"ცათიაშვილი ტყვედ ჩავარდნილმა თანამებრძოლმა გასცა" - ბათირაშვილის ძმის დაჯგუფებაზე თავდასხმის ექსკლუზიური კადრები - კვირის პალიტრა

"ცათიაშვილი ტყვედ ჩავარდნილმა თანამებრძოლმა გასცა" - ბათირაშვილის ძმის დაჯგუფებაზე თავდასხმის ექსკლუზიური კადრები

24 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის, აწ გარდაცვლილი აბუ ომარ ალ შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის უფროსი ძმა თამაზ ცათიაშვილი მოკლეს. ამ უკანასკნელს ოჯახის თან ჰყავდა წაყვანილი, თუმცა თავდასხმისას მეუღლემ და შვილებმა გადარჩენა მოახერხეს.

"ისლამური ხალიფატის" ე.წ. სტაფში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცათიაშვილს ეკავა კონტრდაზვერვის უფროსის თანამდებობა, ასევე კურატორობდა " ხალიფატის" ციხეებს.

როდესაც თარხან ბათირაშვილი მოკლეს, ერთ ხანს ლაპარაკი იყო, რომ შეიძლებოდა "ხალიფატის" სამხედრო მინისტრის პოსტი მის ძმას დაეკავებინა, რომელიც ისედაც არაფორმალური მინისტრი იყო, თუმცა იმ პერიოდში რაკკაში ჩეჩნური ფრთა ისეთი პოპულარული აღარ იყო. მათი გაზრდილი გავლენების გამო ისინი დაშალეს და სხვადასხვა ფრონტებზე გაუშვეს.

ცათიაშვილის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი, გვესაუბრება "კვირის პალიტრის" ანალიტიკოსი, ნინო ბურჭულაძე:

"როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, თამაზ ცათიაშვილი დაიღუპა იდლიბის პროვინციაში, ქალაქ ჯასარ აღშუღურთან. მოგეხსენებათ, სირიის კონფლიქტი ცნობილია, როგორც ომი - ყველა, ყველას წინააღმდეგ, შესაბამისად, "ისლამურ ხალიფატს" არა მხოლოდ საერთაშორისო კოალიცია და რუსეთი ებრძვის, არამედ სხვადასხვა მოჯაჰედური დაჯგუფებებიც. ბოლო დროს ცათიაშვილის დაჯგუფება (მინდა გითხრათ, რომ დაჯგუფება მოქმედებდა შენიღბულად) ხშირად თავს ესხმოდა ჰაიატ ტახრირ ალ შამის (სირიის დაცვის კომიტეტი, იბრძვის ასადის რეჟიმის წინააღმდეგ და ასევე უპირისპირდება "ისლამურ ხალიფატს". შექმნილია "ჯაფჰატ ან ნუსრას" ბაზაზე) მებრძოლებს.

ერთ-ერთი ასეთი შეტაკებისას მოჯაჰედებს ტყვედ ჩაუვარდათ ცათიაშვილის ჯგუფის მებრძოლი, რომელმაც საბოლოოდ გასცა კიდეც დაჯგუფების შტაბის ადგილმდებარეობა. მოჯაჰედური ვებსაიტების ინფორმაციით, ეს შტაბი ასევე იყო "ხალიფატის" ლიდერის აბუ ბაქრ ალ ბაღდადის უსაფრთხოების შტაბ- ბინაც, სწორედ ამ სახლს დაესხნენ თავს ჰაიატ ტახრირ ალ შამის მებრძოლები. ჩემი ინფორმაციით, ორი - თუ სამი ტყვედ ჩაიგდეს, თამაზ ცათიაშვილი, რომელმაც შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, მოკლეს. ჩემთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ იმ შტაბზე თავდასხმას გადაურჩა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ალ ბარა ალ შიშანი - ცეზარ ტოხოსაშვილი. ის თავდასხმისას შემთხვევით სხვაგან იმყოფებოდა".

იხილეთ ვიდეო: თავდასხმა თამაზ ცათიაშვილის დაჯგუფების შტაბ-ბინაზე