ოპერაცია " წებელდა" - კვირის პალიტრა

ოპერაცია " წებელდა"

(გაგრძელება, დასაწყისი #20-29)

პანკისის ხეობაში პარტიზანული შენაერთის მეთაურს ანდრო გაჩეჩილაძეს ელოდნენ.

ჩეჩნეთში გადასვლის უიღბლო მცდელობის შემდეგ ჰამზათ გელაევი თავს ჯერ კიდევ შეუძლოდ გრძნობდა და ხეობის ახალ ამბებსაც აბუ ბაქარისგან უხალისოდ ისმენდა.

- ჰამზათ,  თუშები იყვნენ. თქვეს, თელიძის ღალატს საერთო არაფერი აქვს ჩვენს განწყობასთანო. გამწარებულნი ეძებდნენ თელიძის ოჯახს, მაგრამ რუსებს მათი გადამალვა მოუსწრიათ.

გელაევმა თელიძის ხსენებაზე ხელი ინსტინქტურად იარაღისკენ წაიღო.

- თუშებს სტუმრის ღალატი რომ არ სჩვევიათ, მეც ვიცი, - თქვა კუშტად საველე მეთაურმა, - ჩვენთან ამბობენ, ხანდახან ერთი "ტურა" მგლის ხროვაშიც გამოერევაო.

მოულოდნელად გელაევს მზერა გაეყინა და აბუ ბაქარს ხელით ანიშნა, მარტო დამტოვეო.

"ბიჭები გაახსენდა ალბათ", - გაიფიქრა აბუ ბაქარმა და ოთახის კარი ფრთხილად მოიხურა.

ხეობაში მისული ანდრო გაჩეჩილაძე ყველაფერს ყურადღებით ათვალიერებდა. "აი, თურმე როგორი ყოფილა პანკისი", - გაუელვა.

ქართველ პარტიზანებს ქისტები დიდი პატივით შეეგებნენ.

სტუმრების დასახვედრად გამოსული ჰამზათ გელაევი გაჩეჩილაძემ თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა.

- ვხედავ, ქართველი სტუმრის ყურადღება მივიქციე, - გაეღიმა გელაევს და სტუმრები სუფრასთან მიიპატიჟა.

- ცხოვრებაზე ჩავფიქრდი, ჰამზათ. ჩვენ რომ აფხაზეთში შევხვედროდით, ალბათ ტყვიის სროლა დასწრებაზე იქნებოდა, - მშვიდად მიუგო გაჩეჩილაძემ, - მაგრამ ახლა ერთ სუფრასთან ვსხდებით...

სტუმრის სიტყვებზე გელაევმა გაღიმება სცადა... ნასადილევს ჩეჩენი საველე მეთაური სტუმრებთან ერთAად განმარტოვდა.

- თქვენთან შეხვედრა ჩემი სურვილი იყო, წამოიწყო საუბარი გელაევმა, - საქმე ის არის, რომ ჩეჩნებს გაჭირვების ჟამს მხოლოდ ქართველები დაგვეხმარნენ, ჩვენ კი არც კარგის შერჩენა ვიცით და არც ცუდისა, - ამ სიტყვებზე გელაევმა გაჩეჩილაძეს თვალი თვალში გაუყარა, - იცი, ალბათ, რომ ჩეჩნეთში გადასვლას ვერ ვახერხებ და ამის გამო საქართველოში ყოფნა გამიგრძელდა. ჩემს მტრებს კი ჰგონიათ, თითქოს ბრძოლას თავს ვარიდებდე.

- მტრებში ასლან მასხადოვს გულისხმობ? - ჩაეძია გაჩეჩილაძე.

თანხმობის ნიშნად გელაევმა თავი დაუქნია.

"ქართველებმა უფრო მეტი იციან, ვიდრე ჩვენ გვგონია", - გაიფიქრა  აბუ ბაქარმა.

- ყაბარდო-ბალყარეთში გვინდა გადასვლა, - სიტყვა გააგრძელა გელაევმა, - სადაც ჩვენი სულიერი ძმები (ვაჰაბიტები. - ნ.ბ.) დიდი ხანია გველოდებიან. ამას მხოლოდ აფხაზეთის გავლით მოვახერხებთ.

- ჩვენ რა შუაში ვართ? - იკითხა გაჩეჩილაძემ.

- ჭეშმარიტ მუსლიმანებს რუსეთთან ჯიჰადი გვაქვს გამოცხადებული და სულერთია, სად შევებრძოლებით მათ.

- ანუ რუსებთან ომს აფხაზეთში აპირებთ? - იკითხა ერთ-ერთმა სტუმარმა.

- თქვენ როგორ ფიქრობთ? - გაეღიმა აბუ ბაქარ ზუბაირაევს.

ქართველ პარტიზანთა მეთაური ამ საუბარმა ცოტა არ იყოს, დააბნია. აფხაზეთში დაბრუნება ჩეჩნებთან ერთად შეუსრულებელ მისიად ეჩვენებოდა.

Gგელაევის სტუმრებმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვეს....

- როგორ ფიქრობ, ქართველები დაგთანხმდებიან? - ჰკითხა აბუ ბაქარმა ჰამზათს სტუმრების გაცილების შემდეგ.

- ჩვენ მათ აფხაზეთი შევთავაზეთ, - მოუჭრა გელაევმა ღიმილით.

- რამდენად სანდონი იქნებიან? - თავისას არ იშლიდა აბუ ბაქარი.

- ჩვენ რამდენად ვიქნებით სანდონი, - ჩაილაპარაკა გელაევმა და ოთახს მიაშურა...

პარტიზანთა შენაერთის შტაბში ჩეჩნების შემოთავაზებაზე დიდხანს მსჯელობდნენ. ბოლოს, დათანხმება გადაწყვიტეს და საომარი ოპერაციის გეგმაც შეიმუშავეს.

გეგმის მიხედვით, პანკისიდან ჩეჩენი მებრძოლების და მოხალისეების გადაყვანა კოდორამდე შინაგანი ჯარების სანომრენიშნებიანი ავტომანქანებით მოხდებოდა, სანომრე ნიშნების დამზადებაზე ქართველი პარტიზანები იზრუნებდნენ. საერთო შეკრებისას ორივე მხარე დაიფიცებდა, რომ ოპერაციის მსვლელობისას ღალატს ადგილი არ ექნებოდა. ქართულ-ჩეჩნური პარტიზანული რაზმების მთავარ სამიზნეს წებელდა-ტყვარჩელის მიმართულება წარმოადგენდა.

წებელდა აფხაზეთის ე.წ. ბაგრამიანის”ბატალიონის დისლოკაციის ადგილი იყო, სადაც იმ დროისთვის 120 კაცი იმყოფებოდა. გარდა ამისა, იქ რუსეთის შეიარაღებული ძალების 8 Град-ი იდგა. წებელდაზე იერიშს მოულოდნელობის ეფექტით ქართულ-ჩეჩნური შენაერთები განახორციელებდნენ და წებელდის აღების შემდეგГрад-ებს სოხუმისკენ მიმართავდნენ. წებელდის პარალელურად - გალის საზღვრებთან მყოფი პარტიზანული ჯგუფები შეტევას დაიწყებდნენ ტყვარჩელის მიმართულებით. სამხედრო ოპერაციის ეფექტიანობა მის ელვისებური სისწრაფით განხორციელებაში მდგომარეობდა.

თათბირზე გადაწყდა, რომ ოპერაციას ხელისუფლებას არ შეუთანხმებდნენ, რადგან ეს პროცესის გაჭიანურებას გამოიწვევდა.

- რაც მთავარია, ვაფრთხილებ ყველას, ინფორმაციამ არ უნდა გაჟონოს. ჩეჩნებმა ბევრი ლაპარაკი არ იციან, ამიტომ გაფრთხილებთ, ზედმეტი ინიციატივის გარეშე იმოქმედოთ, - ამ სიტყვებით დაემშვიდობა ანდრო გაჩეჩილაძე მოთათბირეებს.

- ანდრო, გელაევს მართლა ენდობი? - დაეჭვდა შენაერთის შტაბის უფროსი.

- გელაევმა თავი თუ არ დააღწია საქართველოს, მას სამშობლოში მოღალატედ შერაცხავენ. დაბრუნების ერთადერთი გზა აფხაზეთზე გადის და გელაევი ამას აუცილებლად გამოიყენებს ჩვენთან ერთად თუ უჩვენოდ. ამიტომ ვფიქრობ, გარისკვა ღირს.

- კარგი, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, - დაემშვიდობა შტაბის უფროსი და კარისკენ გაემართა. მოულოდნელად გაჩეჩილაძეს მოუბრუნდა, - ანდრო, 2000 წელს გროზნო იმიტომ დაეცა, რომ ჰამზათ გელაევმა თავისი ათასკაციანი რაზმით გადამწყვეტ მომენტში მოულოდნელად დატოვა მოედანი”"მინუტკა", რომელსაც იცავდა. იქ მან  ვინმე უცხოს კი არა,  საკუთარ პრეზიდენტს უღალატა. სწორედ ამ ფაქტის გამო დაკარგა გენერლის წოდება და დღემდე რიგითია, - ამ სიტყვებით შტაბის უფროსმა კაბინეტი დატოვა....

ოპერაციისთვის მზადება პანკისის ხეობაშიც დაიწყეს. სულ მალე იქ ორასამდე მეომარმა მოიყარა თავი. ჩეჩნების გარდა, მოხალისეებიც იყვნენ. მეომრები დაბა ჯვარამდე, როგორც გეგმით იყო განსაზღვრული, ავტომანქანებით გადაიყვანეს. ვინაიდან ენგურჰესთან რუსი სამშვიდობოები იდგნენ, ოპერაციის ორგანიზატორებმა  პრობლემების თავიდან ასაცილებლად მეომრები ენგურზე ბარჟებით გადაიყვანეს. საერთო შეკრება ლარაკვაკვას ხეობაში იგეგმებოდა...

14 აგვისტოს, გვიან ღამით, საქართველოს პრეზიდენტის დაცვის უფროსი მისაღებში მარტო იჯდა და პრეზიდენტის გასამგზავრებელ  მარშრუტს ირჩევდა. მოულოდნელად შევარდნაძის კაბინეტის კარი გაიღო და გაფითრებული პრეზიდენტი გამოვიდა.

- დაუძახეთ კახას, - ესროლა დაცვის უფროსს და კაბინეტში შებრუნდა.

ოციოდე წუთში შინაგან საქმეთAა მინისტრი კახა თარგამაძე უკვე პრეზიდენტის მისაღებში იყო.

- უგუნებოდაა, - დაადევნა დაცვის უფროსმა  კაბინეტისკენ მიმავალ მინისტრს.

- კახა, საქართველოს ტერიტორიაზე 200-მდე შეიარაღებული ჩეჩენი გადაადგილდება და ამის შესახებ ვიღაც მძღოლი ლაპარაკობს ტელევიზიით, - გაცეცხლებული პრეზიდენტი ძლივს პოულობდა სიტყვებს.

- რაო, რა თქვა? - დაიბნა თარგამაძე.

- მე მეკითხები? - ხმას აუწია პრეზიდენტმა.

- ბატონო ედუარდ...

- გარდა ამისა, უშიშროებიდან მომაწოდეს ინფორმაცია, რომ შეიარაღებული ხალხი შინაგანი ჯარების ყალბი სანომრე ნიშნებით გადაადგილდებოდა, - შეაწყვეტინა შევარდნაძემ.

- ყალბი, რატომ?.. ჩეჩნების პანკისის ხეობიდან გადმოყვანა შინაგანი ჯარების ტრანსპორტით განხორციელდა. როგორც ჩანს, ქუთათელაძესთან მუშაობისა არაფერი იციან, - ჩაეცინა შინაგან საქმეთა მინისტრს და გააგრძელა, - ჩვენი ინფორმაციით, გელაევი აფხაზეთის გავლით ყაბარდოში აპირებს გადასვლას. სანამ გელაევი ჩვენთან არის, ვერც ჩვენ ვუხერხებთ რამეს და ვერც რუსები. თუ გავატარებთ და აფხაზეთში გადასვლის საშუალებას მივცემთ, რუსებს ჩვენთან პრეტენზია აღარ ექნებათ. აფხაზეთში კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს, - მრავლისმეტყველად დაამატა მინისტრმა.

"თარგამაძე აღარ ხუმრობს", - უსიამოვნოდ გაუელვა  პრეზიდენტს.

- კახა, ალბათ იცი, საქართველოს პრეზიდენტი დღეს ვინ არის...

ამ კითხვამ მინისტრი წამით დააბნია.

- ედუარდ შევარდნაძე, - დამარცვლით თქვა პრეზიდენტმა, - და კარგი იქნება, თუ ეს გეხსომება. ახლა კი წადი და ის ჩეჩნები შეაჩერე როგორმე, თორემ შენი წყალობით ფართომასშტაბიან პროვოკაციაში გავყოფთ თავს...

2001 წლის 22 აგვისტოს საქართველოში ჩეჩნეთის პრეზიდენტის აჰმად კადიროვის  უშიშროების მინისტრის მოადგილე ჩამოვიდა. ქართველების თხოვნით, მას მოლაპარაკება უნდა გაემართა ლარაკვაკვას ხეობაში გამაგრებულ გელაევთან, რათა მას აფხაზეთში გადასვლაზე ხელი აეღო. მოლაპარაკებაზე გელაევი კატერით მივიდა, მაგრამ როდესაც ქართველი მაღალჩინოსნების გვერდით ჩეჩენი სტუმარი დაინახა, უკან გაბრუნდა. ნაპირზე გადასულმა  გელაევმა აბუ ბაქარს  სნაიპერის შაშხანა გამოართვა  და ჩეჩენი  მიზანში ამოიღო.

- ჰამზათ, ეს არაფერში წაგადგება, - დაუყვირა აბუ ბაქარმა.

გელაევმა მაინც ისროლა, მაგრამ დაუმიზნებლად.

მოლაპარაკება ჩაიშალა. გელაევს განზრახვაზე ხელი ვერ ააღებინეს.

4 სექტემბერს  პარტიზანთა პირველი სადაზვერვო ჯგუფი სოფელ ამტყელთან აფხაზურ პატრულს გადააწყდა.

- ამათ ცოცხლებს ვერ გავუშვებთ, - გასცა ბრძანება პარტიზანული ჯგუფის მეთაურმა.

შეტაკებისას ერთი აფხაზი მოკლეს, ერთიც - დაატყვევეს.

- სროლის ხმა აფხაზების ყურადღებას მიიქცევდა და ალბათ დამხმარე ძალას გამოგზავნიან. აქაურობა უნდა დავტოვოთ, - ჩქარობდა მეთაური, - ტყვეც თან უნდა წავიყვანოთ, აქ ვერ დავტოვებთ.

ასიოდე მეტრის გავლის შემდეგ მეთაური მიწას დააშტერდა.

- ფრთხილად, დანაღმულია, - სიტყვა აფეთქებამ გააწყვეტინა. ნაღმები ერთიმეორის მიყოლებით ფეთქდებოდა.

- ჩანს, აქ უკვე გველოდენენ... ნუთუ ყველა ხაფანგში ვართ? - აღმოხდა დაჭრილ მეთაურს და სულიც განუტევა.

პარტიზანთა სადაზვერვო ჯგუფის განადგურება ჩეჩენ საველე მეთაურს ცუდად ენიშნა. ის იყო, აბუ ბაქარისთვის დეტალების მოყოლა უნდა ეთხოვა, რომ მოულოდნელად მისი პირადი მცველი, მეტსახელად "ხარი" გამოჩნდა.

- ცუდი ამბავია, ჰამზათ, ყაბარდოდან, - უხალისოდ მიაწოდა სატელიტური ტელეფონი.

სატელეფონო ხაზზე რამაზან ტარკიბაევი იყო.

- ყაბარდო-ბალყარეთიდან თქვენს დასახმარებლად ჯგუფები წამოვედით, მაგრამ თებერდაზე რუსებმა არ გამოგვატარეს, ცეცხლი გაგვიხსნეს. ჩანს, ყველაფერი წინდაწინ იციან ღორებმა, - ყვიროდა ტარკიბაევი, - სამოცი მეომარი მოგვიკლეს, ოცი დაჭრილი მყავს. მათ დავაბინავებთ და გზას განვაგრძობთ. სად შემოგიერთდეთ?

- გეორგიევკასთან... რამდენი ხართ, რამზან? - ყრუდ ჰკითხა გელაევმა.

- ოცდაათი კაცი დავრჩით, - იყო  პასუხი და კავშირიც გაწყდა.

- ალაჰ, არ მიმატოვო, თორემ იღბალმა უკვე მიმატოვა, - ჩაილაპარაკა გელაევმა და უიმედოდ გადახედა მებრძოლებს...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)