როგორ იწყებოდა! - ცხელი აგვისტოს ქრონიკები - კვირის პალიტრა

როგორ იწყებოდა! - ცხელი აგვისტოს ქრონიკები

2008 წლის 21 ივლისს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში, არისტოტელეს მოედანზე, საღამოს ჩვეული ხალხმრავლობა იყო. რამდენიმე ქართველი ღია კაფეში მაგიდას მისჯდომოდა და ოსიაურის რეზერვისტთა ბანაკში გატარებულ დღეებს ხალისიანად იხსენებდა.

- წუხელ ტელევიზორში თვალი მოვკარი - რუსები თურმე მეხუთე დღეა, სამხედრო სწავლებას -"კავკასია-2010"-ს გადიან, - მოულოდნელად საუბრის თემა შეცვალა გოგიტა მაჩხანელმა და მიმტანს ანიშნა, - ჩაი მოგვიტანეო.

- ეგ კადრები მეც ვნახე, - დაუმოწმა ირაკლი ცარციძემ, - 9000 სამხედრო მოსამსახურე და 700 ერთეული სამხედრო ტექნიკა  სწავლებისთვის ცოტა უცნაურად მეჩვენა, თანაც მაკაროვის განცხადებასაც თუ გავითვალისწინებთ...

- ეგ ვინღაა? - ჩაეკითხა ერეკლე დადვანი.

- ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის სარდალი, - განუმარტა ცარციძემ და განაგრძო: - მოკლედ, მაკაროვმა განაცხადა, - თუ აფხაზეთში ან ცხინვალში საომარი მოქმედებები დაიწყება, რუსეთის არმია ცხინვალში შევაო.

- ვითომ ომს დაიწყებენ? - დაეჭვდა გოგიტა მაჩხანელი.

- ვინ იცის, - უხალისოდ გაიქნია თავი ირაკლიმ, - აქ ყური მოვკარი, რომ უკვე მეორე დღეა, ოსები  ჩვენი სამშვიდობო ძალების საგუშაგოებს ინტენსიურად ბომბავენ.

- კარგი გამახსენეთ. რამდენიმე წუთით დაგტოვებთ - ჩვენებს დავურეკავ კოდორში, გავიგებ, რა ხდება, - ერეკლე დადვანი წამოდგა და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო.

- კოდორში მშვიდობაა, მაგრამ, - უთხრა ცოტა ხნის შემდეგ მაგიდასთან დაბრუნებულმა ერეკლემ მეგობრებს.

- რა მაგრამ? - ერთხმად ჰკითხეს.

- ჩემს მეგობარს ველაპარაკე, ხელისუფლებასთან დაახლოებული კაცია. მითხრა, - შეიძლება ცოტა ხანში ცხინვალში საინტერესო ამბები მოხდესო, - ბოლო წინადადება ჩურჩულით თქვა.

- ეგ რას ნიშნავს? - დაიბნა ცარციძე.

- იმას, რომ ომი იქნება, - ჩაილაპარაკა გოგიტა მაჩხანელმა, - საქართველოში უნდა  დავბრუნდეთ...

2 აგვისტოს რუსეთის 58-ე არმიის ერთერთი ბატალიონის მეთაურმა გრიშა, იგივე "ბატკა" ხარიტონოვმა საღამოს მოწყობაზე   გამოსულ ბატალიონს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი  და განაცხადა:

- ბრძანება მივიღეთ, ვლადიკავკაზში მივდივართ. თუ რატომ - არავის უთქვამს, ამიტომ შეკითხვებს აზრი არა აქვს. გასაგებია?.. ხვალ ბატალიონი სრულ მზად ყოფნაში იყოს.

ჯარისკაცებმა თანხმობის ნიშნად უგერგილოდ დაიგუგუნეს.

- ნეტა რა ხდება? - გადაულაპარაკა ჯარისკაცმა საშა დროზდოვმა გვერდში მდგომ მეგობარს, ლიოშა კასატკინს.

- რას გაიგებ, - გაეღიმა კასატკინს, - ვეცდები, საღამოს რამე გავიგო - მთვრალი "ბატკა" უფრო ენაწყლიანია ხოლმე, - კასატკინმა ყელზე წკიპურტი მიირტყა....

3 აგვისტოს, დილით, ცხინვალში თემურ გაზაევი კარზე კაკუნმა გააღვიძა. "ამ დროს ვინ უნდა იყოს", - ჩაიბუზღუნა, წამოდგა და კარი გააღო.

- დღეს მოსახლეობის ევაკუაციაა დაგეგმილი. გთხოვთ, ოჯახის წევრები ქალაქიდან გაიყვანოთ. ტრანსპორტი ცენტრალური უნივერმაღის წინ დაგელოდებათ, - სხაპასხუპით მიაყარა უცნობმა და კიბეს მაღლა აუყვა.

თემური ზღურბლზე გაქვავებული იდგა.

- რა მოხდა, შვილო, - ჩაესმა დედის ხმა.

- არაფერი, ჩაალაგე ჩანთა, ქალაქიდან გადიხარ, - გამოცრა გაზაევმა...

6 აგვისტოს,  ღამით,  თავდაცვის სამინისტროში  სამხედროებთან ერთად საგანგებო თათბირს პოლიტიკოსებიც ესწრებოდნენ.

- ამჟამად სად დგანან რუსეთის სამშვიდობო ძალები? - დაინტერესდა თბილისის მერი გიგი უგულავა.(?!)

- მეღვრეკისში, ერედვში, ფრისში, წვერიანში, თამარაშენსა და კეხვში. სარაბუკის სიმაღლეზე ბატალიონ "ვოსტოკის" ასეული დგას.

"ისევ ჩეჩნები", - გაუელვა ქალაქის მერს.

- თუმცა ქართულ საგუშაგოებს ცეცხლს იმ პოზიციებიდან უხსნიან, სადაც ოსური სამშვიდობო ბატალიონი "ალანია" დგას. ეს სოფლებია: წითელი მიწები, დმენისი და სათიხარი, - იყო პასუხი.

ოთახში რამდენიმე წამს სიჩუმე ჩამოვარდა.

- უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ოპერაციის გეგმა, - საუბარი გაერთიანებული შტაბის უფროსმა ზაზა გოგავამ წამოიწყო, - გეგმის ავტორი სახმელეთო ჯარების სარდალი, ვიცე-პოლკოვნიკი ბალახაძეა, - მეტი თვალსაჩინოებისთვის გოგავა რუკასთან მივიდა, - გეგმის მიხედვით, აუცილებლობის შემთხვევაში, ცხინვალზე შეტევა მარცხნიდან - ავნევი-ხეთაგუროვის მიმართულებით და მარჯვნიდან - ერედვი-თლია-ვანელის მიმართულებით მოხდება...

- ვფიქრობ, ეს დროის ფუჭი კარგვაა, -  განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძემ.

- ქალაქის გვერდის ავლა გაჭიანურებულ პროცესად მეჩვენება, ვფიქრობ, პირდაპირ ცხინვალს უნდა შევუტიოთ, თუ, რა თქმა უნდა, ეს საჭირო გახდა, - დაამატა თარგამაძემ.

- ძალიან ხომ არ ვჩქარობთ, გივი? - იკითხა მოულოდნელად შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, - ბალახაძის გეგმა ჩემთვის უფრო მისაღებია, - დაუმატა მრავლისმეტყველად, მაგრამ ამაოდ გაისარჯა - გეგმა დაიწუნეს და ცხინვალზე პირდაპირი შეტევა დაიგეგმა.(!)

თათბირზე გადაწყდა, რომ შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნა გამოეცხადებინათ და დაეწყოთ რეზერვისტთა ნაწილობრივი მობილიზაცია.

გვიანი ღამე იყო. ქართUული სამშვიდობო ძალების პოსტებზე სიმშვიდეს არაფერი არღვევდა.

- უკვე 12 სრულდება, მალე შეგვცვლიან კიდეც, - ჩაილაპარაკა ნოდარმა და გუშაგებს გასძახა, - რა რიცხვიაო.

- უკვე 7 აგვისტოა.

პასუხი დამთავრებული არ ჰქონდათ, რომ მოულოდნელად გამაყრუებელი სროლა ატყდა.

- რა ხდება მანდ, მიპასუხოს ვინმემ, - ისმოდა რადიოკავშირზე სამშვიდობო ძალების მეთაურის, მამუკა ყურაშვილის ხმა.

- სარაბუკის სიმაღლეებიდან გვესვრიან  მსხვილკალიბრიანი ავტომატური იარაღით, - ჩასძახოდა ნოდარი, - ვითხოვთ საპასუხო ცეცხლს!

- უპასუხეთ, - მოჭრა ყურაშვილმა...

ორმხრივი სროლები გათენებამდე გაგრძელდა. მერე მოულოდნელად სიჩუმე ჩამოწვა, მაგრამ რამდენიმე ხანში სროლა კვლავ განახლდა.

- ახლა ხეთაგუროვიდან ისვრიან ნული-ავნევის მიმართულებით. სამი დაჭრილი მყავს, - ესმოდა ნოდარს რადიოკავშირზე მეზობელი საგუშაგოს მეთაურის ხმა.

- გახსენით საპასუხო ცეცხლი, - ყვიროდა გამწარებული ყურაშვილი...

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავისი კაბინეტის ფანჯრიდან თბილისს გაჰყურებდა და რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩის, იური პოპოვის საქართველოში ვიზიტზე ფიქრობდა.

- თავდაცვის მინისტრი ითხოვს შეხვედრას, - მოახსენა მდივანმა.

დავით კეზერაშვილი პრეზიდენტთან გაფითრებული შევიდა.

- რამდენიმე წუთის წინ სოფელ ავნევსა და ნიქოზში ოსებმა კვლავ გახსნეს ცეცხლი. ჩვენს მოსახლეობას და სამშვიდობოებს ყუმბარმტყორცნებს, ნაღმმტყორცნებს და ჰაუბიცებს ესვრიან, - აღელვებული თავდაცვის მინისტრი სიტყვებს ძლივს პოულობდა.

"ღელავს, თუ უბრალოდ ეშინია?" - გაიფიქრა სააკაშვილმა.

- როდესაც ცეცხლის შესაჩერებლად პოზიციაზე გასვლა ვცადეთ, - განაგრძობდა კეზერაშვილი, - მტერმა ჩვენი ბე-ემ-პე მწყობრიდან გამოიყვანა, ხუთი ჯარისკაცი დაიჭრა, ორის გადარჩენა ვერ შევძელით, - მინისტრის ბოლო სიტყვებზე პრეზიდენტს ალმურმა გადაჰკრა და კაბინეტში ბოლთის ცემას მოჰყვა.

- ჩემგან რას ითხოვთ? - ჰკითხა სააკაშვილმა.

- ღირსეულ  პასუხს... ეს ყველაფერი უნდა შევაჩეროთ, - კეზერაშვილი პრეზიდენტს თვალს არ აშორებდა.

"ნუთუ ასე გულადია, თუ მეჩვენება?" -  გაუელვა სააკაშვილს.

- კარგი!

- ეს რას ნიშნავს? - ვერ მიხვდა თავდაცვის მინისტრი.

- ამ წუთიდან არ შევირჩენთ არც ერთ ჩვენთვის ნასროლ ტყვიას, -  გაცხარდა სააკაშვილი, - ახლა სამის ნახევარია, ამ წუთიდან ცეცხლს საპასუხო ცეცხლით უპასუხებთ.

აამოქმედეთ ყველა საშუალება, რაც გვაქვს...

თავდაცვის მინისტრი საჩქაროდ დაემშვიდობა და კაბინეტი დატოვა.

საქართველოს პრეზიდენტი სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა.

- იქნებ პოპოვი-იაკობაშვილის შეხვედრამ მოიტანოს შედეგი... გამიჭირდება, მაგრამ უნდა დაველოდო, - თქვა ხმამაღლა პრეზიდენტმა...

2008 წლის 7 აგვისტოს საღამოს  პრეზიდენტის სატელევიზიო განცხადებას მთელი საქართველო სულგანაბული უსმენდა.

- ჩვენ ქართველებსა და ოსებს შორის  ომი არ უნდა დავუშვათ. მოვუწოდებ ორივე მხარეს, შეწყვიტოს ცეცხლი. ნუ გვაიძულებთ ცეცხლის გახსნას, ჩვენ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების იმედი გვაქვს. ხვალ ცხინვალში ქართულ-ოსური მოლაპარაკებები იგეგმება...

სატელევიზიო  განცხადების შემდეგ  სააკაშვილმა საოცარი დაღლილობა იგრძნო.

- ეს არის ბოლო, რისი გაკეთებაც მე მშვიდობისთვის შემეძლო, - მიმართა კაბინეტში მყოფებს.

ორიოდე საათის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს მოახსენეს, - ქართუU&ლ სოფლებზე სროლები არ წყდებაო.

პრეზიდენტი რამდენიმე წამს დუმდა, მერე თქვა:

- გაერთიანებულ შტაბს დამაკავშირეთ!

გაერთიანებული შტაბის უფროსი ყურადღებით ისმენდა მთავარსარდლის სიტყვიერ ბრძანებას:

-–საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შეაჩერონ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილი რუსეთის შეიარაღებული ძალა და სამხედრო ტექნიკა, უზრუნველყონ მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილების ჩახშობა, საიდანაც ინტენსიურად ესვრიან ქართულ სოფლებს. დაცულ იქნას მშვიდობიანი მოსახლეობის ინტერესები და უსაფრთხოება.

- ეს ხომ ომის დაწყებას ნიშნავს, ბატონო პრეზიდენტო, - გოგავას ხმაში შეშფოთება გაკრთა.

- სხვა გზა არ დაგვიტოვეს, - იყო პასუხი...

2008 წლის 8 აგვისტოს, ღამით, 23.40 საათზე საქართველოს ხელისუფლებამ ცეცხლის გახსნა ბრძანა. ცხინვალის მიმართულებით 50-მდე რეაქტიული ჭურვი გაუშვეს...

- ომი დაიწყო, - ჩავარდნილი ხმით თქვა გოგიტა მაჩხანელმა და მეგობარი რეზერვისტების ნომრების ძებნა დაიწყო.

ცხინვალში დარჩენილი თემურ გაზაევი  ვახშმობდა, როცა მოულოდნელად მისი კორპუსი შეზანზარდა, მახლობლად ნგრევის გამაყრუებელი ხმა გაისმა.

- ომი დაიწყო, - ჩაილაპარაკა გაზაევმა და კარადიდან მამისეული ავტომატი გამოიღო...

გაგრძელება შემდეგ ნომერში