"ჩემი აქ ყოფნით პრობლემა არ შეგექმნება, რადგან ყველას მკვდარი ვგონივარ" - "დიდი ძმის" მოლოდინი და იარაღის სამალავი
"ჩემი აქ ყოფნით პრობლემა არ შეგექმნება, რადგან ყველას მკვდარი ვგონივარ" - "დიდი ძმის" მოლოდინი და იარაღის სამალავი
(გაგრძელება. დასაწყისი იხ.)

"ჩემი აქ ყოფნით პრობლემა არ შეგექმნება, რადგან ყველას მკვდარი ვგონივარ"
აჰმედ ჩატაევი.
31 ოქტომბერი 2017წ.

"როცა პისტოლეტებს ვათვალიერებდი, შევამჩნიე, რომ ერთი უფრო დიდი იყო, ვერცხლისფერ ზედა ჩარჩოზე მგლის თავი და რაღაც წარწერები ჰქონდა ამოტვიფრული, მჭიდში რამდენიმე ტყვია იდო. მეორე პისტოლეტი ჩვეულებრივი იყო, შავი. მასშიც რამდენიმე ტყვია იდო. ჩემს მეუღლეს მგლისთავიანი პისტოლეტი ისე მოეწონა, ფოტოც კი გადაუღო, სწორედ მაშინ მითხრა, რომ ეს პისტოლეტები აჰმედ ჩატაევის ყოფილა, რომლებსაც მუდმივად ატარებდა".

ჩატაევის მეგობრის მეუღლის ნაამბობიდან, 26 დეკემბერი,
2017 წ., ტრაპიზონი

"დიდი ძმის" მოლოდინში

2017 წლის ზაფხულში საქართველოში ჩრდილოკავკასიელი ახალგაზრდები, ვინმე სეიფულაჰი და აბდულა გამოჩნდნენ. ერთხანს პანკისის ხეობაშიც იყვნენ, რადგან ჩრდილოკავკასიელების სტუმრობა ხეობ­აში, განსაკუთრებით ზაფხულში, არავის უკვირს. მათ ვიზიტს მოსახლეობის ყურადღება არ მიუქცევია. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც
პანკისის სტუმრებზე ბევრი რამ სმენოდათ.

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რაოდენ კარგად ფლობდა "ისლამური ხალ­იფატი" პიარტექნოლოგიებს და მარჯვედ იყენებდა მოხალისეების რეკრუტირებისთვის. ამ მიზნით ყოველდღიურად სოციალური ქსელებით თუ სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით "ხალიფატის" მეომრების ათობით თემატური ვიდეო თუ ფოტო ვრცელდებოდა. სწორედ რამდენიმე ასეთი ვიდეოს გმირები სეიფულაჰი და აბდულა იყვნენ, სადაც ისინი, უკვე "ხალიფატის" მეომრები, მოძმეებს "ჯიჰადისკენ" მოუწოდებდნენ (?!).

სეიფულაჰმა და აბდულამ პანკისიდან დაბრუნების შემდეგ თბილისში ცოტა ხნით დარჩენა გადაწყვიტეს და მეგობრების დახმარებით ვარკეთილში ბინაც იქირავეს, სადაც ოქტომბრის ბოლომდე ცხოვრობდნენ. ჩვენთვის უცნობია, რითი იქცევდნენ თბილისში თავს ახალგაზრდები, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, საქართველოში არალეგალურად შემოსულ­ ინტერპოლით ძებნილებს ერთი მისია ჰქონდათ - ისინი თბილისში "დიდ ძმას" ელოდნენ. "დიდი ძმა" კი საქართველოში 30 ოქტომბერს აჭარის მაღალმთიანეთში გამოჩნდა.

"მესაზღვრეებთან პრობლემა არა მაქვს"

როგორც უკვე ცნობილია, აჰმედ ჩატ­აევი 27 ოქტომბერს "ძმებმა" ხოფიდან თურქეთ-საქართველოს საზღვრამდე მიაცილეს და შემდგომ გზა აბუ-ჰურეირასა და აბდურაჰმანთან ერთად განაგრძო. აჭარის მთებში მოხეტიალეებმა უკვე იცოდნენ, რომ საქართველოს საზღვართან მათ ასევე "ძმები" დახვდებოდნენ. შეხვედრა მართლაც შედგა - სოფელ მარადიდში.

ჩვენ მიერ მოპოვებულ საგამოძიებო მასალებზე დაყრდნობით ექსკლუზიურად მოვუყვებით მკითხველს, როგორი იყო "ცალხელა აჰმედის" გზა თბილისამდე.

მოწმის ჩვენებიდან: "სამი მამაკაციდან ერთი ვიცანი, ის აჰმედ ჩატაევი იყო. თავი და წვერი გაპარსული ჰქონდა, კეპი ეხურა, მუქი საწვიმარი ქურთუკი და ბათინკები ეცვა. მახსოვდა, რომ ხელსა და ფეხზე პროთეზი ჰქონდა, თუმცა ეს შესამჩნევი არ იყო, ჩვეულებრივად დადიოდა. ჩატაევსა და მის თანმხლებ პირებს ორი ზურგჩანთა ეკიდათ. ისინი მალევე ჩასხდნენ ჩემს მანქანაში. როცა მეც ვჯდებოდი, უცნობი მამაკაცი მოვიდა და გაგვაფრთხილა, რომ ტერიტორიაზე ქართველი მესაზღვრეები დადიოდნენ. როცა ჩატაევის თანმხლებმა პირმა გაფრთხილებისთვის მადლობა ქართულად გადაუხადა, გამიკვირდა, მე სამივე ჩეჩენი მეგონა (ჩვენი ინფორმაციით, აბდურაჰმანი აჭარელია, სავარაუდოდ, შავაძე. - ავტ.). ჩატაევმა მოულოდნელად ჩემს მეგობარს ჩეჩნურად ჰკითხა, რაზე ლაპარაკობენო და როცა უთარგმნეს, მისი პასუხი იყო, მესაზღვრეებთან პრობლემა არა მაქვსო (მიუხედავად იმისა, რომ ჩატაევის საქმეში მისი ეს ფრაზა ძალიან მნიშვნელოვანია, ვერ დავადგინეთ, რას გულისხმობდა ამ სიტყვებში­. ასევე ვერ დავადგინეთ, ვინ არის ის უცნობი მამაკაცი, ერთი ვერსიით, იმ სახლის პატრონი უნდა იყოს, სადაც ჩატაევმა ღამე გაათია. - ავტ).

"შაჰიდის ქამარი"

"ბათუმისკენ წავედით. საჭესთან ჩემი მეგობარი იჯდა, მის გვერდით - მე, ხოლო უკან, შუაში, ჩატაევი, მძღოლის უკან ქართველი მამაკაცი (აბდურაჰმანი - ავტ.), ხოლო ჩემ უკან ერთი ახალგაზრდა ჩეჩენი (აბუ ჰურეირა - ავტ.). მგზ­ავრობის დროს მანქანაში ხან ჩეჩნურად და ხანაც რუსულად საუბრობდნენ. მოულოდნელად ჩატაევმა თქვა, ძალიან დავიღალე პისტოლეტების ტარებით და მძიმე ქამრითო. როგორც მივხვდი, ეს ჩვეულებრივი კი არა, შაჰიდის ქამარი უნდა ყოფილიყო და ძალიან შემეშინდა. ჩატაევს აბუ-ჰურეირაც დაემოწმა და თქვა, ისეთი დაღლილები ვართ, პისტოლეტებიც კი გვამძიმებსო. როცა გავიგე, რომ სამივე შეიარაღებული იყო, კიდევ უფრო შემეშინდა" (მოწმის ჩვენებიდან).

"მგზავრები"

"უკვე ბათუმში მძღოლს ვუთხარი, ქალაქში მანქანა გაეჩერებინა, რადგან მეგობარი მყავდა სანახავი და წასვლას ვაპირებდი. ამის გაგონებაზე ჩატაევმა ჩეჩნურად მითხრა, მანქანიდან შენი გადასვლა არ გამოვა, თბილისში უნდა წამოხვიდეო.

გზაში ჩატაევმა სანდრო ამირიძე (ყოფილი ანტიტერორისტული ცენტრის სამმართველოს უფროსი, მოლაპარაკებას აწარმოებდა ლოპოტის ხეობაში შეიარაღებულ ჯგუფთან - ავტ.), ლორთქიფანიძე (გია ლორთქიფანიძე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე - ავტ.) და ადეიშვილი (ყოფილი იუსტიციის მინისტრი - ავტ.) ახსენა და ინატრა, ნეტავ სადმე შეიძლებოდეს მათი ნახვაო. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩატაევი ამ პირებს ემუქრებოდა" (მოწმის ჩვენებიდან).

როგორც ჩვენთვის ცნობილია, მგზავრობის დროს მანქანაში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, ამის მიზეზი კი წინ მსხდომთა ერთმანეთში პერიოდული კამათი იყო. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩატაევმა ორივე გააფრთხილა, ამას დიდხანს აღარ მოვითმენო".

"ჩატაევს არ ეშინია საქართველოში ყოფნა და შენ რა გადარდებს"

საღამოს მგზავრები უკვე თბილისში­ იყვნენ. ისინი პირდაპირ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ახლობლის ბინაში მივიდნენ. მძღოლმა მანქანა ეზოში ავტოსადგომზე გააჩერა, თუმცა, როგორც გაირკვა, ჩატაევი და მისი თანმხლები პირები მანქანიდან გადმოსვლას არ ჩქარობდნენ.
""გვითხრეს, რომ მანქანაში დარჩებოდნენ და ილოცებდნენ, რადგან ეზოში ხალხმრავლობა იყო. ვიფიქრე, რომ სწორედ ხალხის გამო არ გადმოდიოდნენ და შებინდებას ელოდებოდნენ. მე და ჩემი მეგობარი გადმოვედით მანქანიდან, იქვე მაღაზიაში წყალი ვიყიდეთ და კორპუსის უკან გავედით სალოცავად. ლოცვის დამთავრების შემდეგ ისევ წავკამათდით (ჩატაევის გამო - ავტ.). ჩემმა მეგობარმა­ მითხრა, ჩატაევს არ ეშინია საქართველოში ყოფნა და შენ რა გადარდებსო. ამ სიტყვებით ის მანქანასთან დაბრუნდა და მე იქვე დავრჩი. ამასობაში შებინდდა კიდეც. როცა გამოვედი, დავინახე, რომ ჩემს მეგობარს მანქანა უკუსვლით მიყენებული ჰყავდა სადარბაზოსთან და შიგ მსხდომები უკვე ასულიყვნენ ბინაში. ავედი მეც და ჩემს მეგობარს ვუთხარი, რომ სოფელში ვბრუნდებოდი. წასვლისას მთხოვა, ზურგჩანთების ამოტანაში დავხმარებოდი, მე და აბუ-ჰურეირა ჩამოვედით დაბლა, ზურგჩანთები მსუბუქი იყო. აბუ-ჰურეირამ თბილად მთხოვა, ნაწყენი ნუ დარჩები და არ წახვიდეო" (მოწმის ჩვენებიდან).

"სხვები"

"რამდენიმე დღის შემდეგ ჩემს მეგობართან კამათი ისევ მომივიდა, რადგან თავს მოტყუებულად ვთვლიდი. ჩხუბის დროს დამემუქრა, თუ რამეს იტყვი ჩატაევის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ, ჩატაევს ვეტყვი და თუ შენ გამო რამე მოუვათ, სხვები, ანუ აჰმედ ჩატაევის თანამებრძოლები, შურს იძიებენ შენს ოჯახზე და შვილებს დაგიხოცავენო" (მოწმის ჩვენებიდან).

4 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაბინავებულებს ვარკეთილიდან გადმობარგებული სეიფულაჰი და აბდულაც შეუერთდნენ.
"ისლამური ხალიფატის" გავლენიანი­ ლიდერისა და მსოფლიოში ერთ-ერთი საშიში ტერორისტის საქართველოში ჩამოსვლა შეიძლება იმ დროისთვის წარმატებულ ოპერაციად ჩაითვალოს. ჩატაევის ხელშემწყობნი ფიქრობდნენ, რომ რადგან" ისინი "ხალიფატის" იდეებს მხარს უჭერდნენ, ვალდებულიც იყვნენ, ეს გაეკეთებინათ, მაშინ როცა მეორე ჯგუფი იმავე საქმისთვის 10.000 დოლარს ითხოვდა ("კვირის პალიტრის" მკითხველისთვის უკვე ცნობილია, რომ ჩატაევის ჩამოყვანაზე ორი ჯგუფი მუშაობდა).

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე გამ­ოკეტილ "ცალხელა აჰმედს" თითქოს საფრთხე არ ემუქრებოდა და ამაში აქაური გარემოცვის დარწმუნებასაც კი ცდილობდა.

"ძალას მოვიკრებ და გზას გავაგრძელებ"

"ბინაში რომ ავედი, ოთახში, სადაც ჩატაევს ეძინა, პისტოლეტი დავინახე. ზომით განსხვავებული იყო, დიდი ლულა და ასევე დიდი მჭიდი ჰქონდა. ამ პისტოლეტს ჩატაევი მუდმივად დაატარებდა, სახლშიც კი ყოველთვის გვერდით ედო. პისტოლეტს არ იშორებდა აბუ-ჰურეირაც. როგორც ჩატაევმა მითხრა, მისი იქ ყოფნით მე პრობლემა არ შემექმნებოდა, რადგან ის ყველას მკვდარი ეგონა, თან საქართველოში დიდხანს არ გაჩერდებოდა, ძალას მოიკრებდა და გზას აბუ-ჰურე­ირასთან ერთად გაუდგებოდა" ("მოწმის ჩვენებიდან).

თუმცა ჩატაევის მყუდროება 16-17 ნოემბერს კარზე კაკუნმა დაარღვია. როცა კარი გააღეს, ზღურბლზე დაინახეს ქალი, რომელმაც მშვიდად შეატყობინა, რომ მოსახლეობის აღწერა მიდის და სახლში­ მცხოვრებთა ვინაობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები იყო საჭირო. ამან ეჭვი გააჩინა და ბინაში მყოფები სასწრაფოდ საქმეში გარკვევას შეეცადნენ. ჩატაევმა ორ დღეში ბინიდან გადასვლა გადაწყვიტა და ეს გარემოცვასაც უთხრა, თუმცა წასვლამდე ის ერთი კაცის ჩამოსვლას ელოდა...

როგორც უკვე ვიცით, აჰმედ ჩატაევმა ბინიდან გასვლა ვერ მოახერხა. რაც შეეხება სეიფულაჰს და აბდულას, მხოლოდ 22 ნოემბრის საღამოს, ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დამთავრების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ლიკვიდირებული ასლანბეგ სოლტაჰმედოვი უკვე ყველასთვის ნაცნობი აბდულა გახლდათ, ხოლო დაკავებული შოაიფ ბორზიევი, ასევე ბევრისთვის ნაცნობი სეიფულაჰი.
ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც სპეცოპერაციის დამთავრებისთანავე გაჩნდა საზოგადოებაში, იყო შემდეგი: როგორ მოხვდა დიდი რაოდენობის იარაღი ჩატაევის ბინაში? ჩვენ მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შევეცდებით მკითხველს ამ მნიშვნელოვან კითხვაზეც გავცეთ პასუხი.

როცა 2017 წლის ოქტომბერში იზმ­ითში ჩატაევის საქართველოში არალეგალურად შემოსვლა გადაწყდა, სავარაუდოდ, იარაღის საკითხიც წამოიჭრა. "ხალიფატის" გამოცდილმა მებრძოლებმა კარგად იცოდნენ, რომ იარაღი არასდროს არის ზედმეტი, მით უმეტეს, თუ ქვეყანაში კონკრეტული გეგმით ჩადიხარ. თუმცა ისიც გაითვალისწინეს, რომ დიდი რაოდენობით იარაღის ტრანსპორტირება და საზღვარზე გადატანა, თუნდაც არალეგალურად, სახიფათო იყო. გარდა ამისა, მთებში მათი ზიდვა ჯგუფს მობილურობას დააკარგვინებდა, ამიტომ იარაღი ისევ საქართველოში უნდა ეშოვათ. მაგრამ როგორ? გამოსავალს ისევ აჰმედ ჩატაევმა მიაგნო - გამოეყენებინათ ის იარაღი, რომელიც "კავკასიის ემირატის"" მებრძოლებს ჰქონდათ ერთ დროს საქართველოში. თუმცა წლების შემდეგ მისი მოძიება ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული. ერთი ასეთი­ ადგილი "ცალხელა აჰმედმაც"" იცოდა - კახეთში, სოფელ შილდასთან, ტყეში. თუმცა, რა თქმა უნდა, თავად ჩატაევი იქ ჩასვლას ვერ გარისკავდა. ამიტომ ჯერ კიდევ იზმითში ამ იდეას ყველა სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა სხვა გზა არ რჩებოდათ, უნდა გაერისკათ.

4 ნოემბერს აბუ-ჰურეირა თანმხლებ პირთან ერთად შილდაში ჩავიდა. ისინი მძღოლმა ტყესთან დატოვა. აბუ-ჰურეირას უნდა შეეთვალიერებინა და გადაეღო ყველა საეჭვო ადგილი, შემდეგ გადაეგზავნა ჩატაევისთვის და დადასტურების შემთხვევაში იარაღი იმავე მანქანით უნდა წამოეღოთ. იარაღის მძებნელებმა სამალავის სავარაუდო აღწერილობის გარდა, კიდევ ერთი მინიშნება იცოდნენ - ეს ლუდის ქილა უნდა ყოფილიყო, რომელიც სამალავის ადგილზე იქნებოდა ჩაფლული (ჩვენ ექსკლუზიურად მოვიპოვეთ იარაღის სამალავის აღმოჩენის ვიდეოკადრები, სადაც თავად აბუ-ჰურეირაც ჩანს, უკვე ყველასთვის ცნობილი წითელი სპორტული ფეხსაცმლით. კადრები იხ. Palitravideo.ge-ზე). როგორც აბუ-ჰურეირას თანმხლები პირი მოგვიანებით აღნიშნავდა, ტყეში ორმო ამოთხარეს. ამოიღეს 4-5 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვიები, ხელყუმბარები... იარაღი ჩააწყვეს ჩანთებში და რამდენიმე დღის შემდეგ ჩამოიტანეს თბილისში, პირდაპირ ჩატაევთან ბინაში. სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია, იარაღის არსენალის შესავსებად ნახეს თუ არა სხვა სამალავები.

26 დეკემბრის ღამით ტერორიზმში ხელშემწყობ პირთა დასაკავებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისსა და პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. დილით სპეცოპერაციის შედეგმა კიდევ ერთხელ გააოგნა საზოგადოება.

პარალელურად, 26 დეკემბერს, თურქეთის სპეცსამსახურებმა ტრაპზონში თურქეთში აჰმედ ჩატაევის უახლოესი გარემოცვის წევრი", "ისლამური ხალიფატის" მხარდამჭერი ალი, იგივე გოჩა საგინაძე დააკავეს. საინტერესოა, რომ ჩატაევი საქართველოში გამომგზავრების წინ სწორედ ალის ოჯახში იმყოფებოდა, ხოფაში. გაგრძელება: "ამანათი" სახელად "ბრატი"

ნინო ბურჭულაძე

საქართველოს შვილები
30 ივლისი 2018 15:52
ძალიან საინტერესოა. ქნ ნინო როგორც ყოველთვის მტკიცებულებაზე დაფუძნებულ მასალებს გვავწდის მადლობა. სტატიიდან ჩანს, რომ ჩვებმა სპეც სამსახურებმა ფაქტიურად 3 კვირაში დაადგინეს ჩატაევის აადგილსამყოფელი, მას შემდეგ რაც ის საქართველოში შემოიპარა. ასე , რომ თითქოს ის თვეობით ცხოვრობა ამ ბინაში ტყუილია, სიადან გაჩნდა იარაღი ამასაც ძალიან ლოგიკური ახსნა. აქვს დარწმუნებული ვარ ესეთი სამალავი ერთი არ ექნებოდათ. პასუხ გაუცემელია და ძალიან მნიშვნელოვანი, რატომ იყო ჩატაევი დარწმუნებული, რომ ჩვენი მესაზღვრეები პრობლემას არ შეუქმნიდნენ!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა  ლუსტრაციის კანონის მიღება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა ლუსტრაციის კანონის მიღება?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები