" შავი ანგელოზის" ბედისწერა - კვირის პალიტრა

" შავი ანგელოზის" ბედისწერა

(დასასრული, დასაწყისი #20-30)

2001 წლის სექტემბრის ბოლოს სოფელ ამტყელთან მდგომი ქართულ-ჩეჩნურ პარტიზანულ რაზმებს იმედი ჰქონდათ, წებელდის იერიშთან ერთად ტყვარჩელზე შეტევაც დაიწყებოდა, მაგრამ ამაოდ. ჰამზათ გელაევი მიხვდა, რომ აფხაზეთში ხაფანგი დაუგეს.

- ჰამზათ, იქნებ უკან მიბრუნება ღირდეს? - არწმუნებდა აბუ ბაქარი ჩეჩენ საველე მეთაურს.

- აბუ ბაქარი მართალია, ჰამზათ, - საუბარში ჩაერია გელაევის მარჯვენა ხელი,  მისი ბიძაშვილი ალიხან უციევი, - დროულად თუ გავეცლებით აქაურობას, რაზმს შევინარჩუნებთ.

გელაევი თვალჩაცივებით მიშტერებოდა  ჰორიზონტს და დუმდა. მერე მძიმედ თქვა:

- ხაფანგი დაგვიგეს და აქედან უკან დაბრუნებაც შეუძლებელი იქნება. სხვა გზა არ გვაქვს, უნდა გავრისკოთ. გიორგიევსკოესთან რამაზან ტარკიბაევი შემოგვიერთდება.

- ამათთან ერთად? - აბუ ბაქარმა ხელი ქართველი პარტიზანებისკენ გაიშვირა.

- ფიცი გვაქვს დადებული, - წარბი ასწია გელაევმა, - თანაც, როგორც ჩანს, ესენიც გაიმეტა მათმა ხელისუფლებამ...

სოხუმში, ვლადისლავ არძინბას კაბინეტში შუქი გათენებამდე ენთო. აფხაზეთის პრეზიდენტი გენერალური შტაბის უფროსთან, ვლადისლავ არშბასთან ერთად ყურადღებით  ათვალიერებდა  მდინარე კოდორის ქვედა ზონის რუკას.

- ჩვენი ინფორმაციით, ქართველებმა ტყვარჩელზე შეტევა ბოლო წუთს გადაიფიქრეს, - ღიმილით თქვა გენშტაბის უფროსმა, - ამან კარდინალურად შეცვალა ჩვენი მდგომარეობა.

- საქართველოს მთავრობამ იმდენჯერ გადაგვარჩინა, ბევრჯერ მიფიქრია, ხომ არ დავაჯილდოვო-მეთქი, -ჩაიხითხითა ვლადისლავ არძინბამ. ჩანდა, რომ სტუმრის ნათქვამმა გუნება გამოუკეთა.

- გარდა ამისა, გვაქვს ინფორმაცია, რომ პარტიზანული რაზმები გიორგიევსკოესკენ მოემართებიან. მათ დასახვედრად ვემზადებით, რუსებმაც დახმარება აღგვითქვეს, - კმაყოფილი ჩანდა გენშტაბის უფროსი.

- ძალიან კარგი, - ჩაილაპარაკა  არძინბამ, - მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ საქმე ჩეჩენ მეომრებთან გვაქვს და არა მოხალისე ქალაქელ ბიჭებთან...

2001 წლის 8 ოქტომბერს გელაევის რაზმი გიორგიევსკოეში შევიდა. პარტიზანებმა მოსახლეობას სასმელი წყალი მოსთხოვეს. მათ კი მოულოდნელად ცეცხლი გაუხსნეს.

- ვინმე მეტყვის, აქ რა ხდება? - ჩასძახოდა რადიო-ტელეფონში ვიღაცას გამწარებული ჰამზათ გელაევი.

- არაფერი. რუსები გვმასპინძლობენ, - მოულოდნელად მოესმა რამზან აკირბაევის ხმა, - მოვედით, ჰამზათ.

გელაევი აკირბაევს გადაეხვია და  მისი 30-კაციანი რაზმი ყურადღებით შეათვალიერა.

- ჰამზათ, რუსები  8 "გრადით", 18 ქვემეხით, 8 ტანკითა და  500-მდე ჯარისკაცით გვხვდებიან.

- ჩათ ალარს, - გამწარებულმა გელაევმა ჰაერში რამდენჯერმე ისროლა, - სოფელ ლეთამდე უნდა მივაღწიოთ, - გამოსცრა  პირქუშად.

ჩეჩენი საველე მეთაური გრძნობდა, რომ აფხაზეთს თავს ვერ დააღწევდა.

- აბუ ბაქარ, ჩვენს კართან სიკვდილის  აქლემმა ჩაიმუხლა, ამიტომ ჩვენი გზა ისევ პანკისზე გადის, - თქვა სევდიანად ჰამზათ გელაევმა და რაზმის გადარჩენილ წევრებს ანიშნა, - წავედითო...

2002 წლის ოქტომბერში ჰამზათ გელაევმა გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ ეცადა ბედი და საქართველოდან ჩეჩნეთში გადასულიყო. ამჯერად გაუმართლა  - შატო-არღუნის მიმართულებით სისხლისმღვრელი ბრძოლებით  500-კაციანი რაზმით შეძლო არღუნში შეჭრა. ამ ოპერაციის შემდეგ იგი დაინიშნა იჩქერიის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად და მიენიჭა ბრიგადის გენერლის წოდება. რამდენიმე ხანს ინგუშეთის ტყეებში იყო, 2003 წლის აგვისტოში გადავიდა ჩეჩნეთში, სადაც  პრეზიდენტ აჰმად კადიროვმა შესთავაზა, პირადი უსაფრთხოების გარანტიით იარაღი ჩაებარებინა, თუმცა მოულოდნელად გელაევს ამნისტიაზე უარი უთხრეს.

ჩეჩენმა საველე მეთაურმა გადაწყვიტა, დაღესტნის გზით საქართველოში გადასულიყო და გამოეზამთრა, თუმცა ეს გადაწყვეტილება ერთგვარად სარისკო ჩანდა, რადგან მთებში უკვე დიდი თოვლი იდო. 2003 წლის 30 ნოემბერს ჰამზათ გელაევის 37-კაციანი რაზმი სოფელ კირიდან გამოვიდა, 8 დეკემბერს უკვე ბაციბუცას უღელტეხილის გადალახვას შეუდგა. უღელტეხილის პიკამდე რამდენიმე ასეული მეტრი იყო დარჩენილი, რომ გამცილებელმა რაზმის დატოვება გადაწყვიტა.

- სამასიოდე მეტრს აივლით და ქვემოთ დაეშვებით, მაგრამ ამ ყინვაში ასვლა გაგიჭირდებათ, - გადახედა გამცილებელმა გათოშილ მეომრებს.

- აქ 1.000 დოლარია, შენი გასამრჯელო, - უხალისოდ მიაწოდა ფული ალიხან უციევმა გამცილებელს და უღელტეხილს უიმედოდ აავლო თვალი.

- ვიცი, გაგვიჭირდება, მაგრამ როგორმე  უნდა გადავლახოთ, - თქვა ჰამზათმა, როდესაც გამცილებელი თვალს მიეფარა, - ალაჰი გამოცდას გვიწყობს, - ცდილობდა, რიხიანად ელაპარაკა. უეცრად თვალი ერთი მეომრის მოყინულ ფეხზე მოუხვდა. ფეხზე გაიხადა.

- ჩემი ბათინკები ჩაიცვი, - გაუღიმა საველე მეთაურმა,  თავად კი ბრეზენტის ბათინკით განაგრძო გზა.

ზღვის დონიდან 3700 მეტრზე გამცილებლის გარეშე დარჩენილ რაზმს 320-იან ყინვაში სიარული უჭირდა, გელაევი იძულებული გახდა, უკან დაშვებულიყო. 13 დეკემბერს სოფელ მიკალიში შევიდნენ, სადაც ხორაგი და სხვა საჭირო ნივთები შეიძინეს.

მოკოკის მეხუთე სასაზღვრო საგუშაგოს  უფროსს სადილობისას მოახსენეს, - თქვენი ნახვა სოფლის მკვიდრს უნდაო.

- რა ხდება? - ჰკითხა საგუშაგოს უფროსმა მოულოდნელ სტუმარს.

- სოფელში "შავი ანგელოზია", - მოუჭრა უცნობმა და გაეცალა.

"ნეტავ, რას როშავს", - გაუელვა საგუშაგოს უფროსს. უეცრად გველნაკბენივით  წამოვარდა.

- "შავი ანგელოზი" ხომ ჰამზათ გელაევის სახელია რადიოკავშირისთვის,  - წამოიძახა და განგაში გამოაცხადა.

სოფელთან გელაევის რაზმი მათ შესახვედრად მიმავალმა მესაზღვრეებმა ვერ შეამჩნიეს, თუმცა  ჩეჩენ მეომრებს ნერვებმა უმტყYუნეს და ცეცხლი გახსნეს. შეტაკებისას დაიღუპა 9 მესაზღვრე, დაჭრილი საგუშაგოს უფროსი და მძღოლი დაატყვევეს.

- ხმა ამოიღე, ვინ გაგვყიდა! - გამწარებული გელაევი თავს ვერ იკავებდა, საგუშაგოს უფროსი დუმდა.

- დახვრიტეთ, მძღოლიც ზედ მიაყოლეთ, - ყრუდ თქვა საველე მეთაურმა....

საგუშაგოზე მომხდარი შეტაკების შემდეგ მოკოკისკენ დაიძრა ჩრდილო კავკასიის სასაზღვრო სამმართველოს შვეულმფრენები, თავდაცვის სამინისტროს და UHE-ს სპეცდანიშნულების რაზმები, აგრეთვე ჯავშანტექნიკისა და ცოცხალი ძალის კოლონები.

"შავი ანგელოზის" დევნა დაიწყო. ჰამზათ გელაევმა რაზმის ერთი ნაწილი ჰალატლისკენ გაგზავნა, მეორე - მუხკეტის მიმართულებით. ფედერალური ძალების რადიოდაზვერვა თვალყურს ადევნებდა მათ გადაადგილებას და იმ კვადრატებში, სადაც სავარაუდოდ რაზმი იმყოფებოდა, საარტილერიო ცეცხლს ხსნიდა, ჭურვებს დათოვლილ მთებს უშენდნენ და ზვავებს იწვევდნენ. გარდა ამისა, გელაევის რაზმს ფეხდაფეხ  UHE-ს და სასაზღვრო ჯარების სპეცდანიშნულების რაზმები მიჰყვებოდნენ. ორი კვირის განმავლობაში ჩეჩენი საველე მეთაური ხელიდან დასხლტომას ახერხებდა და ბრძოლაში არ ებმებოდა.

- დაჭრილები და გაყინულები გამოქვაბულში უნდა დავტოვოთ, სხვა გზა არ გვაქვს, - უთხრა ჰამზათს აბუ ბაქარმა, -  გამოქვაბული ძნელი მისადგომია და რუსები ვერ შეამჩნევენ, - გელაევი დუმდა, თითქოს არც უსმენდა, - ჰამზათ, ახლავე უნდა გადაწყვიტო, მთებში ბრძოლის მთავარი პრიზი ჩვენთვის სიცოცხლეა, - აბუ ბაქარმა გელაევს თვალი თვალში გაუყარა...

საერთო გადაწყვეტილებით გამოქვაბულში ათამდე მეომარი დატოვეს.

- მეც მათთან დავრჩები, - უთხრა წასვლის წინ გელაევს ალიხან უციევმა.

- მეც, - აჰყვა მუსა, - ჩემი ტყუპისცალი ძმა  ისა სამი დღის წინ დავმარხეთ და AAახლა ალიხანს ვერ მივატოვებ...

გელაევი უხმოდ შეტრიალდა  და გზა განაგრძო.

- ალაჰ, შენ დამიფარე, - ჩაილაპარაკა გამწარებულმა...

24 დეკემბერს ხუნძახის სასაზღვრო რაზმის შტაბის უფროსი მარსელ საკაევი რადიოტელეფონით ხანკალის შტაბს დახმარებას სთხოვდა.

- ჯარისკაცებს იარაღი ხელებშივე ეყინებათ. კაშკაშა მზისგან და ცივი ქარისგან მუდმივად ცრემლი სდით, ყინვა და ქარბუქი სუნთქვის საშუალებას არ აძლევთ, ვერ იძინებენ, ვერ სვამენ და რამდენიმე დღის უჭმელები არიან, მაგრამ დევნას ვაგრძელებთ.

წამით რომ გავჩერდეთ, "სულები"”საქართველოში გადაგვასწრებენ. 20 დეკემბერს ჩვენმა სპეცდანიშნულების რაზმმა გამოქვაბულს მიაგნო, სადაც სავარაუდოდ დაჭრილი "ბოევიკები" დატოვეს,  ხომ გესმით, რომ მათ დასაკარგავი არაფერი აქვთ და გაუგონარ წინააღმდეგობას გვიწევენ,  იქნებ ავიაცია დაგვახმაროთ. ხალხი მეცოდება, მაგრამ გამოქვაბულის აღებას ვერ ვახერხებ...

ფედერალურმა ძალებმა გამოქვაბულის აღება ავიაციის დახმარებით მხოლოდ 30 დეკემბერს შეძლეს. მათ ყველა ჩეჩენი მეომარი მკვდარი დახვდათ.

გელაევის რაზმის სხვა წევრების დევნა გრძელდებოდა. 10 იანვრისთვის ჰამზათის რაზმის თითქმის ყველა წევრი ან დახოცილი იყო, ან დატყვევებული. თავად გელაევის კვალს ვერსად მიაგნეს.

- მას მხოლოდ ორი კაცი ახლავს -  მისი პირადი მცველი მძიმედაა დაჭრილი, - თქვა ორდღიანი წამების შემდეგ ერთ-ერთმა ტყვე ჩეჩენმა მეომარმა.

ფედერალურმა ძალებმა ძებნა განაგრძეს, მაგრამ ჰამზათ გელაევის კვალს ვერსად მიაგნეს...

13 თებერვალს ჰამზათ გელაევმა კიდევ ერთი   მეგობარი მიაბარა მიწას.

- ახლა კი დროა საქართველოში დავბრუნდე, - ჩაილაპარაკა ცრემლმორეულმა და აბუ ბაქარს გადახედა, - შენ აქ დარჩები, მე ჩემს გზას მარტო უნდა გავუყვე.

აბუ ბაქარმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ მიხვდა, რომ ჰამზათი გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა და ხმა არ ამოუღია...

2004 წლის 28 თებერვალს ჩეჩენი საველე მეთაური ბეჟთამდე მანქანით მიიყვანეს. აბუ ბაქარს ჰამზათის მარტო გაშვება არ უნდოდა.

- აბუ ბაქარ, ეს ის გზაა, რომელიც მარტომ უნდა გავიარო, - ნაღვლიანად გაეღიმა ჰამზათს და  აბუ ბაქარს გადაეხვია...

საქართველოს საზღვრამდე ათიოდე კილომეტრი რჩებოდა.

ბეჟთის სასაზღვრო პოსტის მესაზღვრეებმა - მუხთარ სულეიმანოვმა და აბდულ ყურბანოვმა ტერიტორიის შემოვლის დროს უცნობი შეამჩნიეს.

- აბდულ, მეზობელი სოფლიდან იქნება ალბათ. შევეხმიანოთ, გზა ხომ არ აებნა.

- შეჩერდი, - დაუყვირა აბდულმა უცნობს.

მგზავრი მობრუნდა და უცებ ქვემოთ დაეშვა. მესაზღვრეებმა რაღაც იეჭვეს და დაედევნენ. დევნა 5 საათს გაგრძელდა. უცნობი მდინარის პირას ჩავიდა, თუმცა მდინარე არ გადაულახავს, უკან მობრუნდა და დაიმალა. რამდენიმე წუთში მესაზღვრეები გამოჩნდნენ. უცნობმა ზურგიდან ცეცხლი გახსნა. ერთი უსულოდ დაეცა, მეორემ, სანამ გონებას დაკარგავდა, მოახლოებული უცნობი შეათვალიერა.

- შენ?.. "შავი ანგელოზი", - დაყვირება უნდოდა, მაგრამ ძალა ელეოდა, ავტომატს დასწვდა და სიკვდილის წინ რამდენიმე გასროლა მოასწრო. უცნობი დაიჭრა.

ჰამზათ გელაევმა დაცხრილული ხელი თავადვე მოიჭრა და სისხლის შეჩერება სცადა. ამაოდ. ასიოდე მეტრი გაიარა და დაეცა...

როდესაც რამდენიმე დღის შემდეგ მისი ცხედარი იპოვეს, ერთადერთ ხელში ყუმბარა და შოკოლადის ფილა "ალიონკა" ეკავა...

ჰამზათ გელაევის სიკვდილს კიდევ კარგა ხანს არ იჯერებდნენ რუსეთში, ისევე, როგორც არ სჯეროდათ 2006 წელს შამილ ბასაევის დაღუპვა... იჩქერია კი დღემდე იბრძვის...