ბათირაშვილის ცოლზე კადიროვი კარგა ხნის განმავლობაში "ნადირობდა" - თურქეთი სედას რუსეთს გადასცემს? - კვირის პალიტრა

ბათირაშვილის ცოლზე კადიროვი კარგა ხნის განმავლობაში "ნადირობდა" - თურქეთი სედას რუსეთს გადასცემს?

სტამბოლში, ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირების გამო, ყოფილი ჩეჩენი მაღალჩინოსნის ასუ დუდურკაევის შვილი, თარხან ბათირაშვილის მეუღლე სედა დუდურკაევა დააკავეს.

ამის შესახებ თურქული გამოცემა Daily Sabah იუწყება. მათი ინფორმაციით, აღნიშნული სპეცოპერაციის ფარგლებში ხუთი პირია დაკავებული, მათ შორის თარხან ბათირაშვილისა და სედას ორი შვილი.

გვესაუბრება "კვირის პალიტრის" ანალიტიკოსი ნინო ბურჭულაძე: - რამდენადაც ვიცი, დაკავებულ სედა დურდუკაევას, რომელსაც სირიაში აიშას სახელით იცნობენ, თარხან ბათირაშვილისგან ჰყავს ვაჟი, რაც შეეხება მეორე შვილს, ჩემთვის უცნობია, მისი მამაც არის თუ არა "ხალიფატის" ექსსამხედრო მინისტრი, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა. რადგან მათი თანაცხოვრების ბოლო ხანს თარხან ბათირაშვილი ჯერ ძალიან მძიმედ იყო დაჭრილი და ამასთანავე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მძიმედ იყო მოწამლული, 2016 წლის ივლისში კი მისი დაღუპვის ცნობა გავრცელდა.

თუ ამ ხაზს გავყვებით, შესაძლოა სედა ქმრის გარდაცვალების შემდეგ, კვლავ გათხოვდა. მოჯაჰედური წესების მიხედვით, როდესაც მოჯაჰედი იღუპება, მისი ქვრივი გარკვეული დროის შემდეგ შესაძლოა გათხოვდეს. ცნობილია, რომ სედა დურდუკაევა ვიდრე თარხან ბათირაშვილის ცოლი გახდებოდა, უკვე იყო ერთი მებრძოლის მეუღლე, რომელიც დაიღუპა.

ჩემი ინფორმაციით, სედას დაკავების მოთხოვნა, სავარაუდოდ, რუსეთმა გაგზავნა და ამის საფუძველზე დააკავეს, თუმცა ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ ის თურქეთის სპეცსამსახურებს რაიმე კონკრეტული საქმიანობისთვის დაეკავებინათ. როგორც ცნობილია, ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვსა და თარხან ბათირაშვილს შორის კონფლიქტი ჯერ კიდევ წლების წინ არსებობდა. მკითხველს შევახსენებ ძველ ამბებს - სედას მამა, ასუ დურდუკაევი იყო კადიროვის ხელისუფლების ერთ- ერთი მაღალი თანამდებობის პირი, თუ არ ვცდები, ჩეჩნეთში საემიგრაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა, ეს საკმაოდ გავლენიანი ოჯახი იყო ჩეჩნეთში. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სედა ცოლად გაჰყვა სირიაში მებრძოლს, ლაპარაკია ჰამზათ ბორჩაშვილზე, რამზან კადიროვმა, რომელმაც ვაჰაბიზმთან ბრძოლა ლამის სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვანა და ჩეჩნეთის ტერიტორიაზე პირდაპირი მნიშვნელობით ომი გამოუცხადა, ასუ დურდუკაევს თანამდებობის დატოვება მოსთხოვა, მეტიც, მოსთხოვა შვილი ჩეჩნეთში დაებრუნებინა.

ვიცით, რომ ასუს ნათესავები ყოველ ღონეს ხმარობდნენ სედას დასაბრუნებლად, იყო გარკვეული ზეწოლები ბორჩაშვილის ნათესავებზე და ა.შ.

როდესაც ჰამზათ ბორჩაშვილი სირიაში მოკლეს, მას მერეც იყო მოთხოვნა, რომ დაბრუნებულიყო შინ, თუმცა როგორც თავად სედასგან ვიცი, ის ფიქრობდა, რომ ამ ნაბიჯს არ აპატიებდნენ, აუცილებლად მოკლავდნენ და ამიტომაც არ ბრუნდებოდა. როცა ცნობილი გახდა, რომ სედა დურდუკაევა თარხან ბათირაშვილის ცოლი გახდა, სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა და რამზან კადიროვი ახლა პირადად თარხანს დაემუქრა.. კადიროვი მზად იყო მის მოკვლაში ორი მილიონიც კი გადაეხადა.

მოგვიანებით, როცა 2016 წლის ივლისში ბათირაშვილი მოკლეს, სედას ჩეჩნეთში დაბრუნების საკითხი კვლავ გააქტიურდა. როგორც ვიცი, სექტემბერში პანკისის ხეობაში ისევ იყვნენ ჩამოსულები გოგოს ნათესავები და თარხანის ძმას, ოთარს სედას სირიიდან ჩამოყვანას და ჩეჩნეთში დაბრუნებას სთხოვდნენ.

ამასობაში კი დურდუკაევის გავლენიანი გვარიდან აღარაფერი დარჩა. შვილის საქციელის გამო მათ ფაქტობრივად ბრძოლა გამოუცხადეს და ყველაფერი დააკარგვინეს.

თუ სედას რაიმე კონკრეტულ დანაშაულში არ ედება ბრალი, მისი დაკავება რუსეთის, - ჩეჩნეთის მოთხოვნა იქნებოდა... თარხან ბათირაშვილის ოჯახის ბედი დიდხანს გაურკვეველი იყო. მას შემდეგ რაც "ხალიფატმა" ტერიტორიები დაკარგა, რამზან კადიროვის ინიციატივით, ჩეჩენი მოჯაჰედის ცოლებსა და შვილებს ჩეჩნეთში აბრუნებდნენ, მათ შორის ტყვედ ჩავარდნილებსაც...

სავარაუდოდ, თურქეთი სედას რუსეთს გადასცემს.

იხილეთ ასევე: ულამაზესი ჩეჩენი ქალის მძიმე გზა "ისლამური სახელმწიფოსკენ" და უკან...