ქართველები ცხინვალში გამარჯვებას ზეიმობდნენ - კვირის პალიტრა

ქართველები ცხინვალში გამარჯვებას ზეიმობდნენ

გაგრძელება - დასაწყისი #32

"7 აგვისტოს, ღამით, ომის დაწყების წინ, ქართული შეიარაღებული ძალების განლაგება ამგვარი იყო: "მეოთხე ბრიგადის ბატალიონები თავს იყრიდნენ ქარელის რაიონში, სოფ. აგარასთან.  მესამე ბრიგადა და მეხუთე ბრიგადის ერთი ბატალიონი გორი-ცხინვალის ტრასის დასაწყისში, სოფელ კარალეთთან, მეორე ბრიგადა სოფელ იგოეთთან, ბათუმის საზღვაო ქვეითი ბატალიონი - სოფელ საქაშეთთან, შსს-ს ნაწილები - გორისა და კარალეთის შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ბაზებში, გორის ცალკეული სატანკო ბატალიონი - სოფელ ავნევის ასასვლელთან, შსს-ს კუდის - 500-კაციანი ჯგუფი ქალაქ ონის მისასვლელებთან, საჩხერის სამთო ბატალიონი - სოფელ პერევთან.

არტილერიამ პოზიციები სოფელ ტირძნისთან დაიკავა. დაიგეგმა რეზერვისტთა 60 ბატალიონის (30000 კაცი) მობილიზაცია" (გია ყარყარაშვილი, "კვირის პალიტრა", #3, 2009 წ.).

2008 წლის 8 აგვისტოს ღამის პირველი სრულდებოდა. თემურ გაზაევი რამდენიმე შეიარაღებულ მეზობელთან ერთად ცხინვალის ცენტრისკენ ცდილობდა გზის გაკვლევას.

გაზაევმა ალმოდებულ სახლებს შეავლო თვალი. "ღვთის რისხვაა ნამდვილად", - გაიფიქრა და მეზობლებთან ერთად საავადმყოფოსკენ გაიქცა.

ღამის სამი საათისთვის ცხინვალის თავდაცვის შტაბში დაბნეულობა შეიმჩნეოდა.

- ქართველების შეტევა გრძელდება, - შტაბის უფროსი მურად ფლიევი ტელეფონით ცდილობდა ვიღაცისთვის სიტუაციის ახსნას, - ჩვენი ძალები სად არის? - ვერ გაიგო შეკითხვა შტაბის უფროსმა, - სად არის და, ვიხევთ ძარა-ჯავის და ტბეთი-ცხინვალის მიმართულებით, მოწინააღმდეგე ცდილობს, მუგუთი-ხეთაგუროვის დაკავებას. ქალაქში ყველა ადმინისტრაციულ შენობას ცეცხლი უკიდია.

- ჩვენი ინფორმაციით, ზემო ნიქოზში  მტრის მრავალრიცხოვანი საბრძოლო დაჯგუფებებია თავმოყრილი, სავარაუდოდ, მთავარი სამიზნე ცხინვალია, - გაისმა მოულოდნელად ტელეფონში, - თუმცა ვეცდებით, არტილერია დაგახმაროთ. რუსეთის არმიის კოლონები უკვე გამოდიან როკის გვირაბიდან და ჯავას უახლოვდებიან.

- რა? - გაოგნდა შტაბის უფროსი, - ქართველებმა ცხინვალში შემოსვლა რომ გადაწყვიტონ, ქალაქი როგორ დავიცვა? რამდენიმე ათეული კაცი მყავს, აქაურები არიან.  სამხედრო ძალა მჭირდება. მტერს ერთი მუჭა მოხალისეებით როგორ დავხვდე? რუსები ჩვენამდე როდის მოაღწევენ? - გაცხარებულმა ფლიევმა ტელეფონი მაგიდაზე დაანარცხა და ერთი გვარიანად შეიკურთხა კიდეც. მოულოდნელად კარში თემურ გაზაევს და მის თანმხლებ პირებს მოჰკრა თვალი.

- რამდენი ხართ? - ყრუდ ჰკითხა.

- რვა კაცი ვართ.

- ადრე იარაღი გჭერია ხელში? - დამცინავად შეეკითხა შტაბის უფროსი.

- მამაჩემს ეჭირა, მისი ავტომატია, - მოუჭრა გაზაევმა.

მურად ფლიევი ჩაფიქრდა და განაგრძო:

- ქართველები ცხინვალში შემოსვლას გეგმავენ. როგორმე უნდა გავაჩეროთ, ცოტა ხნით მაინც. ლიანდაგებთან რომ ორი საცხოვრებელი კორპუსია, იქ გამაგრდებით. გზაში თუ ვინმე წამოგყვება, გაიყოლე. ეს ნაღმმტყორცნები წაიღე, გამოგადგება, - შტაბის უფროსმა კუთხეში მიყუდებულ იარაღზე მიანიშნა გაზაევს, - ტყვია-წამალს მოგვიანებით მოგაშველებ, თუ, რა თქმა უნდა, აქ არ ამოგვხოცეს, - უიმედოდ ჩაიქნია ხელი ფლიევმა.

გაერთიანებული შტაბის უფროსი ზაზა გოგავა, სხვა სამხედრო პირებთან ერთად, რუკას ჩასცქეროდა. ოთახში მორიგე ოფიცერი შემოვიდა.

- უკვე ნახევარი საათია, ნიქოზის დაჯგუფებას მოწინააღმდეგემ საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა. ჯერჯერობით მსხვერპლი არ არის, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა...

- კიდევ არის რამე? - კუშტად იკითხა  გოგავამ.

- შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი საათის წინ მოახერხა ოსი სეპარატისტების საუბრის მოსმენა. რუსული არმიის ნაწილები როკის გვირაბიდან გამოვიდნენ და ჯავას უახლოვდებიან.

ოთახში სიცივე ჩამოდგა.

- აკი რუსები ომში არ ჩაერთვებიანო? - წამოსცდა გაერთიანებული შტაბის უფროს გოგავას და მაშინვე მიუბრუნდა მორიგე ოფიცერს, - თავდაცვის მინისტრს დამაკავშირეთ!..

ნიქოზის დაჯგუფების დაბომბვა ორ საათს გაგრძელდა. ცხინვალზე შეტევის დაწყების ბრძანება მხოლოდ დილის 6 საათზე გაიცა და დაჯგუფებამ (რომელშიც თავმოყრილი იყო ქვეყნის ყველა ელიტარული სპეცდანიშნულების რაზმი აგრეთვე შსს-ს დანაყოფების დიდი ნაწილი), ცხინვალში შესვლა სამხრეთის გარეუბნიდან - შანხაიდან სცადა.

- ჩვენი პოზიციიდან რკინიგზის ლიანდაგებამდე დაახლოებით 700 მეტრია. მოწინააღმდეგის საცეცხლე პოზიციები იქვე მდგარ კორპუსებშია, როგორმე უნდა ჩავახშოთ და ეს მანძილი გავიაროთ, - ბოლო ბრძანებას იძლეოდა გაერთიანებულ შტაბს დაქვემდებარებული სპეცდანიშნულების რაზმის უფროსი.

- უფალმა დაგვლოცოს და გაგვაძლიეროს, - წარმოთქვა ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა. "ამინ", - ხმადაბლა დაუდასტურა რაზმმა...

ერთ-ერთ კორპუსში გამაგრებული თემურ გაზაევი ყურადღებით ათვალიერებდა მიმდებარე ტერიტორიას. უცებ ხმაური შემოესმა.

- გამოჩნდნენ... პოზიციები დაიკავეთ. როგორც კი ლიანდაგებს მოუახლოვდებიან, ცეცხლი გახსენით... ნაღმმტყორცნებმა ეზოში იმუშაონ, - დაიყვირა გაზაევმა.

ბრძოლა შანხაისთვის ორი საათი გრძელდებოდა.

- რა მდგომარეობაა სხვა ნაწილებში? - გასძახა ქართული სპეცდანიშნულების რაზმის უფროსმა მოადგილეს.

- კავშირი არ არის, ჩვენ გვერდით ვინ იმყოფება, ესეც ვერ დავადგინეთ, მაგრამ ეტყობა, ცუდ დღეში არიან, მოწინააღმდეგემ ცეცხლი ახლა ბაღებიდანაც გახსნა, - დაუყვირა მოადგილემ, თუმცა სროლაში მისი ხმა არ ისმოდა. ბოლოს, სპეცდანიშნულების რაზმებმა წინააღმდეგობის გადალახვა შეძლეს და ცხინვალის სამხრეთ ნაწილში შევიდნენ.

გაზაევი უღონოდ დაეშვა მიწაზე. შემორჩენილი მოხალისეები მოათვალიერა.

- უკან ვიხევთ. ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის, - მამისეულ ავტომატს ხელი დაავლო და ცხინვალის ცენტრისკენ გაიყოლა მეგობრები...

გაერთიანებულ შტაბში საგანგებო თათბირი მთავრდებოდა.

-  შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გადაწყვეტილია, შეიარაღებულმა ძალებმა საწყისი პოზიციებისკენ დაიხიონ, ქალაქში სეპარატისტების საცეცხლე წერტილები არტილერიითა და ავიაციით უნდა ჩავახშოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამხედრო ნაწილებში დიდი მსხვერპლი იქნება, - თქვა გაერთიანებული შტაბის უფროსმა ზაზა გოგავამ.

დილით, 8.30 საათზე ცნობილი გახდა გაერთიანებული შტაბის გადაწყვეტილება. ქართული ჯარის ნაწილებმა უკან, საწყისი პოზიციებისკენ დახევა დაიწყეს. თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, პოლიტიკოსებთან ერთად, ნიქოზში ჩავიდა და ცხინვალის მისადგომების დათვალიერება გადაწყვიტა. თან გაერთიანებული შტაბის უფროსი ზაზა გოგავა იახლა.

ნიქოზთან თავდაცვის მინისტრს წინ საშინელი სურათი გადაეშალა, ცხინვალის სამხრეთ მისადგომთან უზარმაზარი საცობი და ქაოსი იყო.

- რა ხდება აქ? - გაცხარებულმა ჰკითხა პირველსავე შემხვედრ სამხედრო პირს.

- საცობია.

- რას ჰქვია საცობი?.. ეს არის დისციპლინირებული ქართული ჯარი? - ხმას აუწია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიგა ბოკერიამ.

- სამხრეთის ფრონტის ამ ვიწრო მონაკვეთის სიგრძე იცით, რამდენია? - აღელვება დაეტყო სამხედროს, - დაახლოებით 700 მეტრი, სიგანე - 300 მეტრი. აქ კი 4000-მდე მეომარი და 600 ერთეული სამხედრო ტექნიკაა თავმოყრილი, მათ შორის, როგორც ხედავთ, ტანკებიცაა, რომელთაც ასეთ პირობებში მანევრირება უჭირთ.

- ვის მოუვიდა თავში ასე ვიწრო მონაკვეთში ამდენი ცოცხალი ძალისა და ტექნიკის თავმოყრა? - შეაწყვეტინა სიტყვა  დეპუტატმა.

- ეს გაერთიანებული შტაბის გეგმა არ ყოფილა, - მოუჭრა გოგავამ და პოლიტიკოსებს ცივად გადახედა...

2008 წლის 8 აგვისტოს, დილის 10 საათზე, მტრის საცეცხლე წერტილების განადგურების შემდეგ ცხინვალზე შეტევა კვლავ განახლდა.

ამჯერად შეტევაში მეოთხე ბრიგადის 42-ე ბატალიონიც მონაწილეობდა. ქართული შეიარაღებული ნაწილები ცხინვალში შევიდნენ და  ქალაქის ცენტრი დაიკავეს...

42-ე ბატალიონის ჯარისკაცების ერთი ჯგუფი გმირთა ქუჩას მიუყვებოდა. მოულოდნელად ზემდეგი გიორგი ბროლაძე გაჩერდა.

- რას შვრები, არ მოდიხარ? - დაუყვირეს მეგობრებმა.

- ბიჭებო, ცხინვალში ვართ, ცხინვალში, - ცრემლმორეულმა დაიჩოქა და მიწას ემთხვია.

ბროლაძის განწყობა  დანარჩენებსაც გადაედოთ. ერთმა ჯარისკაცმა მათარა ამოიღო ზურგჩანთიდან, წყალი გადაღვარა და შიგ მიწის ჩაყრა დაიწყო. პატარა ვიყავი, როცა ჩემს ეზოში მეზობელი დათო ჩამოასვენეს.

მაშინ ამბობდნენ, ცხინვალის ომში მოკლესო. მიცვალებულს პირზე ღიმილი შერჩენოდა. ბაბუაჩემმა მითხრა, -+ გმირები ღიმილით კვდებიანო. მის სურათს რომ ვუყურებდი, თითქოს ვპირდებოდი, რომ მეც ოდესმე აქეთ წამოვიდოდი. ეს მიწა მისი საფლავისთვის მინდა, პირობა ხომ უნდა შევუსრულო, - უხსნიდა ჯარისკაცი მეგობრებს და მათარაში ცხინვალის მიწას ყრიდა.

ბატალიონს სხვა ჯარისკაცები წამოეწივნენ და გზა განაგრძეს.

- ბიჭები  გადაღლილები და ორი ღამის უძინარნი არიან, თან ასეთ პაპანაქება სიცხეში დიდხანს ვერ გაძლებენ, ამიტომ დავასვენებ, - ეუბნებოდა ბატალიონის მეთაური მეოთხე ბრიგადის ხელმძღვანელს.

- სად აპირებთ გასვლას? - ჰკითხეს.

- ნაძვნარში, "დუბოვაია როშჩა" რომ ჰქვია... იქნებ წყალიც ვიშოვოთ სადმე.

მეოთხე ბრიგადის 42-ე ბატალიონი ცხინვალის დასავლეთის მისადგომებთან "დუბოვაია როშჩაში" ისვენებდა.

"8 აგვისტოს, დილის 12 საათისთვის ცხინვალში ქართული საბრძოლო დანაყოფების საბრძოლო პოზიციები ასეთი იყო:  ელიტარული სპეცდანიშნულების რაზმებმა ცხინვალის სასტუმროს მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს, მათი ძირითადი ნაწილი გმირთა ქუჩაზე განლაგდა.

გორის ჯავშანსატანკო ბატალიონმა დაიკავა მოსკოვის და ვაგზლის ქუჩების გადაკვეთა, ქართული ტანკების მეორე კოლონამ კი ისაკისა და გმირთა ქუჩის გადაკვეთა, განსაკუთრებულ დავალებათა მესამე ოპერატიული სამმართველოს მოიერიშე ჯგუფებმა - ოქტომბრისა და სტალინის ქუჩები, გორის სატანკო ბატალიონის ბლოკირებაში მოექცა რუსების სამხედრო უბანი "ვერხნი გარადოკი" ( გია ყარყარაშვილი, კვირის პალიტრა#3, 2009 წელი).

მთელი საქართველო ცხინვალში შესვლას ზეიმობდა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში