"მკვლელობა ისე უნდა დაგეგმილიყო, რომ მხოლოდ რუსეთის სპეცსამსახურების კვალი გამოჩენილიყო" - ვის შეიძლება მოეკლა მილიარდერი?
17-10-2018
"მკვლელობა ისე უნდა დაგეგმილიყო, რომ მხოლოდ რუსეთის სპეცსამსახურების კვალი გამოჩენილიყო" - ვის შეიძლება მოეკლა მილიარდერი?
ცნობილი ხდება, რომ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალო ოფიციალურად კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს წაუყენეს.

როგორც ირკვევა, სამი ბრალდებულიდან საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა მხოლოდ მერებაშვილი დააკავეს, რაც შეეხება დანარჩენ ორ ბრალდებულს, ლევან ქარდავას და რევაზ შიუკაშვილს სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, უკვე თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული. რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ დღეს ამ თემის წამოწევ? - არსებობს ეჭვი, რომ ესეც მორიგი პოლიტიკური თამაშის ნაწილია და ამით ბოლო დროს გავრცელებული
სკანადალური ჩანაწერების გადაფარვა სურთ.

მას მერე, რაც 2008 წლის თებერვალში ბიზნესმენი გარდაიცვალა, მუდმივად არსებობდა ეჭვები, რომ ის მოკლეს, თუმცა დღემდე მისი გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად გულის შეტევა სახელდებოდა. ამის საფუძველი კი გახდა 2008 წლის 24 თებერვალს ბრიტანელმი პათანატომების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ბადრი პატარკაციშვილის
გარდაცვალების მიზეზი გულის ინფარქტი დასახელდა, გარდა ამისა, სპეციალისტები აცხადებდნენ, რომ რადიოაქტიური ნივთიერების კვალი სხეულში არ აღმოჩნდა. ასევე არ აღმოჩნდა მისი კვალი ბიზნესმენის საცხოვრებელ სახლში. მიუხედავად ამისა, დღემდე მაინც ისმოდა კითხვა - ვის შეეძლო მოეკლა ქართველი მილიარდერი?

მოდით გადავხედოთ სტატიას, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრაში" 2013 წელს გამოქვეყნდა და რომელშიც ლაპარაკია შესაძლო მკვლელობის ვერსიებზეც:

2008 წლის 13 თებერვალს სურეის საგრაფოს ქალაქ ლაზერჰედის (ლონდონის მახლობლად) პოლიციის განყოფილებას შეატყობინეს, რომ ქალაქის ფეშენებელურ უბანში, საკუთარ ვილაში გარდაიცვალა ქართველი მილიარდერი ბადრი პატარკაციშვილი. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის მობილურ ჯგუფს გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან ერთად ექიმების ბრიგადაც დახვდათ, რომლებმაც, სამწუხაროდ, პატარკაციშვილის გადარჩენა ვერ მოახერხეს. დაასკვნეს, რომ სიკვდილის მიზეზი გულის მწვავე შეტევა უნდა გამხდარიყო; თუმცა ადგილობრივმა პოლიციამ ეს ფაქტი სარწმუნოდ არ მიიჩნია, ამიტომ ცხედრის პროზექტურაში გადასვენების შემდეგ, ვილაში რადიოაქტიური ნივთიერების კვალს სპეციალისტების ჯგუფი დაეძებდა.

13 თებერვალს ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილის ამბავი საქართველოში მეხის გავარდნას ჰგავდა. გულის შეტევით მისი გარდაცვალება იმდენად დაუჯერებელი იყო, რომ ერი თუU ბერი მის მკვლელობაზე ალაპარაკდა, ამის საფუძველს იძლეოდა "სანდი თაიმსთან" პატარკაციშვილის ბოლო ინტერვიუც, რომელშიც ამბობდა, რომ იგეგმებოდა მისი შესაძლო ლიკვიდაცია. ქართველი მილიარდერის გარდაცვალებაზე კარგა ხანს მსჯელობდნენ. ქართული მედია, პოლიტიკურ წრეებზე დაყრდნობით, ბადრის გარდაცვალებაში სააკაშვილის ხელისუფლებას ადანაშაულებდა, რუსული მედია - ბორის ბერეზოვსკის. ინგლისში კი ელოდებოდნენ პათანატომების დასკვნას, რომელიც სპეციალურად აღჭურვილ ლაბორატორიაში ტარდებოდა (შიშობდნენ, რომ პატარკაციშვილი მოწამლული იყო, ამიტომ სპეციალისტებს, რისკის ასაცილებლად, სკაფანდრები ეცვათ).

ბადრი (არკადი) პატარკაციშვილი 1955 წელს დაიბადა თბილისში. 90-იანი წლების დასაწყისში მოსკოვში გადავიდა. როგორც მაშინ ამბობდნენ, პატარკაციშვილის რუსეთის დედაქალაქში, ხოლო შემდეგ კონცერნ ВАЗ -ში გამოჩენა ოთარ კვანტრიშვილის დამსახურება იყო, სწორედ აქ, "ჟიგულის" საამქროში, ბადრიმ გაიცნო მომავალი მეგობარი და ბიზნესპარტნიორი (თუ ჭორებს ვირწმუნებთ, მოგვიანებით მისივე მკვლელობის შემკვეთი) ბორის ბერეზოვსკი, რომელიც ქარხნის ხელმძღვანელობასთან ერთად საწარმოში რეფორმებს გეგმავდა. ცოტა ხანში შეიქმნა ცნობილი ЛОГОВАЗ-ი ("ლოგოვაზი" სახელმწიფო ფასში ნაყიდ მანქანებს ბაზარზე სარფიანად ყიდდა). თუმცა ბერეზოვსკი-პატარკაციშვილის მზერა სულ სხვა მხარეს - ტელეკომპანია "ოსტანკინოსკენ" იყო მიპყრობილი. ტელეარხი რეკლამიდან მილიონობით დოლარს იღებდა. როგორც ამბობდნენ,”ეს იყო "ოქროს წვიმა, რომლისთვისაც ჯამი უნდა შეგეშვირა და აქეთ-იქით გერბინა". ამ მსუყე ლუკმის ხელში ჩასაგდებად უამრავი პოლიტიკური თუ კრიმინალური დაჯგუფება იბრძოდა, თუმცა, მხოლოდ ბორის ბერეზოვსკის გაუმართლა და ოსტანკინოს ბაზარზე შეიქმნა ახალი არხი, ОРТ, რომლის ფინანსურ დირექტორად ბადრი პატარკაციშვილი დაინიშნა.
1994 წლის 1-ელ მარტს საბედისწერო გასროლამ მოსკოვში, ბადრი პატარკაციშვილის სახელი სამუდამოდ "დაუკავშირა" კრიმინალურ წრეებს. ამ დღეს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან მოკლეს ОРТ-ს გენერალური დირექტორი ვლადისლავ ლისტევი. მკვლელობის მიზეზი ჟურნალისტის ახალი სარეკლამო პოლიტიკა იყო, რომელიც ნამდვილად არ შედიოდა ბერეზოვსკის ინტერესებში. მიუხედავად იმისა, რომ ბადრისთვის ამ საქმეში ბრალი არ წაუყენებიათ, მილიარდერს მოწინააღმდეგეები წლების განმავლობაში ორაზროვნად უხსენებდნენ ჟურნალისტის მკვლელობას.

1995 წელს ბადრი პატარკაციშვილი ახალი პოპულარული ტელეარხის, ТВ-6-ის გენერალური დირექტორი გახდა (ამ არხის მფლობელიც ბერეზოვსკი იყო). როგორც ამბობენ, იმ დროისთვის პატარკაციშვილი ერთ-ერთ გავლენიან პირად ითვლებოდა არა მარტო ბიზნესის, არამედ კრიმინალურ წრეებში, მისი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბევრი ბიზნესმენი იბრძოდა, მათ შორის რომან აბრამოვიჩიც.

"ბადრი და ბერეზოვსკი რომ არა, "სიბნეფტი" (ახლანდელი გაზპრომ- ნეფტი. - ავტ.) არ იქნებოდა. მეტიც, 1999 წელს რუსეთის ალუმინის აქტივების შეძენაც სწორედ იმიტომ გადავწყვიტე, რომ ბადრისგან "ფიზიკური" დაცვის გარანტია მქონდა, ალუმინის ბიზნესი ხომ ყველაზე სისხლიან ბიზნესად ითვლება რუსეთში და დიდხანს არავის ახარებენ, ვინაიდან ალუმინის აქტივები ძირითადად კრასნოიარსკის მხარეში იყო, ბადრი ხშირად ჩადიოდა იქ. მე კი ამ ბიზნესში რომ შევედი, ყველაფერი დალაგებული და უსაფრთხო დამხვდა. ძალიან მიკვირს - რა ავტორიტეტი უნდა ჰქონოდა ბატონ პატარკაციშვილს, რომ დაეყოლიებინა კრიმინალური სამყარო, დაეთმო ალუმინი, რომელიც მათ 10 წელი აჭმევდათ. ყველამ იცოდა, რომ ორგანიზებული დანაშაული კრემლსაც კი არ დაუთმობდა ამ აქტივებს. დახმარებისთვის ბადრის და ბორიას მე 1,3 მილიარდი დოლარი გადავუხადე. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო. თან ეს ისე უნდა გამეკეთებინა, რომ არ გამეფუჭებინა ურთიერთობა ბერეზოვსკისა და პატარკაციშვილთან. მე ამ ჟესტით ერთგვარად თავისუფლებასაც ვყიდულობდი. რა თქმა უნდა, არ ვნანობ, რომ გადავიხადე - ისინი ბევრ რამეში დამეხმარნენ, ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლიდი, გადამეხადა და ამით დამემთავრებინა ჩვენი ურთიერთობა -"კრიშას" ვგულისხმობ, ეს იურიდიული ვალდებულება არ არის, ეს ერთგვარი გაგებაა.”

რომან აბრამოვიჩი, ლონდონის სასამართლოს ჩვენებიდან, 2011 წ.

2002 წელს რუსეთის პროკურატურამ რამდენიმე საქმე აღძრა ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ, ამიტომ მილიარდერი საქართველოში ჩამოვიდა. მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთს ბადრის გადაცემაზე უარი უთხრა, თუმცა 2005 წელს მას ახალი სკანდალი ამჯერად ამერიკის კონტინენტზე ელოდა: ბრაზილიის პროკურატურამ საფეხბურთო კლუბ "კორინთიანსის" საფინანსო დარღვევებზე ძიება დაიწყო. სამართალდამცავები ეჭვობდნენ, რომ კლუბის მეპატრონეები - ბორის ბერეზოვსკი და ბადრი პატარკაციშვილი კლუბს ფულის გასათეთრებლად იყენებდნენ.

2006 წელს ბადრი პატარკაციშვილმა საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის შეხვედრაზე, ბიზნესმენთა მხარდაჭერის იმედით, მკაცრად გააკრიტიკა ხელისუფლების პოლიტიკა ბიზნესის მიმართ. სამწუხაროდ, მას მხარი არავინ დაუჭირა, რაც საბედისწერო გამოდგა. სწორედ ამ დღიდან დაიწყო "ვარდების" ხელისუფლებამ ოპოზიციურად განწყობილი ბიზნესმენის დევნა. 2007 წელს გენერალურმა პროკურატურამ პატარკაციშვილს ბრალი დასდო შეთქმულების მოწყობასა და ხელისუფლების დამხობის მცდელობაში.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ (ბიზნესმენი პრეზიდენტობის კანდიდატიც იყო), ბადრი პატარკაციშვილი დიდ ბრიტანეთში გადასახლდა...
2008 წლის 24 თებერვალს ბრიტანელმა პათანატომებმა ცხედრის გამოკვლევის წინასწარი დასკვნა გაავრცელეს. დასკვნის მიხედვით, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების მიზეზი გულის ინფარქტი გახდა, გარდა ამისა, სპეციალისტები აცხადებდნენ, რომ რადიოაქტიური ნივთიერების კვალი სხეულში არ აღმოჩნდა. ასევე არ აღმოჩნდა მისი კვალი ბიზნესმენის საცხოვრებელ სახლში. მიუხედავად ამისა, მაინც დაისვა კითხვები - ვის შეეძლო მოეკლა ქართველი მილიარდერი. ერთი ვერსიით, ეს ბორის ბერეზოვსკი უნდა ყოფილიყო.

ცნობილი იყო, რომ ბიზნესმენს გარდაცვალებამდე ექვსი საათით ადრე ბორის ბერეზოვსკი შეხვდა. მართალია, ბერეზოვსკი მალავდა ბადრისთან შეხვედრის ადგილს, თუმცა მაინც გაირკვა, რომ 13 თებერვალს პატარკაციშვილი, ბერეზოვსკი, მათი ორი საქმიანი პარტნიორი - დუბოვი და გლუშკოვი (აეროფლოტის ყოფილი ხელმძღვანელი) ერთ-ერთ საადვოკატო კანტორაში იყვნენ, ბადრის თან თავისი ადვოკატი, ინგლისის ყოფილი გენერალური პროკურორი, ლორდი გოლდსმიტი ახლდა. მოგვიანებით თავყრილობას ლორდი ბელიც შეუერთდა, რომელიც იხსენებდა, რომ ოთახში ძალიან ცხელოდა, ჰაერი ჩახუთული იყო, ბადრიმ თქვა, კარგად ვერ ვარო და დაბლა ჩავიდა სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად, როცა შემოგვიერთდა, უკეთ გამოიყურებოდა".

ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით, ბერეზოვსკის არ მოსწონდა ბადრისა და რუსეთის პოლიტიკური ელიტის ბოლოდროინდელი დამთბარი ურთიერთობა.

(აღსანიშნავია, რომ ბერეზოვსკი 2013 წელს ასევე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ნახეს)

მეორე ვერსიით, მილიარდერის მკვლელობაში საქართველოს ხელისუფლების ხელი ერია... გაგრძელება


ანდრო
17 ოქტომბერი 2018 20:06
არჩევნები მოდის და ისევ ააგორეს იგივე ცოცხების საქმე ვაი დაღუპულო ჩემო საქართველო

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები