"ქურდებს ურტყამენ, ძმებოო!" - ქართველები შიშველი ხელით ჩხუბობდნენ, ისინი კი დანებს ატრიალებდნენ - კვირის პალიტრა

"ქურდებს ურტყამენ, ძმებოო!" - ქართველები შიშველი ხელით ჩხუბობდნენ, ისინი კი დანებს ატრიალებდნენ

ფოტოზე: ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია

"ამერიკაში მე ყველაფერი ქურდულ რელსებზე შემოვდგი. ნებისმიერ ქართველთან ახსენე ჩემი სახელი და თქვი, რომ საქართველოში მოვდივარ, და ნახავ, ყველა როგორ უცებ ერთ ადგილზე მოჯდება". ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ პიტერსკი (რაჟდენ შულაია)

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ბრუკლინის ციხის თანამშრომლებს მორიგი მუშტი-კრივის დაშლამ მოუწიათ, რომელშიც ქართველი პატიმრებიც მონაწილეობდნენ.

გთავაზობთ ამონარიდებს გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული  სტატიიდან:

უცხოეთის საპატიმრო ადგილებში ჩვენებურებისგან ეს აღარავის უკვირს. თუმცა ბრუკლინური ცემა-ტყეპა რეზონანსული გამოდგა, რადგან მასში აშშ-ში ბოლო დროს ყველაზე გახმაურებული დაკავების მთავარი მოქმედი გმირები - ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია, იგივე პიტერსკი, და მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი მოკრივე ავთო ხურციძე მონაწილეობდნენ. მათი მეტოქეები "რინგზე" კი, არც მეტი, არც ნაკლები, კოლუმბიური მაფიის წევრები აღმოჩნდნენ. ჯერჯერობით არავინ იცის კონფლიქტის დეტალები.

"ქურდებს ურტყამენ, ძმებოო!"

მედიით ცნობილი გახდა, რომ რაჟდენ შულაიას შელაპარაკება მოუვიდა კოლუმბიური მაფიის ბოსთან, რაც მალე ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. როდესაც მოკრივე ავთო ხურციძემ გაიგო, "ქურდებს ურტყამენო", მეგობარს გამოესარჩლა. ქართველი "ჰაიმერის" ("ჩაქუჩა") ჩხუბში ჩართვამ კოლუმბიელები შეაფიქრიანა და საკუთარი ბოსისა და სახელის დასაცავად (რაც საპატიმრო ადგილებში ძალიან მნიშვნელოვანია) მაშველ ძალას უხმეს. მალე ქართველები უმცირესობაში აღმოჩნდნენ (გავრცელებული ვერსიით, 2 კაცი 15-ის წინააღმდეგ). როგორც ჩანს, ავთო ხურციძემ "კანონიერი ქურდი" კოლუმბიელებს არ დაანება და გვარიანადაც მიჟეჟა მოწინააღმდეგენი (საინტერესოა, რატომ აღმოჩნდა "რაჟდენ პიტერსკი მხოლოდ "ჩაქუჩას" იმედად, როცა აშშ-ის ციხეებში რუსული მაფია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მრავალრიცხოვანია).

რა თქმა უნდა, პიტერსკის გამოსარჩლებისთვის ქურდული სამყარო ქართველი მოკრივისთვის არაფერს დაიშურებს, მანამდე კი ბრუკლინში იარებს იშუშებენ. უნდა ითქვას ისიც, რომ თუ ქართველები მხოლოდ შიშველი ხელებით ჩხუბობდნენ, კოლუმბიელებმა ტრადიციულად დანები ატრიალეს. ხურციძეს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, ნაკერები ადევს თავზეც. (იხილეთ სრულად)

იხილეთ ასევე:  "რაჟდენ შულაიას დაჯგუფება პუტინის გარემოცვას ეკუთვნის"- რატომ დამალეს სპეცოპერაციის პოლიტიკური ნაწილი აშშ-ის სპეცსამსახურებმა?!

ნინო ბურჭულაძე