ბერძნების თქმით, დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ ქარათველ "კანონიერ ქურდთან" - როგორია დღეს ევროპის კრიმინალური რუკა - კვირის პალიტრა

ბერძნების თქმით, დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ ქარათველ "კანონიერ ქურდთან" - როგორია დღეს ევროპის კრიმინალური რუკა

ალბანური დანაშაულებრივი სინდიკატი, თურქული კრიმინალური დაჯგუფებები, ლიბანური მაფია და "ვაინახელი პარტიზანები"

"ქართველთა ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები კვლავაც რჩებიან ევროკავშირის არაწევრი იმ ერების რიცხვში, რომლებიც ყველაზე ხშირად არიან ჩართული სერიოზულ და ორგანიზებულ დანაშაულებში ევროკავშირის ტერიტორიაზე. ისინი განსაკუთრებით აქტიურობენ საბერძნეთში, გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში", - ევროკომისიის დასკვნიდან, დეკემბერი, 2017წ.

"თუ ქართველები ბანდიტობენ, სხვებთან ერთად ბანდიტობენ, პირდაპირ გეტყვით - რასაც გერმანიაში მოლდაველები, იტალიელები და გერმანელები აკეთებენ, იმასთან შედარებით ჩვენი საცოდავი ქართველი ბანდიტები პირველი კლასის მოსწავლეები არიან".

ლევან ბერძენიშვილი, 8 ივნისი, 2016 წ.

28 მარტს საბერძნეთში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების 4 წევრი დააკავეს. ამჯერად ანტიკრიმინალურ ოპერაციაში ადგილობრივი სამართალდამცავების გარდა, საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშეც მონაწილეობდა. როგორც გაირკვა, ქართველ "იღბლიან ჯენტლმენებს" საბერძნეთში 200-მდე ბინა გაუქურდავთ. ოპერაციისას ამოიღეს ნაქურდალი ოქროულობა, ფული და იარაღიც. როგორც ადგილობრივი მედია წერს, "ბრალდებულები წინასწარ ირჩევდნენ ბინებს, მოიპოვებდნენ მონაცემებს სამიზნე' ობიექტებში ძვირფასეულობის არსებობის შესახებ და მხოლოდ მას შემდეგ გეგმავდნენ ქურდობას".

ბოლო რამდენიმე წელია ქართველი ქურდბაცაცების ხელწერა არ შეცვლილა. საბერძნეთსა და თურქეთში მათი თანამოსაქმეები ხშირად ამ ქვეყნებში სამუშაოდ ჩასული ქალები არიან. სწორედ ისინი აწვდიან კრიმინალებს ამა თუ იმ სახლზე ინფორმაციას. გარკვეული კატეგორიის ქალები ცდილობენ მუშაობის დაწყებას შეძლებულ ოჯახებში და შემდგომ ოჯახის წევრების ნდობის მოპოვებას. სქემის შემდგომი ეტაპი ჩამოსული ნათესავის მოულოდნელი სტუმრობაა, რომელსაც ღამის გასათევი არა აქვს. შინამოსამსახურის პატიოსნებაში დარწმუნებული ოჯახი თხოვნაზე უარს არ ეუბნება და "ბიძაშვილს" სახლში დარჩენის ნებას აძლევს. სწორედ ამ დროს "ზვერავენ" სახლს. ერთი თვის შემდეგ ქალი მუშაობას თავს ანებებს, რასაც ხელსაყრელ დროს ბინის გაქურდვაც მოჰყვება. ხშირად იგივე ქალები არიან ჩართული ნაქურდალი ნივთების რეალიზაციაშიც.

28 მარტს ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ბერძენი სამართალდამცავები აცხადებდნენ, რომ დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ ქართველ ე. წ. კანონიერ ქურდთან, რომლის დავალებებსაც ასრულებდნენ, თუმცა მისი ვინაობა არ უხსენებიათ.

კრიმინალურ წრეებში პირად საუბრებში ამბობენ, რომ დაკავებულებს კავშირი არ ჰქონიათ კრიმინალურ ავტორიტეტთან. მართალია, საბერძნეთსა და თურქეთს ბევრი ე.წ. კანონიერ ქურდი აფარებს თავს, თუმცა მათ გაცილებით დიდი თავსატეხი აქვთ და ამიტომ ცდილობენ სამართალდამცავთა ყურადღება ასეთ წვრილმან საქმეებზე არ მიიქციონ.

ბოლო დროს უცხოეთში არცთუ იშვიათად კეთდება განცხადებები ევროპაში ქართველ ბოროტმოქმედთა აქტიურობაზე. საქმე იქამდე მივიდა, რომ ზოგიერთი ქვეყანა საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გადახედვასაც ითხოვს. თუმცა, თუ ბოლოდროინდელ ევროპულ პრესას გადავხედავთ, კარგად ჩანს, რომ ""ოქროს მილიარდს" "(ასე უწოდებენ ევროპის მოსახლეობას) განსაცდელი სულ სხვა ენაზე მოლაპარაკე ჯგუფებისგან ემუქრება, რომლებთან შედარებითაც ქართველი ქურდბაცაცები სახსენებელიც არ არიან. "კვირის პალიტრამ" გადაწყვიტა მკითხველს მოუთხროს, როგორია სინამდვილეში დღეს ევროპის კრიმინალური რუკა.

"მალე მთელი ევროპა იძულებული გახდება, ისწავლოს ალბანური"

სამოქალაქო ომის შემდეგ კოსოვოს პრემიერ ჰაშიმა ტაჩის ეს ფრაზა ბევრს სასაცილოდაც არ ეყო. თუმცა წლების შემდეგ ევროპას ეს სიტყვები "კასანდრას წყევლად" ექცა. არადა,

ყოფილმა კრიმინალურმა ბოსმა ჰაშიმა ტაჩიმ კარგად უწყოდა, რომ ადრე თუ გვიან სწორედ ალბანური მაფია გახდებოდა ევროპის კრიმინალური რუკის ჰეგემონი.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა კოსოვოს სამოქალაქო ომის დროს ევროპას ათასობით ალბანელი მიაწყდა. სამართალდამცავებმა გონზე მოსვლა ვერ მოასწრეს, რომ ალბანელებს შვეიცარიასა და გერმანიაში უკვე დანაშაულებრივი სინდიკატი ჰქონდათ\. მიუხედადავ იმისა, რომ ალბანური მაფია ყოფილი "სოვიეტის" ბანაკიდან იყო (იუგოსლავია), მისი კრიმინალური სამყარო კარდინალურად განსხვავდებოდა საბჭოური ანალოგისგან - ბალკანური დანაშაულებრივი დაჯგუფებები მაფიის წესებით ცხოვრობდნენ, მასში არ არსებობდა იერარქია, ყველა დაჯგუფება დამოუკიდებლად საქმიანობდა, თუმცა მათი სიძლიერე, იტალიური მაფიის მსგავსად, ოჯახურ ტრადიციებს და დუმილის ინსტიტუტს (ბესა) ეყრდნობა. ბალკანური მაფია დღემდე ღირსების კოდექსად "კანუნეს" აღიარებს, რომელიც XV საუკუნეში ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლის დროს ერთმა რუმინელმა მთავარმა ლეკე დუკაჯინმა შექმნა - დამრღვევი დღემდე სიკვდილით ისჯება.

როდესაც ალბანური მაფია მილანში გამოჩნდა, მან თავსატეხი გაუჩინა როგორც სამართალდამცავებს, ისე იტალიურ მაფიას.

ძველმოდური "ნათლიებით" და "კოზა ნოსტრებით" გაჯერებული ქვეყნისთვის მოულოდნელი იყო ალბანელების გამოჩენა, რომლებიც ყველა საქმეს ყუმბარსატყორცნებით "აგვარებდნენ". ""მათთვის ადამიანის მოკვლა წამის საქმეა", - წერდა აღშფოთებული მილანური მედია.

სწორედ ამის გამო ინარჩუნებენ ალბანური ბანდები ყველაზე სასტიკის ტიტულს ევროპაში. იტალიის ყველა საკურორტო ქალაქში დღეს ალბანური მაფია აკონტროლებს პროსტიტუციას, რომელიც დიდი ომის შემდეგ ლიბანელ "კოლეგებს" წაართვეს.

ალბანელებმა ფეხი დიდ ბრიტანეთშიც მოიკიდეს, სადაც პროსტიტუციის ბიზნესის 75% აქვთ. მათ ბადალი არ ჰყავთ ყალბი დოკუმენტების დამზადებაში, კილერების მობილური ჯგუფებიც ჰყავთ, რომლებსაც დაკვეთის შესრულება ევროპის ნებისმიერ ტერიტორიაზე შეუძლიათ.

რამდენიმე წლის წინ ბრიტანელმა სამართალდამცავებმა ფეხბურთელ დევიდ ბექჰემის მეუღლე, ვიქტორია ბექჰემი, გატაცებას გადაარჩინეს. დადგინდა, რომ საქმეში ერთ-ერთი ალბანური დაჯგუფება იყო გარეული.

შვეიცარიაში თავის დროზე სულ 2000-მდე ალბანელი გამოჩნდა, თუმცა ეს საკმარისი იყო, რომ უმოკლეს დროში პორნოს მოყვარულთა რამდენიმე სტუდია გაეხსნათ და ამით დიდი ფული ეშოვათ.

გერმანიაში ალბანელებს იარაღით უკანონო ვაჭრობაში, ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციასა და ავტომანქანების ქურდობაში ბადალი არ ჰყავთ.

საფრანგეთში ალბანურ მაფიას ნაქურდალი ნივთების რეალიზაციაში ვერავინ ჯობს, მას ამ საქმეში მსოფლიო ქსელი აქვს აწყობილი. ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნესი ალბანური მაფიისთვის ნარკოტიკებია. დღეს ალბანური მაფიის ხელშია მსოფლიო ნარკობიზნესის დიდი ნაწილი. ბოლო მონაცემებით, თვეში მათ ხელში 4-6 ტონა ჰეროინი გადის, რაც ჯამში 2 მილიარდი დოლარის ღირებულების უნდა იყოს.

თუმცა ალბანურ მაფიასაც ჰყავს კონკურენტი - თურქული დანაშაულებრივი დაჯგუფებები.

"ნათლია" თურქულად

თურქული კრიმინალური სამყარო ევროპელი' "კოლეგებისგან" იმით განსხვავდება, რომ როგორც წესი, თურქეთის რომელიმე პოლიტიკურ წრესთან არის მიბმული.

თურქული დანაშაულებრივი დაჯგუფებები ნარკობიზნესის დიდ ნაწილს აკონტროლებენ გერმანიაში და ცდილობენ შეინარჩუნონ პოლიტიკური გავლენა ნიდერლანდებში. მათი საქმიანობა განსაკუთრებით მასშტაბურია გერმანიაში. თურქები თავზარს სცემენ მოსახლეობას. გერმანელი სამართალდამცავების ცნობით, ქვეყანაში სექსუალური და ძალადობრივი დანაშაულის 34,9% სწორედ თურქებზე მოდის. გაზეთი "მილიტანტ ისლამ მონიტორი" ამტკიცებს, რომ თურქული დაჯგუფებები აკონტროლებენ ბერლინის ქუჩებს, სადაც ისინი მრავალ აკრძალულ სერვისს თუ საქონელს სთავაზობენ მომხმარებლებს. განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა მაფიის' ახალგაზრდული ფრთა', რომლის საქმიანობას ქუჩაში დემონსტრირებული ძალადობა, გაუპატიურება, ცემა-ტყეპა და დარბევა წარმოადგენს.

ნიდერლანდებსა და ბელგიაში თურქებს სრული კონტროლი აქვთ იარაღით უკანონო ვაჭრობაზე, ტრეფიკინგზე, პროსტიტუციაზე, ყალბი დოკუმენტების დამზადებასა და ფულის გათეთრებაზე.

ბრიტანეთში ნარკობიზნესში გავლენების გადანაწილების გამო სისხლიანი დაპირისპირება ხშირია ალბანელებსა და თურქებს შორის, თუმცა თურქები ჯერჯერობით მხოლოდ აღმოსავლეთ ლონდონს სჯერდებიან.

თურქულ კრიმინალურ წრეებს ქურთებიც ავიწროებენ. აღმოსავლეთ ანატოლიაში მცხოვრები ირანული ფესვების მქონე ზაზას ხალხი (მათ საკუთარი ენა - ზაზაკი აქვთ) თავს ქურთს უწოდებს და თურქეთისა თუ სირიის ტერიტორიის გარდა, თურქებს ევროპის კრიმინალურ წრეებშიც ებრძვიან. ზაზა-ქურთების კრიმინალურ საქმიანობას კარგად იცნობენ დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში - მათი საქმიანობის სფეროა შეკვეთილი მკვლელობები, ნარკოტიკების რეალიზაცია, აზარტული თამაშები, ადამიანის გატაცება და გამოძალვა.

ბერლინში დაკარგულები

ერთადერთი მაფია, რომელიც "კოლეგებთან" ' თანამშრომლობას არ გაურბის, ლიბანურია. ლიბანელები თავის დროზე ევროპას ლტოლვილის სტატუსით მიაწყდნენ. ისინი ერთდროულად გერმანიის რამდენიმე ქალაქში გამოჩნდნენ, დღეს ბერლინის კრიმინალური სამყაროს დიდ ნაწილს ლიბანელი კლანები აკონტროლებენ. გარდა ამისა, მათი "ყურადღების" ქვეშ არიან დევნილთა ბანაკებიც. მას შემდეგ, რაც სირიიდან ევროპაში ათეულათასობით დევნილი შევიდა, მათ შორის გერმანიაშიც, ადგილობრივი კრიმინალური დაჯგუფებები უარს არ ამბობენ, საკუთარი რიგები ლტოლვილის სტატუსის მაძიებლებისგან შეავსონ და ამაში მათ ლიბანური მაფია ეხმარება. როგორც გერმანული პოლიციის ბოლოდროინდელი განცხადებიდან ჩანს, ბერლინში დაიკარგა 2000 დევნილი, რომელთა შესახებ არაფერია ცნობილი. ისინი დევნილთა ბანაკიდან "გაქრნენ", სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ბერლინში დაკარგულებმა კრიმინალური დაჯგუფებების რიგები შეავსეს.

ჩეჩნური მაფია

ბოლო დროს ევროპელი ექსპერტები შეშფოთებას გამოთქვამენ კონტინენტზე ჩეჩნური დიასპორის გაძლიერებაზე. ამჟამად ჩეჩნური დაჯგუფებები არიან ავსტრიასა და გერმანიაში, სადაც დაახლოებით 200 000 ჩეჩენი ცხოვრობს.

2016 წელს მხოლოდ ავსტრიაში 3200 დანაშაული (დიდი ნაწილი მძიმე კატეგორიის) სწორედ ჩეჩნური დაჯგუფებების ჩადენილია. გერმანიაში ბევრმა იცის მოტოკლუბი "ვაინახელი პარტიზანები", სადაც ჩეჩნების გარდა, თურქებს, სირიელებს და აზიის სხვა მუსლიმებსაც შეხ+ვდებით, რომლებიც იჩქერიის დროშით გერმანიაში გავლენის მოპოვებას ცდილობენ. 2016 წელი "ვაინახელი პარტიზანებისთვის" "მოსავლიანი" გამოდგა - მათ ადგილობრივ ბაიკერებს ზოგიერთ გერმანულ ქალაქში ნარკოტიკებსა და პროსტიტუციაზე კონტროლი წაართვეს.

2018 წლის თებერვალში საზოგადოებამ "კვირის პალიტრის" მეშვეობით შეიტყო, რომ პანკისის ხეობის მოსახლეობა უკეთესი მომავლის საძიებლად სწორედ გერმანიაში მიდის. ქისტების არჩევანი, სავარაუდოდ, გერმანიაში ჩეჩნური დიასპორის გაძლიერებასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ექსპერტების აზრით, თუ ასე გაგრძელდა, რამდენიმე წელში შეიძლება ევროპის კრიმინალურ რუკაზე "ვაინახური ერა" დაიწყოს და ალბანური მაფია ისეთივე უინტერესო გახდეს, როგორც თავის დროზე 'რუსული მაფია.

ნინო ბურჭულაძე