"ჩემი სახელი არ ახსენოს, თორემ პრობლემები შეექმნება" - რატომ გარისკა "ისლამური ხალიფატის" ერთ-ერთმა ლიდერმა საქართველოში შემოსვლა?­ - კვირის პალიტრა

"ჩემი სახელი არ ახსენოს, თორემ პრობლემები შეექმნება" - რატომ გარისკა "ისლამური ხალიფატის" ერთ-ერთმა ლიდერმა საქართველოში შემოსვლა?­

იხილეთ დასაწყისი

"ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია, რომ ჩატაევი საქართველოში იყო. ამაში მხოლოდ სპეცოპერაციის შემდეგ დავრწმუნდით".

(მოწმის ჩვენებიდან)

"აქ რაღაცები გართულდა"

გაჩნდა კითხვა - რატომ გარისკა "ისლამური ხალიფატის" ერთ-ერთმა ლიდერმა საქართველოში შემოსვლა?

ერთი ვერსიით, ის მისმა ქართულმა გარემოცვამ დააიმედა. თუმცა, შესაძლოა ჩატაევს ლოდინის დრო არც ჰქონდა, რადგან, ჩვენი ინფორმაციით, თბილისში "აბრეშუმის გზის" ფორუმის დაწყებამდე უნდა ჩამოსულიყო. გარდა ამისა, "ცალხელა აჰმედი" ევროპიდან რამდენიმე თანამოაზრესაც ელოდა.

საინტერესო ის არის, სანამ საქართველოში შევიტყობდით, რომ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ერთ-ერთ ბინაში ჩატაევი იმყოფებოდა, ეს უკვე იცოდნენ ევროპაში გარკვეულმა წრეებმა. ავსტრიაში ჩეჩნური დიასპორიდან ჩვენთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ამ ინფორმაციის წყარო თავად "ცალხელა" გახლდათ. 21 ნოემბერს, როცა ბინაში მყოფები მიხვდნენ, რომ ქართველ ძალოვანებს მოთხოვნებზე ვერ დაიყოლიებდნენ, აჰმედ ჩატაევმა ევროპაში "ძმებს" მისწერა, რომ "აქ რაღაცები გართულდა" და ჩამოსვლა არ ეჩქარათ...

"ხელ-ფეხი" დევიდ მაიერისთვის

მიუხედავად იმისა, რომ უკვე 23 ნოემბერს უკრაინიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირი, რომელმაც თავი აიფეთქა, აჰმედ ჩატაევი იყო, ქართული სპეცსამსახურები ამაში დარწმუნებული ჯერ კიდევ არ იყვნენ. სპეცოპერაციის დამთავრების შემდგომ, როდესაც ბინაში ძალოვანები შევიდნენ, პირისგან, რომელმაც შაჰიდის ქამრით თავი აიფეთქა, თავის ქალის ფრაგმენტის გარდა, თითქმის აღარაფერი იყო დარჩენილი, თუმცა იქვე პროთეზის ნაწილებიც ეყარა. ვინაიდან ცნობილი იყო, რომ ჩატაევი ხელისა და ფეხის პროთეზს ატარებდა, სწორედ მაშინ გაჩნდა ეჭვი, რომ ბინაში სხვებთან ერთად აჰმედ ჩატაევიც იმყოფებოდა. თუმცა ეს ყველაფერი არ იყო, სამართალდამცავებს წინ კიდევ ერთი "სიურპრიზი" ელოდათ. ხანძრისგან გადამწვარი ბინის (სადაც პირველ ეტაპზე იმყოფებოდნენ ტერორისტები) გადარჩენილ ოთახში, კარადაში ყუთი იპოვეს, სადაც სრულიად ახალი ხელ-ფეხის პროთეზი იდო. დათვალიერებისას, სამარკო ნიშნის გარდა, იკითხებოდა, რომ პროთეზი დაუმზადებიათ დევიდ მაიერისთვის. ასე რომ, ეჭვს აღარ იწვევდა, რომ პროთეზი აჰმედ ჩატაევს ეკუთვნოდა, მან წლების წინ ავსტრიაში პოლიტიკური დევნილის სტატუსი სწორედ დევიდ მაიერის სახელით მიიღო. ეს მოსაზრება დნმ-ის ექსპერტიზამაც დაადასტურა.

ჩვენ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით მკითხველს მოვუთხრობთ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის შემდგომ, 26 დეკემბრის ანტიტერორისტულ სპეცოპერაციამდე.

ტოლიკი და რუსლანი

როგორც საგამოძიებო მასალებიდან ჩანს, პირები, რომლებმაც ჩატაევი საქართველოში შემოიყვანეს, "ცალხელას" თბილისში ყოფნისას მასთან იშვიათად კონტაქტობენ. მათმა უმრავლესობამ 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის შესახებ ტელევიზიით შეიტყო.

"ერთი კვირის შემდეგ ჩემთან მოვიდა რუსლან ალდამოვი (აბუ-ვაჰაბი - ავტ.) და მითხრა, რომ ზურიკო გორნაკაშვილი სამართალდამცავებს დაკითხვაზე დაუბარებიათ. მე დამავალა, მენახა ზურიკო და გამეფრთხილებინა, რომ რუსლან ალდამოვის სახელი არ ეხსენებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები შეექმნებოდა. ზურიკო გორნაკაშვილი მართლაც ვნახე, თუმცა აბუ-ვაჰაბის დანაბარები არ მითქვამს, ის კი ვუთხარი, ალდამოვისგან თავი შორს დაეჭირა. დეკემბრის შუა რიცხვებში ჩემთან ისევ მოვიდა ალდამოვი, რადგან აინტერესებდა, გადავეცი თუ არა დანაბარები გორნაკაშვილს. მე ვუთხარი, ზურიკო საერთოდ არ მინახავს-მეთქი" (მოწმის ჩვენებიდან).

ვინაიდან ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატაევის დაჯგუფების ყველა წევრი ლიკვიდირებული იყო, ხოლო შოაიფ ბორზიევი ისედაც ცხადი იყო, რომ გამოძიებას არაფერს ეტყოდა, ჩატაევის შემომყვანებს ვერც წარმოედგინათ, რომ მათ ვინაობას გამოძიება ოდესმე დაადგენდა. ჩატაევის საქმეში სიფრთხილე და კონსპირაციულობა ხომ მაღალ დონეზე იყო დაცული - მაგალითად, ტელეფონზე საუბრისას რამდენიმე კილომეტრით შორდებოდნენ დისლოკაციის ადგილს და ა.შ. მეტიც, თურქეთში გადასვლისას სხვა ტელეფონებს იყენებდნენ. ჯგუფის წევრები საკუთარ უსაფრთხოებაში ისე იყვნენ დარწმუნებული, რომ ზურა იდოიძე დაკავებამდე ავსტრიაშიც კი გაემგზავრა და ორ კვირაში შინ დაბრუნდა(?!).

რუსლან ალდამოვის გაფრთხილების შემდეგ "ძმებისთვის" ჭკუის დასარიგებლად ხეობაში ტოლიკი (ანატოლი ბერძენიშვილი) გამოჩნდა და დუისში რუსლან ალდამოვის ძმას ესტუმრა.

"სპეცოპერაციის შემდეგ ანატოლი ბერძენიშვილი ჩამოვიდა სოფელში და რუსლან ალდამოვი ნახა. დაუბარა, ყველა გაეფრთხილებინა, რომ არავის წამოსცდენოდა, ვინ და რითი დავეხმარეთ ჩატაევს. შემდეგ რუსლანმა მითხრა, რომ მენახა ორივე - გორნაკაშვილი და იდოიძე, ხოლო თემირლანსა და დანარჩენებთან პრობლემა არ იქნებაო. გულისხმობდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილსა და დანარჩენებს თავად გააფრთხილებდა. "დანარჩენებში" ვის მოიაზრებდა, არ ვიცი" (მოწმის ჩვენებიდან).

"კვალი" ლესელიძის ქუჩიდან...

და მაინც, როგორ მიაკვლია გამოძიებამ ჩატაევის ხელის შემწყობებს? ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის შემდგომ ბინებში, სადაც "ხალიფატის" ერთ-ერთი ლიდერი თანამებრძოლებთან ერთად იმყოფებოდა, ამოიღეს ხანძარს გადარჩენილი ჩატაევის პირადი ნოუთბუკი, მობილური ტელეფონები და სხვადასხვა დოკუმენტაცია. სწორედ ტელეფონებში არსებული მონაცემების აღდგენით გახდა შესაძლებელი ჩატაევის ხელშემწყობთა დადგენა. თუმცა პირველი მნიშვნელოვანი "აღმოჩენა" ლესელიძის ქუჩაზე სამი დღით ნაქირავები მანქანა გახდა ("კვირის პალიტრის" მკითხველმა უკვე იცის, რომ სწორედ ამ მანქანით ჩამოიყვანეს თბილისში საქართველოში გადმოსული ჩატაევი). ასევე გაირკვა, რომ ბინა, რომელშიც ჩატაევი ცხოვრობდა, ზურიკო გორნაკაშვილის სიძის ყოფილა. თუმცა ასლანბეგ ჯაბრაელოვს ბინა ჩეჩნეთიდან ჩამოსული ოჯახისთვის ჰქონია მიქირავებული და წარმოდგენა არ ჰქონდა, სინამდვილეში იქ ვინ ცხოვრობდა.

"2017 წლის ოქტომბრის დამდეგს, თურქეთში წასვლამდე ორი კვირით ადრე, რუსლან ალდამოვმა შეხვედრისას მკითხა, აქირავებდა თუ არა ისევ ჩემი სიძე ბინას. როცა თანხმობა ვუთხარი, მითხრა, ერთ ოჯახს უნდა ბინის დაქირავებაო. მე ვუთხარი, ჩემს სიძეს შევეკითხები-მეთქი. ასლანბეგი ყოყმანობდა, მოვიფიქრებ და გეტყვიო. როდესაც ბინის მეპატრონისგან საბოლოო თანხმობა მივიღე, რუსლანს შევატყობინე. მაშინ ალდამოვმა მითხრა, რომ სინამდვილეში ბინის დაქირავება ორ ჩეჩენ ტურისტ ბიჭს უნდაო, და მთხოვა, ჩემი სიძისთვის არაფერი მეთქვა. ჩემს სიძეს ბინის გაქირავება 300 დოლარად სურდა. რუსლანი დამთანხმდა... ის ბიჭები აბდულა და სეიფულაჰი აღმოჩნდნენ (შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტაჰმედოვი - ავტ.), რომელსაც მე მანამდე ვიცნობდი, სანამ ბინას მივაქირავებდი. 21 ნოემბრის საღამოს სამუშაოს დასრულებამდე ბევრჯერ დამირეკა რუსლან ალდამოვმა. მეუბნებოდა, რომ მივსულიყავი ეზოში ბიჭებთან, რადგან თავად პანკისის ხეობაში იყო. როცა სამუშაო დავამთავრე, წავედი, რადგან მეგონა, ჩემი სიძის ბინაში მცხოვრებთ ეზოში პრობლემები შეექმნათ, მაგრამ ეზოში რომ მივედი, სიწყნარე დამხვდა, მხოლოდ უამრავი პოლიციელი ირეოდა. მე კორპუსთან არ მიმიშვეს, სახიფათოაო და უკან გამოვბრუნდი, მერე კაიხანს ვურეკავდი რუსლან ალდამოვს, მაგრამ აღარ მიპასუხა. დანარჩენი ტელევიზიიდან შევიტყვე" (მოწმის ჩვენებიდან).

2017 წლის 26 დეკემბერს, გამთენიისას, სპეცოპერაცია ერთდროულად დაიწყო ომალოსა და დუისში, სპეცოპერაცია მიმდინარეობდა თბილისშიც. სპეცრაზმი ომალოში ბადურ ჩოფანაშვილისა და ზურაბ იდოიძის დასაკავებლად, ხოლო გორნაკაშვილის სახლში საჩხრეკად შევიდა. თავად გორნაკაშვილი თბილისში დააკავეს. სპეცრაზმი დუისში კი რუსლან ალდამოვისა და თემირლან მაჩალიკაშვილის დასაკავებლად, ხოლო რამაზ მარგოშვილის სახლში საჩხრეკად შევიდა. თავად მარგოშვილი თბილისში დააკავეს.

მაჩალიკაშვილების სახლში სპეცრაზმის შესვლისა და თემირლანის სასიკვდილოდ დაჭრის დეტალებზე სხვადასხვა ვერსია ვრცელდებოდა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვიპოვეთ ზუსტი ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში განვითარებულ მოვლენებზე, თუმცა შეგვიძლია მკითხველს ჩვენი ვერსია შევთავაზოთ, რომელიც სპეცოპერაციაში მონაწილეების პირად საუბრებს ეფუძნება.

როდესაც სპეცრაზმი მაჩალიკაშვილის ეზოში შევიდა, მეორე სართულზე შუქი ენთო (სავარაუდოდ, თემირლანის ოთახში). იმ მომენტში თემირლანს არ ეძინა, ტელეფონით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა ნათესავს - მისი ბოლო სმს-შეტყობინება ნათესავთან 3.39 სთ-ზეა გაგზავნილი. როდესაც სპეცრაზმმა თემირლანის ოთახის მდებარეობა დაადგინა, სპეცრაზმელები ორივე სართულზე ერთდროულად შევიდნენ. მეორე სართულზე, სავარაუდოდ, ორი სპეცრაზმელი იმყოფებოდა. ისინი თემირლანის საძინებლის კართან მივიდნენ და ჯერ უხმაუროდ სცადეს გაღება, მაგრამ არ გაიღო და ძალისმიერად გააღეს. ოთახში შესვლამდე მათ იცოდნენ, რომ თემირლანს ხელში ტელეფონი ჰქონდა, თუმცა როდესაც შევიდნენ, მაჩალიკაშვილმა ბალიშისკენ წაიღო ხელი და თითქოს რაღაც ამოიღო, სპეცრაზმელმა, რომელმაც ამ რაღაცაში "ლიმონკა" დაინახა, გაისროლა და თემირლანი თავში დაჭრა. რამდენად ადეკვატური იყო სპეცრაზმელის ქმედება, ეს გამოძიებას უნდა დაედგინა, თუმცა მიუხედავად მრავალთვიანი მოთხოვნისა თუ საზოგადოების პროტესტისა, ამ საქმეში გაჩენილ კითხვებზე პასუხები კვლავაც არ არის. ჩნდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: არსებობდა თუ არა საკმაო მტკიცებულებები იმისთვის, რომ მოსამართლეს თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავებაზე შესაბამისი განჩინება მიეღო? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, გამოძიების ნაცვლად, ისევ მედიამ ითავა და ფრაგმენტულად ქვეყნდებოდა მტკიცებულებები, რომლებიც თემირლანის ჩატაევის ხელშემწყობ პირებთან კავშირზე მიუთითებდა. გამოძიების მასალებში დევს ჩატაევის ბინიდან ამოღებული საბანკო ხელშეკრულება თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე, სადაც მითითებულია მისი მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის პირადი ნომერიც. გარდა ამისა, ამოღებულია შეძენილი ტელეფონების საგარანტიო დოკუმენტები თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე. რამდენიმე ხნის წინ მედიით გავრცელდა ერთ-ერთი დაკავებული პირის, რამაზ მარგოშვილის აუდიოგზავნილი, სადაც ის თემირლანს მის პირად მონაცემებს სთხოვს, რათა ევროპიდან რამდენიმე პირისთვის თანხა გადაერიცხათ.

ასევე საგამოძიებო მასალების მიხედვით, ვარკეთილის ბინა, სადაც ოქტომბრის ბოლომდე შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტაჰმედოვი ცხოვრობდნენ, სწორედ თემირლანის ნაქირავები იყო და ქირასაც პატრონს პირადად აძლევდა. გარდა ამისა, გამოძიების მასალების თანახმად, იმავე ბინა WIFI-ს პაროლი იყო TEMIRLAN. ასევე მედიით ვრცელდებოდა ვიდეო, სადაც თემირლანი ასლანბეგ სოლტაჰმედოვთან ერთად ვაგზლის მოედანზე ტელეფონებს ყიდულობდა. საქმეში დევს თემირლანის ტელეფონში არსებული ინფორმაციაც, რომელიც აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ აღადგინა. გამოძიების მასალების მიხედვით, მიმოწერებში ის ისთიშჰადზე (თვითმკვლელობაზე) და მეტროსადგურ "ვაგზლის მოედანზე" თავის აფეთქების სურვილზე ლაპარაკობს. ეს მიმოწერა კონკრეტულ საფრთხეს შეიცავდა, თუ მხოლოდ გოგონასთვის თავის მოწონების მცდელობა იყო, ეს გამოძიებას უნდა დაედგინა. რაც შეეხება ხელყუმბარას, ამერიკული ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ მასზე აღმოჩენილია თემირლანის დნმ-ის კვალი.

27 ივლისს სასამართლომ ტერორიზმში ხელშემწყობი პირები დამნაშავედ ცნო და განაჩენიც გამოუტანა (შოაიფ ბორზიევს მიესაჯა 13 წელი, რამაზ მარგოშვილს - 12, ანატოლი ბერძენიშვილის - 11, ზურა იდოიძესა და რუსლან ალდამოვს - 10-10. ბადურ ჩოფანაშვილისა და ზურიკო გორნაკაშვილის ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია. სასამართლო სხდომა სექტემბრისთვის არის ჩანიშნული).

რუსლან შავაძე, ფოტო გადაღებულია სირიაში

"მოუხელთებელი" აბდურაჰმანი

ჩატაევის საგა ამით არ დასრულებულა. არის კიდევ ერთი მოწმე, რომელმაც, სავარაუდოდ, ჩატაევის საქართველოში ჩამოსვლის მიზნების შესახებ ყველაფერი იცის. ეს აბდურაჰმანია - რუსლან შავაძე, რომელმაც აჰმედ ჩატაევი თურქეთის საზღვრიდან საქართველოში მთების გავლით შემოიყვანა და შემდეგ თბილისშიც ჩამოჰყვა. ის ერთადერთია, ვინც გამოძიებას ხელიდან დაუსხლტა. სასამართლომ შავაძეს დაუსწრებლად 13 წელი მიუსაჯა. მოახერხებენ თუ არა სპეცსამსახურები "მოუხელთებელი" აბდურაჰმანის დაკავებას, ჯერჯერობით უცნობია.

იხილეთ ასევე: ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მსჯავრდებული, ძებნილი რუსლან შავაძე დაკავებულია

(დასასრული. დასაწყისი  "კვირის პალიტრა #27, 29, 30, 31)

ნინო ბურჭულაძე