"სტუმარ მამაკაცს ქალი ხელით აჭმევს­. თუ მამაკაცი უარს იტყვის..." - რა გადახდა თბილისელ ავთოს კამბოჯაში? - კვირის პალიტრა

"სტუმარ მამაკაცს ქალი ხელით აჭმევს­. თუ მამაკაცი უარს იტყვის..." - რა გადახდა თბილისელ ავთოს კამბოჯაში?

"რამდენჯერმე გზაზე მოსეირნე სპილოსაც გადავაწყდით, პირველად ვნახე ასე ახლოს. მასპინძელმა სპილოთი ჩემი აღფრთოვანება რომ შენიშნა, მთელი გზა თავს იწონებდა, ჩვენს სოფლებში სპილოები ისე ჰყავთ, როგორც სხვაგან ცხენი ან ვირიო"

ქართველების დანახვა ევროპასა და ამერიკაში აღარავის უკვირს და მათ თავგადასავლებზეც ბევრი დაწერილა, თუმცა ამჯერად მოგითხრობთ ერთი თბილისელი კაცის, ავთოს ამბავს, რომელიც 2010-11 წლებში ქართული ბიზნესის პიონერი იყო ტაილანდში.

ბიზნესოდისეა კამბოჯის სამეფოდან დაიწყო

- 2009 წლის გაზაფხულზე ტაილანდიდან ქართველმა მეგობარმა ქალბატონმა დამირეკა (წლების განმავლობაში ბანგკოკში ცხოვრობდა და ბიზნესიც ჰქონდა) საქმიანი წინადადებით - ბანგკოკში "ქართული სახლის" გახსნა მინდა, რომელსაც ექნება სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზი და პატარა რესტორანი, ჩამოდი და რესტორანს მიხედეო... იდეა მომეწონა, რადგან მაშინ ქართველი ბიზნესმენებისთვის აზია ასეთი მოდური არ იყო, საელჩოც მხოლოდ ჩინეთში გვქონდა. ბანგკოკის 'ქართული სახლი' ჩვენებური ბიზნესისთვის კარგი გზამკვლევი იქნებოდა, თან რესტორნის მართვის გამოცდილებაც მქონდა, თუმცა ხელის შემშლელი ის იყო, რომ მხოლოდ რუსული ვიცოდი. მაინც გადავწყვიტე წასვლა... მარშრუტი ასეთი იყო: თბილისი-სტამბოლი-დოჰა-ბანგკოკი-პნომპენი. კამბოჯაში ცოტა ხნით უნდა დავრჩენილიყავი და მერე შევიდოდი ტაილანდში. ბანგკოკის აეროპორტში ქალბატონი შევამჩნიე, მუყაოზე ეწერა: "მისტერ ავთო?" და მიცინოდა. როცა დავუდასტურე, მე ვარ-მეთქი, ხელი ჩამავლო და მოძრავ ბილიკზე წამაძუნძულა. ძლივს ვეწეოდი. ერთი კი გავიფიქრე, ეს რა უცნაური ხალხია-მეთქი, რომ მაშინვე სხვა საფიქრალიც გამიჩნდა - კამბოჯის ჭრელაჭრულად მოხატული პატარა თვითმფრინავი, აი, ისეთი, კომუნისტების დროს საფოსტო ამანათები რომ გადაჰქონდათ. სალონში ღვედებიც კი არ იყო... დაშვებისას ილუმინატორიდან რომ გადავიხედე, კამბოჯის დედაქალაქში შუქი აქა-იქ მოჩანდა - 90-იან წლების თბილისს ჰგავდა. ღამის 12 საათზე ჩავფრინდი. აეროპორტში იქაური კავშირგაბმულობის ხელმძღვანელი დამხვდა გენერლის ჩინით. იცოდნენ, რომ ინგლისური არ ვიცოდი, ამიტომ მასპინძლად ოჯახი დამახვედრეს - ცოლი ტურისტებთან მუშაობდა, ქმარი კი 20 წლის წინ ლვოვში ყოფილა და ცოტა რუსული იცოდა (მომდევნო დღეებში მივხვდი, რომ მისი ლექსიკის მარაგი სულ ოციოდე სიტყვა იყო). სასტუმროში დავბინავდი. დილით თვალი რომ გავახილე, თავი პალმების ქვეყანაში აღმოვაჩინე და ცოტა გულზე მომეშვა. კამბოჯის დედაქალაქი პნომპენი ერთ დიდ აზიურ სოფელს ჰგავდა. როგორც კი ვისაუზმე, მასპინძელი დამადგა თავზე და ქალაქის დასათვალიერებლად წავედით. მაშინ ქალაქში 40-სართულიანი შენობა შენდებოდა, არადა, მაღალ კორპუსებს იქ თვალსაც ვერ მოჰკრავდით, ეს პირველი მასშტაბური მშენებლობა იყო. იმ ადგილას სამჯერ მიმიყვანეს და სამივეჯერ გულმოდგინედ მიხსნიდა მასპინძელი, რა უნდა აშენებულიყო და როგორ. კამბოჯელებს ბავშვივით უხაროდათ ქვეყანაში ცვლილებები. მიუხედავად ცხოვრების დაბალი დონისა, ძალიან გულღია ადამიანები იყვნენ. მახსოვს, ხიდის მშენებლობაც დამათვალიერებინეს - ესტაკადაზე გადასასვლელი კეთდებოდა...

ჟუჟუნა წვიმა მოვიდა...

საღამოს გადავწყვიტე, მეც მეცა პატივი და რესტორანში ვახშმობისას თბილისიდან წაღებული ერთი ბოთლი კონიაკი მაგიდაზე შემოვდგი, ვახშმის თანხაც მე გადავიხადე. გაოცებული მიყურებდნენ. მომდევნო დღეებში წვიმის მოსაყვან რიტუალზე დამპატიჟეს... კამბოჯაში გვალვები ხშირია და რადგან მაშინ ქვეყანა ძირითადად სოფლის მეურნეობაზე იყო დამოკიდებული, წვიმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახლდათ. წვიმის მოსაყვან რიტუალში თითქმის მთელი ქალაქი მონაწილეობს. როდესაც პირველი წვეთები დაეცა მიწას, ისეთი ჟრიამული ატყდა, თავი თბილისში წარმოვიდგინე, 90-იანებში ნანატრი შუქის მოსვლისას. ამდენი გახარებული და უზომოდ ბედნიერი ადამიანი არასდროს მენახა. დიდი თუ პატარა წვიმის ქვეშ ცეკვავდა და მღეროდა. ყველას სახლის წინ საზეიმო სუფრა გაეშალა და ნაცნობებსა თუ უცნობებს ეპატიჟებოდნენ. მერე მივხვდი, რომ აქაურებს მხოლოდ წვიმის მოსვლა კი არ უხაროდათ, ის, რომ ღმერთმა მათი შეისმინა და დაეხმარა, ღმერთი მათთან იყო...

ხელსახოცები...

კამბოჯელებს სისუფთავის უცნაური სტანდარტი აქვთ, რომელთან შეგუებაც პირველ დღეებში გამიჭირდა, მერე კი სასაცილოდაც არ მყოფნიდა. ერთ დღეს სადილად რესტორანში შევედით. როდესაც მიმტანმა კერძებთან ერთად ძალიან ბევრი ხელსახოცი მოგვიტანა, გამიკვირდა, თუმცა არ შევიმჩნიე. სადილისას, როცა ტუჩი მოვიწმინდე და ხელსახოცი მაგიდაზე დავდე, მასპინძელმა მანიშნა, ძირს დააგდეო, მერე მანიშნა, აბა, სხვა მაგიდების ქვეშ შეიხედეო. მართლაც, ყველა მაგიდის ქვეშ ხელსახოცების გროვა იდგა. თურმე კამბოჯელები სადილობისას ქაღალდს ძირს აგდებენ, რადგან უკვე გამოყენებულის მაგიდაზე დადება სიბინძურედ ითვლება... ამასობაში ერთი კვირაც გავიდა. ტაილანდიდან დამირეკა მეგობარმა, აქ ჩვენი საქმე ჭიანურდება და ერთი-ორი კვირა კიდევ დარჩიო. რადგან აღარსად მეჩქარებოდა, გადავწყვიტე, უფრო აქტიურად დამესვენა და აქაურებსაც საქართველოზე ბევრი რამ გაეგოთ, მაგრამ ჩემს კამბოჯელ მეგობრებს ვერც იმით მოვაწონე თავი, რომ 5000-წლიანი ისტორია გვაქვს და ვერც "ვეფხისტყაოსნით". ერთ დღესაც პნომპენის" "მშრალ ხიდზე"" მოვხვდით. იქ ძველებური ხმლები და მშვილდ-ისრებიც იყიდებოდა. აქაც ვცადე თავის მოწონება ქართულ საბრძოლო იარაღზე საუბრით, მაგრამ როდესაც მათ სახეებზე მხოლოდ გულუბრყვილო ღიმილი შევნიშნე, ხელი ჩავიქნიე...

ორი კვირის შემდეგ ჩემმა მასპინძელმა ოკეანის სანაპიროზე პატარა ქალაქში თავის დასთან წამიყვანა. მანქანით წავედით. რამდენჯერმე გზაზე მოსეირნე სპილოსაც გადავაწყდით, პირველად ვნახე ასე ახლოს. მასპინძელმა ჩემი აღფრთოვანება რომ შენიშნა, მთელი გზა თავს იწონებდა, ჩვენს სოფლებში სპილოები ისე ჰყავთ, როგორც სხვაგან ცხენი ან ვირიო...

საჩუქარი

დედაქალაქში დაბრუნებულები საღამოს რესტორანში წავედით... როგორც კი სუფრას მივუსხედით, ერთი ქალი მოგვიახლოვდა და გვერდით მომიჯდა. სიმართლე გითხრათ, არ გამკვირვებია, რადგან მეგონა, ჩემს მასპინძელს იცნობდა. მენიუ მივაწოდე, რამე შეუკვეთეთ-მეთქი. მასპინძელმა მანიშნა, თუ გინდა, ნუ დაპატიჟებო. რას ამბობ, კაცი ვარ, ქალი ზის გვერდით და უყურადღებოდ ხომ არ დავტოვებ-მეთქი. ქალმა დარცხვენით იუარა, არაფერი მინდაო. თევზი შევუკვეთე. იქ თევზი მაყლით მოაქვთ - თან იწვება, თან მიირთმევ. კამბოჯელები ჩხირებს ხმარობენ, თუმცა თევზს კოვზით მიირთმევენ. ის იყო, ლუკმა უნდა ამეღო, რომ ქალმა პირში კოვზი მატაკა. ინსტინქტურად ხელი ვტაცე, რას შვრები-მეთქი? ხმა არ ამოუღია... იქვე რესტორნის მენეჯერი იდგა და ქალს ანიშნა, ადექიო. ისიც უხმაუროდ გაგვშორდა...

ახლა მეორე ქალი მომიჯდა გვერდით და როგორც კი ლუდის ბოკალი მაგიდაზე დავდგი, მანაც მაშინვე კოვზი მატაკა პირში. რას შვრებით-მეთქი, ავენთე. ის ქალიც თავდახრილი ადგა და წავიდა... ამის შემდეგ ჩემმა მასპინძელმა ამიხსნა, რომ თურმე კამბოჯაში უძველესი ტრადიციაა, სტუმარ მამაკაცს ქალი ხელით აჭმევს. თუ მამაკაცი უარს იტყვის, ეს ქალის სირცხვილად ითვლება. თუ ასეა, ის პირველი ქალი მომიყვანეთ-მეთქი... თუმცა ჩემი თავგადასავალი" ამით არ დასრულებულა - ვახშმის შემდეგ გამომიცხადეს, ეს ქალი შენი საჩუქარია და უნდა წაიყვანოო. დავიბენი. როგორ თუ საჩუქარი, ან სად უნდა წავიყვანო-მეთქი>? რადგან მისი ხელით საჭმელი მიირთვით, ახლა საჩუქრად გთავაზობთო, არ მეშვებოდა მანეჯერი. ამ აყალმაყალში გავარკვიე, რომ თურმე ზოგიერთი რესტორნის მომსახურებაში ქალის ჩუქებაც შედის, რა თქმა უნდა, ერთი ღამით...

შავი პარკების საიდუმლო

როცა ჩემს მასპინძლებს არ ეცალათ, ხან ქუჩებში დავბოდიალებდი, ხანაც ტელევიზორს ვუყურებდი. საინფორმაციო გამოშვებებში ხშირად აჩვენებდნენ ნაგვის ბუნკერებთან დაყრილ შავ პარკებს. პოლიცია დადიოდა, აჩვენებდა ამ შავ პარკებს და რაღაცას გაჰყვიროდა. დავინტერესდი და ჩემს მასპინძელს ვკითხე, რა არის ეს შავი პარკები-მეთქი. პასუხმა ისე გამაოგნა, რამდენიმე წუთი ხმას ვერ ვიღებდი - შავ პარკებში ახალშობილებია, რომლებსაც სანაგვეზე ყრიანო! ამ ფაქტმა შემაძრწუნა. ოღონდ ეს ახალშობილები მხოლოდ ბიჭები არიანო, დააზუსტა. პროსტიტუცია ქვეყანაში ძალიან მომგებიანი ბიზნესია და ათასობით გაჭირვებული ოჯახისთვის შემოსავლის წყაროა, ამიტომ გოგოს დაბადება უხარიათო. 13-14 წლის რომ ხდებიან, გოგონათა უმრავლესობას აბარებენ მასაჟის სკოლებში, იქიდან გადადიან ე.წ. მასაჟის სალონებში, რესტორნებში, სასტუმროებში, სადაც მათი ძირითადი საქმიანობა პროსტიტუაციაა, მშობლებს კი სიბერეში შემოსავალი გარანტირებული აქვთ. ბიჭების დაბადება კამბოჯაში სიხარულის მომტანი არ არის, რადგან კაცებს სამსახურის შოვნა უჭირთო, ამიხსნა მასპინძელმა. ამ ისტორიამ ძალიან ჩამაფიქრა. ისევ ტაილანდიდან ზარმა მიხსნა - აქ ყველაფერი მზად არის და გელოდებითო... გაფრენის წინ, ბარში ლუდის დასალევად შევედი. ჩემს მაგიდასთან ერთი კამბოჯელი გადმოჯდა და საუბარი გამიბა. ეს იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც დაინტერესდა, სად იყო საქართველო. ისე გამიხარდა, თავი არ დავზოგე, რომ როგორმე ამეხსნა, ვინ ვართ და როგორები ვართ ქართველები, თან მიმტანს მისთვისაც მოვატანინე ლუდი, იმის ნიშნად, რომ ქართველები ძალიან ყურადღებიანები ვართ. მოსაუბრე მალე გამეცალა, მოულოდნელად კი მიმტანი ორი ყუთი ლუდით დამადგა თავზე - იმ კაცს გადაუწყვეტია, ჩემთვის დაენახებინა, რომ კამბოჯელებიც ძალიან ყურადღებიანები არიან. პნომპენის აეროპორტში მივხვდი, რომ კამბოჯიდან წასვლა აღარ მინდოდა, თუმცა თავი იმით დავიმშვიდე, რომ ტაილანდში საქმის აწყობის შემდეგ აუცილებლად დავბრუნდებოდი პნომპენში. ბანგკოკამდე იმავე თვითმფრინავით უნდა მეფრინა. მაშინ გავიგე, რომ კამბოჯის დედაქალაქს საერთაშორისო აეროპორტი არ ჰქონდა და ყველა გზა ტაილანდის გავლით მიდიოდა. როდესაც ბანგკოკს ზემოდან გადმოვხედე, მივხვდი, რომ წინ მეგაპოლისური ცხოვრება და განსხვავებული თავგადასავლები მელოდა.

გაგრძელება