"ჩატაევმა ამირიძე, ლორთქიფანიძე და ადეიშვილი ახსენა... დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ პირებს ემუქრებოდა" - კვირის პალიტრა

"ჩატაევმა ამირიძე, ლორთქიფანიძე და ადეიშვილი ახსენა... დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ პირებს ემუქრებოდა"

"ჩემი აქ ყოფნით პრობლემა არ შეგექმნება, რადგან ყველას მკვდარი ვგონივარ" აჰმედ ჩატაევი".

31 ოქტომბერი 2017წ.

"კვირის პალიტრა" აგრძელებს აჰმედ ჩატაევის საქართველოში შემოსვლისა და ცხოვრების ექსკლუზიური დეტალების გამოქვეყნებას. გთავაზობთ ამონარიდებს მორიგი სტატიიდან, რომელშიც მოთხრობილია თუ როგორ ჩამოვიდა ჩატაევი აჭარიდან თბილისში და როგორ მოხვდა იარაღი იმ ბინაში, სადაც ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა:

მოწმის ჩვენებიდან: "სამი მამაკაციდან ერთი ვიცანი, ის აჰმედ ჩატაევი იყო. თავი და წვერი გაპარსული ჰქონდა, კეპი ეხურა, მუქი საწვიმარი ქურთუკი და ბათინკები ეცვა. მახსოვდა, რომ ხელსა და ფეხზე პროთეზი ჰქონდა, თუმცა ეს შესამჩნევი არ იყო, ჩვეულებრივად დადიოდა. ჩატაევსა და მის თანმხლებ პირებს ორი ზურგჩანთა ეკიდათ. ისინი მალევე ჩასხდნენ ჩემს მანქანაში. როცა მეც ვჯდებოდი, უცნობი მამაკაცი მოვიდა და გაგვაფრთხილა, რომ ტერიტორიაზე ქართველი მესაზღვრეები დადიოდნენ. როცა ჩატაევის თანმხლებმა პირმა გაფრთხილებისთვის მადლობა ქართულად გადაუხადა, გამიკვირდა, მე სამივე ჩეჩენი მეგონა (ჩვენი ინფორმაციით, აბდურაჰმანი აჭარელია, სავარაუდოდ, შავაძე. - ავტ.). ჩატაევმა მოულოდნელად ჩემს მეგობარს ჩეჩნურად ჰკითხა, რაზე ლაპარაკობენო და როცა უთარგმნეს, მისი პასუხი იყო, მესაზღვრეებთან პრობლემა არა მაქვსო…

...

"მგზავრები"

"უკვე ბათუმში მძღოლს ვუთხარი, ქალაქში მანქანა გაეჩერებინა, რადგან მეგობარი მყავდა სანახავი და წასვლას ვაპირებდი. ამის გაგონებაზე ჩატაევმა ჩეჩნურად მითხრა, მანქანიდან შენი გადასვლა არ გამოვა, თბილისში უნდა წამოხვიდეო.

გზაში ჩატაევმა სანდრო ამირიძე (ყოფილი ანტიტერორისტული ცენტრის სამმართველოს უფროსი, მოლაპარაკებას აწარმოებდა ლოპოტის ხეობაში შეიარაღებულ ჯგუფთან - ავტ.), ლორთქიფანიძე (გია ლორთქიფანიძე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე - ავტ.) და ადეიშვილი (ყოფილი იუსტიციის მინისტრი - ავტ.) ახსენა და ინატრა, ნეტავ სადმე შეიძლებოდეს მათი ნახვაო. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩატაევი ამ პირებს ემუქრებოდა" (მოწმის ჩვენებიდან).

...

როცა 2017 წლის ოქტომბერში იზმითში ჩატაევის საქართველოში არალეგალურად შემოსვლა გადაწყდა, სავარაუდოდ, იარაღის საკითხიც წამოიჭრა. "ხალიფატის" გამოცდილმა მებრძოლებმა კარგად იცოდნენ, რომ იარაღი არასდროს არის ზედმეტი, მით უმეტეს, თუ ქვეყანაში კონკრეტული გეგმით ჩადიხარ. თუმცა ისიც გაითვალისწინეს, რომ დიდი რაოდენობით იარაღის ტრანსპორტირება და საზღვარზე გადატანა, თუნდაც არალეგალურად, სახიფათო იყო. გარდა ამისა, მთებში მათი ზიდვა ჯგუფს მობილურობას დააკარგვინებდა, ამიტომ იარაღი ისევ საქართველოში უნდა ეშოვათ. მაგრამ როგორ? გამოსავალს ისევ აჰმედ ჩატაევმა მიაგნო - გამოეყენებინათ ის იარაღი, რომელიც "კავკასიის ემირატის" მებრძოლებს ჰქონდათ ერთ დროს საქართველოში. თუმცა წლების შემდეგ მისი მოძიება ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული. ერთი ასეთი ადგილი "ცალხელა აჰმედმაც" იცოდა - კახეთში, სოფელ შილდასთან, ტყეში. თუმცა, რა თქმა უნდა, თავად ჩატაევი იქ ჩასვლას ვერ გარისკავდა. ამიტომ ჯერ კიდევ იზმითში ამ იდეას ყველა სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა სხვა გზა არ რჩებოდათ, უნდა გაერისკათ.

4 ნოემბერს აბუ-ჰურეირა თანმხლებ პირთან ერთად შილდაში ჩავიდა. ისინი მძღოლმა ტყესთან დატოვა…

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

იხილეთ დასაწყისი: "ბოლო წუთამდე გაგიწევთ წინააღმდეგობას!"- ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დღემდე გაუხმაურებელი დეტალები იხილეთ  ასევე: "ჩატაევი დამემუქრა, არსად არაფერი თქვა, ხომ იცი, სად ხარ და ვინ ვართო!"

ნინო ბურჭულაძე