საბედისწერო განკარგულება - კვირის პალიტრა

საბედისწერო განკარგულება

(გაგრძელება, დასაწყ. #32-34)

2008 წლის 8 აგვისტოს, 15 საათზე, სამხედრო ხელმძღვანელობამ ცხინვალის დატოვების ბრძანება გასცა. ქართული შენაერთები ქალაქს დიდი დანაკარგებით ტოვებდნენ, მხოლოდ შს სპეცდანიშნულების რაზმი იყო გამაგრებული შანხაის რაიონში.

მეოთხე ბრიგადის 42-ე ბატალიონის  ნარჩენებმა, რომლებიც ავნევისკენ ცდილობდნენ გაჭრას, მინდორში მოიყარეს თავი.

- ბატალიონის მეთაური ხომ არ გინახავთ? - იკითხა ასმეთაურმა. ჯარისკაცებმა მხრები აიჩეჩეს.

- წავიდა, - თქვა ბოლოს ერთმა.

- როგორ თუ წავიდა? - გაოგნდა ასმეთაური.

- მანქანაში ჩაჯდა... ვინც საბარგულზე ახტომა მოასწრო, ისინიც წაიყვანა, ჩვენ მოგვაძახა, - თავს უშველეთო და წავიდა.

ასმეთაური გაფითრებული იჯდა. კარგა ხანს ვერ მოუყარა სიტყვებს თავი.

- ავნევის ჩრდილოეთით სიმაღლე 41-ე ბატალიონს უკავია და ძარა-ხეთაგუროვის გზას აკონტროლებს. როგორმე მათთან უნდა მივიდეთ, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ, - ასმეთაური წამოდგა და  ჯარისკაცებს ანიშნა, გზა განვაგრძოთო...

ზემდეგი გიორგი ბროლაძე და პირველი  ბრიგადის სატანკო ბატალიონის ჯარისკაცები "დუბოვაია როშჩისკენ" მიიწევდნენ დაჭრილების გამოსაყვანად.

- სულ  ცოტაც მოითმინეთ, ბიჭებო, მალე მოვალთ,  - გულში ამხნევებდა დაჭრილებს ბროლაძე და ცრემლს იწმენდდა. უეცრად შეტორტმანდა და ჰაერში აიჭრა, შემდეგ ყველაფერი ბინდმა მოიცვა... როდესაც თვალი გაახილა,  უცნობი შეიარაღებული პირები შენიშნა, ოსურად რაღაცას გაჰყვიროდნენ.

"დანარჩენები სად არიან?" - გაუელვა და იქაურობა მოათვალიერა. თვალი მოჰკრა რამდენიმე თავისიანს, რომლებსაც ოსები უმოწყალოდ სცემდნენ და ამაოდ ცდილობდნენ, მათ წინაშე დაეჩოქებინათ. ზემდეგმა ხელით ავტომატი მოსინჯა, - ერთის ჩაძაღლებას ხომ მაინც მოვასწრებო, - გაიფიქრა, უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და ცეცხლი გახსნა... ორი ოსი დაეცა. მერე ზურგში გამჭოლი ტკივილი იგრძნო... გაღიმებას შეეცადა - "გმირები ღიმილით კვდებიან", - გაახსენდა უკანასკნელად....

2008 წლის 8 აგვისტოს, საღამოს 6 საათზე საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოცხადებული მორატორიუმი დასრულდა. გაერთიანებულ შტაბში თათბირი მიმდინარეობდა, სამხედრო ხელმძღვანელობის მოხსენებებს სპეციალური რადიოკავშირით ქვეყნის მთავარსარდალიც ისმენდა.

- რა მდგომარეობაა სხვა მიმართულებებზე? - იკითხა მოულოდნელად მიხეილ სააკაშვილმა და რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ დაამატა, - უნდა ვიცოდე, რას არ ვეუბნებით ხალხს.

- ამ დილით, გათენებისას, შსს-ს კუდის სპეცდანიშნულების რაზმმა დაიწყო შეტევა და სოფელ კვაისის ახლოს მოწინააღმდეგის საბრძოლო პოზიციას გადააწყდა - ჩვენი ინფორმაციით, 30-მდე შეიარაღებულ პირს. ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა რამდენიმე სპეცრაზმელი. ამის შემდეგ რაზმმა უკან დახევის ბრძანება მიიღო.

- როგორ თუ უკან დახევის? - გაცხარდა პრეზიდენტი, - ერთ-ერთმა სანაქებო სპეცრაზმმა, რომ იტყვიან, ერთი ბეწო წინააღმდეგობის დაძლევა ვერ შეძლო?

- ეს მათი ხელმძღვანელობის ბრძანება იყო, - განმარტა გაერთიანებული შტაბის უფროსმა ზაზა გოგავამ და განაგრძო, - საჩხერის  დაჯგუფებამ, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი წარმოადგენს, დილიდან დაიწყო მოქმედება ჯავის მიმართულებით, სოფელ სინაგურაში  ოსების თავდაცვის პოსტი წარმატებით დასძლია და გზა განაგრძო, თუმცა მოწინააღმდეგემ მჟავე წყლებთან ხიდის აფეთქება მოასწრო, ამ დროისთვის ჩვენი შენაერთი მჟავე წყლებთან ამაგრებს პოზიციებს.

- ზნაურის რაიონი ხომ ჩვენია? - იკითხა პრეზიდენტმა.

ოთახში უხერხული სიჩუმე ჩამოწვა.

- საქმე ის არის, რომ..

- ჩვენია თუ არა?.. - შეაწყვეტინა გოგავას პრეზიდენტმა.

- ამ დროისთვის მეოთხე ბრიგადის 43-ე ბატალიონი ზნაურის შესასვლელთან, დაახლოებით 2 კილომეტრში დგას. ამ ბატალიონს  სოფლების ე.წ. წმენდა ჰქონდა დავალებული - თავი კარგად გაართვა, ბატალიონი გადაღლილი და უძინარია, ამიტომ მეთაურის ბრძანებით, დასასვენებლად უკან დაბრუნდნენ.

რადიოკავშირზე მთავარსარდლის მწარე სიცილი გაისმა.

"აი, ახლა კი დაიწყება", - გაუელვა გოგავას, თუმცა მოულოდნელად რადიოკავშირი გაწყდა.

პრეზიდენტს მოახსენეს, რომ რუსეთმა ოფიციალურად გააკეთა განცხადება საქართველოში შეჭრის შესახებ... მდგომარეობიდან გამოსული მთავარსარდალი ადგილს ვეღარ პოულობდა, მოგვიანებით გაერთიანებულ შტაბს  ტელეფონით პოლიტიკოსთა გადაწყვეტილება შეატყობინეს, - ცხინვალზე კონტრშეტევას ითხოვდნენ.

- ასეთ დროს ეს შეუძლებელია, - ამაოდ ცდილობდა გაერთიანებული შტაბის უფროსი პოლიტიკოსთა დარწმუნებას.

- მთავარსარდალთან არის შეთანხმებული, - იყო პასუხი...

ნაშუადღევის 4 საათი იქნებოდა. სახმელეთო ჯარების სამედიცინო სამსახურის უფროსის ჯეჯიას მანქანა სოფელ დირბში სამედიცინო დახმარების პუნქტის ეზოში შევიდა.

- აკი წინა ხაზზე უნდა გავიდეთო? - ჩაიბურტყუნა გოგიტა მაჩხანელმა და საბარგულიდან უხალისოდ ჩამოხტა.

- ეგეც იქნება, ცოტა მოითმინე, - მიაძახა  ჯეჯიამ და რეზერვისტ ექიმებს სამედიცინო პუნქტში შეუძღვა. მალე ეზოში ორი სამხედრო სამედიცინო მანქანა შემოვარდა.

- დაჭრილები მოიყვანეს, - გადაულაპარაკა ირაკლი ცარციძემ მაჩხანელს  და მანქანებისკენ გაეშურა. ჯარისკაცთაA უმეტესობა  ტყვიით იყო დაჭრილი, ერთი მათგანი საკაცით გადმოიყვანეს.

- სასწრაფოდ გადასხმა ესაჭიროება, - თქვა სამედიცინო ინსტრუქტორმა.

- რა სჭირს? - ჰკითხა ცარციძემ.

- მწვავე ინტოქსიკაცია.

- რა? - ჩაეკითხა ცარციძე.

- დიზენტერია... კონსერვებით ჯარისკაცები გვეწამლება, - გაცხარდა სამედიცინო ინსტრუქტორი.

- გამოდის, რომ თუ ტყვიას გადაურჩი, შეიძლება დიზენტერიამ მოგკლას, - ჩაილაპარაკა მაჩხანელმა...

მურმან გელენავა ჯარისკაცებს ჭრილობებს უხვევდა.

- მალე დაამთავრებთ? - ჰკითხა ერთმა.

- თუ დამაცდი - კი... სად გეჩქარება? - გამოსცრა გელენავამ.

- პოზიციაზე, ბიჭები არიან იქ...

- აქ არავინ ჩერდება, როგორც კი გადაუხვევენ ან  ტკივილგამაყუჩებელს გაუკეთებენ, ისევ პოზიციაზე გარბიან... დაჭრილებს თვალი არ მოაშოროთ, - ჩუმად უთხრა ჯეჯიამ ცარციძეს და მაჩხანელს. მანქანების წასვლის შემდეგ პუნქტში სიმშვიდემ დაისადგურა.

- წვეთოვანი კიდევ დიდხანს უნდა მედგას? - წარამარა კითხულობდა მოწამლული ჯარისკაცი.

- სამწუხაროდ, თქვენი გორში, ჰოსპიტალში გადაყვანა მოგვიწევს, - მიუგო ექიმმა.

პასუხად ჯარისკაცმა ამოიგმინა და გაჩუმდა. შებინდებისას სამედიცინო პუნქტში   დაჭრილთა რაოდენობამ იმატა.

- ყველა ვერ გამოგვყავს... ისეთი ამბავია... - ნიკაპი აუკანკალდა სამედიცინო სამსახურის თანამშრომელს.

- ჩვენც მოვდივართ, - მაჩხანელი და ცარციძე ერთდროულად ჩასხდნენ მანქანაში. უცებ ირაკლი ცარციძემ მოწამლულ ჯარისკაცს მოჰკრა თვალი - უკან ექიმი მოსდევდა.

- გააჩერე, - დაუყვირა მაჩხანელმა მძღოლს, ჯარისკაცი კაბინაში შემოხტა.

- სად გავამხილო, როცა ბიჭები იხოცებოდნენ, მე კუჭის გამო ლოგინში ვიწექი-მეთქი, - თქვა ხმამაღლა და მაჩხანელს მადლიერი თვალით შეხედა....

რუსეთის განცხადებამ, საქართველოში შეჭრის შესახებ,  მურად ფლიევი გაახალისა, ცხინვალის თავდაცვის შტაბის უფროსი  უფრო გაბედული გახდა.

- ქართველები ამაოდ ცდილობენ შანხაის რაიონში ხელმეორედ შემოსვლას და რკინიგზის გადასასვლელთან ბლოკპოსტების მოწყობას, რუსების ცეცხლის გამო წინ ნაბიჯსაც ვერ დგამენ, - ესაუბრებოდა ფლიევი ხელმძღვანელობას ტელეფონით.

- გვაცნობეს, ქართველები ცხინვალზე კონტრშეტევას გეგმავენო, - გაისმა ტელეფონში, - ინფორმაცია უტყუარია. ჩვენს რუს მეგობრებს მიაწოდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან.

ფლიევი ერთხანს ჩაფიქრდა, მერე რიხიანად მიუგო:

- დავხვდებით რუს ძმებთან ერთად!...

ცხინვალში, სტალინის ქუჩის 60 ნომერში თავშეფარებული შსს-ს საგანგებო დავალებათა მესამე ოპერატიული სამმართველოს ათამდე მეომარი 3 საათის განმავლობაში ითხოვდა რადიოკავშირით შველას.

- ნება მომეცით, ბიჭები გამოვიყვანო, - ამაოდ ემუდარებოდა სამმართველოს უფროსი  ხელმძღვანელობას.

- ვერ გავრისკავთ, - ჯიუტობდა შსს-ს ნაწილების მეთაური.

- მხოლოდ მოხალისეებს წავიყვან.

- ბრძანების დაუმორჩილებლობა ალბათ იცით, რას ნიშნავს, - მიიღო პასუხად.

- რა ვუთხრა ბიჭებს? - ამოიგმინა სამმართველოს უფროსმა, ცხინვალში მყოფნი კავშირზე აღარ გამოსულან (მათი ბედი დღემდე უცნობია. - ავტ.)...

ბათუმის საზღვაო ქვეითთა ბატალიონი  ნიქოზიდან კვლავ ცდილობდა ცხინვალში შესვლას და გარეუბნის შენობებს ძლიერი ცეცხლი გაუხსნა. როდესაც მურად ფლიევს მოახსენეს, მოწინააღმდეგემ ცეცხლი გახსნაო, ბრძანა, - დაეხმარეთ შენობებში მყოფთო. "კი მაგრამ, იქ რომ არც ერთი ჩვენიანი არ არის, ვის გაუხსნეს ცეცხლი ქართველებმა?" - გაუელვა და ინფორმაციის დაზუსტება მოითხოვა...

შენობებში გამაგრებული შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური დიდხანს ცდილობდა ხელმძღვანელობას დაჰკავშირებოდა.

- რომელიღაც ქართული შენაერთი გვიტევს, - ალბათ მოწინააღმდეგე ვგონივართ. გვყავს დაღუპული, საპასუხო ცეცხლს არ ვხსნით... დაგვეხმარეთ, გააგებინეთ...…

2008 წლის 8 აგვისტო ღამდებოდა. ცხინვალი ქართულმა შენაერთებმა საბოლოოდ დატოვეს. დაცლილი იყო დიდი ლიახვის ხეობაც. საქართველოს ხელისუფლება კონტრშეტევისთვის ემზადებოდა...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)