რუსული კოლონის პირისპირ - კვირის პალიტრა

რუსული კოლონის პირისპირ

8 აგვისტოს ღამით, სოფელ ჭუბერში, ბირჟაზე, ჯიხურთან, ახალგაზრდებს მოეყარათ თავი და კოდორიდან დაბრუნებული ერეკლე დადვანისგან ხეობის ამბებს მშვიდად ისმენდნენ.

- მართალია, რომ ამბობენ, კოდორიდან აფხაზეთზე შეტევას აპირებენო? სოფელი ლაპარაკობს, აჟარაში თავდაცვის მინისტრიც კი იყო ჩასულიო, - იკითხა გამყიდველმა.

- კეზერაშვილი თვალით არ მინახავს, თუმცა მაგის მსგავსს ყური მეც მოვკარი, მაგრამ მინისტრს უთქვამს, ჯარი ცოტააო და გადაუფიქრებიათ, - გაეცინა დადვანს.

- მერე, არავინ შეახსენა, რომ ერთი სვანი ათ ქალაქელ ჯარისკაცს უდრის? - წარბი აწკიპა თორი ჩხვიმიანმა.

ერეკლე კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ მოულოდნელად მანქანების ფარების შუქმა მოსჭრა თვალი.

- რა ხდება? - იკითხა გაოცებულმა.

- სამხედრო მანქანებია, კოლონად მოდიან, - დააზუსტა ვიღაცამ.

"ჩანს, კოდორიდან მოდიან, მაგრამ სად მიდიან?", - გაუელვა დადვანს. ერთი სამხედრო მანქანა ჯიხურთან გაჩერდა.

- "კოკა-კოლა" და  ათი კოლოფი სიგარეტი მოგვეცით, - უხალისოდ უთხრა გამყიდველს ჯარისკაცმა.

- სად მიდიხართ? - ჰკითხა ქალმა და შეკვეთილი მიაწოდა.

- ცხინვალში, - მოუჭრა სამხედრომ.

- კოდორში დარჩა ვინმე? - მიაძახა ქალმა მანქანისკენ მიმავალს.-კოდორის ხსენებაზე შეკრებილი ახალგაზრდები გაფაციცდნენ.

- დარჩა, ასე 300 კაცი, - უპასუხა სამხედრომ და მანქანაც დაიძრა.

- რად უნდათ ესენი ცხინვალში, ქალაქი ხომ უკვე ორი დღეა, ჩვენია? - ეჭვიანად გადახედა თორიმ ერეკლეს.

- გავიგებ, - მიუგო დადვანმა და გოგიტა მაჩხანელის ნომერი აკრიფა. ყველამ შეამჩნია, საუბრისას ერეკლე როგორ გაფითრდა.

- რა ხდება? - ჰკითხეს ერთხმად, როდესაც დადვანმა საუბარი დაამთავრა.

- ცხინვალი დავტოვეთ და თან ისე, რომ დახოცილებიც არ გამოგვიყვანია, - ყრუდ თქვა ერეკლემ.

- დიდაბ აჯქაად ჯგრაგ სილაანეშდ (წმინდა გიორგი, შენ დაგვიფარე)! - წამოიძახა თორიმ. ირგვლივ მძიმე სიჩუმე ჩამოწვა.

- ხეობა სამასი კაცის იმედზე ვერ იქნება, ხვალვე უნდა გავბრუნდე კოდორში, - თქვა ერეკლემ, და კაი ხნის ფიქრის შემდეგ დაამატა, - ვატყობ, ხეობა ისევ დასაცავი გაგვიხდება...

9 აგვისტოს, დილით, ცხინვალის თავდაცვის შტაბის უფროსი მურად ფლიევი მოწინააღმდეგის შეტევის დაწყებამდე ქალაქის ცენტრში საბრძოლო პოზიციებს ათვალიერებდა.

- სულიმ იამადაევი გელოდებათ შტაბში, - მოახსენა აქოშინებულმა თანაშემწემ.

- იამადაევი?.. ხომ არ გეშლება? - გაუკვირდა ფლიევს და შტაბისკენ გაემართა.

- ბატალიონ "ვოსტოკის" ასი მეომარი და 6 ჯავშანტექნიკა ათიოდე წუთის წინ ცხინვალში შემოვიდა, - მედიდურად უთხრა იამადაევმა თავდაცვის შტაბის უფროსს და ხელი ჩამოართვა.

- დანარჩენები? რუსები სად არიან? -  იკითხა აფორიაქებულმა ფლიევმა, - წუთი-წუთზე ქართველების შეტევას ველოდებით.

- ასი ჩეჩენი მეომარი რუსი ახალწვეულები ხომ არ გგონია? - მკვახედ მიუგო იამადაევმა, - ამ მებრძოლებმა 95-ში რუსები გროზნოში არ შეუშვეს.

ფლიევმა ჩეჩენი მეთაური ყურადღებით შეათვალიერა, - აი, თურმე როგორი ყოფილა რუსეთის გმირი, - გაიფიქრა დაიმედებულმა და იამადაევს კაბინეტში შეუძღვა...

რუსეთის 58-ე არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი ხრულოვი შტაბში თავის ხელქვეითებს მორიგ საბრძოლო დავალებებს აძლევდა.

- როგორმე უნდა შევაღწიოთ ცხინვალში, ე.წ. სამხრეთ ქალაქში, სადაც ჩვენი სამშვიდობოების ბაზაა. ძარას მიმართულებას მოწინააღმდეგის არტილერია აკონტროლებს და ამ გზით ქალაქში ჩვენი შეღწევა თითქმის შეუძლებელია. ჩვენი ინფორმაციით, გუშინ საღამოს ქართველებმა საჯარისო ნაწილები ცხინვალის სამხრეთ მისადგომებიდან გაიყვანეს. ამიტომ 135-ე პოლკი ქალაქში შესვლას კვერნეთის მიმართულებიდან შეეცდება, მეც სწორედ ამ პოლკს გავყვები.

- რა დროისთვის უნდა ვიყოთ ცხინვალში? - იკითხა 135-ე პოლკის მეთაურმა.

- რაც შეიძლება ადრე... ხო მართლა,  ჟურნალისტებიც წამოიყვანეთ, მსოფლიოს უნდა ვანახოთ, როგორ შევალთ ჩაგრული ოსების გასათავისუფლებლად ქალაქში, - ირონიულად ჩაეცინა ხრულოვს და სამხედროებს ანიშნა, - თათბირი დამთავრებულიაო.

11 საათისთვის 58-ე არმიის მეთაურის "უაზი" მშვიდად მიჰყვებოდა კოლონას.

- სად ვართ? - იკითხა გენერალმა ხრულოვმა და თან გარემოს თვალი მოავლო.

- ცხინვალში, შანხაის დასახლებაში ვართ, დაახლოებით ნახევარ კილომეტრში უკვე ჩვენი ბაზაა, - უპასუხეს კოლონიდან.

- "<ტ;ფკბ ჰჯ,რბტ უჰეპბყს", - თქვა ანატოლი ხრულოვმა. მანქანაში მყოფთ სიცილი აუტყდათ, რა დროსაც ქართულმა სპეცრაზმმა ძლიერი ცეცხლი გახსნა.

- სულ რაღაც ოციოდე მეტრში არიან... აკი ქართველები გაიქცნენო?! უკვე ხელჩართულ ბრძოლაზე გადმოდიან ქართველები, - ყვიროდა ხრულოვი, მაგრამ მისი უკვე აღარავის ესმოდა, დაბნეული რუსი ჯარისკაცები უკანმოუხედავად გარბოდნენ.

- გენერალი დაიჭრა და სასწრაფოდ უნდა გავიყვანოთ, - დაიყვირა ხრულოვის მძღოლმა. კოლონა იძულებული გახდა, უკან დაეხია...

სახელმწიფო კანცელარიაში პრეზიდენტთან თათბირი 12 საათზე უნდა დაწყებულიყო, მიხეილ სააკაშვილი იგვიანებდა, ძალოვანი მინისტრები მას კარგა ხანს ელოდნენ.

- რა ხდება ჩვენს თავს, - უხალისოდ იკითხა პრეზიდენტმა, - რა მდგომარეობაა ფრონტზე?

- წუხელ მთელი ღამე სახმელეთოO ჯარების არტილერია იბრძოდა, ზემო ნიქოზის სამხრეთ-Dდასავლეთის თავდაცვის ზღუდიდან შსს-ს ნაწილები გამოვიყვანეთ, მათი ადგილი მეოთხე ბრიგადის 41-ე ბატალიონმა დაიკავა, სენაკის მეორე ბრიგადა ჩამოვიყვანეთ და მეოთხე ბრიგადას ჩავანაცვლეთ. გამთენიისას სენაკის  ბრიგადამ შეტევა დაიწყო ხეთაგუროვის მიმართულებით, ბრძოლები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

პრეზიდენტი გარინდებული იჯდა, თითქოს არც უსმენდა თავდაცვის მინისტრს. Mმოულოდნელად წამოდგა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა.

- სენაკის მეორე ბრიგადა ფრონტზეა? - იკითხა ხელახლა.

- დიახ, - დაუდასტურა კეზერაშვილმა.

- გამოდის, დასავლეთ საქართველო სრულიად დაუცველი დატოვეთ, აფხაზებმა მეორე ფრონტი რომ გახსნან? - გაცხარდა სააკაშვილი.

- ჩვენი მონაცემებით, ასეთი რამ დღის წესრიგში არ დგას, - ცდილობდა თავდაცვის მინისტრი მთავარსარდლის დამშვიდებას.

- მაშინაც ასე დარწმუნებული იყავით, როდესაც დაბეჯითებით მიმტკიცებდით, ქართული ჯარი უძლიერესია ევროპაშიო, - სააკაშვილს სიფიცხე ემატებოდა, - მაშინაც, როდესაც მეუბნებოდით, რუსეთი ომში არ ჩაებმებაო. რა, ასე არ იყო, დათო? - გაცხარებული პრეზიდენტი სიტყვებს ძლივს პოულობდა.

- ბატონო პრეზიდენტო, დასავლეთ საქართველოს საჭიროების შემთხვევაში პოლიციის სამსახურების სამი ათასამდე სპეცრაზმელი დაიცავს, - ვანო მერაბიშვილი ცდილობდა, მშვიდად ყოფილიყო.

პრეზიდენტი გაჩუმდა.

- კიდევ გაქვთ რამე სათქმელი? - პრეზიდენტი ისევ კეზერაშვილს მიუბრუნდა.

- ბატონო პრეზიდენტო, დღეს ჩვენი ერთი დანაყოფი რუსეთის 58-ე არმიის ერთ-ერთ ნაწილს გადააწყდა.

- გამოიქცნენ? - იკითხა სააკაშვილმა.

- არა, შეებრძოლნენ და უკან დახევა აიძულეს...

მერაბიშვილმა შეამჩნია, როგორ გაუბრწყინდა პრეზიდენტს თვალები.

- რომელი დანაყოფი იყო? - მოუთმენლად იკითხა პრეზიდენტმა.

- მეორე ბრიგადის სადაზვერვო ასეული. ეტყობა, რუსებს არ ჰქონდათ ინფორმაცია რომ ჩვენ ღამით ხეთAაგუროვი-ნიქოზის ფრონტზე მეორე ბრიგადის ნაწილები შევიყვანეთ. ასევე დანაკარგებია 58-ე არმიის იმ კოლონაში, რომელიც ძარის მიმართულებით მოძრაობდა.

კეზერაშვილის ტელეფონზე ზარი გაისმა.

- უპასუხეთ, - მოჭრა პრეზიდენტმა.

თAავდაცვის მინისტრს გაერთიანებული შტაბიდან ურეკავდენენ.

- ბატონო პრეზიდენტო, მეორე ბრიგადის ბატალიონებმა ხეთაგუროვი აიღეს და ტბეთის მიმართულებით მიიწევენ.

სააკაშვილმა უეცრად შვება იგრძნო...

2008 წლის 9 აგვისტოს 15 საათისთვის ქართული სამხედრო შენაერთები შEტევაზე გადავიდნენ. რამდენიმე სამხედრო დანაყოფმა შანხაის უბანში მე-12 სკოლამდეც მიაღწია. რუსულმა ავიაციამ ცხინვალის გარეუბნების მასირებული დაბომბვა დაიწყო. გაერთიანებული შტაბი ცხინვალში მყოფ დანაყოფებს შენობებში საცეცხლე პოზიციების მოწყობას სთხოვდა.

- ჯარისკაცები შენობაში არ შედიან, -  ჩასძახოდა 41-ე ბატალიონის მეთაური ტელეფონში ხელმძღვანელობას, - ეშინიათ, რომ უკან დახევის შემთხვევაში შენობებში არ ჩარჩნენ, სტალინის ქუჩიდან რომ მეომრები არ გამოიყვანეს, ყველას ახსოვს, მე კი ასე ბიჭებს ვერ გავიმეტებ, - ეს იყო ბატალიონის მეთაურის უკანასკნელი სიტყვა. მისი ტელეფონი დადუმდა...

9 აგვისტოს საღამოს, ქართულმა შენაერთებმა დანაკარგების გამო, ცხინვალიდან ნიქოზისკენ დახევა დაიწყეს.

გაერთიანებული შტაბის უფროსი ზაზა გოგავა დიდხანს დაჰყურებდა რუკას და ამაოდ ეძებდა სიტუაციიდან გამოსავალს.

- რადიოკავშირზე მესამე ბრიგადის სადაზვერვო ასეულის უფროსია, - მოახსენა მორიგე ოფიცერმა.

- დამაკავშირეთ, - უხალისოდ უთხრა გოგავამ.

- ჩემი ასეული ამჟამად სოფელ თლიაყანასთან, მოწინააღმდეგის თავდაცვის პოზიციაზე იმყოფება. ახლახან შევამჩნიეთ, რომ დიდი ლიახვის ხეობის გავლით ცხინვალისკენ სატანკო კოლონა მიემართება.

- რა? - გაოგნდა გოგავა.

- რუსული კოლონაა. 17 ტანკი და 50-მდე სატრანსპორტო საშუალება დავთვალეთ. ვითხოვთ ცეცხლს.

სახმელეთო ჯარების არტილერიამ რუსული კოლონის შეჩერება შეძლო, თუმცა მეორე სატანკო კოლონა 40 ტანკით ზალდის გზით დმენისისკენ მოემართებოდა. 9 აგვისტოს ღამით გოგავას მოახსენეს, რომ რუსულმა კოლონებმა გერის გზაზე შემოსვლა და გაშლა მოასწრეს.

ღამის 11 საათისთვის ყველა ქართული შენაერთი შეტევიდან მოხსნილი იყო, მტრის პირისპირ მხოლოდ მეორე ბრიგადის შენაერთები დარჩნენ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში