"გეშინოდეთ ჩვენი... დავხოცავთ თქვენს შვილებს" - ჩატაევის საგა არ დასრულებულა?
06-08-2018
"გეშინოდეთ ჩვენი... დავხოცავთ თქვენს შვილებს" - ჩატაევის საგა არ დასრულებულა?
"დაუბარა, ყველა გაეფრთხილებინა, რომ არავის წამოსცდენოდა, ვინ და რითი დავეხმარეთ ჩატაევს. შემდეგ რუსლანმა მითხრა, რომ მენახა ორივე - გორნაკაშვილი და იდოიძე, ხოლო თემირლანსა და დანარჩენებთან პრობლემა არ იქნებაო"

ISIS-ის ქართული დაჯგუფება მუქარის შემცველ ვიდეოს ავრცელებს, რომელსაც ტელეკომპანია "პალიტრანიუსი" აქვეყნებს. ვიდეოს თან ახლავს ქართული ტიტრები, სადაც დაჯგუფება საქართველოს ხელისუფლებას შურისძიებით ემუქრება. ვიდეო სავარაუდოდ 2 კვირის წინაა დამზადებული.

"ორი ძმა მოგვიკალით (დაგვიწვით) არაფრის გულისთვის! სულ მალე მიიღებთ ამისთვის სასჯელს ურჯულოებო! გეშინოდეთ ჩვენი...
გაუჩინარებული მაგამედოვი!! დიახ, ჩვენ გვახსოვს ეს ყველაფერი... გაბრიელ სალოსის სპეცოპერაცია!!! აქაც დაგვიხოცეთ ძმები ღალატით და მოტყუებით. ინშა ალლაჰ, ჩვენი მეომრები მზად არიან შურისძიებისთვის", - ნათქვამია ვიდეომიმართვაში.

ერთ-ერთი ვერსიით, ტერორიზმის საქმეზე, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით, სუს-ის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე მალხაზ ტ., რომლის აყვანის შესახებ ინფორმაცია
დღეს გავრცელდა, ზემოხსენებულ დაჯგუფებასთანაა კავშირში.

გაზეთი "კვირის პალიტრა" აქვეყნებს სტატიას, სადაც ექსკლუზიურად მოპოვებულ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით მკითხველს სთავაზობს, თუ როგორ განვითარდა მოვლენები 21-22 ნოემბრის სპეცოპე­რაციის შემდგომ, 26 დეკემბრის ანტიტერორისტულ სპეცოპერაციამდე. გთავაზობთ ამონარიდს.

ტოლიკი და რუსლანი

როგორც საგამოძიებო მასალებიდან ჩანს, პირები, რომლებმაც ჩატაევი საქ­ართველოში შემოიყვანეს, "ცალხელას" თბილისში ყოფნისას მასთან იშვიათად კონტაქტობენ. მათმა უმრავლესობამ 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის შესახებ ტელევიზიით შეიტყო.

"ერთი კვირის შემდეგ ჩემთან მოვიდა რუსლან ალდამოვი (აბუ-ვაჰაბი - ავტ.) და მითხრა, რომ ზურიკო გორნაკაშვილი სამართალდამცავებს დაკითხვაზე დაუბარებიათ. მე დამავალა, მენახა ზურიკო და გამეფრთხილებინა, რომ რუსლან ალდამოვის სახელი არ ეხსენებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები შეექმნებოდა. ზურიკო გორნაკაშვილი მართლაც ვნახე, თუმცა აბუ-ვაჰაბის დანაბარები არ მითქვამს, ის კი ვუთხარი, ალდამოვისგან თავი შორს დაეჭირა. დეკემბრის შუა რიცხვებში ჩემთან ისევ მოვიდა ალდამოვი, რადგან აინტერესებდა, გადავეცი თუ არა დანაბარები გორნაკაშვილს. მე ვუთხარი, ზურიკო საერთოდ არ მინახავს-მეთქი" (მოწმის ჩვენებიდან).

ვინაიდან ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატაევის დაჯგუფების ყველა წევრი ლიკვიდირებული იყო, ხოლო შოაიფ ბორზიევი ისედაც ცხადი იყო, რომ გამოძიებას არაფერს ეტყოდა, ჩატაევის შემ­ომყვანებს ვერც წარმოედგინათ, რომ მათ ვინაობას გამოძიება ოდესმე დაადგენდა. ჩატაევის საქმეში სიფრთხილე და კონსპირაციულობა ხომ მაღალ დონეზე იყო დაცული - მაგალითად, ტელეფონზე საუბრისას რამდენიმე კილომეტრით შორდებოდნენ დისლოკაციის ადგილს და ა.შ. მეტიც, თურქეთში გადასვლისას სხვა ტელეფონებს იყენებდნენ. ჯგუფის წევრები საკუთარ უსაფრთხოებაში ისე იყვნენ დარწმუნებული, რომ ზურა იდოიძე დაკავებამდე ავსტრიაშიც კი გაემგზავრა და ორ კვირაში შინ დაბრუნდა(?!).

რუსლან ალდამოვის გაფრთხილების შემდეგ "ძმებისთვის" ჭკუის დასარიგებ­ლად ხეობაში ტოლიკი (ანატოლი ბერძენიშვილი) გამოჩნდა და დუისში რუსლან ალდამოვის ძმას ესტუმრა.
"სპეცოპერაციის შემდეგ ანატოლი ბერძენიშვილი ჩამოვიდა სოფელში და რუსლან ალდამოვი ნახა. დაუბარა, ყველა გაეფრთხილებინა, რომ არავის წამოსცდენოდა, ვინ და რითი დავეხმარეთ ჩატაევს. შემდეგ რუსლანმა მითხრა, რომ მენახა ორივე - გორნაკაშვილი და იდოიძე, ხოლო თემირლანსა და დანარჩენებთან პრობლემა არ იქნებაო. გულისხმობდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილსა და დანარჩენებს თავად გააფრთხილებდა. "დანარჩენებში" ვის მოიაზრებდა, არ ვიცი" (მოწმის ჩვენებიდან).


იხილეთ ვიდეო

!
09 სექტემბერი 2018 12:38
აი სად სად და საქართველოში არ წარმოვიდგენდი ასეთ რამეს
ვიმედოვნებ სამართალდამცავები მიხედავენ
qartveli
07 აგვისტო 2018 11:25
მოვიდა სეტყვა და დახვდა ქვა!!! მოდით და დაგხვდებით!!
სიმართლე!!!
07 აგვისტო 2018 09:46
ვკითხულობ კომენტარებს და გაოცებული ვარ რამდენი ტროლია ,,არავის არ დაუსვავას კითვა ავთენტურია თუ სხვა რამეს ემსახურება ასეთი ჰაკიმ ფაშას მიერ ატვიღთული ვიდეოები,ამ ვიდეოს ერთად- ერთი მიზანია თემირლანის დაკავშირება ტერორისთებთან,რასაც ტროლების კომენტარებშიც ვხედავთ,საბედნიეროდ ამ მცირე ჯგუფების გარდა უმრავლესობაც არსებობს ვინც საღად აზროვნებს და არა დაკვეთით!!!!

რედაქტორის რჩევით