მოაქციეთ ალყაში! - კვირის პალიტრა

მოაქციეთ ალყაში!

(გაგრძელება, დასაწყისი #20-26)

1999 წელს ჩეჩნეთში ომის განახლებამ ათასობით მშვიდობიანი მოსახლე აიძულა, თავშესაფარი ქვეყნის გარეთ მოეძია, მათ შორის მეზობელ სახელმწიფოებში. საქართველო-ჩეჩნეთის საზღვრებს უამრავი ლტოლვილი მოაწყდა. საქართველოს ხელისუფლება მოსალოდნელი საფრთხის გამო ცდილობდა, ლტოლვილები არ მიეღო, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლით, საბოლოოდ უარი თქვა განზრახვაზე. ლტოლვილებმა (სულ 7000 კაცი) პანკისის ხეობას შეაფარეს თავი, სადაც ძირითადად ქისტები ცხოვრობენ.

პანკისი არა მარტო ომს გამოქცეული ქალებისა და ბავშვების თავშესაფარი გახდა, ხეობაში ძალების აღსადგენად ჩეჩენი პარტიზანების ჯგუფებიც გადმოვიდნენ. მალე პანკისის ხეობა კრიმინალურ ანკლავად გადაიქცა, სადაც ადამიანის გატაცება, მკვლელობა, ნარკოტიკით და იარაღით ვაჭრობა ჩვეულებრივ ამბად იქცა. საქართველოს ხელისუფლება ხეობაში შექმნილ მდგომარეობაზე თვალს ხუჭავდა, მხოლოდ რუსეთი არ აშორებდა თვალს პანკისს....

2001 წლის მარტის მიწურულს  ლუბიანკა შეშფოთებული იყო. ფე-ეს-ბეს ოპერაციას, "შურისძიება", რომელიც ჩეჩენი ოპოზიციური ლიდერების - ასლან მასხადოვისა და შამილ ბასაევის ლიკვიდაციას ითვალისწინებდა, ჩავარდნა ემუქრებოდა. ფე-ეს-ბეს დირექტორი ნიკოლაი პატრუშევი პრეზიდენტ პუტინთან აუდიენციის შემდეგ უგუნებოდ იყო - რუსეთის პრეზიდენტის რისხვა დაიმსახურა. 29 მარტს ლუბიანკაზე საგანგებო თათბირის შემდეგ პატრუშევი მოადგილე პრონიჩევთან ერთად კაბინეტში განმარტოვდა და ჰკითხა:

- ბასაევის ადგილსამყოფლის დასადგენად ჯილდო რამდენია დაწესებული?

- თავიდან მილიონ-ნახევარი დოლარი იყო, თუმცა როგორც ისა იამადაევი ამბობს, თანხა გაზარდეს და ჯილდო ახლა 5 მილიონია.

"5 მილიონი დოლარი კარგი ფულია, ამ თანხის სანაცვლოდ მეც კი..." - გაიფიქრა პატრუშევმა, თუმცა საკუთარი ფიქრის თავადვე შერცხვა.

- გარდა ამისა, გენერალი ტროშევი მზად არის, მილიონი დოლარი თავად  გადაიხადოს ბასაევის ადგილსამყოფლის დადგენაში, - უხალისოდ გააგრძელა  პრონიჩევმა, - მაგრამ, სამწუხაროდ, ბასაევის გარემოცვაში  ვერავინ ვნახეთ ამ ფულის ამღები.

- რა? - გაუკვირდა პატრუშევს, რომელიც წუთის წინ მზად იყო, 5 მილიონის სანაცვლოდ საკუთარი პატრონი გაეყიდა.

- ჩვენი ინფორმაციით, ბასაევს თავისი გარემოცვა არასდროს გაყიდის, ისევე როგორც მოსახლეობა, რომლისთვისაც ბასაევი ჯერ კიდევ გმირია, - დააზუსტა მოადგილემ.

- ეტყობა, მაგარი ვაჟკაცები არიან, - ჩაილაპარაკა პატრუშევმა, - ან მაგარი ლაჩრები.

- კარგი... საზღვრებზე რა ხდება? - მოულოდნელად იკითხა ლუბიანკის შეფმა.

- ჩეჩენ სეპარატისტთა ერთი ჯგუფი, დაახლოებით 200 მეომარი, საქართველოს საზღვრისკენ მიდის. ეს ბასაევის ბრიგადა”"რიადუს სალიხინია" თუU არა, ჯერჯერობით უცნობია, თვალყურს ვადევნებთ.

- საზღვრის გადალახვის საშუალება მიეცით, - მაგრამ როდესაც მოადგილის გაკვირვებული სახე დაინახა, დაამატა, - შეიარაღებული ტერორისტები საქართველოში დიდ საქმეს გაგვიკეთებენ, - და ორაზროვნად ჩაეღიმა...

5 მაისს აბუ ბაქარ ზუბაირაევი და ვახა აჰმედოვი რამდენიმე ქისტთან ერთად უკვე მეორე დღე იყო, ელოდნენ საზღვართან ჩეჩენ ძმებს.

- ადგილი ხომ არ შეგვეშალა? - დაეჭვებით იკითხა ვახამ, - რაღაც იგვიანებენ.

- არა, - დაამშვიდა აბუ ბაქარმა.

- აბუ ბაქარ, აი უკვე 7 წელია ჩეჩნები დამოუკიდებლობისთვის იბრძვით, - წამოიწყო საუბარი ერთ-ერთმა პანკისელმა ქისტმა, - მაგრამ ჩვენთან, ხეობაში, ბავშვმაც კი იცის, რომ რუსები თქვენი გამშვები არსად არიან.

- ეს ჩვენც ვიცით, - ჩაილაპარაკა ვახა აჰმედოვმა.

- მაშინ რაღა აზრი აქვს ომს? - ხელები გაშალა ქისტმა.

- ჩეჩნეთში დიდი ხანია აღარავინ იბრძვის იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის, ეს რომანტიკა ჯოჰართან ერთად მოკვდა, - თქვა აბუ ბაქარმა. მოსაუბრეები, რომლებიც ასეთ პასუხს არ ელოდნენ, გაკვირვებული დარჩნენ.

- ეს ომი მსოფლიო შარიათული რევოლუციისთვის ბრძოლაა, - განმარტა უხალისოდ ზუბაირაევმა, - და ეს არასოდეს დამთავრდება.

- რატომ? - წამოენთო ვახა აჰმედოვი, - პრეზიდენტი ასლან მასხადოვი ასეთი ბრძოლის წინააღმდეგია!

- მასხადოვისნაირი მშვიდობის მოსურნეები არავის სჭირდება, - შეაწყვეტინა აბუ ბაქარმა, - არც რუსეთს, - აბუ ბაქარი წამით გაჩუმდა, თითქოს რაღაცის გახსენება უნდაო.

- საუკუნის წინ იმამ შამილთან იყო შეიხი კუნტა ჰაჯი. შამილმა, რომელმაც მთებში სისხლის ზღვა დააყენა, რუსებისგან პატივი და დიდება დაიმსახურა, კუნტა ჰაჯი კი, რომელიც ომს გმობდა და მთიელებს მშვიდობისკენ მოუწოდებდა, შამილის ჩაბარების შემდეგ დააპატიმრეს და გადაასახლეს, სადაც უღირს პირობებში გარდაიცვალა...

- გამოდის, რომ რუსეთს მხოლოდ ბოროტმოქმედები სჭირდება, - ამოხდა აჰმედოვს.

- დღესაც ჰყავს ჩეჩნეთს შამილი და კუნტა ჰაჯი, - თქვა აბუ ბაქარმა.

- კუნტა ჰაჯი მასხადოვია, - დაასკვნეს მოსაუბრეებმა ერთხმად, - მაგრამ შამილი?

შამილის სახელის გაგონებაზე აბუ ბაქარს სახეზე მწარე ღიმილმა გადაურბინა. მხოლოდ ვახა აჰმედოვი მიხვდა, ვინ იგულისხმა ზუბაირაევმა. უეცრად ასე ნანატრი პაროლი - სტვენა მოესმათ. აჰმედოვმა უმალ იგრძნო, რომ მოჰამედ ცაგარიევი და შეიძლება თვით შამილ ბასაევიც უკვე სადღაც ახლოს იყვნენ...

საქართველოს უშიშროების მინისტრი  ვახტანგ ქუთათელაძე  ცალი თვალით უყურებდა ტელევიზორს. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იასტრჟემბსკი მსოფლიოს უმტკიცებდა, საქართველოში ტერორისტთა ბაზებია და იარაღსაც ქართველებისგან ყიდულობენო.

"დღეს რატომღაც რიხიანად ლაპარაკობს", - გაიფიქრა ქუთათელაძემ. მოულოდნელად ტელეფონის ზარი გაისმა. უშიშროების მინისტრი ყურმილს უხალისოდ დასწვდა.

- ვახტანგ, მართლა ვყიდით ტერორისტებზე იარაღს? - ქუთათელაძე მოსაუბრის ხმამ ცოტა არ იყოს, დააბნია.

- ვახტანგ, ედუარდი ვარ, ბიჭო, - მოესმა მინისტრს პრეზიდენტის ნაცნობი ხმა.

- არა, მაგრამ ჩვენმა სამსახურებმა გადაიღეს კადრები რუსეთის სამხედრო ბაზებში როგორ ყიდიან და შემდეგ თავად როგორ უტვირთავენ მანქანებს რუსი სამხედროები. შემიძლია კასეტა  გაჩვენოთ.

- მე არა, მაგრამ უახლოეს ხანში, როგორც ვიცი, ლუბიანკიდან პრონიჩევი ჩამოდის და  მას აჩვენე, თან მეგობრულად  შეახსენე, რომ შეგვიძლია ეს მთელ მსოფლიოს ვანახოთ, - ჩაიქირქილა შევარდნაძემ და დაუმატა: - ვახტანგ, არც პანკისში ვყიდით იარაღს?

"დამალვას აზრი არა აქვს, - გაიფიქრა უშიშროების მინისტრმა, - კახა მაინც ეტყვის."

- ჩვენი ინფორმაციით, ცალკეულ ჯგუფებს  შეაქვთ იარაღი პანკისში და სანაცვლოდ ნარკოტიკი გამოაქვთ, შემდეგ იმ ფულით ისევ იარაღს ყიდულობენ.

- პანკისზე გამახსენდა, ვახტანგ,  200-მდე "ბოევიკმა" ჩვენი საზღვარი გადმოლახა და ამჟამად ჩვენს ტყეებში ისვენებს.

ამის გაგონებაზე უშიშროების მინისტრს ცივმა ოფლმა დაასხა და უნებურად წამოსცდა:

- თქვენ საიდან იცით?

- მწყემსებმა მითხრეს, - ჩაიცინა პრეზიდენტმა და ყურმილი დაკიდა.

უშიშროების მინისტრი რამდენიმე წამს გაქვავებული იჯდა.

- როგორ იგებს ყველაფერს ჩემზე ადრე? - თქვა გაცეცხლებულმა ხმამაღლა და სასწრაფოდ  მოადგილეები გამოიძახა...

ჩეჩენ მეომრებში შამილ ბასაევი არ აღმოჩნდა.

- ქართველებს არ ენდობაო, - უთხრა ცაგარიევმა აბუ ბაქარს, - შამილი ხატაბთან დარჩა, თუმცა, გვითხრა, რომ გეგმებს უახლოეს ხანში გაგვაგებინებს. ალაჰი იყოს მისი შემწე, - მოსაუბრეებს ჰამზატ (რუსლან) გელაევი და არბი ბარაევი მიუახლოვდნენ.

- რუსებმა რაღაც საეჭვოდ გამოგვიშვეს, - თქვა გელაევმა, - ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, აქ შეიძლება ყველაფერი მოხდეს...

მეორე დღეს ტყეში ჩეჩენი "ბოევიკები" საქართველოს შინაგანი ჯარების, უშიშროების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმების ალყაში მოექცნენ.

- სისხლის დაღვრა არ გვინდა, - შეეგება ცაგარიევი მოსალაპარაკებლად მისულ ქართველ სამხედროებს.

- მაგრამ თუ ერთი ტყვიაც გავარდება, - მაშინ სათითაოდ ამოგჟუჟავთ, - დამარცვლით თქვა ბარაევმა.

ქართული მხარის მოთხოვნით, მოლაპარაკებები მეორე დღისთვის გადაიდო.

იმავე ღამით საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.

- სიტუაცია ძალიან საფრთხილოა, - თქვა შევარდნაძემ.

- მაგრამ კონტროლირებადი. "ბოევიკები" ალყაში გვყავს, - ჩაურთო შინაგან საქმეთა მინისტრმა კახა თარგამაძემ.

- მეგონა, ჩეჩნებს უკეთ იცნობდი, კახა, - ირონიულად გაეღიმა უშიშროების საბჭოს მდივან ნუგზარ საჯაიას, - ეს თქვენ ჰყავხართ ალყაში ჩეჩნებს.

საჯაიას ნათქვამზე უშიშროების მინისტრს კმაყოფილებით ჩაეცინა.

- ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ, - გააგრძელა პრეზიდენტმა, - როგორც ჩანს, რუსეთმა შეიარაღებული ჯგუფი შეგნებულად გამოატარა. ცოტა ხანში მათ დაკავებას სახალხოდ მოგვთხოვს - "ბოევიკებთან" იარაღის ენით ვერ ვილაპარაკებთ.

- საჭიროების შემთხვევაში შემიძლია თAავდაცვის სამინისტროს ნაწილები ჩავრთო, - თქვა თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ.

- დათო, ამ მეომრების წინააღმდეგ  გროზნოში რუსეთის 40000 ჯარისკაცი იბრძოდა 14000 სამხედრო ტექნიკით და ბოლო ვერ მოუღეს, როგორ ფიქრობ, ჩვენი შანსი დიდია? - ჰკითხა შევარდნაძემ. - გარდა ამისა, "ბოევიკების" თUუნდაც მცირერიცხოვან ჯგუფს თავისუფლად შეუძლია თბილისის აღება, ამის 7-წლიანი გამოცდილება აქვთ.

შევარდნაძემ ძალოვანი მინისტრები კიდევ ერთხელ შეათვალიერა, თითქოს მათგან პასუხს ელოდა. ისინი დუმდნენ, მხოლოდ კახა თარგამაძე იშმუშნებოდა უხერხულად.

- გამოსავალი ერთია, - თქვა ნუგზარ საჯაიამ, - ჩეჩნები უნდა დავიყოლიოთ, რომ საქართველო ნებაყოფლობით დატოვონ

- ნუგზარს მეც ვეთანხმები, ოღონდ ზედმეტი ინიციატივის გარეშე, კახა, - უთხრა  პრეზიდენტმა დამშვიდობების წინ თარგამაძეს.

ალყა ორ კვირას გაგრძელდა. ჩეჩნებს პირველადი აგრესია ნელ-ნელა ჩაუცხრათ. ქართველი ჯარისკაცები და ჩეჩენი მეომრები ერთმანეთის ბანაკებში სტუმრადაც დადიოდნენ, საჭმელსაც ერთად ინაწილებდნენ, თუმცა არც ერთი მხარე იარაღს წუთითაც არ იშორებდა. ორი კვირის შემდეგ ჩეჩნებმა საქართველო მშვიდობიანად დატოვეს..

- საოცარი ხალხია ეს ქართველები, - ეუბნებოდა ჰამზატ გელაევი არბი ბარაევს.

- მაინც არ გაგვყიდეს, არადა ჩვენგან ცუდიც ახსოვთ.

- ან მაგარი ვაჟკაცები არიან, ან მაგარი ლაჩრები, - თქვა რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ ბარაევმა...

ჩეჩნების წასვლის შესახებ საქართველოს პრეზიდენტს თავად ნუგზარ საჯაიამ მოახსენა.

- ამჯერად გადავრჩით, - ამოისუნთქა შევარდნაძემ, - მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ვფიქრობ, პანკისის კარტის გათამაშებით პუტინი ჩვენს კავკასიურ ომში ჩათრევას უკვე აშკარად შეეცდება, Битва за Кавказ, это всегда битва за кремль,- ჩაილაპარაკა შევარდნაძემ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში