"ამბობდნენ, რომ თარხანს ზურგს ძმა უმაგრებდა" - ბათირაშვილის ძმა - აბდურახმან ალ შიშანი მოკლეს - კვირის პალიტრა

"ამბობდნენ, რომ თარხანს ზურგს ძმა უმაგრებდა" - ბათირაშვილის ძმა - აბდურახმან ალ შიშანი მოკლეს

სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" ყოფილი ლიდერის, აბუ ომარ ალ შიშანის უფროსი ძმა თამაზ ცათიაშვილი მოკლეს. ინფორმაციას ადასტურებენ პანკისის ხეობაში, სადაც გარდაცვალების თაობაზე ცნობა გუშინ საღამოს გავრცელდა.

ადგილობრივების თქმით, ცათიაშვილი საბრძოლო მოქმედების დროს გარდაიცვალა, მასთან ერთად მყოფმა მეუღლემ და შვილებმა კი გადარჩენა მოახერხეს.

დეტალებზე "კვირის პალიტრის" ანალიტიკოსი, ნინო ბურჭულაძე გვესაუბრება:

- თარხან ბათირაშვილის ძმა ატარებდა დედის გვარს, ამიტომაც არის გვარად ცათიაშვილი. სირიაში მას აბდურახმან ალ შიშანით იცნობდნენ. ჩემი ინფორმაციით, ის საბრძოლო მოქმედების დროს დაიღუპა.

დეტალები ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია. ვცდილობთ დავადგინოთ მასთან ერთად იმყოფებოდნენ თუ არა საქართველოს სხვა მოქალაქეები. "ისლამური ხალიფატის" ე.წ.  სტაფში გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას ეკავა კონტრდაზვერვის უფროსის თანამდებობა, ასევე კურატორობდა " ხალიფატის" ციხეებს.

2016 წლის შემოდგომიდან მისი კვალი სირიაში დაიკარგა. წლის ბოლოსკენ მოჯახედურ წრეებში გავრცელდა ვერსია, რომ ის იმყოფებოდა ავღანეთში. მიუხედავად იმისა, რომ თარხან ბათირაშვილი ქართულ ჯარში მსახურობდა და 2008 წლის აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა, მას არ ჰქონია სათანადო საომარი გამოცდილება, რასაც ვერ ვიტყვით მის ძმაზე - თამაზ ცათიაშვილზე, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომის დროს (1999-2000წწ) იჩკერიის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა რიგებში იმყოფებოდა, ხოლო ომის დამთავრების შემდეგ, ჩემი ინფორმაციით, ერთხანს მუსლიმ ალ შიშანთან (ნურად მარგოშვილი) ერთად. ჩეჩნეთის ტყეებში ებრძოდა რუსებს. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ თარხან ბათირაშვილი უფრო ცნობილი იყო მსოფლიო მედიისთვის, ხშირად იყო საუბარი დაინტერესებულ წრეებში, რომ თარხანის უკან უფრო დიდი საბრძოლო გამოცდილების ადამიანი, მისი ძმა იდგა და სავარაუდოდ, სწორედ ის იყო წარმატებული ოპერაციების დამგეგმავი.

სხვათა შორის, როცა თარხან ბათირაშვილი მოკლეს, ერთ ხანს ლაპარაკი იყო, რომ შეიძლებოდა "ხალიფატის" სამხედრო მინისტრის პოსტი მის ძმას დაეკავებინა, რომელიც ისედაც არაფორმალური მინისტრი იყო, თუმცა იმ პერიოდში რაკკაში ჩეჩნური ფრთა ისეთი პოპულარული აღარ იყო. მათი გაზრდილი გავლენების გამო ისინი დაშალეს და სხვადასხვა ფრონტებზე გაუშვეს.

"ისლამური სახელმწიფოს" ე.წ იუსტიციის მინისტრი გურამ გუმაშვილი კი დააქვეითეს. სწორედ თარხანის სიკვდილის შემდეგ ჩნდება მისი ძმის კვალი ავღანეთში. /თამაზ ცათიაშვილი შვილთან ერთად

ცათიაშვილის გამოჩენას ავღანეთის ჩრდილოეთ პროვინციებში დაემთხვა ავღანეთში "ისლამური ხალიფატის" ფილიალის გაძლიერება და მათ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე საბრძოლო ბანაკების შექმნა, სადაც ძირითად თავს იყრიდნენ ჩრდილოეთ კავკასიელები და პოსტსაბჭოური სივრციდან წამოსული მებრძოლები, სწორედ ამიტომ იყო, თუ ავღანურ მედიას დავუჯერებთ, საწვრთნელი ბანაკების ოფიციალური ენა რუსული.

გაჩნდა ეჭვი, რომ "ხალიფატი" შუა აზიაში შესაჭრელად ემზადებოდა. მოგეხსენებათ, სიტუაცია იმდენად საშიში გახდა, რომ საერთაშორისო კოალიციამ მიიღო გადაწყვეტილება ავღანეთში თავისი ძალები გაეძლიერებინა.

ჯერჯერობით ცათიაშვილის დაღუპვის დეტალები, როგორც თავშივე აღვნიშნე, ჩემთვის უცნობია, ვცდილობთ, ინფორმაციის მოპოვებას. თუმცა იმის გამო, რომ საბრძოლო მოქმედებების არეალში საკომუნიკაციო საშუალებები, ფაქტობრივად, არ არსებობს, დამატებით რაიმეს გაგება ჭირს..

სირიის კონფლიქტში - რომელიც უკვე მეშვიდე წელია მიმდინარეობს, სხვადასხვა დროს საქართველოს 200-მდე მოქალაქე იღებდა მონაწილეობას, როგორც "ხალიფატის" რიგებში, ისე ასადის წინააღმდეგ ბრძოლაში და აქვე დავაზუსტებ, რომ ისინი არ იყვნენ მხოლოდ პანკისის ხეობის მკვიდრნი.

ჩვენ ვიცით, რომ სირიააში იბრძოდნენ აჭარლებიც და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელებიც.

დაღუპულია 40-მდე მოქალაქე. ცოცხლად დარჩენილი 18 მებრძოლიდან რამდენია სირიაში და რამდენი იმყოფება თურქეთში, ჩემთვის უცნობია, ცნობილი საველე მეთაურებიდან ცოცხალი მხოლოდ მურად მარგოშვილი, იგივე მუსლიმ ალ შიშანია, რომელიც სირიაში ლატაკიის პროვინციაში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის.

სტატიაში გამოყენებულია 2017 წელს "კვირის პალიტრის" მიერ ექსკლუზიურად გამოქვეყნებული ფოტოები

(სპეციალურად საიტისთვის)