"მზეთუნახავი - ურჩხულის ქვრივი" - რატომ იქცა ბათირაშვილის ქვრივის დაბრუნება კადიროვისთვის "ღირსების საქმედ"? - კვირის პალიტრა

"მზეთუნახავი - ურჩხულის ქვრივი" - რატომ იქცა ბათირაშვილის ქვრივის დაბრუნება კადიროვისთვის "ღირსების საქმედ"?

თურქულ და რუსულ მედიაში "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის აბუ-ომარ ალ-შიშანის (თარხან ბათირაშვილის) ქვრივის სედა დუდუკაევას სტრამბოლში დაკავების შესახებ საკმაოდ ბევრი მასალა ქვეყნდება.

გთავაზობთ ამონარიდს გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული სტატიიდან:

ისტორია, რომელიც ფილმს ჰგავს

დაკავებული სედა დუდურკაევა ერთ-ერთი ჩეჩენი ჩინოვნიკის - ასუ დუდურკაევის ასულია. იგი უდარდელად ცხოვრობდა და არაფერი აკლდა. მოგვიანებით ჩეჩენი ქალიშვილის შეხედულებები უფრო რადიკალური გახდა. მან ინტერნეტით გაიცნო ქართველი ჰამზათი, რომელიც სირიაში ჯიჰადისტების რიგებში იბრძოდა. ჰამზათი "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის - აბუ-უმარ ალ-შიშანის მარჯვენა ხელი იყო. ისინი ერთად იზრდებოდნენ საქართველოში, ბავშვობაში მეზობლად ცხოვრობდნენ. სედა დუდურკაევა სირიაში თურქი შუამავლების დახმარებით ჩავიდა, ცოლად გაჰყვა ჰამზათს და გადაწყვიტა, რომ უკან, ჩეჩნეთში აღარ დაბრუნებულიყო.

როცა რამზან კადიროვმა გაიგო, რომ სედა "ისლამური სახელმწიფოს" რიგებს შეუერთდა, მამამისი სამსახურიდან გაათავისუფლა: "რატომ ვერ მიაქციე შენს ფანატიკოს ქალიშვილს ჯეროვანი ყურადღებაო". რამზან კადიროვმა სედა დუდურკაევას ჩეჩნეთში დაბრუნება "ღირსების საქმედ" გამოაცხადა.

იმ ხანებში ჰამზათის დედა ლეილა აჭიშვილი თავის შვილს სკაიპით დაუკავშირდა და მისგან სირიაში ჩასვლაზე (მონახულებაზე) თანხმობა მიიღო. ჩეჩნეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ლეილას აჭიშვილს დაეკონტაქტნნე და სთხოვეს, რომ იქნებ უკან დაბრუნებისას სედაც თან წამოიყვანოო.

უარი დაბრუნებაზე

როგორც ლეილა აჭიშვილმა განაცხადა, გამოცემა Daily Beast-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ჰამზათი და სედა საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, მაგრამ სედას სიღარიბე არ ადარდებდა. მათ ერთმანეთი უყვარდათ. როცა ლეილამ სედას უკან დაბრუნებაზე ლაპარაკი დაუწყო, გოგონამ უპასუხა, რომ სირიაში თავს თავისუფლად გრძნობს და უკან დაბრუნებას იქ სიკვდილი ურჩევნია. წყარო

იხილეთ ასევე: "ჩემი შვილები სირიაში დასახოცად არ გამიზრდია"

აფეთქების მსხვერპლი

ლეილა აჭიშვილის საქართველოში დაბრუნებიდან ოთხი დღის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია ჰამზათის დაღუპვის შესახებ. აი, ამის გამო კი სედამ უკვე სახლში დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ, ბათირაშვილმა ნება არ დართო და უთხრა, რომ "შაჰიდის ცოლი მარტოობაში არ უნდა იყოსოს". მან სედა ცოლად შეირთო. ამასთანავე, დადიოდა ხმები, რომ აბუ-ომარმა მეგობარი წინასწარ განზრახულად მოკლაო. როცა ჰამზათი ერთ-ერთი ბრძოლიდან ბრუნდებოდა, მისი მანქანა აფეთქდა და ეს ფაქტი ზოგიერთებმა საეჭვოდ მიიჩნიეს.

"მზეთუნახავი - ურჩხულის ქვრივი" - ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია რუსულმა გამოცმა «Московский комсомолец» -მა.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, სედა დუიდურკაევას მამა - ასუ დუდურკაევი ადრე რუსეთის ფედერალური საიმიგრაციო სამსახურის ჩეჩნეთის სამმართველოს უფროსი იყო, მაგრამ როგორც კი მისი ქალიშვილი სირიაში "გაიპარა" და ერთ-ერთი "ბოევიკის" ცოლი გახდა, ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა ასუ დუდურკაევი თანამდებობიდან მოხსნა. ამის შემდეგ ექსჩინოვნიკის ირგვლივ უნდობლობის ატმოსფერო შეიქმნა: ასუ დუდურკაევს ნათესავებიც კი განუდგნენ. ამასთანავე, უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ ასუ დუდურკაევი პატიოსანი ადამიანია, უბრალოდ, მან ვერ შეძლო თავისი შვილები და განსაკუთრებით, ქალიშვილისთვის დაუფიქრებელი ნაბიჯი აერიდებინა.

როცა აშკარა გახდა "ისლამური სახელმწიფოს" მარცხი, სირიიდან თურქეთში ბევრი ჩეჩენი "ბოევიკის" ოჯახობა გადავიდა, იქიდან კი ჩეჩნეთში დაბრუნდნენ. გროზნოში თურქეთიდან რამდენიმე სპეციალური ავიარეისი დაინიშნა, რომელთა მგზავრები სწორედ ტერორისტების ცოლები და შვილები იყვნენ. უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ სწორედ რამზან კადიროვის დამსახურებაა "შემცდარი" თანამემამულეების გადარჩენა.

ამასთანავე, იყვნენ ისეთებიც, რომელთა ქმრები ბრძოლებში დაიხოცნენ, მათ ოჯახებს კი არსად არ უშვებდნენ. ცოლები ე.წ. "ქვრივთა სახლებში" ცხოვრობდნენ, საკმაოდ ხშირად კი ძალდატანებით მეორედ ათხოვებდნენ - ისინი კვლავ აჩენდნენ ბავშვებს, ჯიჰადის მომავალ ჯარისკაცებს. ფაქტობრივად, მონების, ხარჭების და პოტენციური "კამიკაძეების" ("შაჰიდების") მდგომარეობაში იყვნენ.

"სედა დუდურკაევს ქმარი 2016 წელს დაეღუპა", - ჰყვებიან ოჯახის ნაცნობები, - აბუ- ომარ ალ-შიშანი, საქართველოს ყოფილი მოქალაქე თარხან ბათირაშვილი იყო.

არაა გამორიცხული, რომ თურქული მხარე დაკავებულ სედა დუდურკაევას ჩეჩნეთში დაბრუნების ნებას მისცემს - ასეთი შემთხვევები უკვე იყო, თუ ქალებს მცირეწლოვანი შვილები ჰყავდათ. ისინი რუსეთში ბრუნდებიან და შემდეგ რუსული სპეცსამსახურების კონტროლის ქვეშ იმყოფებიან. "დაბრუნებისას, გოგონები რუსულ ძალოვან სტრუქტურებს ჩვენებებს აძლევენ, ისინი აღიარებენ ჩადენილ შეცდომას, მათგან თითების ანაბეჭდებს იღებენ და ადგილობრივ სპეციალურ ორგანოებს გადასცემენ", - ამბობს უფლებადამცველი ხედა სარატოვა.

რუსული გამოცემა ამტკიცებს, რომ რუსეთში დაბრუნებულ ქალებს და ბავშვებს მშვიდი და ბედნიერი ცხოვრებისთვის ყველა პირობა აქვთ, თუმცა რეალურად რა ხდება, საკითხავია...

რა ელის სედას, რთული სათქმელია, კადიროვი არათუ ნებას მისცემს, სავარაუდოდ, ყველაფერს გააკეთებს მისი ჩეჩნეთში დაბრუნებისთვის, რადგან როგორ თურქული გამოცემა წერს, ეს მისთვის თითქმის "ღირსების საქმედ" იქცა. წყარო

იხილეთ ასევე: ბათირაშვილის ცოლზე კადიროვი კარგა ხნის განმავლობაში "ნადირობდა" - თურქეთი სედას რუსეთს გადასცემს?

მოამზადა სიმონ კილაძემ