ჯადოქარი
07-09-2009
- ქალაქში რამდენიმე თვითმკვლელობა მოხდა ზედიზედ და ბუნებრივია, ეს არ შეიძლებოდა მშვიდად მიგვეღო. თუმცა, ვაღიარებ, ადგილზე მისულებს დანაშაულის კვალის ძებნა არც გვიფიქრია, რომ არა ერთი უცნაური დამთხვევა ყველა შემთხვევისას! - იხსენებს ბატონი ბიძინა კიდევ ერთ ამბავს თავისი პრაქტიკიდან.
პირველი 38 წლის პედაგოგი ლეილა ჩანტლაძე (გვარ-სახელი აქაც და შემდგომშიც შეცვლილია) გახლდათ. კერძო პრაქტიკასაც ეწეოდა და როგორც კი იმდენი თანხა მოაგროვა, რომ ბინის დაგირავება შეძლო, მშობლებისა და ძმის ოჯახიდან ცალკე გადავიდა. ახლომდებარე
კორპუსის მეხუთე სართულზე იქირავა ოროთახიანი ბინა. სწორედ იქ იპოვეს ვენებგადაჭრილი საკუთარ საწოლში. ორი დღე რომ არ მივიდა სკოლაში და არც ტელეფონს უპასუხა, შინ მიაკითხეს სკოლი
დან მის ძმასა და რძალთან ერთად...
როცა შემთხვევის ადგილზე მივედი ჩემს თანაშემწესთან, ირაკლი ბაზაძესთან ერთად, ლეილას კოლეგებმა და ოჯახის წევრებმაც ერთი და იგივე ჩვენება მოგვცეს. მშვიდი, გაწონასწორებული ქალი იყო. ოღონდ ეგ იყო, მარტოობას განიცდიდა და იმასაც, რომ სერიოზული მთხოვნელი არასოდეს ჰყოლია.
- საწყალმა ისიც კი დაიჯერა, ჯადო გამიკეთესო და კარგ მკითხავს ეძებდა, იქნებ ეს ჯადო მომიხსნა და ბედი გამეხსნასო! - გაიხსენა მისმა მეგობარმა თამარ ვასაძემ.
ბინის დათვალიერებამ არანაირი შედეგი არ გამოიღო. უცხო ადამიანის კვალიც ვერ ვიპოვეთ, არც ძალადობის რაიმე ნიშანი ჩანდა და ექსპერტიზის დასრულების შემდეგ ახლობლებს მისი დასაფლავების უფლება მივეცით. იმავე საღამოს კი პოლიციის განყოფილებაში მისმა ძმამ, ლევანმა დარეკა, თქვენთან შეხვედრა მინდაო. რა თქმა უნდა, მაშინვე მივედით:
- შეიძლება, უხერხულია ახლა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ჩემი დის ოქროულობას ვერ ვპოულობთ... ლეილას ბევრი სამკაული ჰქონდა - ზოგი ნაჩუქარი, ზოგიც თვითონ იყიდა, რადგან ძალიან უყვარდა ძვირფასეულობა. ახლა კი თითზე შერჩენილი ერთი ბეჭდის გარდა ვერაფერი ვიპოვეთ...
ირაკლიმ ეჭვი გამოთქვა:
- არ არის გამორიცხული, როცა გარდაცვლილი იპოვეს, მაშინ წაიწყმიდა ვინმემ სული და გაიტანა. ჩვენ რომ მივედით, იქ უამრავი ხალხი ტრიალებდა - მეზობლებიც, კოლეგებიც...
თუმცა, დასკვნის გამოტანა ნაადრევი იყო.
ორი კვირის შემდეგ კი 34 წლის გიორგი გოგაძე იმ ცხრასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა, სადაც მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. ოჯახი დაენგრა. ნარკომანი იყო და ცოლმა აღარ ისურვა მის გვერდით ცხოვრება, ბავშვიც წაიყვანა და მამას მასთან მიახლოებაც აუკრძალა, - ბიჭია და არ მინდა შენს კვალზე წავიდესო.
მშობლებსაც ყელში ჰქონდათ ამოსული შვილის ნარკომანობა. თვითმკვლელობამდე ორი დღით ადრე შინიდან გააგდეს და კარის საკეტიც გამოცვალეს.
- შინიდან ყველაფერი გაჰქონდაო! - გვითხრა დედამისმა, რომელსაც ტირილის თავიც აღარ ჰქონდა. ბოლოს ოქროულობა მომთხოვა. ბევრი კი არაფერი მაქვს: ოქროს ჯაჭვი, საათი სამაჯურით, ოთხი ბეჭედი, რომელსაც სიბერის წლებისთვის ვინახავდი, რადგან შვილებმა არ გამიმართლეს და აღარც მათი იმედი მქონდა. გიორგი ხომ ნარკომანი გახდა, მისმა ძმამ სულ მიგვატოვა, ვიღაც უზნეო ქალს აეკიდა და მასთან ცხოვრობს, ხსენებაც არ უნდა ჩვენი. როგორც გითხარით, ამ ოქრულობას თვალისჩინივით ვუფრთხილდებოდი, ქისაში მეწყო, გულზე მეკიდა შეშინებულს, ვაითუ, მიაგნოს და წამალში გადაცვალოს-მეთქი. ეტყობა, მძინარეს შემაჭრა. ის ქისა რომ დაიკარგა, ეჭვიც არ შეგვპარვია, გიორგიმ მოიპარა. ამიტომ გააგდო მამამ შინიდან. მეც ისე ვიყავი გამწარებული ვაჟების უმადურობით, იმ ქალებს შევნატროდი, შვილი რომ არასოდეს ჰყოლიათ...
სიმართლე გითხრათ, არც ნარკომანის თვითმკვლელობაში დაგვინახავს რაიმე გასაკვირი და მოულოდნელი, მაგრამ...
- ბატონო ბიძინა, ამ შემთხვევაშიც რატომ ფიგურირებს დაკარგული ოქროულობა?! - ეჭვით შემომხედა ირაკლიმ და არ შემეძლო ეს ეჭვი არ გამეზიარებინა.
პირველ რიგში დავადგინეთ, რომ ლეილა ჩანტლაძეს და გიორგი გოგაძეს სიცოცხლეში საერთო არაფერი ჰქონიათ. არც ერთმანეთის მახლობლად ცხოვრობდნენ, თუმცა კი ორივე შემთხვევაში ვგრძნობდით, საქმე დანაშაულთან გვქონდა, მაგრამ ვერ ვამტკიცებდით...
გიორგი გოგაძის დაღუპვიდან მცირე ხანში, ქალაქში კიდევ ერთი თვითმკვლელობა მოხდა. ამჯერად 42 წლის ნათელა დაუშვილმა მოიკლა თავი და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მისი ქმარი იმ ქალთან წავიდა, ვინც შვილი გაუჩინა. ნათელა კი უშვილო იყო. მისმა ქმარყოფილმა არ დაგვიმალა, - გარიგებით დავქორწინდით, ერთმანეთი არც გვყვარებია და შვილიც რომ არ გვეყოლა, კიდევ უფრო გამიტყდა გული - უბავშვო ოჯახი რა ოჯახია, თანაც უსიყვარულოდ შექმნილი! ჰოდა, სხვისკენ გამიწია გულმა. იმ ქალმა შვილიც გამიჩინა და წავედი. ყველაფერი ნათელას დავუტოვე, ერთი უბრალო ნივთიც არ წამიღია ჩემი ტანსაცმლის გარდა...
- როგორ შეხვდა თქვენს წასვლას?
- დამემუქრა, რომ შურს იძიებდა...
- შურისძიებაში თვითმკვლელობა იგულისხმა?! - ჩავეკითხე მე.
- არა მგონია. არ იყო ნათელა თავის მომკვლელი: ისეთ რამეს ვიზამ, იმ ძუკნას შეგაძულებო! - ჩემი შვილის დედაზე მეუბნებოდა.
არადა, ფაქტი სახეზე იყო. ნათელა დაუშვილმა თავი ჩამოიხრჩო. ჭაღს მისი სხეულის სიმძიმისთვის ვერ გაეძლო და ჩამოვარდნილა. სწორედ მისი დავარდნისა და მსხვრევის ხმას შეუშფოთებია მეზობლები. მაშინვე ამოცვივდნენ, კარი ღია ყოფილა, ქალი უკვე - მკვდარი...
- კარი რომ ღია იყო, არ არის გასაკვირი?! - იკითხა ირაკლიმ.
- არა! დღის ოთხი საათი იყო და კარს სხვა დროსაც ხშირად ვტოვებდით მიხურულს! - მხრები აიჩეჩა კაცმა.
- ოქროულობა თუ ჰქონდა თქვენს მეუღლეს? - მეც და ჩემმა თანაშემწემაც ერთდროულად ვკითხეთ გარდაცვლილის ქმარყოფილს.
- როგორ არა! საკმაოდ ძვირფასი ნივთებიც. რასაც არ ატარებდა, შინ პატარა სეიფში ინახავდა.
- შეგიძლიათ სეიფის გახსნა?
- თუ გასაღები ისევ იქაა, სადაც ადრე ინახავდა...
გასაღები კი ძველ ადგილზე იდო, მაგრამ სეიფი გამოცარიელებული დაგვხვდა!
უკვე ეჭვი აღარ გვეპარებოდა, რომ ქალაქში გავრცელებული "თვითმკვლელობის ვირუსი" სულაც არ იყო შემთხვევითობა.
- თუ არ გავაქტიურდით, ეს "თვითმკვლელობა" ბოლო არ იქნება! - ვთქვი და ბრძანება გავეცი, გარდაცვლილის ბინა მისი ქმარყოფილის თანდასწრებით გაეჩხრიკათ და ყველაფერი ჩაენიშნათ, რასაც კაცი უჩვეულოდ მიიჩნევდა. სამსაათიანი მუშაობის შემდეგ ისეთი რამ ვიპოვეთ, რამაც ძიების სწორ კვალზე დაგვაყენა.
აღმოჩნდა, რომ ნათელა დაუშვილი დღიურებს წერდა და რვეულს ტახტის შუაგულში მოწყობილ სამალავში ინახავდა. მაძებრები თუ მოახერხებდნენ ასეთი სამალავის პოვნას! მოკლედ, დღიურში ქალი დაწვრილებით აღწერდა თავის განცდებს ქმრის ღალატთან დაკავშირებით. იმასაც, რომ პატიებას არ აპირებდა და მის გაუბედურებას ჯადოს საშუალებით ეცდებოდა. რვეულშივე ჩაედო გაზეთიდან ამოჭრილი განცხადება: "ცნობილი ექსტრასენსი და მაგი მოგიგვარებთ ჯადოსთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას". იქვე საკონტაქტო ტელეფონი და მისამართი იყო მითითებული...
- უნდა შევამოწმოთ! - გადავხედე ირაკლის.
საქმეში ამჯერად თანამშრომელი ქალი ჩავრთეთ. ირამ ტელეფონის ნომერი აკრიფა. მამაკაცმა გვიპასუხა:
- შეხვედრა მინდა თქვენთან... ქმარი მღალატობს და იქნებ ჯადოს საშუალებით დავიბრუნო!..
კაცმა შეხვედრის დრო დანიშნა.
ირა ტაქსით გავუშვით და უკან ავედევნეთ. ტაქსი ერთ ძველებურ ეზოში შევიდა. შენობებიც იმდენად ძველი იყო, ქოხებს უფრო ჰგავდა და ძნელად თუ დაიჯერებდი, რომ აქ ვინმე ცხოვრობდა.
- უნდა შევყოლოდი, არ მოკლან! - შეშფოთდა ირაკლი.
- არა მგონია! - დავამშვიდე მე, - თუ ოქროულობაზე მონადირესთან გვაქვს საქმე, ასე უცბად ვერაფერს იზამს, თანაც ირას ხომ უბრალო  სამკაულიც არ უკეთია!
ნახევარ საათზე მეტი დააგვიანდა ირას და ლამის მეც მიმტყუნა ნებისყოფამ... როგორც იქნა, გამოვიდა. საშუალო სიმაღლის გამხდარმა მამაკაცმა გამოაცილა.
ირა ისევ ტაქსიში ჩაჯდა და ჩვენც უკან გავყევით. განყოფილებაში მისულებმა შევამჩნიეთ, აფორიაქებული იყო. სახე გაჰფითრებოდა, გულის რევის შეგრძნებაც ჰქონდა:
- ხომ არაფერი დაგალევინა იმ შობელძაღლმა?! - შეშინდა ირაკლი.
- არა, ყავაც არ შემოუთავაზებია, მაგრამ ის მართლა ფლობს რაღაც ძალას, თითქოს ჰიპნოზი გამიკეთა. ლაპარაკისას თვალებში მიცქერდა. ჯერ თავბრუსხვევა ვიგრძენი, მერე ლამის დამეძინა, რითაც კმაყოფილი დარჩა, - თქვენგან ისეთი ენერგია მოდის, არ გაგვიჭირდება მტრის განადგურებაო...
- ადვილად რომ დამორჩილდა მის ჰიპნოზურ ზემოქმედებას, ამან გაახარა! - აღნიშნა ექსპერტიზის ექიმმა, რომელიც ჩვენს საუბარს ესწრებოდა.
- რაზე შეთანხმდით? - ლამის ყველამ ერთად ვიკითხეთ.
- მითხრა, რომ ჯადოს კეთებაში მას რომელიღაც შავი ძალა ეხმარება. ამ ძალას კი ოქრო უყვარს!.. სამკაულების მიცემაზე რომ უარი ვუთხარი, დამამშვიდა - იმ ოქროს კი არ დაკარგავ, რიტუალის დროს გამოიყენებ და ისევ შენ დაგრჩებაო. რაც შეეხება, რიტუალს, - აუცილებლად იმ სახლში უნდა ჩატარდეს, სადაც დამკვეთი ცხოვრობსო...
- ის არის! - იყვირა ირაკლიმ, - დედას ვუტირებთ!
- შენ რა უთხარი? 
- რომ უცებ ვერ მივიღებდი გადაწყვეტილებას, დაფიქრებისთვის დრო ვითხოვე...
- სწორადაც მოიქეცი! - შევაქე კოლეგა.
ირამ "ჯადოქართან" ორი დღის შემდეგ დარეკა და უთხრა, რომ მზად იყო მასთან შესახვედრად. წინასწარ შერჩეული ბინის მისამართი ჩააწერინა. ჯადოქარმა შუაღამისას ისურვა მოსვლა, - მაგია ამ დროს აქტიურდებაო...
მარტო არ მოსულა. ვიღაც ჯანიანი ბიჭი იჯდა საჭესთან.
ჯადოქრობისთვის დახვედრებული ოქროულობით კმაყოფილი დარჩა, - შენს ქმარს რამდენიმე დღეში დავაჩოქებთო! - "დააიმედა" ირა და რიტუალისთვის მზადება დაიწყო, -   სუფთა წყალი მოითხოვა, სარკე... მოკლედ, რაღაც სისულელეები... სამალავიდან შევამჩნიეთ, რომ ირა ისევ გააბრუა მისმა ლაპარაკმა და როგორც კი მოეშვა სავარძელში მჯდომი, - "ჯადოქარმა" ოქროულობა წინასწარ მომზადებულ პარკში ჩაყარა. მერე კი მასთან ერთად მოსულ ბიჭს დაუძახა:
- ფანჯარა დახურე და ისე გააკეთე, რომ ეჭვი არავის შეეპაროს თვითმკვლელობაში... ხელთათმანები არ დაგავიწყდეს...
სხვათა შორის, რომ მოვიდა, თვითონ უკვე ეკეთა ხელთათმანები და ჩანს, ამიტომ არასოდეს ტოვებდა კვალს...
წასასვლელად მოემზადნენ. წასვლის წინ კი გაზის ბალონი გახსნეს...
მაშინვე ავიყვანეთ ორივე...
ფაქტზე დაჭერილები დაიბნენ და დანაშაული აღიარეს.
"ჯადოქარი" საქართველოში დაბადებული და გაზრდილი აზერბაიჯანელი იყო, მისი დამხმარე კი მისივე "საყვარელი" გამოდგა. ყველა უბედურებასთან ერთად "ჯადოქარი" მამათმავალიც აღმოჩნდა...
"ჯადოქარმა" ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევების გარდა კიდევ ორი დანაშაული აღიარა. დახვრეტა მიუსაჯეს. მისი "თანაშემწე" კი 15 წლით გაამწესეს ციხეში...

mari
14 მარტი 2010 10:29
ინგა ძაან მაგარ სტატიებს აკეთებს ერთ-ერთი საუკეთესოა კვირის პალიტრაში.პირველ რიგში მაგის სტატიებს ვკითხულობ.ეს სტატიაც ძაან მაგარია.
niako
09 მარტი 2010 19:38
ძალიან კარგი სტატიაა. მოხიბლული ვარ!!!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?