პანკისს "ცრემლების" არ სჯერა - კვირის პალიტრა

პანკისს "ცრემლების" არ სჯერა

26 დეკემბერს პანკისში სპეცოპერაციისას დაკავებულ პირთა ვინაობამ ცხადყო, რომ ჩატაევის ჯგუფის საქმე ჯერ დასრულებული არ არის, რადგან ნაკლებად დამაჯერებელია, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ტერაქტების შემოქმედი მხოლოდ პანკისელ თავგადასავლების მაძიებელთა იმედზე ყოფილიყო...

"ჩემი შვილიშვილი თბილისში სწავლობდა და იქ ცხოვრობდა, იქნებ ქუჩაში დაელაპარაკნენ ერთმანეთს და დახმარება სთხოვეს. ასე ხდება, ჩეჩნებმა ერთმანეთის დახმარება ვიცით. ეს კადრები არაფერს ამტკიცებს".

თემირლან მაჩალიკაშვილის ბებია

"სუს-ის ინფორმაციით, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია დაკავებულ პირთა კავშირები აჰმედ ჩატაევსა და სხვა პირებთან. სუს-ის ცნობით, სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ ჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები, შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტაჰმედოვი თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად.

"ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე არსებული ბინის დათვალიერებისას ამოღებულია თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებული საბანკო ხელშეკრულება, სადაც ადგილობრივ რეკვიზიტებთან ერთად მითითებულია სამი უცხოური ქვეყნის საბანკო რეკვიზიტები, რომელსაც სამართალდამცავები ამოწმებენ", - ეს განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 4 იანვარს გაავრცელა და ვიდეომასალის ის ნაწილიც გაასაჯაროა, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მართლაც ჩანს ზემოხსენებულ პირებთან ერთად, როდესაც ისინი მობილურ ტელეფონს ყიდულობენ.

საგანგებო ბრიფინგის გამართვამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენჯერმე სცადა დახურულ შეხვედრებზე პანკისელების საკუთარი პოზიციის მართებულობაში დარწმუნება.

"კვირის პალიტრისთვის" ჯერ კიდევ 29 დეკემბერს გახდა ცნობილი, რომ თელავში გუბერნატორის ადმინისტრაციაში პანკისის ხეობის უხუცესებს სუს-ის მაღალჩინოსნები შეხვდნენ და 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ინფორმაცია მიაწოდეს. გარდა ამისა, გააცნეს ვიდეომასალაც, შეხვედრის ბოლოს კი სთხოვეს, ხალხი დაარწმუნეთ, რომ ხეობაში სპეცოპერაციის ჩატარება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი იყო და ჩვენ მართლები ვართო... ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია იმავე საღამოს უხუცესებმაც დაგვიდასტურეს, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავეს... როგორც მომდევნო დღეებში გამოჩნდა, პანკისელთა ნაწილმა ეჭვი შეიტანა გამოძიების ოფიციალურ ვერსიაში..

ამჯერად მეორე შეხვედრა გაიმართა პანკისში, კახეთის გუბერნატორსა და ხეობაში არსებულ ქალთა საბჭოს წარმომადგენლებთან. მას რამდენიმე უხუცესიც ესწრებოდა. ეს შეხვედრაც უშედეგოდ დამთავრდა და ხეობაში, სადაც ალბათ, ყველაფერი კარგად იციან და წარმოდგენილ ვიდეომასალასაც ვერსად გაექცევიან, მაინც უარყოფენ დაკავებული პირების კავშირს ტერორისტულ ჯგუფთან.

4 იანვარს გავრცელებული ვიდეოფირის არ სჯერა მაჩალიკაშვილის ოჯახს და საქმეზე კვლავ ობიექტურ გამოძიებას ითხოვს, ამასობაში კი დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა ძველებურად მძიმეა და ოჯახი შვილის გადასარჩენად უცხოეთში ეძებს იმედს. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა მაჩალიკაშვილი სამკურნალოდ ავსტრიის ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში გადაიყვანონ.

საგანგებო ბრიფინგზე გასაჯაროებული ვიდეომასალა სრულად სარწმუნო არც საზოგადოების ნაწილისთვის აღმოჩნდა და პასუხგაუცემელი კითხვები კიდევ მრავლად არის, თუმცა არის ბევრი სხვა საკითხიც, რომელიც რატომღაც საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება. უკანასკნელ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საზოგადოება ვერ აცნობიერებს იმ საფრთხეს, რაც "ხალიფატის" ერთ-ერთი ლიდერის საქართველოში ყოფნას უნდა მოჰყოლოდა, ამიტომ საზოგადოების მაღალ ინტერესს იწვევს არა საქართველოს როგორც ტერორიზმის სამიზნედ ქცევა, არამედ ამ პროცესის ერთი ეპიზოდი - დაკავებული პირის დაჭრა (რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა და გამოძიების საგანი უნდა გახდეს). 26 დეკემბერს პანკისში სპეცოპერაციისას დაკავებულ პირთა ვინაობამ ცხადყო, რომ "ჩატაევის ჯგუფის" საქმე ჯერ დასრულებული არ არის, რადგან ნაკლებად დამაჯერებელია, რომ "ისლამური სახელმწიფოს"" ტერაქტების შემოქმედი მხოლოდ პანკისელ თავგადასავლების მაძიებელთა იმედზე ყოფილიყო. ამ ყველაფრის უკან შესაძლოა, სხვა, უფრო გამოცდილი ადამიანების, კვალი იკვეთებოდეს. კვალიფიციური გამოძიების პირობებში დაკავებების პროცესი სავარაუდოდ გაგრძელდება.

ნინო ბურჭულაძე