთვის უცხო და არაფრის მთქმელი აღმოჩნდა.

საქმეში სიცხადის შეტანა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სცადა, თუმცა სპიკერის განცხადებიდან საზოგადოებამ მხოლოდ ის გაიგო, რომ დაკავებულებმა უზრუნველყვეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტერორისტის, აჰმედ ჩატაევის ჯგუფის ტრანსპორტირება ჯერ თურქეთში (ჩატაევის საცხოვრებლიდან თურქეთის საზღვრის, კირნითი-მარადიდის მონაკვეთამდე), შემდეგ კი მისი გადმოყვანა საქართველოში და თბილისში დაბინავება.

რაც შეეხება" თამერლან მაჩალიკაშვილის დაჭრას, სპიკერის განცხადებით, ის შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის. კერძოდ, უნდოდა აემოქმედებინა ხელყუმბარა, რა დროსაც, დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, გამოყენებულ იქნა პროპორციული ძალა.'

გამოძიებისთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ ჩატაევის ჯგუფი საქართველოსა და თურქეთში გეგმავდა ტერაქტებს, რომელთა სამიზნე შესაძლოა სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური მისიებიც ყოფილიყვნენ. ამის თქმის საფუძველს გამოძიებას ჩატაევის პირადი კომპიუტერიდან ამოღებული ფაილები აძლევდა. დადგინდა ჩატაევთან ერთად ლიკვიდირებული პირების ვინაობაც - იბრაჰიმ ადაშევი და ასლანბეკ სოლტაჰმედოვი. "კვირის პალიტრამ" გაარკვია, რომ ისინი აჰმედ ჩატაევის ერთგულ თანამებრძოლებად ითვლებოდნენ და ჩატაევის საქართველოში ყოფნისას, ჯერ კიდევ ლაფანყურის მოვლენებამდე, საქართველოშიც ბევრჯერ ჩამოსულან, 2014 წლიდან კი ჩატაევს თან ახლდნენ როგორც სირიაში, ისე თურქეთში. განსაკუთრებული ნდობით მოჯაჰედებში "ცალხელა ლანდის" სახელით ცნობილი სოლტაჰმედოვი სარგებლობდა.

სუს-ის განცხადებიდან ისიც შევიტყვეთ, რომ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დაკავებული საიდ დუდაევი" სულაც არ ყოფილა დუდაევი და ის, არც მეტი, არც ნაკლები, ინტერპოლით ძებნილი მოაიფ ბორზიევია და ჩატაევს სირიიდან იცნობდა.

რაც შეეხება ჩატაევის კომპიუტერს, ეს საზოგადოებისთვის საეჭვო აღმოჩნდა - ჩატაევის გასანეიტრალებლად" ბინაში ხელყუმბარებიც კი შეაგდეს, რამაც ხანძარი გააჩინა, თავად ტერორისტმა კი შაჰიდის ქამრით თავი აიფეთქა და ძნელი დასაჯერებელია, მისი კომპიუტერი უვნებელი დარჩენილიყო. თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - როგორც ცნობილია, ტერორისტებს ორი ბინა ჰქონდათ ნაქირავები, სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ ცხადად ჩანდა, რომ ერთი ბინა ნაკლებად იყო დაზიანებული, შესაძლოა სწორედ იქ ყოფილიყო ჩატაევის პირადი კომპიუტერი (თუ, რა თქმა უნდა, ის ნამდვილად ჰქონდა).

თამერლან მაჩალიკაშვილი ამჟამად თბილისის საავადმყოფოში ებრძვის სიკვდილს.

პანკისში სალაფიტთა თემის იმამმა ხეობის მამაკაცებს შეკრებისკენ მოუწოდა. 27 დეკემბერს პანკისის ხეობაში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა. ხეობის უხუცესთა საბჭომ სპეციალური მიმართვაც გაავრცელა, მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად ისინი ახალგაზრდის დაჭრის ფაქტზე ობიექტურ გამოძიებას ითხოვდნენ და საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებდნენ, არ დაეჯერებინათ დაკავებულ პირთა ბრალეულობა.

საინტერესოა, შეეძლოთ კი ერთი შეხედვით უწყინარ და გამოუცდელ ახალგაზრდებს ჩატაევისთვის სამსახური გაეწიათ? ამის დაჯერება პანკისის მოსახლეობასთან ერთად მედიასა და ექსპერტებსაც უჭირთ. თუ გამოძიებას ამის მტკიცებულება აქვს, გამოდის, გამოცდილმა მოჯაჰედმა ასეთი "დამხმარეები" საგანგებოდ შეარჩია, რადგან იცოდა, ისინი ყურადღებას ნაკლებად მიიქცევდნენ (ეს მეთოდი აპრობირებულია ტერორისტულ წრეებში). დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ, სასამართლომ მათ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 29 დეკემბერს სუს-ის წარმომადგენლები პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრებს თელავში შეხვდნენ, ოპერაციის დეტალებზე ისაუბრეს და უხუცესებს ინფორმაციაც მიაწოდეს დაკავებულთა კავშირებზე ჩატაევის ჯგუფთან. ეს უხუცესთა საბჭოს წევრებმაც დაგვიდასტურეს და აღნიშნეს, რომ ძალოვანები მათ გამოძიების ობიექტურად ჩატარებას დაჰპირდნენ, თუმცა შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავეს.

რა უნდოდა ჩატაევს საქართველოში, ამ კითხვაზე პასუხი საზოგადოებას კვლავაც არა აქვს. ამიტომ "კვირის პალიტრა" შეეცადა, თავად გარკვეულიყო საქმეში. ვინაიდან მოპოვებული ინფორმაციის გადამოწმებას ვერ ვახერხებთ, მკითხველს ამჯერადაც ვერსიის სახით ვთავაზობთ:

აჰმედ ჩატაევი, სავარაუდოდ, 2017 წლის მაისიდან ერთგულ გარემოცვასთან ერთად თურქეთში იმყოფებოდა. ისლამური ხალიფატის" მორიგ მოწოდებას, ჭკუა ესწავლებინათ ურჯულოებისთვის, გამოეხმაურა და ჯერ კიდევ სირიაში მყოფ ხალიფატის" ლიდერებს თურქეთსა და საქართველოში" ტერაქტების ორგანიზებას დაჰპირდა. საქართველოში საამისოდ ხალხიც ჰყავდა. სავარაუდოდ, ჩატაევი ტერაქტს გეგმავდა ჩრდილოეთ კავკასიაშიც, სადაც საბოლოოდ აპირებდა გადასვლას ხალიფატის" ჯგუფების გასაძლიერებლად.

ჩატაევს საქართველოში მოკავშირეებთან ერთად ეგულებოდა იარაღიც, რომელიც ჯერ კიდევ "კავკასიის იმარათის"" მებრძოლების მოძრაობიდან იყო შემორჩენილი თუ გადანახული. რა თქმა უნდა, მას დამხმარეები არა მარტო საქართველოში უსაფრთხოდ შემოსვლასა და დაბინავებაში სჭირდებოდა, არამედ იარაღის სამალავის მოძებნასა და უსაფრთხოდ გადმოტანაში. ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ მისი დამხმარეები, ვიმედოვნებთ, გამოძიება დაადგენს.

ჩვენთვის სტამბოლიდან ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ჩატაევი უკან დაბრუნებას გეგმავდა, რადგან, მისი თქმით, "აქ (საქართველოშIი. - ავტ.) რაღაცები გართულდა", თუმცა, როგორც ჩანს, საბოლოოდ განზრახვაზე ხელი არ აუღია. სავარაუდოდ, ტერაქტების სერიაში პირველი საქართველო იქნებოდა, შემდეგ - თურქეთი. სამწუხაროდ, არა გვაქვს ვერსია, სად შეიძლებოდა ტერაქტი მომხდარიყო და ვინ იქნებოდა საქართველოში' ხალიფატის" პირველი სამიზნე.

27 დეკემბერს თურქმა სამართალდამცავებმა "''ისლამური სახელმწიფოს"'' წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში საქართველოს ორი მოქალაქე - გოჩა საგინაძე (ალი) და მისი მეუღლე დააკავეს. ჩვენი ინფორმაციით, საგინაძე თურქეთში ჩატაევის გარემოცვაში ზაფხულში გამოჩნდა. ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეები თურქეთში ქართველი სამართალდამცავების ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს.

ვრცელდებოდა ინფორმაცია თელავში სპეცდანიშნულების რაზმის დისლოცირებაზეც. როგორც გავარკვიეთ, ის პოლიციის რეგიონული სპეცდანიშნულების რაზმია და არაფერი აქვს საერთო პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან. პანკისში სიმშვიდეა, ხეობა დაჭრილი ახალგაზრდის გადარჩენაზე ლოცულობს.

ნინო ბურჭულაძე