დაუპატიჟებელი " სტუმრები" - კვირის პალიტრა

დაუპატიჟებელი " სტუმრები"

(გაგრძელება, დასაწყისი #20-25)

2000 წლის 25 ოქტომბერი თენდებოდა. საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ჯერ კიდევ კაბინეტში იმყოფებოდა და უკვე მერამდენედ კითხულობდა საზღვრებიდან მიღებულ ინფორმაციებს. დაცვის უფროსმა მოახსენა, უშიშროების საბჭოს მდივანი ნუგზარ საჯაია მისაღებში გელოდებათო. უსიტყვოდ ანიშნა, -  შემოვიდესო.

- როგორც ხედავ, ნუგზარ, მოსვენების დრო არც ამჯერად გვაქვს, - მიაგება პრეზიდენტმა კაბინეტში შემოსულ საჯაიას და ჩაი შესთავაზა, - სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ, - წამოიწყო საუბარი შევარდნაძემ.

რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ ნუგზარ საჯაიამ ყურადღებით შეხედა მოსაუბრეს, ცდილობდა, თავად ამოეხსნა, რას გულისხმობდა ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი.

- შატილთან, საზღვარზე უამრავი ჩეჩენი ლტოლვილია თავმოყრილი და საქართველოში შემოსვლას ითხოვს, - განაგრძო შევარდნაძემ.

"აი, თურმე რა ყოფილა", - გაიფიქრა უშიშროების საბჭოს მდივანმა.

- ბატონო ედუარდ, უკვე რამდენიმე თვეა, ლტოლვილები შატილის მხრიდან გადმოდიან მცირე ჯგუფებად; თუმცა ბავშვებისა და ქალების ჯგუფებს ჯერჯერობით ჩვენი სამსახურებისთვის პრობლემები არ შეუქმნიათ, - საჯაია პრეზიდენტის დამშვიდებას შეეცადა.

- ნუგზარ, ქალები და ბავშვები კი, მაგრამ როდესაც მათთან ერთად საზღვარზე ასეულობით მამაკაცი - პოტენციური მებრძოლია თავმოყრილი, არა მგონია, ეს დამშვიდების საფუძველს იძლეოდეს, - გაღიზიანდა შევარდნაძე, - გარდა ამისა, ჩემზე კარგად უნდა იცოდე, რომ ჩეჩენი ქალი კაბიანი მეომარია.

უშიშროების საბჭოს მდივანი დუმდა.

- ერთხანს გადავწყვიტე კიდეც - ჩეჩენი ლტოლვილები არ შემომეშვა, მაგრამ თუ სახელმწიფო გვქვია, უფლება არა გვაქვს, ომს გამოქცეული ხალხი არ შევიფაროთ - მადლენ ოლბრაითიც ამას ჩამჩიჩინებს, თუმცა იმასაც ვგრძნობ, რომ ნელ-ნელა რუსეთთან ახალ თამაშში ვერთვებით, - განაგრძო შევარდნაძემ.

- პუტინისთვის ჩეჩენი ბავშვიც კი ტერორისტია, -  მოულოდნელად ჩაილაპარაკა ნუგზარ საჯაიამ.

- იარაღიანი ხალხის გადმოსვლა რუსეთს ათქმევინებს, რომ ჩვენ ტერორისტებს ვიფარებთ და ეს შეიძლება ტერიტორიების ფასად დაგვიჯდეს, - განაგრძო შევარდნაძემ.

- თქვენ პანკისს გულისხმობთ? - ჰკითხა საჯაიამ.

- თუნდაც პანკისს, - ხელი ჩაიქნია პრეზიდენტმა, - უშიშროების საბჭოს სხდომა უნდა მოვიწვიო, ნუგზარ, თანაც სასწრაფოდ, - შევარდნაძე წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. ჩაფიქრებულს არც გაუგია, როგორ დატოვა უშიშროების საბჭოს მდივანმა პრეზიდენტის კაბინეტი.

...7 დეკემბერს შინაგანი ჯარის სადაზვერვო ასეულს ფშავი-თიანეთის გზაგასაყარზე ბლოკპოსტი ჩააბარეს.

- გაჩხრეკთ შატილიდან მომავალ ყველა მოქალაქეს - ქალებსაც და ბავშვებსაც. ჩეჩენმა შეიძლება პური არ გადმოიტანოს, მაგრამ იარაღზე უარს არასდროს იტყვის, ამიტომ ყურადღებით იყავით, - აფრთხილებდა ასეულის მეთაური ჯარისკაცებს.

ჩანს, წინ ცხელი დღეები გველოდება, - გაიფიქრა ჯგუფის უფროსმა და დამშვიდობებისას ასეულის მეთაურს კიდევ ერთხელ დაჰპირდა, რომ დავალებას შეასრულებდა.

შუაღამისას ბლოკპოსტს "უაზი" მიუახლოვდა.

- აკი, მითხარი, ბლოკპოსტებს აღარ შევხვდებითო, - ჰკითხა გაღიზიანებულმა აბუ ბაქარმა  მძღოლს.

- გუშინ არ იყო, - თავის მართლება სცადა  მძღოლმა, რომელსაც ეტყობოდა, რომ ქისტი უნდა ყოფილიყო.

- გზიდან გადახვევას აზრი არა აქვს, უკვე შეგვამჩნიეს, თანაც მანქანაში ქალები და ბავშვები გვისხედან. ეს კი ქართველებზე დადებითად მოქმედებს, - თქვა აბუ ბაქარმა.

ბლოკპოსტზე მანქანა გააჩერეს. როდესაც მორიგე ჯარისკაცმა უკანა კარი გამოაღო, მხოლოდ  ნახევრად მძინარე ბავშვებსა და ქალებს მოჰკრა თვალი.

- იქნებ არ შეგვაყოვნოთ, ბავშვებს ორი დღეა, არაფერი უჭამიათ, - სთხოვა ქართულად მძღოლმა.  ჯარისკაცს წამით ჭოჭმანი შეეტყო, მერე მეწყვილეს გასძახა, - მეთაური გააღვიძეთ და თან ბავშვებისთვის რაიმე წამოიღეთო, მეთაურის მოსვლამდე გუშაგმა კიდევ ერთხელ შეათვალიერა მანქანაში მსხდომნი და კარი მიხურა..

- სიმშვიდეა, ქალები და ბავშვები არიან, - შეეგება ჯარისკაცი მეთაურს, მეთაურმა ის იყო, ხელი ასწია, რათა მოშორებით მდგარი მორიგისთვის ენიშნებინა, - მანქანა გაატარეთო, რომ მოულოდნელად აბუ ბაქარს მოჰკრა თვალი...

- გაჩხრიკეთ მანქანა, - გამოცრა მეთაურმა.

"უაზიდან" ატირებული ბავშვები და ქალები ჩამოიყვანეს.

- მხოლოდ ერთი ხელი ლოგინი და ტანსაცმელი გვაქვს, - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ერთმა ხნიერმა ქალბატონმა და ბოხჩის გადმოტანას შეეცადა. უეცრად მანქანიდან ავტომატი გადმოვარდა. ირგვლივ სიჩუმე ჩამოწვა. აბუ ბაქარს სახეზე ალმა გადაჰკრა და იარაღის ტარი მოსინჯა, მანქანაში მეთაური შევარდა და ნივთებს პლედი გადააძრო.  ბავშვის ტანსაცმელში ორი ათეული ავტომატი და თეთრი ფხვნილის პაკეტები ეწყო.

- რა არის ეს? - ჰკითხა გაცხარებულმა მეთაურმა "უაზის" მძღოლს.

- ავტომატები და ფხვნილი დააბრუნეთ, - საუბარში აბუ ბაქარი ჩაერთო, - ჩეჩნებს თქვენთან ომი არ გვსურს, იარაღი რუსებისთვის გვჭირდება, - აბუ ბაქარი სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა.

- იქნებ ეს წამალიც რუსებისთვის გინდათ? - გესლიანად შეუბრუნა კითხვა მეთაურმა. აბუ ბაქარს ხმა არ ამოუღია, თვალჩაციებით ათვალიერებდა ბლოკპოსტს.

- იარაღს და წამალს აქ დატოვებთ, თავად კი შეგიძლიათ, გზა განაგრძოთ, - ცივად თქვა მეთაურმა. ამ სიტყვებზე აბუ ბაქარს გულიანად გაეცინა.

- იარაღსაც და პაკეტებსაც თავად ჩაგვაბარებენ თქვენი უფროსები, - გადაულაპარაკა მეთაურს მძღოლმა, - როგორ ფიქრობთ, ოთხი პოსტი გამოვიარეთ და ეს ყველაფერი სხვამ ვერ შეამჩნია? - ეს თქვენი ომი არ არის და ნუ ჩაერევით, - ჩაურთო აბუ ბაქარმა.

- იარაღს და წამალს ვერ წაიღებთ, - გაიმეორა მეთაურმა და იქაურობას გაეცალა. მერე, თითქოს რაღაც გაახსენდაო, მოულოდნელად მობრუნდა და აბუ ბაქარს მიახალა:

- არც აფხაზეთი იყო თქვენი ომი!

"ჩათ ალარს", - გაიფიქრა აბუ ბაქარმა, მეთაურს თვალი გააყოლა და მძღოლს გადაულაპარაკა:

- ეს ტვირთი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აქ ვერ დავტოვებთ. ძალით წაღება მოგვიწევს...

9 დეკემბრის საღამოს საგუშაგოს ქართულ ბლოკპოსტს რაციით შეატყობინეს, რომ რამდენიმე "უაზმა" დანარჩენი ბლოკპოსტები სროლით გამოიარა.

სჯობს მოვემზადოთ. სავარაუდოდ, დაუპატიჟებელი სტუმრები ჩვენც გვეწვევიან, - გაიფიქრა მეთაურმა და ბლოკპოსტზე საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა.

"სტუმრები" არ გამოჩენილან.

გათენებისას მეთაურმა ბლოკპოსტის შემოვლა დაასრულა და თვალის მოსატყუებლად გაეშურა. რამდენიმე წუთში ბლოკპოსტზე სროლა ატყდა. მორიგე ჯარისკაცები ამაოდ ცდილობდნენ "უაზების" შეჩერებას. მანქანებიდან სროლა არ წყდებოდა. დაბნეული ჯარისკაცები წინააღმდეგობის გაწევას ვეღარ ახერხებდნენ. რამდენიმემ თავს გაქცევით უშველა. დაჭრილმა მეთაურმა ერთ-ერთ "უაზში" აბუ ბაქარს მოჰკრა თვალი. ჩეჩენს მეთაურის დანახვაზე სახეზე ღიმილმა გადაურბინა...

2001 წლის თებერვალში იჩქერიის სამხედრო ძალების ერთადერთ საყრდენ პლაცდარმად დაბა შატო იქცა. რუსეთის არმიის ნაწილები შატოს ორი მხრიდან უტევდნენ, რამდენიმეკვირიანი ბრძოლის შემდეგ ფედერალური ძალების გენერალმა ტროშევმა შატოზე რუსული დროშა აღმართა და ჩეჩნეთში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. თუმცა შატო მანამდე იჩქერიის პრეზიდენტმა ასლან მასხადოვმა უსაფრთხოდ დატოვა, შატო დატოვეს შამილ ბასაევისა და ამირ ხატაბის რაზმებმაც. ბასაევის რაზმი სოფელ კომსომოლსკაიაში გამაგრდა. გაცოფებული შამილი ადგილს ვერ პოულობდა.

- კუფრები ცდილობენ, სამივე მხრიდან ალყაში მოგვაქციონ, - ეუბნებოდა ცაგარიევს და თან გადარჩენილი იარაღის მარაგს ამოწმებდა.

- მართალი ხარ, მთებში მიმწყვდევას გვიპირებენ, - უხალისოდ დაეთანხმა ცაგარიევი.

- აქ თუ დავრჩით, ხალხს დავკარგავთ, - ჩაილაპარაკა ბასაევმა, - რადგან მთებში ომი უნდათ, მიიღებენ, ოღონდ გაზაფხულზე. მანამდე  ამ ღორებს ჩეჩნეთის ტყის მგლები რომ არ დაავიწყდეთ, სიურპრიზს მოვუმზადებთ.

- მერე? - ჩაეკითხა ცაგარიევი.

- მერე ვეცდებით, საქართველოს საზღვრამდე  უდანაკარგოდ მივიდეთ, დანარჩენს კი ალაჰი გვიჩვენებს...

15 თებერვალს გენერალი ტროშევი ხანკალაში   გეგმურ თათბირს ატარებდა. კაბინეტში რომ მოულოდნელად ფერდაკარგული თანაშემწე შეიჭრა.

- ვთათბირობთ, - მკაცრად უთხრა ტროშევმა და თანაშემწეს კარისკენ ანიშნა.

- გენერალო, ორი საათის წინ ბასაევის რაზმს მორიგი სიმაღლის აღების მცდელობისას ფსკოვის დივიზიის ერთ-ერთ დაჯგუფებასთან მოუხდა შეტაკება. არის მსხვერპლი.

ტროშევი გაქვავდა, შემდეგ კი ყრუდ იკითხა:

- რამდენი?

თანაშემწე შეყოვნდა.

- რამდენი-მეთქი, - დაიღრიალა ტროშევმა.

- 132 გარდაცვლილი და 47 - დაჭრილი, - ძლივს ამოილუღლუღა თანაშემწემ.

გენერალი ცოტა ხანს დუმდა, შემდეგ მოსასვენებელ ოთახში გავიდა. რამდენიმე წამში ტროშევის სასოწარკვეთილი ღრიალი გაისმა...

ამირ ხატაბი შამილ ბასაევს საქართველოს საზღვართან მარტის მიწურულს ელოდა. შამილს რუსები ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ...

გაგრძელება შემდეგ ნომერში