" კრიმინალური პანკისი" - კვირის პალიტრა

" კრიმინალური პანკისი"

(გაგრძელება, დასაწყისი #20-27)

ჰამზათ (რუსლან) გელაევი დილით აბუ ბაქარმა გააღვიძა, - შენთან  დალაპარაკება უნდათო.

- რამდენი ხანი მეძინა? - მიაძახა ოთახიდან გასულ აბუ ბაქარს გელაევმა.

- 8 საათზე ცოტა მეტი.

"მოკლედ, პანკისში ისე ვარ, როგორც სანატორიუმში", - გაიფიქრა ჰამზათმა და სტუმრებთან შესახვედრად  გამოვიდა.

- ხეობის უხუცესებს შენი ნახვა უნდათ,  - უთხრა  მოსულმა მოკითხვის შემდეგ.

- მე და ჩემი რაზმი აქ არაფერს ვაშავებთ, - გაღიზიანება დაეტყო გელაევს.

- გიხმობენ იმიტომ, რომ ხეობას შენი დახმარება სჭირდება, - მოუჭრა მოსაუბრემ და დაემშვიდობა.

- ჰამზათ, მახეს ხომ არ გიგებენ? - დაეჭვდა აბუ ბაქარი.

- იქ გამოჩნდება... უხუცესებთან იარაღასხმული ვერ მივალ, შენ და მუჰამედი (ცაგარიევი. - ავტ.)  წამომყვებით...

2001 წლის 15 მაისს სოფელ დუისში, ერთ-ერთ სახლში, პანკისის ხეობის უხუცესებს მოეყარათ თავი. სახლის გარშემო ასეულობით აAდგილობრივი მოსახლე და ლტოლვილი შეკრებილიყო და მოთმინებით ელოდა უხუცესთა გადაწყვეტილებას. ხეობის უხუცესები საუბრის დაწყებას არ ჩქარობდნენ - კიდევ ერთ სტუმარს ელოდნენ. მალე ჰამზათ გელაევიც გამოჩნდა, როდესაც სახლს მიუახლოვდა, შეამჩნიეს, რომ უიარაღოდ იყო..

- ჩვენ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ხეობის ბედი გვანაღვლებს, - წამოიწყო საუბარი უხუცესმა მუსამ, - დღეს აქ ცხოვრება შეუძლებელი გახდა, ხეობაში იმდენი იარაღია, რომ ბავშვებიც კი ომობანას ნამდვილი პისტოლეტებით თამაშობენ.

იარაღის ხსენებაზე გელაევი დაიძაბა. მუსას ეს არ გამოჰპარვია და გელაევის გასაგონად გააგრძელა:

- იარაღი ხეობაში ჩეჩნეთის პირველი ომის შემდეგ შემოვიდა, როდესაც საომრად წასული ბიჭები ხეობაში დაბრუნდნენ, იქ კი, სადაც იარაღია, სამართალზე აღარ ლაპარაკობენ, - მუსამ მრავლისმეტყველად შეხედა გელაევს.

- შექმნილი მდგომარეობის გამო ხეობაზე ამბობენ, რომ აქ ალაჰი არ არსებობს, ეს კი ყველამ კარგად ვიცით, რას ნიშნავს, - დაურთო სოფელ ჯოყოლოს უხუცესმა.

რამდენიმე წუთით მძიმე სიჩუმე ჩამოწვა.

- ჰამზათ, - გაისმა უეცრად ისევ მუსას ხმა, - ყველამ ვიცით, რომ პანკისი პოლიტიკას ეწირება, პოლიცია აქ შემოსვლას თავს არიდებს, ხელისუფლების ნიშანწყალიც კი არ დარჩა ხეობაში, ჩვენც ვეღარ ვაკონტროლებთ მდგომარეობას, ამიტომ ხეობის უხუცესები, ხალხის ნების თანახმად, დახმარებას გთხოვთ.

ჰამზათ გელაევი დუმდა.-"ეს არ არის ჩემი ომი, სხვისი ომია", - ფიქრობდა ის. უხუცესები ჩეჩენი მეთაურის პასუხს ელოდნენ. გელაევმა კიდევ ერთხელ შეათვალიერა უხუცესები, შემდეგ მოულოდნელად მზერა ქუჩაში თავმოყრილ ხალხზე გადაიტანა.

- მაგრამ სადაც ჩემი ხალხია, იქ ყოველთვის ჩემი ომი იქნება, - ჩაილაპარაკა და უხუცესებს დახმარებას დაჰპირდა.

რამდენიმე დღის შემდეგ სოფელი დუისი საინტერესო სანახაობის მომსწრე გახდა. გელაევის რაზმმა ხეობაში ნარკოტიკების რეალიზაციაში, ადამიანის გატაცებასა და ქურდობაში ეჭვმიტანილი რამდენიმე ათეული დამნაშავე დუისში ჩამოიყვანა და ერთ-ერთ შენობაში გამოამწყვდია. მოსახლეობამ დამნაშავეების გასამართლება ისევ გელაევს სთხოვა.

- ჰამზათ, ნუ აიღებ შენს თავზე ძალიან ბევრს, - გადაულაპარაკა მუჰამედ ცაგარიევმა გელაევს.

- მე არც პოლიციელი ვარ და, მით უმეტეს, არც მოსამართლე, ვინმე რომ გავასამართლო, - მიმართა გელაევმა შეკრებილებს, - მე მეომარი კაცი ვარ, რომელსაც შინ მტერი ჰყავს მოკალათებული.

- მაშინ დაგვეხმარეთ, რომ ეს დამნაშავეები პოლიციას გადავცეთ, - შეაწყვეტინა სიტყვა ერთ-ერთმა დუისელმა. გელაევი ჩაფიქრდა.

- მე ამას არ გავაკეთებ. პოლიციას ჩემი ხელით კაცს არასდროს ჩავაბარებ, - თქვა გელაევმა და გაბრუნდა.

რამდენიმე დღის შემდეგ დუისის მოსახლეობა იძულებული გახდა, დამნაშავეები გაეთავისუფლებინა...

გენერალი ტროშევი გროზნოდან ხანკალაში, რუსეთის ფედერალური ძალების შტაბში ბრუნდებოდა. გზაში შეატყობინეს, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე შამილ ბასაევის შიკრიკი დააკავეს. მას  საქართველოში მყოფი ჰამზათ გელაევისთვის ბასაევის ვიდეომიმართვა მიჰქონდა.

- სასწრაფოდ გამომიგზავნეთ კასეტა, - ჩასძახა ტელეფონში მოსაუბრეს გენერალმა.

საღამოს ტროშევი ყურადღებით უსმენდა ბასაევის მიმართვას.

"ყველა მოჯაჰედს სალამი! მართალია, კაი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს, ამიტომ შესაძლებელია, ვინმეს ჰგონია, რომ დავჩაჩანაკდით. ჰამზათ, მიხარია, რომ გადასვლა მაინც მოახერხეთ.

მინდა საქართველოში მყოფ  ყველა მოჯაჰედს გადასცე ჩემი ნათქვამი. გროზნოს აღება დროებით გადავიფიქრე..."

ბასაევის ამ სიტყვებზე  ტროშევმა იგრძნო, რომ შვებით ამოისუნთქა.

"...გადაეცით ჩვენს ძმებს, რომ მასხადოვთან არანაირი ურთიერთობა აღარ გვაქვს, ის ჩვენი პრეზიდენტი აღარ არის. უახლოეს ხანში მე და ამირ ხატაბს ერთი ჩანაფიქრი გვაქვს. რამე რომ იყოს, თქვენს მხარდაჭერას ველით. თუ  რამე გაკლიათ, შეგიძლიათ მე და ხატაბს გვთხოვოთ და დაგეხმარებით..."

- ნეტა რას აპირებენ, - წამოიძახა ტროშევმა, - თუ გროზნო არა, მაშინ სად უნდა ველოდოთ? - და კიდევ ერთხელ ჩართო კასეტა...

2001 წლის 12 ივლისს კახეთის რეგიონის  სამხარეო პოლიციის უფროსი თამაზ თამაზაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროდან ჩამოსულ სტუმრებს პანკისის ხეობაში აცილებდა. მათ რატომღაც თამაზაშვილის თანხლება არ მოინდომეს.

- ჩვენ ხეობაში  ცხვირს არ გვაყოფინებენ, თავად დიდი სტუმრიანობა აქვთ იქ, - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა პოლიციის უფროსმა და პოლიციის შენობისკენ გაემართა. მოულოდნელად გზაში მოადგილე წამოეწია.

- მამუკა არაბული გაიტაცეს ხეობაში. გამტაცებლები ომალელები უნდა იყვნენ, ვეფხია მარგოშვილის დაჯგუფება.

"ესღა მაკლდა ახლა", - სიმწრის ოფლმა დაასხა პოლიციის უფროსს.

- რა უნდოდა  არაბულს  ხეობაში, შინ ვერ დაეტია? - გაცხარდა თამაზაშვილი.

- მამუკა არაბული სამთავრობო დაცვის თანამშრომელია. ლალისყურელია. მუშებთან საჭმელი მიჰქონდა მინდორში, - უპასუხა უფროსის რეაქციით დაბნეულმა მოადგილემ.

- კარგი, კარგი, საქმეს მივხედოთ, ხელი ჩაიქნია სამხარეო პოლიციის უფროსმა და მოადგილეს ანიშნა, გამომყევიო.

- ეს ყველაფერი არ არის, ბატონო თამაზ, - თქვა მოულოდნელად მოადგილემ, - როდესაც არაბულის გატაცების ამბავი შეიტყვეს  ნათესავებმა, კერძოდ, ლუკა რამაზაშვილმა, თელავის ბაზრიდან მომავალი შვიდი კაცი აიყვანა მძევლად, პანკისელი ქისტები არიან, მათ შორის ერთი ჩეჩენი ლტოლვილიც არის.

- რა? - პირკატა ეცა თამაზაშვილს.

- ლალისყურთან გზა  აქვთ გადაკეტილი. ამბობენ, თუ მძევალს არ დააბრუნებენ, ლუკა რამაზაშვილი თავის რაზმთან ერთად პანკისში შეიჭრებაო.

- რა ვქნა ახლა მე? - ამოიგმინა სიმწრით თამაზ თამაზაშვილმა და სასწრაფოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში დარეკვა   მოითხოვა...

შვიდი მშვიდობიანი მოსახლის მძევლად აყვანის ამბავი პანკისშიც გაიგეს. სიტუაცია ძალიან დაიძაბა. ჰამზათ გელაევი ადგილს ვერ პოულობდა.

- არბი, იმ ქართველის გამტაცებლებს ამას არ შევარჩენ, - ეუბნებოდა ბარაევს და აღელვებული ბოლთას სცემდა.

საღამო ხანს გამტაცებლებმა მამუკა არაბული გაათავისუფლეს. დუისში ამბობდნენ, კრიმინალები გელაევის მუქარამ შეაშინაო, თუმცა რამაზაშვილი მძევლების გათავისუფლებას არ ჩქარობდა.

- ყველა ყველაზე... მოვითხოვ პანკისიდან დააბრუნონ ყველა ქართველი გატაცებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძევლებს არ გავათავისუფლებ, - თავისას არ იშლიდა ლუკა რამაზაშვილი...

სიტუაცია ჩიხში შევიდა, კახეთის მოსახლეობამ, რომელსაც უკვე მობეზრებული ჰქონდა პანკისელი კრიმინალების თარეში, იარაღი გამოაჩინა და პანკისში შესაჭრელად შეიარაღებული ჯგუფების შექმნა დაიწყო, სახალხო ლაშქარს სათავეში ლუკა რამაზაშვილი ჩაუდგა, პანკისის ხეობაში მიმავალ ყველა გზასა თუ ბილიკზე კახელებმა ბლოკპოსტები გახსნეს, თავის მხრივ, პანკისში ქისტების დატყვევებამ და ინფორმაციის გავრცელებამ რამაზაშვილის  პანკისში მოსალოდნელი შეჭრის შესახებ, პანკისელებს იარაღი აასხმევინა.

- ვინ არის ლუკა რამაზაშვილი? - ჰკითხა მოჰამედ ცაგარიევმა აბუ ბაქარს.

- არ ვიცნობ... მაგრამ გამიგია, სოფელ ფშაველში ცხოვრობს, ომს არასოდეს თავის საქმედ არ თვლის, მიწაზე მუშაობა ურჩევნია, როგორც ვიცი, აფხაზეთში იბრძოდა თავის ხალხთან ერთად. ამბობენ, გულიანი კაციაო.

- ეგ მეც გამიგია, - დაეთაAნხმა ჰამზათ გელაევი.

ოთახში დოკუ უმაროვი შემოვიდა და გელაევს მოახსენა, - მოსახლეობა შენთან შეხვედრას ითხოვსო.

ქუჩაში გასულ გელაევს და მის მეგობრებს აღშფოთებული ხალხი დახვდა.

- რამაზაშვილი უარს ამბობს მძევლების გათავისუფლებაზე, - ისმოდა შეკრებილებში.

- თუ კრიმინალებს ვინმე ჰყავთ გატაცებული, ჩვენ, უბრალო ხალხმა, რა დავაშავეთ? - ცრემლს ძლივს იკავებდა ერთი ქალბატონი.

- იქ, სადაც ჩემი ხალხია, ყოველთვის ჩემი ომი იქნება, - გაახსენდა გელაევს თავისივე ნათქვამი და დოკუ უმაროვს სთხოვა, ტელეფონი მომაწოდეო.

- ნახევარ საათში თუ მძევლებს არ გაათავისუფლებთ, რამაზაშვილის მოჭრილ თავს ლანგარზე იხილავთ, - გელაევის ხმამ თავად ბევრის მნახველი არბი ბარაევიც კი შეაძრწუნა. დუისში მიხვდნენ, რომ  ჩეჩენი საველე მეთაური  არ ხუმრობდა...

მძევლები გაათავისუფლეს. გვიან ღAამით ჰამზათ გელაევი თვის მებრძოლებთან განმარტოვდა.

- 7 წელია ვომობ და ისე არასდროს დავღლილვარ, როგორც დღეს, - თქვა ჰამზათმა და რამდენიმე წუთით თვალიც მილულა, - არბი, ლუკას აუცილებლად შევხვდები, მაგრამ სხვა დროს. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. შამილმა ხმა მომაწვდინა, - შატო არღუნში შეჭრას გეგმავს ხატაბთან ერთად. ჩვენი დახმარება სჭირდებათ.

- დიდება ალაჰს, - აღმოხდა დოკუ უმაროვს.

- აზერბაიჯანიდან ბიჭები ბრუნდებიან და ისინიც შემოგვიერთდებიან, - განაგრძო გელაევმა.

- დოკუ, შენ აქ დარჩები, გზას მხოლოდ ორი დღის მერე დაადგები. აბუ ბაქარიც შენთან დარჩება, მე მოჰამედს და არბის გავიყოლებ. ახლა კი ბრძოლის წინ ძილიც არ გვაწყენს.

გამთენიისას გელაევის რაზმი თუშეთის გზას გაუყვა. ჩეჩნებს ერთი ქართველი, ვინმე თელიძეც ახლდათ თან.

- თქვენ, ქართველებს, ვიცი, არასდროს დაგავიწყდებათ, ჩვენ რომ აფხაზეთში ვიბრძოდით თქვენს წინააღმდეგ, - საუბრობდნენ გზაში თელიძე და გელაევი, - ისევე როგორც ჩვენ არ დაგვავიწყდება...

- შამილი? - შეაწყვეტინა თელიძემ.

- შამილი არა, სოფელი ჰაიბახი, - უხალისოდ მიუგო გელაევმა.

- ჰაიბახი? - ჩაეკითხა თელიძე, რომელსაც ეს სოფელი არაფერს ახსენებდა.

- 1944 წლის 22 თებერვალს სოფელ ჰაიბახის 700 მცხოვრები კომუნისტებმა ცოცხლად დაწვეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვაგონებში აღარ ჩაეტია. მათ შორის უფროსი 114 წლის მოხუცი იყო, ხოლო პატარები - წინა დღით დაბადებული ტყუპი ძმა - ჰასანი და ჰუსეინი. და ეს სისასტიკე იცი, ვინ ჩაიდინა? პPოლკოვნიკმა გვიშიანმა, წერეთელმა და რუხაძემ.

თელიძე დუმდა. აღარც გელაევს ამოუღია ხმა კაი ხანს.

საღამოს ჩეჩენი პარტიზანების რაზმი ომალოში დაბინავდა.

- ჰამზათ, არ მომწონს მე ეს თელიძე, ხომ არ გვიღალატებს? - იკითხა დაეჭვებით არბი ბარაევმა.

- ქართველებმა სხვისი ღალატი არ იციან, ისინი მხოლოდ ერთმანეთს ღალატობენ, - თქვა ცაგარიევმა და გელაევს გადახედა. ჩეჩენ საველე მეთაურს ღიმილმა გადაურბინა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში