გელაევის გზა
(გაგრძელება, დასაწყისი #20-28)


2001 წლის 17 ივლისს, შებინდებისას, სარქალი ნოშე აზიკოვი მეცხვარეებთან საუბრით იქცევდა თავს, როცა მოულოდნელად შორიახლო რამდენიმე შეიარაღებული კაცი შენიშნა.

- რუსები არიან? - იკითხა აზიკოვმა.
- არა, ჩეჩენი მეომრები არიან, - უპასუხა ერთ-ერთმა მეცხვარემ, - უბრალოდ, სამხედრო ფორმით დადიან.
- აქ რა უნდათ? - გაიკვირვა სარქალმა.

- გირევში მათი რაზმია დაბანაკებული. რამდენიმე დღეა ჩვენთან ცხვრების საყიდლად დადიან, ფულსაც იხდიან, - იყო პასუხი.
ნოშე აზიკოვი რამდენიმე წამით ჩაფიქრდა,
თითქოს რაღაცის გახსენებას ცდილობსო.

ორი წლის წინ, როდესაც ჩეჩენი ლტოლვილები გადმოდიოდნენ, თუშეთში ყველა სახლის კარი ღია ხვდებოდათ, მაგიდაზე ფქვილი და სხვა საკვები პროდუქტები ეწყო. ზაფხულში ბარიდან მთაში აბრუნებულ თუშებს იცით, რა დახვდათ? - აზიკოვმა  მოსაუბრეები შეათვალიერა, - ყველა სახლში მაგიდაზე ასდოლარიანი იდო.
- ჩეჩნებმა არც
კარგის შერჩენა იციან და არც ცუდისა, - ჩაილაპარაკა ერთმა ხნიერმა მეცხვარემ.

სამხედროფორმიანები მეცხვარეებს მიუახლოვდნენ. ნოშე აზიკოვმა სტუმრებში ჰამზათ გელაევი ამოიცნო. ცოტა არ იყოს, გაუკვირდა და სტუმრებს მიესალმა.
საუბარი სახელდახელოდ გაშლილ სუფრასთან დიდხანს გაგრძელდა.

- ესე იგი, ჩეჩნები და თუშები ხელგადახვეულნი არასოდეს ვივლით? - ღიმილით იკითხა ჰამზათ გელაევმა.
- ამას თუშებმა უკვე რამდენიმე წლის წინ ვუპასუხეთ პანკისში, - თქვა მეცხვარე  რეზო ოთიურიძემ,  მაგრამ როცა გელაევს და მის მხლებლებს ინტერესი შეამჩნია, განაგრძო: - როცა ასლან მასხადოვი იჩქერიის პრეზიდენტად აირჩიეს, - მასხადოვის ხსენებაზე გელაევი უსიამოვნოდ შეიშმუშნა, - საქართველოში ჩამოვიდა, პანკისის ხეობაში მას მგლის ლეკვიც აჩუქეს.  მასხადოვს აჰმედ ზაკაევიც ახლდა. სუფრაზე  ზაკაევმა თუშეთის გამგებელს ზურაბ ნუგზარაშვილს ხელი გადახვია და იგივე კითხვა დაუსვა.

- ჩეჩნებს 98 თუში ჰყავთ მოკლული, თუშებს - 94 ჩეჩენი, - უპასუხა ნუგზარაშვილმა, - ოთხი კაცის სისხლი კიდევ ასაღები გვაქვს. გნებავთ, ამას ახლავე გავაკეთებთ, გნებავთ, რამდენიმე წლის მერე. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩვენი ერთად სიარული, - ამ სიტყვებით რეზო ოთიურიძემ გელაევს თვალი თვალში გაუყარა. ჩეჩენი საველე მეთაური ერთხანს პირგამეხებული იჯდა. მოულოდნელად სიცილი აუვარდა, გაეღიმათ მის თანმხლებთაც.

- მშვიდობა მოგცეთ ალაჰმა, ჩვენი წასვლის დროა, - წამოიშალნენ სტუმრები.
- ჩეჩენს უნდა დაანახო, რომ ცხენზე ჯდომა შენც შეგიძლია, - ჩაილაპარაკა ხნიერმა მეცხვარემ და დიდხანს არ მოუშორებია თვალი მიმავალი საველე მეთაურისთვის.
- 24 ივლისს გადავდივართ, მუჰამედ, - სასხვათაშორისოდ უთხრა ჰამზათმა თავის მარჯვენა ხელს, ცაგარიევს, ბანაკის შემოვლისას, - რაზმი მზად იყოს. რუსები ჩვენზე ძლიერნი არიან, მაგრამ ალაჰი მათზე ძლიერია და ხელს მოგვიმართავს, - გაიფიქრა ცაგარიევმა და არბი ბარაევის მოსაძებნად წავიდა.

...23 ივლისს ნოშე იაზიკოვს ადრე გაეღვიძა.
- რამდენი წელია ცხვარში ვარ, მაგრამ კარავში ძილს მაინც ვერ მივეჩვიე, - ჩაილაპარაკა და გარეთ გამოვიდა, -  მშვიდობიანი დღე მოგვცეს უფალმა, - დაილოცა აზიკოვმა და მიდამო შეათვალიერა. უეცრად შეამჩნია, რომ საზღვრისკენ ვიღაც თეთრ ცხენს მიაგელვებდა, - ნეტა ვინ უნდა იყოს? - ჩაილაპარაკა ნოშემ და შუბლი  მოიჩრდილა, - მგონი, თელიძეა. ნეტა სად მიდის?

...ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის უფროსის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმირ ბულგაკოვი კაბინეტის ფანჯრიდან ბაღს გასცქეროდა.
- დიდი სიამოვნებით ვიბანავებდი მდინარე იაუზაში. არა, ჯერ ვითევზავებდი. ბანაობა საღამოს უფრო სასიამოვნოა, ეს წყეული ომი რომ არა...
ბულგაკოვი კარზე კაკუნმა გამოარკვია.

- შემოდით, - უხალისოდ შეეხმიანა გენერალი.
კაბინეტში თანაშემწე შემოვიდა.
- არ შეიძლება, საქმეებმა ცოტა ხანს მოიცადოს? - გაღიზიანებული ტონი ჰქონდა ბულგაკოვს.
- ძალიან საინტერესო ინფორმაცია შემოვიდა - გელაევი  აპირებს  საზღვრის გადმოლახვას ხვალისთვის.
- ვინ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია, მჩხიბავებმა ხომ არა? - გესლიანად გაეღიმა ბულგაკოვს.

- არა, ინფორმაცია გელაევის რაზმიდან მოვიდა.
- აბსურდია... მაგ ბანდიტებს რაზმებში გამცემები არ ჰყავთ, ვერც ინფორმატორების ჩანერგვას ვახერხებთ, - თავისას არ იშლიდა გენერალი.
- ჩანს, ბასაევი ცრუ ინფორმაციით მორიგ მახეს გვიგებს.
- ინფორმატორი ქართველია, თელიძე თუ ქილიძე, - სხვათა შორის ჩაურთო თანაშემწემ.
- ქართველი? - სიტყვა გააწყვეტინა ბულგაკოვმა, შემდეგ ჩაფიქრდა, - კარგი, შემომიტანეთ ინფორმაცია...

- ესეც შენი უღალატო ქართველები, - ჩაიცინა ბულგაკოვმა ინფორმაციის წაკითხვის შემდეგ და თანაშემწეს უბრძანა, ხანკალას დამაკავშირეთო.
...გენერალი ტროშევი კაბინეტში ბოლთას სცემდა.
- ესე იგი, ბასაევის და ხატაბის ჩანაფიქრი შატო-არღუნია, გელაევიც სწორედ ამიტომ მოდის.
- შენ რას ფიქრობ? - მიუბრუნდა  სამხედრო დაზვერვის უფროსს.

- ინფორმაცია შეიძლება რეალურია, მაგრამ ერთი რამ მაეჭვებს: თელიძე ამბობს, რომ გელაევთან არბი ბარაევიც არის.
- ეს რა საეჭვოა? - გაუკვირდა ტროშევს.
- როდესაც გელაევი გროზნოდან გამოვიდა, კომსომოლსკაიაში მან მხოლოდ ერთ ბრძოლაში 1200 მეომარი დაკარგა. არბი ბარაევის "ისლამურმა პოლკმა" მაშინ დახმარებაზე უარი უთხრა. ჩვენი ინფორმაციით, გელაევმა კომსომოლსკაიას შემდეგ ბარაევს ჯიჰადი გამოუცხადა, ამიტომ ვეჭვობ, -  მხრები აიჩეჩა დაზვერვის უფროსმა.

- ჰოო, - ჩაილაპარაკა ტროშევმა, -  თუმცა რას გაუგებ, მაგათ ხომ ერთი ხორცი აქვთ, ერთი სუნი უდით და ერთი მტერი ჰყავთ.
კაბინეტში სიჩუმე ჩამოვარდა.
- გელაევის რაზმის დახვედრას მოვასწრებთ? - მოულოდნელად იკითხა ტროშევმა და თავადვე დაამატა, - უნდა მოვასწროთ, ავიაცია დაგვეხმარება...
2001 წლის 25 ივლისს, გამთენიისას, ჰამზათ გელაევის რაზმმა საქართველოს საზღვარი გადაკვეთა და ბასაევის რაზმთან შესაერთებლად გაეშურა. გზაში განსაკუთრებით მუჰამედ ცაგარიევი ენაწყლიანობდა.

- არბი, ომამდე რას აკეთებდი?
- ჩემს სოფელში, ერმოლოვკაში, მილიციის ზემდეგი ვიყავი, - გაეცინა ბარაევს.
- ომის შემდეგ რას იზამ? - არ ეშვებოდა ცაგარიევი.
- ისევ მილიციაში წავალ და შენნაირ და ჩემნაირ ბანდიტებს დავიჭერ, აუცილებლად დავიჭერ, თუ, რა თქმა უნდა, მანამდე არ მოგვკლეს, - წარბი ასწია ბარაევმა.
იმავე საღამოს გელაევის რაზმს ბასაევის  მარჯვენა ხელი - უმარიც შეუერთდა თავისი ჯგუფით.

26 ივლისს ჩეჩენი მეომრების რაზმი რუსეთის ფედერალურმა ძალებმა მოულოდნელად ალყაში მოაქციეს. ბრძოლა რამდენიმე საათს გაგრძელდა.
- გავძვრებით, - უყვიროდა ცაგარიევი გელაევს, მაგრამ როდესაც   შვეულმფრენების გუგუნი მოესმა, მიხვდა, რომ გადარჩენის შანსი ნაკლები იყო. თვალით არბი მოძებნა, მაგრამ ვერ დაინახა. "ხომ არ მოკლეს?" - გაუელვა ცაგარიევს.

გელაევი მეომრების გადარჩენაზე ფიქრობდა.
- ისლამი ამბობს, რომ ალაჰი მოჯაჰედებს ყოველ 100 წელიწადში გამარჯვების შანსს აძლევს, მინდა ეს შანსი ჩვენს სიცოცხლეში იყოს, ჰამზათ. გადით, როგორმე,  მე კი ჩემს გზას ალაჰი მაჩვენებს, - ამ სიტყვებით  მუჰამედ ცაგარიევი შებრუნდა და ცეცხლი გახსნა. მას რამდენიმე მეომარი მიჰყვა.

გელაევმა უკანასკნელად კიდევ ერთხელ გადახედა თავისი რაზმის ნარჩენებს და მეომრებს უბრძანა, - გავდივართო. მას კიდევ დიდხანს ესმოდა სროლა, რომელიც საათზე მეტხანს გაგრძელდა. უეცრად მძიმე სიჩუმე ჩამოწვა. საველე მეთაური მიხვდა, რომ ყველაფერი დამთავრდა, ჰამზათმა სიმწრისაგან დაიღრიალა და მუხლებზე დაეცა.

რუსეთის ფედერალური ძალები გამარჯვებას ზეიმობდნენ. გელაევმა ბრძოლაში 74 მეომარი დაკარგა, მათ შორის მუჰამედ ცაგარიევი, არბი ბარაევი და უმარი..
დოკუ უმაროვის რაზმმა, რომელმაც საქართველოს საზღვარი  გვიან გადაკვეთა,  დიდი მცდელობის მიუხედავად, დასახმარებლად მისვლა დროულად ვერ შეძლო. ისინი  გელაევის რაზმის გადარჩენილ მეომრებს მოგვიანებით შეუერთდნენ. შეხვედრისას აბუ ბაქარ ზუბარაევმა ჰამზათი ვერ იცნო, საველე მეთაური რამდენიმე დღეში დაბერებულიყო...

გელაევს ისევ გზა ელოდა, გზა უკან, პანკისისკენ.
...რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კრემლის ადმინისტრაციის უფროს იასტრჟემბსკის ელოდა. გელაევის რაზმის განადგურებით პუტინი ნასიამოვნები ჩანდა, კმაყოფილებას ვერც იასტრჟემბსკი მალავდა.

- დახოცილ ბანდიტებში გელაევიც რომ ეპოვათ, უკეთესი იქნებოდა, - გაეღიმა პრეზიდენტის სტუმარს.
- ლიდერების სიკვდილი ომებს არ აჩერებს, - თქვა ვლადიმირ პუტინმა, - ჰო, მართლა, გადავწყვიტე, ის ქართველი თელიძე თუ ქილიძე რუსეთის გმირის წოდებაზე წარვადგინოთ.

- რა? - დაიბნა კრემლის ადმინისტრაციის უფროსი, რომელიც პრეზიდენტისგან ასეთ გადაწყვეტილებას არ ელოდა. 

ვლადიმირ პუტინს მრავლისმეტყველად ჩაეცინა:
- თელიძეს დავაჯილდოებთ და საქართველოს მთავრობას ოფიციალურად მადლობას გადავუხდით გელაევის რაზმის განადგურებაში დახმარებისთვის. რაც მთავარია, აღვნიშნავთ, რომ ქართველების გარეშე ეს ოპერაცია ასეთი წარმატებული არ იქნებოდა. გასაგებია?!
იასტრჟემბსკი ყველაფერს მიხვდა, თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა და კაბინეტიდან გავიდა.

მარტო დარჩენილი რუსეთის პრეზიდენტი ნება-ნება ხვრეპდა ჩაის და ფიქრობდა.
...ლუბიანკის შეფს ნიკოლაი პატრუშევს არ გაჰკვირვებია, როდესაც მოახსენეს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ქალაქგარეთ საკუთარ რეზიდენციაში გეპატიჟებათ სადილადო.

- ესე იგი, დრო უკვე მოვიდა, - გაიფიქრა ფე-ეს-ბეს დირექტორმა და ცეცხლგამძლე კარადიდან გამოიღო საქაღალდე, რომელშიც რუსეთის სპეცსამსახურების ახალი ავანტიურა, სახელად" "კოდორი" იდო...

გაგრძელება შემდეგ ნომერში
ingishter
20 ივლისი 2010 11:53
კარგი მოთხრობებია ყოჩაღ ქალბატონო ნინო,სხვის ფიქრებსა და აზრებსაც კარგად კითხულობთ თურმე

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები