ვინ არიან ძმები წინწალაშვილები და რას ემსახურებოდა პანკისში მათი კადიროვის ფოტოებით გამოჩენა? - კვირის პალიტრა

ვინ არიან ძმები წინწალაშვილები და რას ემსახურებოდა პანკისში მათი კადიროვის ფოტოებით გამოჩენა?

15 ივნისს პანკისის ხეობაში სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" ხეობის მცხოვრებლებმა აცნობეს, რამადან - ბაირამის დღესასწაულს ზეიმობდნენ, რასთან დაკავშირებითაც ხეობაში სტუმრები იყვნენ ჩასული. როგორც ირკვევა, რუსეთის სახელმწიფო ნომრებით მოძრავ ერთ-ერთ მანქანაზე ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მამის, ახმად კადიროვის ფოტო იყო გაკრული. ამან ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია. ადგილობრივებმა ფოტოს მოხსნა მოითხოვეს, რასაც დაპირისპირება მოყვა.

შსს-ს ინფორმაციით, სოფელ დუისში სამართალდამცველებმა მდგომარეობა განმუხტეს და სოფელში უკვე სიმშვიდეა. მათივე თქმით, სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით, ახმეტის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი ჯგუფი.

პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე "კვირის პალიტრის" ანალიტიკოსი ნინო ბურჭულაძე გვესაუბრება:

"როგორც გავარკვიე, ავტომობილში, რომლის გამოჩენასაც უკმაყოფილება მოჰყვა, ძმები წინწალაშვილები იმყოფებოდნენ. ისინი წარმოშობით ომალოდან არიან, თუმცა დღეს რუსეთის მოქალაქეები გახლავან. ისინი იყვნენ ჩეჩნეთის დროშებით და რამზან კადიროვის მამის ფოტოებით. ადგილობრივებს ეს არ მოეწონათ, მათ მანქანიდან დროშები ჩამოახსნევინეს და დროშის ტარები გადატეხეს. ჯერჯერობით კონფლიქტი ამით ამოიწურა, თუმცა მაინც სიფრთხილეა საჭირო.

ძმები წინწალაშვილები ადრე მსგავსი ქმედებებითა და ინიციატივებით არ გამოირჩეოდნენ. არ არის გამორიცხული ეს მოქმედება პროვოკაციის მცდელობაც იყოს.

მოგეხსენებათ, რუსთაველზე გამართული აქციებისას ერთ-ერთ კარავში ყაზახეთის ძებნილი მოქალაქე გვარად ლორსანოვი დააკავეს, ჩემი ინფორმაციით, მას აქვს გარკვეული კავშირი რუსეთის სპეცსამსახურებთან, შესაძლოა ის მართლაც გეგმავდა პროვოკაციას, რაც მისი დაკავებით შეგნებულად თუ შემთხვევით აღკვეთეს. შესაძლოა დღეს პანკისში მომხდარი პროვოკაციის მოწყობის მეორე მცდელობა იყოს.

ეს ადამიანები - ძმები წინწალაშვილები აქამდე არ გამოირჩეოდნენ სეპარატისტული ქცევებით. რატომღაც მხოლოდ ამ ბაირამობას გაახსენდათ მათ კადიროვის პატივისცემა. შეიძლება ისიც ვიფიქროთ, რომ ეს არ იყო უწყინარი ჩხუბი და ამის უკან რუსეთის ინტერესებიც დგას".

შეგახსენებთ რამდენიმე დღის წინ, პოლიციამ რუსთაველის გამზირზე 9 პირი დააკავა, მათ შორის ერთ-ერთი ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ყაზახეთის მოქალაქე აღმოჩნდა.