გზა პანკისისკენ - კვირის პალიტრა

გზა პანკისისკენ

(გაგრძელება, დასაწყისი #20-24)

1999 წლის 11 ნოემბერს რუსეთის არმიის ნაწილებმა გუდერმესი აიღეს. ქალაქი ფედერალურ ძალებს ძმებმა იამადაევებმა ჩააბარეს, რომლებიც იმ დროისთვის ჯერ კიდევ საველე მეთაურები და გუდერმესის ფაქტობრივი პატრონები იყვნენ.

2000 წლის 8 იანვარს რუსეთის  ფედერაციის გენერალური შტაბის უფროსი ანატოლი კვაშნინი დილიდანვე უგუნებოდ იყო. ჩეჩნეთიდან მიღებულ ცნობებში დამაიმედებელი არაფერი ჩანდა. ხანკალასთან მორიგი კავშირის მოლოდინში კაბინეტში ბოლთას სცემდა.

"აგერ უკვე ერთი თვეა, რაც ის წყეული ქალაქი (კვაშნინი გროზნოს გულისხმობდა. - ნ.ბ.) ალყაში გვყავს, მაგრამ წინ ერთი ნაბიჯიც ვერ გადავდგით. სამარცხვინო საქმე გვჭირს", - გენერალური შტაბის უფროსს ფიქრი ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა. ხაზზე ჩეჩნეთში რუსეთის ფედერალური ძალების დაჯგუფების უფროსის პირველი მოადგილე, გენერალი გენადი ტროშევი იყო.

- დღეისთვის რა რაოდენობის ძალები გაგაჩნიათ? - ჰკითხა კვაშნინმა  ტროშევს.

- ჩეჩნეთში 60000 ჯარისკაცი იმყოფება, აქედან 40000 - გროზნოს ალყაში მონაწილეობს. მათ შორის არიან შინაგან საქმეთაA და უშიშროების სამინისტროების დანაყოფები და 14000 ერთეული სამხედრო ტექნიკა, - ცივად უპასუხა ტროშევმა.

- ჩეჩენი ბანდიტების რაოდენობა თუ არის ცნობილი? - გენერალური შტაბის უფროსის ხმას ირონია გაერია.

- ორი ათასამდე, - მოუჭრა ტროშევმა.

- უფრო ზუსტი მონაცემები არ გაქვთ? - ჩაეკითხა კვაშნინი.

- ამჟამად გროზნოს შამილ ბასაევისა და ხატაბის ათას ორასი მებრძოლი იცავს, - დააზუსტა ტროშევმა.

ამის გაგონებაზე კვაშნინს აღელვებისგან პირი გაუშრა.

- გინდათ თქვათ, რომ ორმოცი ათასი რუსი ჯარისკაცი ერთი თვის განმავლობაში ვერ ახერხებს  ერთი მუჭა  ბანდიტებისგან გროზნოს გაწმენდას?.. ყველანი ტრიბუნალს უნდა გადაგცეთ კაცმა, - ბობოქრობდა კვაშნინი.

- თქვენ იცით, რას ნიშნავს ღამე გროზნოში? - მოულოდნელად ჰკითხა ტროშევმა მოსაუბრეს, - შავი ლანდების ქალაქში ყველაფერი შენი მტერია, ნანგრევებად ქცეული შენობა, გადამწვარი ხე და ის მოხუციც, ჯოხით ხელში რომ დადის. ჯერ გაგიღიმებს, შემდეგ კი ზურგში  ავტომატის ჯერს დაგახლის. ყოველ ღამით ბლოკ-პოსტებზე რამდენიმე ჯარისკაცს გვიკლავენ. ჩვენებმა ისიც არ იციან, ვის ესროლონ. ისინი მხოლოდ ლანდებს ხედავენ....

- სირცხვილია, - მოესმა გენერალ ტროშევს რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ კვაშნინის ხმა და სატელეფონო კავშირიც შეწყდა.

- სულ ტყუილად ფიქრობთ, რომ ეს ომი ოდესმე დამთავრდება, - ჩაილაპარაკა ტროშევმა და იჩქერიის დათოვლილ მთებს გახედა.

გროზნოს ალყა თებერვლამდე გაგრძელდა. ჩეჩნეთის პრეზიდენტ ასლან მასხადოვს ქალაქიდან უკანასკნელ წუთამდე არ გაუდგამს ფეხი. გროზნოს დატოვება მხოლოდ პირადი დაცვის უფროსის ილის ტულხანოვის დაჟინებული თხოვნით გადაწყვიტა. ხანმოკლე თათბირის შემდეგ იჩქერიის პრეზიდენტი შამილ ბასაევთან განმარტოვდა.

- შამილ, 1995-შიც შენ გაიყვანე ხალხი გროზნოდან და ეს ახლაც შენ უნდა გააკეთო. ძალების მოკრება  გვესაჭიროება. პარტიზანული ომი არის ის, რისიც რუსებს ძალიან ეშინიათ.

შამილ ბასაევი ჩაფიქრებული იჯდა და თითქოს მასხადოვს ყურს არც უგდებდა.

- რუსებს გროზნოს კიდევ გავახსენებ, - თქვა უეცრად.

2000 წლის 21 იანვარს გროზნოს დამცველები ტოვებდნენ. შამილ ბასაევი მცირერიცხოვანი ჯგუფით, რამდენიმე საათის განმავლობაში აფერხებდა ფედერალური ძალების შეტევას. მოახსენეს, ქალაქი პრეზიდენტმა, დაჭრილებმა და მეომრებმა დატოვესო, თავის მარჯვენა ხელს, ცაგარიევს გასძახა, - ჩვენც მივდივართო და გროზნოს გასასვლელამდე გზა ბრძოლებით გაიკაფეს.

ქალაქის გასასვლელთან შამილ ბასაევი რამდენიმე წამით შეყოვნდა. "ერთხელ უკვე დავბრუნდი (1996 წლის 7 აგვისტოს ბასაევმა გროზნო აიღო. - ნ.ბ.), მეორედაც შევძლებთ."  ალაჰი მოწყალეა, - თქვა ხმამაღლა და ავტომატის ჯერი გაუშვა ჰაერში, შემდეგ მობრუნდა და მებრძოლებისკე]ნ გაეშურა.

მოულოდნელად აფეთქების ხმა გაისმა, ცაგარიევი  ბასაევისკენ გაიქცა.

- ნაღმი ყოფილა, - ტკივილით სახე დაემანჭა ბასაევს. მარჯვენა ფეხზე ნახევრად მოგლეჯილი ტერფი ეკიდა.

- ექიმი მოვიყვანოთ როგორმე, - ყვიროდა ცაგარიევი.

- ახლა მაგის დრო არ არის. ბებუთი მომეცი, - ტკივილით შეწუხებული ბასაევი ძლივს ლაპარაკობდა.

ცაგარიევი დაიბნა.

- ბებუთი-მეთქი, - შეუყვირა ბასაევმა. ერთ-ერთმა მებრძოლმა შამილს დანა მორჩილად მიაწოდა. ბასაევმა ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს ძალის მოკრებას ცდილობსო და ტერფი ელვის სისწრაფით მოიჭრა...

-  ქამარი გადამიჭირეთ და გავიდეთ აქედან, - ეს თქვა და ბასაევმა გონება დაკარგა...

იმავე საღამოს  გროზნოს მთლიანად რუსეთის არმიის ნაწილები აკონტროლებდნენ.

ჩეჩნეთში სოფლებისა და ქალაქების "წმენდა"დაიწყო. 31 იანვარს ლტოლვილები ბრუნდებოდნენ მებრძოლებისგან გაწმენდილ სტანიცა”იშერსკაიაში”(ნაურის რაიონი). რუსი ჯარისკაცების ბლოკპოსტზე მათ სათითაოდ აშიშვლებდნენ, რუსი ჯარისკაცები იარაღს ეძებდნენ. როდესაც ლტოლვილებში ხანში შესული მოლა შეამჩნიეს, ბლოკპოსტს სიცილმა გადაუარა.

- გახდილი მოლა კარგი სანახავი იქნება, - გადაიხარხარა ერთმა ჯარისკაცმა და მოლას გაშიშვლება უბრძანა. მოხუცი მოლა დიდხანს ეხვეწებოდა ჯარისკაცებს, - ალაჰს ვფიცავ, იარაღი არა მაქვს, ღვთის მსახური ვარ და ასე საქვეყნო გაშიშვლება ჩემთვის სიკვდილის ტოლფასიაო. ამაოდ... მოლას ხვეწნამ ჯარისკაცები უფრო გააცხარა.

- თუ გახდა არ გინდა, იქნებ, შენს ალაჰს უნდა, რომ ეს კაცები დავხოცოთ? - ჰკითხა გესლიანად ერთმა ჯარისკაცმა და იქვე მდგომ რამდენიმე ჩეჩენზე მიუთითა. მოლა იძულებული გახდა, გაშიშვლებულიყო.

- ახლა რუსეთის ჰიმნი იმღერე, - მოსთხოვეს ჯარისკაცებმა.

მოლას მზერა გაეყინა...

- მიდი, მიდი, იმღერე, - არ ეშვებოდნენ ჯარისკაცები მოლას. ბოლოს ფეხებში ავტომატის ჯერი მიუშვეს. მოლას ცრემლები წამოსცვივდა და მოულოდნელად "კატიუშას" სიმღერა  წამოიწყო...

- "კატიუშა" საიდან ახსოვს? -  გაუკვირდათ ჯარისკაცებს.

- სამამულო ომიდან, სადაც ხუთი წელი იბრძოდა, - უპასუხა მასწავლებელმა...

20 აპრილს მოზდოკში ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმირ ბულგაკოვს მოახსენეს, რომ ტელეფონზე ელოდნენ, ხაზზე მოსკოვიდან ანატოლი კვაშნინი იყო.

- გენერალო, თქვენ ჩეჩნეთში ფედერალური ძალების დაჯგუფების ხელმძღვანელის პოსტზე წარგადგინეს, - საზეიმო ტონით  უთხრა კვაშნინმა.

- რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის დიდი პატივია, მაგრამ უარს ვამბობ, - მშვიდად უპასუხა ბულგაკოვმა. კვაშნინი ასეთ პასუხს არ ელოდა და გაოცებულს რამდენიმე წამით ენა ჩაუვარდა.

- რუსეთის არმია მზად არ არის პარტიზანული ომისთვის, - გააგრძელა ბულგაკოვმა, - და ეს ნათლად გამოჩნდა ამ პერიოდში. ერთია, გმირულად მიუძღოდე წინ არმიას ფართომასშტაბიან ბრძოლებში, ხოლო სულ სხვაა - იყო პარტიზანული ნაკბენებით დაუძლურებული და დაგლეჯილი არმიის წინამძღოლი და უყურო, როგორ ხოცავენ  და წვავენ შენს ბიჭებს.- მე ამაზე არასოდეს  წავალ.

კვაშნინს ხმა არ ამოუღია, იცოდა, ბულგაკოვი სიმართლეს ამბობდა...

დაბა შატოში გამაგრებული ბასაევი ამპუტირებულ ფეხს იშუშებდა და თან პანკისიდან ჩამოსულ სტუმრებს მასპინძლობდა.

- "წმინდა ომისთვის" ფული ყოველთვის საჭიროა. მართალია, ჩვენი მუსლიმანი ძმები გვეხმარებიან, მაგრამ ყოველთვის მათ იმედად ვერ ვიქნებით, ამიტომ ჩვენ ჩვენი წყაროები უნდა გვქონდეს, - ბასაევი სტუმრებს ყურადღებით ათვალიერებდა.

- ადგილი შერჩეული გვაქვს, ყოფილი ფერმის შენობაა, ისეთ ადგილზეა, რომ კაცს თვალში არ მოხვდება და თან კარგადაც არის დაცული, - თქვა ერთ-ერთმა სტუმარმა, - მთავარია, ჩვენამდე ვინმემ უსაფრთხოდ ჩამოიტანოს, დანარჩენს მივხედავთ.

"ვითომ სანდონი არიან ეს ქართველები?" - გაიფიქრა ბასაევმა.

- ჩემი ბიჭები ჩამოიტანენ და დასაწყისისთვის ჩვენვე გავაკონტროლებთ, - მიუგო სტუმარს.

- თავად გვესტუმრებით პანკისში?  - ჰკითხა გაკვირვებულმა სტუმარმა.

- ფეხი არ მიშუშდება რაღაც, ამბობენ, მოჭრილ ფეხს პანკისის ჰავა მოუხდებაო, - ჩაეცინა ბასაევს, - ყველაფერი შეიძლება მოხდეს... დიდება ალაჰს.

სტუმრების გაცილების შემდეგ შამილმა ცაგარიევი დაიმარტოხელა და დაეჭვებით ჰკითხა:

- როგორ ფიქრობ, ქართველები ხომ არ გვიმტყუნებენ?

ცაგარიევმა პასუხის ნაცვლად მხრები აიჩეჩა.

- თუმცა სხვა გზა არ გვაქვს. ქარხანა (მცირე ლაბორატორია) სასწრაფოდ პანკისში უნდა ჩავიტანოთ. ოღონდ ეს ლტოლვილთა ნაკადთან ერთად უნდა მოხდეს.

- ვინ წაიღებს?

- ამათ ძმებ ახმედოვებს და არბი ბარაევს (მომავალში ნორდ-ოსტის ერთ-ერთი ორგანიზატორი) გავაყოლებ. ისინი ახლა სადღაც ალდასთან არიან და ორ დღეში ჩამოვლენ, - თქვა ბასაევმა და ცაგარიევს მიაძახა, - სტუმრებს თვალი არ მოაშოროო.

არბი ბარაევი თავის რაზმთან ერთად ალდას უახლოვდებოდა. წინა დღით რუსებს აქ წმენდა ჩაეტარებინათ, თუმცა დაბაში არ დარჩენილან. Bბარაევი ალდის გავლას ღამით აპირებდა. დაბაში სიმშვიდე იყო.  ქუჩაში ჩამიჩუმი არ ისმოდა. გზად მიწაყრილი გაიარეს. ერთ-ერთი მებრძოლი რაღაცას წამოედო. მიცვალებულის ხელი აღმოჩნდა. იქვე მეორე მიცვალებულიც გამოჩნდა. ბარაევმა მებრძოლებს გათხრა უბრძანა. ცოტა ხანში თვალწინ საშინელი სურათი გადაეშალათ: 56 მოხუცის გვამი მიჯრით მიეწყოთ და მიწა ჰაიჰარად მიეყარათ.

მოულოდნელად ყრუ ქვითინი გაისმა. მებრძოლებმა რამდენიმე ქალი დაინახეს.

- რუსების  ნახელავია, ხომ? - გამოსცრა ბარაევმა.

- გუშინ აქ წმენდა ჩაატარეს, -  უპასუხა ვიღაცამ.

- მოხუცებს რას ერჩოდნენ?

- ბეტეერებით მოვიდნენ, მთვრალები იყვნენ. ყველა მოხუცი გამოიყვანეს. ეუბნებოდნენ, - თქვენი შვილები ჩვენ გვეომებიანო და კლავდნენ ავტომატის ჯერით. იმ ბეტეერების ნომრებიც შენახული გვაქვს, - ქაღალდის ნაგლეჯი მიაწოდა ქალმა.

გაოგნებული არბი ბარაევი კარგა ხანს ხმას ვერ იღებდა. შემდეგ მებრძოლებს ანიშნა, წასვლის დროაო და გზა განაგრძო....

2000 წლის ოქტომბრის მიწურულს, დაღესტან-საქართველოს საზღვარზე ქართველი მესაზღვრეები მწყემსებს გადაეყარნენ.

- საქმე მაქვს შენთან, - უთხრა ხანმოკლე მოკითხვის შემდეგ რეზო ოთიურიძემ ჯგუფის მეთაურს, - გუშინ, გამთენიისას, კარავთან რამდენიმე უცხო შევნიშნეთ. საუბარზე მივხვდით, რომ ჩეჩნები იყვნენ.

- ჩეჩნები? - გაუკვირდა მეთაურს.

- კი, ჩეჩნები. ასე, რვა კაცი იქნებოდა, შეიარაღებულები იყვნენ... ცხვარი მოგვყიდეთო, გვთხოვეს.

- მერე, მერე? - დაინტერესდა მეთაური და რეზოსთან ახლოს მიიწია.

- ცხვარი მივეცით. ცოტა არ იყოს, შეგვეშინდა კიდეც. რამდენიმე წუთში ერთი მობრუნდა და ფული დაგვიტოვა. არაფერი უთქვამთ, ისე წავიდნენ...

მეთაური შეფიქრიანდა და სასწრაფოდ ცენტრთან დაკავშირება ითხოვა.

როდესაც საქართველოს პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს მოახსენეს, საქართველოს საზღვარი შეიარაღებულმა "ბოევიკებმა" გადმოკვეთესო, ამას უფრო ადრე ველოდიო, - თქვა.

პრეზიდენტის ხმაში შეშფოთება გაკრთა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში