"ვიცოდი, რომ ჩატაევი ატარებდა შაჰიდის ქამარს, თუმცა..." - "ამანათი" სახელად "ბრატი"
03-08-2018
"ვიცოდი, რომ ჩატაევი ატარებდა შაჰიდის ქამარს, თუმცა..." - "ამანათი" სახელად "ბრატი"
"ვიცოდი, რომ აჰმედ ჩატაევი თურქეთში დაცვით დადიოდა. იყო მუდმივად შეიარაღებული და ატარებდა შაჰიდის ქამარს. თუმცა, როცა სპეცსამსახურების ხელმძღვანელობას ჩატაევის დანაბარები გადავეცი, არ უთქვამთ, რომ ჩატაევი ტერორისტი იყო. ეს მეც არ ვიცოდი, არც ტელევიზიით გამიგია რამე".
ანატოლი ბერძენიშვილი, სასამართლო პროცესიდან

"აბუ-ვაჰაბმა გვითხრა, რომ აღნიშნული პირი, "ბრატი", "ამანათი" იყო. ამანათი ყურანის მიხედვით საიდუმლოა, რომლის გამჟღავნება ან მასზე საუბარი აკრძალულია და ცოდვად ითვლება".
ბადურ ჩოფანაშვილის ჩვენებიდან

"ავსტრიაში ტერორიზმთან კავშირში ეჭვმიტანილის ჩამოყვანა, ცხადია, უსაფრთხოების რისკებს
შეიცავდა. ჩვენ გვაქვს მკაფიო პოლიტიკა - ქვეყანაში არ შემოვუშვათ "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული პირები. ეს ეხება მკურნალობის მიზნით ვიზიტებსაც".
ჰერბერტ კიკლი, ავსტრიის შს მინისტრი, გამოცემა KRON

საბედისწერო გასროლა

26 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა დასაკავებლად ერთდროულად თბილისსა და პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო.
შედეგმა კიდევ ერთხელ გააოგნა საზოგადოება - როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოს ერთ-ერთ საშიშ ტერორისტს, რომელიც საქართველოში ტერაქტს გეგმავდა, გამოძიების ვერსიით, ქვეყანაში არაერთი ხელშემწყობი აღმოაჩნდა - თბილისში დააკავეს პანკისელი ზურაბ გორნაკაშვილი და რამაზ (ხიზრი) მარგოშვილი, თავად პანკისის ხეობაში კი ბადურ ჩოფანაშვილი, რუსლან ალდამოვი და ზურაბ იდოიძე. თუმცა ხეობელთა მღელვარების მიზეზი სულ სხვა რამ გახდა - სპეცდანიშნულების რაზმი მაჩალიკაშვილების სახლში შეიჭრა და 19 წლის თემირლანი სნაიპერის ტყვიით თავის არეში დაჭრა (სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლების განმარტებით, მან ხელყუმბარის ამოქმედება სცადა). მაჩალიკაშვილი უმძიმეს მდგომარეობაში ჯერ თელავის, ხოლო მოგვიანებით თბილისის საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ამ ფაქტმა ხეობის მოსახლეობა უკიდურესად გააღიზიანა, ქუჩაში გამოსულები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან განმარტებას ითხოვდნენ, თუმცა უწყება პასუხის გაცემას არ ჩქარობდა. ხელისუფლება დაჭრილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასაც გეგმავდა და თურქეთისა და ავსტრიის კლინიკებთან მოლაპარაკებაც დაიწყო. მთავრობა მზად იყო, პირისთვის, რომელსაც გამოძიება ტერორიზმის ხელშეწყობაში სდებდა ბრალს, საზღვარგარეთ ხანგრძლივი მკურნალობის ხარჯი აენაზღაურებინა(?!). სახელმწიფო სტრუქტურების ასეთმა მიდგომამ საზოგადოება უფრო დააბნია. ამასობაში ავსტრიულმა მხარემ უარი თქვა თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე - ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ტერორიზმთან კავშირში ეჭვმიტანილს ავსტრიაში არ უშვებდნენ. 10 იანვარს თემირლან მაჩალიკაშვილი გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. 22 იანვარს გამოძიებამ თბილისში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი, ქვისმთლელი ანატოლი ბერძენიშვილი დააკავა.

არაერთგვაროვანი იყო საზოგადოების დამოკიდებულება სხვა დაკავებული პირების მიმართ, რომელსაც კარგა ხანს არ სჯეროდა, რომ ქვისმთლელის, ხელოსნისა და ტყისმჭრელის ტანდემს შეეძლო ისეთი სარისკო ოპერაციის დაგეგმვა და ჩატარება, როგორიც "ხალიფატის" ერთ-ერთი ლიდერის საქართველოში უსაფრთხოდ შემოყვანა-დაბინავებაა.

"იქ იმყოფებოდა "ბრატი"

ექსკლუზიურად მოპოვებულ დაკავებულთა ჩვენებებზე დაყრდნობით მოვუთხრობთ მკითხველს, თუ როგორ მოხდა იზმითში დაგეგმილი ოპერაციის ლოჯისტიკა და ორგანიზება საქართველოში...
წინასწარ შერჩეული სანდო ხალხის ნაწილი 2017 წლის ოქტომბრის მიწურულს ომალოში შეიკრიბა. შეხვედრა რუსლან ალდამოვის - აბუ-ვაჰაბის თხოვნით ჩოფანაშვილის სახლში შედგა. ზურიკო გორნაკაშვილთან ერთად შეხვედრაზე ზურა იდოიძეც მივიდა (აბუ-ვაჰაბი მას პირადად არ იცნობდა, იდოიძეს რეკომენდაცია საზღვარგარეთიდან გაუწიეს).

"როცა შეკრების მიზეზი ვიკითხე, მან (აბუ-ვაჰაბმა - ავტ.) მითხრა, მანქანიანი­ და მართვის მოწმობის მქონე ბიჭები მჭირდება თურქეთში, ხოფაში გასაშვებადო. იქ იმყოფებოდა ერთი პირი - "ბრატი" (ასე მოიხსენიებდა აბუ-ვაჰაბი მას), რომელსაც საბუთები არ ჰქონია. თურმე უცხო ხალხს არ ენდობოდა და მისი საქართველოში შემოყვანისთვის სანდო ხალხი იყო საჭირო. ბიჭებს "ბრატი" ხოფიდან თურქეთის საზღვრამდე, ტყესთან უნდა მოეცილებინათ" (მოწმის ჩვენებიდან).

ომალოში შეთანხმება შედგა და იმავე დღეს თბილისში გამოემგზავრნენ. ღამე გაბრიელ სალოსის გამზირზე ზურაბ გორნაკაშვილის სიძის ბინაში გაათიეს. მეორე­ დღეს ცნობილი შეიქნა, რომ "ბრატი" კავშირზე გამოვიდა და გორნაკაშვილი და იდოიძე თურქეთში უნდა გამგზავრებულიყვნენ. წასვლის წინ შეიტყვეს, რომ თურქეთში მათ მობილურის სიმბარათებიც უნდა გაეყოლებინათ ხელს. გარდა ამისა, აბუ-ვაჰაბმა მათ გადასცა ტელეფონი, რომელიც მხოლოდ თურქეთში გადასვლისას უნდა ჩაერთოთ და დაერეკათ იმ ნომერზე, რომელიც ტელეფონში იყო ჩაწერილი. გარდა ამისა, საქართველოდან ჩასულებს ხოფაში დახვდებოდათ პირი, რომლის ვინაობაც მათ არ იცოდნენ. მას საქართველოდან ჩასულები "ბრატთან" უნდა მიეყვანა. სამგზავრო ხარჯისთვის გორნაკაშვილსა და იდოიძეს 400 დოლარი მისცეს. როდესაც­ მათ თურქეთისკენ აიღეს გეზი, აბუ-ვაჰაბმა ჩოფანაშვილს შესთავაზა, პანკისში წასვლას ნუ ვიჩქარებთ, თბილისში დავრჩეთო და თანმხლები პირი ვარკეთილში, ბინაში აიყვანა, სადაც მათ ორი ჩეჩენი ახალგაზრდა დახვდათ (ასლანბეგ სოლტაჰმედოვი და შოაიფ ბორზიევი), რომელთაც ჩოფანაშვილი აბდულათი და სეიფულას სახელებით იცნობდა ჯერ კიდევ პანკისიდან, როცა ისინი აბუ-ვაჰაბს სტუმრობდნენ. თუმცა სტუმრიანობა ვარკეთილში ამით არ დამთავრებულა, ორი საათის შემდეგ ბინის კარის ზღურბლზე კიდევ ერთი უცნობი გამოჩნდა.

ქვისმთლელი

"ხელი ყველას ჩამოგვართვა, ამის შემდეგ ალდამოვი, აბდულა, სეიფულაჰი და უცნობი მამაკაცი სასაუბროდ დასხდნენ. რუსულად საუბრობდნენ და მოსულ მამაკაცს ტოლიკს (ანატოლი ბერძენიშვილი - ავტ.) ეძახდნენ. რადგან რუსული არ ვიცი, მათი საუბრის შინაარსი ვერ გავიგე. აბუ-ვაჰაბს ვკითხე, ვინ იყო ეს უცხო მამაკაცი. მან მომიგო, ქართველია, "ბრატის" სანდო პირი. როდესაც "ბრატი" საქართველოს საზღვარს გადმოვა, ტოლიკი თბილისში გადმოიყვანსო. მოგვიანებით, როდესაც აბუ-ვაჰაბს ვუსაყვედურე, თუ ქართველმა ტოლიკამ იცოდა ჩატაევის საქართველოში შემოსვლის შესახებ, მე, მუსლიმ ძმას, რატომ დამიმალე-მეთქი, მითხრა, ტოლიკი ჩატაევს 2012 წლიდან იცნობს, ეხმარება კიდეც საჭიროების შემთხვევაში, ძმაკაცობენ და ტოლიკს ძალიან ენდობაო" (მოწმის ჩვენებიდან).
ვარკეთილში ტოლიკს საუბარი გვიანობამდე გაუგრძელდა. 27 ოქტომბერს გორნაკაშვილი და იდოიძე თურქეთიდან დაბრუნდნენ ("კვირის პალიტრის" მკითხველისთვის უკვე ცნობილია ხოფაში ჩატაევთან შეხვედრისა და მისი თურქეთის საზღვრამდე გაცილების დეტალები).

"ამანათი"

თურქეთიდან დაბრუნებულები აბუ-ვაჰაბსა­­ და ჩოფანაშვილთან ერთად ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ბინაში შეიკრიბნენ.
"ზურიკო გორნაკაშვილი და ზურა იდოიძე შეშინებული ჩანდნენ და აბუ-ვაჰაბს უსაყვედურეს, ასეთ კაცთან თუ გვგზავნიდი, რატომ არ გვითხარიო. აბუ-ვაჰაბმა მიუგო, რომ აღნიშნული პირი, რომელსაც "ბრატად" მოიხსენიებდა,­ იყო "ამანათი". საუბრისას გაირკვა, რომ "ბრატს" სჭირდებოდა მეორე მანქანა, რის გამოც ტოლიკი ხოფაში ჩავიდა. როდესაც გორნაკაშვილს კამათის დროს "ცალხელა" წამოსცდა, ვიეჭვე, რომ შესაძლოა საუბარი ჩატაევზე იყო. გვიან ღამემდე, სანამ დავიძინებდი, ვხედავდი, რომ აბუ-ვაჰაბი განუწყვეტლივ წერდა მესიჯებს, გუმანით მივხვდი, ადრესატი შეიძლება "ბრატი" ყოფილიყო" (მოწმის ჩვენებიდან).

მეორე დღეს აბუ-ვაჰაბმა მოულოდნელად განაცხადა, რომ მანქანის დაქირავება უნდოდა და ბინაში მყოფებს ინტერნეტში მანქანის გაქირავების ოფისებიც მოაძებ­ნინა. ჩეჩენი ტურისტები ჩამოდიან და დასავლეთში ექსკურსიაზე უნდა წავიყვანოო. მანქანა მართლაც დაიქირავეს ლესელიძის ქუჩაზე და სამი დღის საფასურიც გადაიხადეს. მას შემდეგ, რაც აბუ-ვაჰაბმა მანქანა ჩაიბარა, აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ის ბათუმში მიდიოდა. რადგან სარფის საბაჟოზე მას ორი ძვირად ღირებული ტელეფონი გაუფუჭეს და სიტუაციაში გარკვევა უნდოდა(?!), ჩოფანაშვილს თანხლება შესთავაზა. მოგვიანებით მას აუხსნა, რომ სარფის საბაჟოს გარდა, მას კიდევ ერთი საქმე ჰქონდა - ერთი გზა უნდა დაეთვალიერებინა. ბათუმში ჩასულებმა ღამე ავტოსადგურში მანქანის სადგომზე გაათიეს. მეორე დღე ქალაქში ხეტიალს მოანდომეს. უქმობა საღამოს დამთავრდა, როცა აბუ-ვაჰაბმა ჩოფანაშვილს ჰკითხა, იცოდა თუ არა გზა აჭარის მაღალმთიანეთისკენ, როდესაც უარი მიიღო, ტელეფონზე ნავიგაცია ჩართო და მთისკენ აიღეს გეზი.

"ვიარეთ 15-20 კილომე­ტრი, გზა ასფალტიანი იყო, გავიარეთ დასახლებული ტერიტორიები, ასევე გზად შევამჩნიე მშენებარე­ და უკვე დასრულებული ჰესებიც, ჩავედით კონკრეტულ სოფელში (მარადიდი­ - ავტ.), მანქანა გავაჩერეთ და აბუ-ვაჰაბმა შეტყობინებები გაგზავნა. შემდეგ უკან წამოვედით, უკანა გზაზე დავინახე საგუშაგო კოშკები, სადაც მესაზღვრეები და ჯარისკაცები იდგნენ. სოფელს, სადაც ვიმყოფებოდით, მთები ესაზღვრებოდა. მივხვდი, რომ საქართველოს საზღვართან ვიყავით, ბათუმში გვიან დავბრუნდით, ძალიან დაღლილი­ ვიყავი და მანქანაშივე ჩამეძინა. როცა ღამით­ გამეღვიძა,­ აბუ-ვაჰაბი მანქანაში არ იყო... დილით მითხრა, საქმეზე ვიყავიო. ტელეფონების ამბავი მოვიკითხე. უხალისოდ მიპასუხა, მოგვიანებით მოვაგვარებო. ვამჩნევდი, რომ კითხვებს რომ ვუსვამდი, არ მოსწონდა. დილით მეჩეთში ვილოცეთ. ნასაუზმევს აბუ-ვაჰაბმა მკითხა, თუ გახსოვს გზა, რომელზეც გუშინ ვიარეთო. როდესაც მხრები ავიჩეჩე, კვლავ ჩართო ნავიგაცია და ისევ გავუდექით გზას. მოასფალტებულს გადავუხვიეთ და კიდევ კარგა ხანს ვიარეთ. ერთხანს მანქანა ტალახში ჩაგვივარდა და სანამ ამოყვანას ვცდილობდი,­ აბუ-ვაჰაბი ისევ სატელეფონო შეტყობინებებს­ უგზავნიდა ვიღაცას. როდესაც მანქანა გავასწორეთ და ხელის დასაბანად გავედი, მანქანასთან სამი მამაკაცი­ დავინახე. ერთ-ერთში აჰმედ ჩატაევი ამოვიცანი" (მოწმის ჩვენებიდან).

"კვირის პალიტრის" მკითხველისთვის უკვე ცნობილია ამ შეხვედრისა და ჩატაევის თბილისში ჩამოყვანის შესახებ.

შუამავლები

ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული პირების დაბალი სოციალური სტატუსიდან გამომდინარე, საზოგადოებას დაუჯერებლად მიაჩნდა, რომ აჰმედ ჩატაევი, რომელსაც ნახევარი მსოფლიო უფრთხოდა, ამ, ერთი შეხედვით გამოუცდელი ჯგუფის იმედად ყოფილიყო, ამიტომ საზოგადოებაში მუდმივად იყო ეჭვი, ხომ არ იდგა ჩატაევის საქმის უკან ხელისუფლებასთან ასოცირებული პირი ან თუნდაც ჯგუფი. ამ ეჭვს ისიც ამყარებდა, რომ უკვე სასამართლო პროცესზე რამაზ მარგოშვილისა და ანატოლი ბერძენიშვილისგან ცნობილი გახდა, რომ ქართული სპეცსამსახურები ჩატაევთან კონტაქტზე გასვლას ჯერ კიდევ 2015 წლიდან ცდილობდნენ. მეტიც, ანატოლი ბერძენიშვილმა პროკურატურას მიმართა და განაცხადა, რომ კონტრტერორისტული დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ იცოდა ჩატაევის საქართველოში შემოსვლის შესახებ და ეს ინფორმაცია მან მიაწოდა(?!). ბერძენიშვილის თქმით, სექტემბრის ბოლოს ის შუამავლის დახმარებით შეხვდა კონტრტერორისტული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე პაატა ჯაჭვაძეს და გადასცა ჩატაევის დანაბარები - ცალხელა აჰმედი საქართველოში შემოსვლას ითხოვდა და ძალოვანებისგან პასუხს უმოკლეს დროში ელოდა. თუმცა, როგორც ბერძენიშვილი აცხადებდა, ძალოვანებმა პასუხი დროულად არ მისცეს, მეტიც, არ გააფრთხილეს, რომ აჰმედ ჩატაევი, რომელთანაც 5 წელი მეგობრობდა, ტერორისტი იყო.

"...მერე წავალ "შინ"

ჩვენ ექსკლუზიურად მოვიპოვეთ პაატა­ ჯაჭვაძის მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენება, სადაც ის სხვა საკითხებთან ერთად, ამ შეხვედრაზეც ლაპარაკობს.

"16 ოქტომბერს შეხვედრისას ბერძენიშვილმა მითხრა, რომ სექტემბრის ბოლოს თურქეთში შეხვდა ჩატაევს და გადმომცა მისი დანაბარები. ჩატაევს საქართველოში უსაფრთხოდ შემოსვლა უნდოდა და ამაში ხელისუფლების ხელშეწყობას ითხოვდა. მერე, ალბათ, წავიდოდა შინ(?!), გარდა ამისა, ბერძენიშვილისგან მივიღეთ კიდევ რამდენიმე ოპერატიული ინფორმაციაც... პასუხისთვის რამდენიმე დღე ვითხოვე. ორი დღის შემდეგ დამირეკა შუამავალმა, რომელმაც ბერძენიშვილი შემახვედრა და მითხრა, რომ ანატოლი ჩემგან პასუხს ელოდა. მე ვუთხარი, მზად არ ვარ-მეთქი. თუმცა შეთანხმებისამებრ პასუხი რამდენიმე დღეში მექნებოდა. ამ პერიოდს ჩვენი სამსახური შესაბამისი ღონისძიებების დასაგეგმად იყენებდა, როგორ გვემოქმედა და ა.შ. 4 დღის შემდეგ დაკავშირება ვცადე ბერძენიშვილთან და ამისთვის შუამავალს დავურეკე, თუმცა მან ვერ გვითხრა, სად იმყოფებოდა ბერძენიშვილი. შემდგომ თავად ვცადე დარეკვა, თუმცა არ მიპასუხა და ჩვენი საუბარი არც მერე შემდგარა" (ამონარიდი ჩვენებიდან).

სპეცსამსახურებისგან ქვეყანაში შემოსვლის თანხმობა რომ არ მიუღია ჩატაევს, ბერძენიშვილმა სასამართლოს ერთ-ერთ სხდომაზე დაადასტურა კიდეც. თუმცა, ჩნდება­ კითხვა, მაშინ რატომ გარისკა "ისლამური ხალიფატის" ლიდერმა საქართველოში შემოსვლა? ერთი ვერსიით, ის მისმა გარემოცვამ დააიმედა, თუმცა, მეორე მხრივ, შესაძლოა ჩატაევს ლოდინისთვის დრო აღარ ჰქონდა, ჩვენი ინფორმაციით, თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმის" დაწყებამდე უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, ავსტრიიდან რამდენიმე თანამოაზრესაც ელოდა...

ნინო ბურჭულაძე
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები