"გვემუქრებოდნენ, რომ ჩატარდებოდა ტერაქტები საქართველოში" - რატომ გაიწელა მოლაპრაკებები ჩატაევის ჯგუფთან და როგორ მიიღეს შტურმის გადაწყვეტილება? - კვირის პალიტრა

"გვემუქრებოდნენ, რომ ჩატარდებოდა ტერაქტები საქართველოში" - რატომ გაიწელა მოლაპრაკებები ჩატაევის ჯგუფთან და როგორ მიიღეს შტურმის გადაწყვეტილება?

"ჩატაევს დავალებული ჰქონდა ხალხის მოძიება და ტერაქტების მომზადება საქართველოში" - რა უნდოდა ჩატაევს საქართველოში?

21 ნოემბერს ერთი წელი შესრულდა თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული გახმაურებული ანტიტერორისტული ოპერაციიდან, რა დროსაც ლიკვიდირებული იყო ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი აჰმედ ჩატაევი, იგივე "ცალხელა აჰმედი" და მისი უახლოესი გარემოცვის წევრები: იბრაჰიმ ადაშევი (აბუ-ჰურეირა) და ასლანბეკ სოლტაჰმედოვი. "ჩატაევის საქმეზე " „კვირის პალიტრასთან“ შემდეგ კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე საუბრობს:

- 2014 წლის ზაფხულში, ანუ "ხალიფატის" გამოცხადების შემდეგ, საქართველოს ერთი მოქალაქე აგვისტოში გაემგზავრა სირიაში, თუმცა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია. ის ერთი თვის შემდეგ დაბრუნდა და აქტიურად ჩაერთო "ხალიფატისთვის" მოხალისეების გადაბირებაში - ის ახალი ჯამაათის შექმნას ცდილობდა. რა თქმა უნდა, ამ ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით აიუფ ბორჩაშვილს და მას შემდეგ, რაც შევაგროვეთ სათანადო მტკიცებულებები, 2015 წლის 13 ივნისს ჩავატარეთ ანტიტერორისტული სპეცოპერაცია და დავაკავეთ, დავაპატიმრეთ ის პირებიც, რომლებიც მისი დავალებით სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში საბრძოლველად მიემგზავრებოდნენ.

- აიუფ ბორჩაშვილის დაკავების შემდეგ აჰმედ ჩატაევმა, რომლის შესახებ დიდხანს არაფერი იყო ცნობილი, მოულოდნელად მუქარა გამოუგზავნა ხელისუფლებას, რომელმაც ის ციხიდან გაუშვა. სხვათა შორის, "კვირის პალიტრამ" ეს მუქარა მოიპოვა და გავასაჯაროეთ კიდეც. რამდენად საფრთხის შემცველი იყო ეს შეტყობინება და მანამდე გყავდათ თუ არა ჩატაევი ყურადღების არეალში?

- დიახ, ის მუქარა, რომელიც "კვირის პალიტრამ" გაასაჯაროვა, ნამდვილად რეალური იყო. ის არა მარტო აიუფის, არამედ სხვა დაკავებული პირების უპირობო გათავისუფლებასაც გვთხოვდა და ამისთვის ერთ კვირას გვაძლევდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გვემუქრებოდა, რომ ჩატარდებოდა ტერაქტები საქართველოში.

როგორც კი ეს შეტყობინება მივიღეთ, დავიწყეთ კანონით გათვალისწინებული მუხლებით მისი დევნა. ასევე ჩავატარეთ საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, რომლებზეც სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვერ ვისაუბრებ, თუმცა ვიტყვი, რომ ბევრი გავაკეთეთ მისი ადგილსამყოფლის დასადგენად. 2015 წლიდან, ფაქტობრივად, კვალდაკვალ მივყვებოდით. 2016 წელს დავადგინეთ ზუსტი ადგილსამყოფელი, ის სირიაში იყო. ამის შემდეგ წელიწადი და 5 თვე ვერსად ვპოულობდით. კონტაქტს არავისთან ამყარებდა, არც მეგობრებთან, არც ნათესავებთან (ერთხანს ხმაც გავრცელდა, რომ სირიაში დაიღუპა. - ავტ.). ამის შემდეგ ჩავატარეთ ოპერატიული კომბინაცია, რის შედეგადაც დავადგინეთ, რომ ის ცოცხალი იყო, თუმცა სად იმყოფებოდა, დანამდვილებით არ ვიცოდით. ეჭვი გვქონდა ორ ქვეყანაზე, სადაც სირიიდან გამოსული მებრძოლები იყრიდნენ თავს - ქვეყნებს მიზეზთა გამო ვერ დავასახელებ.

- ჩატაევი 2017 წელს გამოჩნდა საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციიდან წელიწადი სრულდება, საზოგადოებისთვის ბევრი არაფერია ცნობილი. "კვირის პალიტრამ" ზაფხულში თავის მკითხველს შესთავაზა ჟურნალისტური გამოძიება, რომელზეც, მე როგორც ავტორმა, 7-8 თვე ვიმუშავე, ამიტომ ჩემთვის ორმაგად მნიშვნელოვანია ვიცოდე, რამდენად "ახლოს" მივედი სიმართლესთან. პირდაპირ გკითხავთ, იცოდით, რომ აჰმედ ჩატაევი თბილისში იყო?

- გეტყვით, რომ სიმართლესთან ძალიან ახლოს მიხვედით. თუმცა, სანამ უშუალოდ კითხვაზე გაგცემთ პასუხს, მინდა კიდევ ერთხელ ქედი მოვიხარო ჩვენი დაღუპული სპეცრაზმელის, ვანო გოლაშვილის ხსოვნის წინაშე და მადლობა ვუთხრა გმირობისთვის. მინდა პირობა მივცე მის ოჯახს, რომ ყოველთვის მათ გვერდით ვიქნებით.

ვანო გოლაშვილი რაც შეეხება კითხვას, ვიცოდით თუ არა, რომ ჩატაევი თბილისში იყო, რა თქმა უნდა, არა. არსად დაფიქსირებულა და არც ჩვენი თვალთახედვის არეში მოხვედრილა. ჩატაევმა შესანიშნავად იცოდა, რომ საქართველოში ეძებდნენ და სისხლისსამართლებრივად დევნიდნენ.

- საიდან იცოდა?

- ისედაც ცხადი იყო, რომ მუქარა, რომელიც ხელისუფლებას გამოუგზავნა, რეაგირების გარეშე არ დარჩებოდა. გარდა ამისა, ის მსოფლიოს ყველაზე საშიშ ტერორისტთა ნუსხაში იყო შეყვანილი და საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, მის მიმართ ყველა სათანადო ღონისძიება ჩატარდებოდა. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად აქტიურად ვმუშაობდით და გვქონდა ინფორმაცია, რომ ჩატაევს, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთ იდეოლოგად ითვლებოდა, არაერთ ქვეყანაში ჰქონდა დაგეგმილი ტერაქტები, მათ შორის საქართველოშიც. თუმცა, ვინმეს რომ სცოდნოდა, ჩატაევს 21 ნოემბერს თბილისში აღმოვაჩენდით, მსგავსი რამ წარმოუდგენელი იყო.

- თქვენი საუბრიდან ჩანს, რომ არ არსებოდა მიზეზი, რის გამოც ხელისუფლება ჩატაევს შეიფარებდა, მას ყველა შემთხვევაში დააპატიმრებდნენ?

- მე არ ვიცი სახელმწიფო, რომელიც ითანამშრომლებს ტერორისტებთან. ან რა მიზეზი უნდა გვქონოდა, რომ ჩატაევი შემოგვეყვანა და მფარველობა გაგვეწია მისთვის? ეს აბსურდია! ჩვენ ბევრი ბრალდება მოვისმინეთ, იმასაც ამბობდნენ, იმიტომ ჩამოიყვანეს, ქისტებთან ურთიერთობა დაელაგებინათ, თავის დროზეც ამ მიზნით ჩამოიყვანეს და ახლაცო. ვერ წარმომიდგენია, რატომ უნდა ილაპარაკოს ქისტებთან ვინმემ შუამავლის მეშვეობით? ქისტებმა ქართული კარგად იციან და მეტად შეგნებული ხალხია. ჩვენზე ნაკლებად არ უყვართ საქართველო და მზად არიან ნებისმიერ დროს დაიცვან მტრისგან.

გაწელილი მოლაპარაკებები და შტურმის გადაწყვეტილება...

- 21 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ნახეთ, რომ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე კორპუსში გამაგრებულებმა გახსნეს ცეცხლი, რამდენად დროულად ამუშავდა ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი, რომელიც მთელ რიგ ღონისძიებებს მოიცავს, მაგალითად, მოსახლეობის ევაკუაციას, უსაფრთხო ზონების შექმნას და ა.შ. - გვქონდა ინფორმაცია, რომ იმ ბინაში იმყოფებოდნენ ჩრდილოკავკასიელები, თუმცა კონკრეტულად ვინ, არ ვიცოდით. მიღებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა ისინი შეიარაღებული ყოფილიყვნენ. ამის დასაზუსტებლად ადგილზე გავუშვით ჯგუფები, მათ შორის სპეცრაზმელებიც - თანამშროლების უსაფრთხოების მიზნით ყოველთვის ვაყოლებთ მათ.

როდესაც ერთი პირი გარეთ დავაკავეთ (შოაიფ ბორზიევი. - ავტ.), მას ცეცხლსასროლი იარაღი მზად ჰქონდა და დაკავების დროს სცადა კიდეც ესროლა ჩვენი თანამშრომლებისთვის. ეს ყველაფერი მიანიშნებდა, რომ ბინაში კარგად შეიარაღებული და თავზე ხელაღებული პირები იყვნენ. თუმცა რამდენი ან რა რაოდენობის იარაღი ჰქონდათ, არ ვიცოდით. ასევე არ ვიცოდით, რომელი ტერორისტული ორგანიზაციის წევრები იყვნენ, ან თუ იყვნენ საერთოდ. როცა ცეცხლი გახსნეს, ეჭვს აღარ იწვევდა, რომ სერიოზულ ჯგუფთან გვქონდა საქმე და უკან არაფერზე დაიხევდნენ. სახლი ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა

რაც შეეხება ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმს, სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ყოველწლიურად გავდიოდით თეორიულ სწავლებას. შეიარაღებულ შეტაკებაში მონაწილეობა და გადაწყვეტილების დროულად მიღება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რასაც ჩვენი შიდა დებულება ითვალისწინებდა. საქმეს ისიც ართულებდა, რომ ის ადგილი მჭიდროდ არის დასახლებული და მოსახლეობის დროული ევაკუაცია იყო საჭირო. საქმეში ჩართული იყვნენ არა მარტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული დანაყოფებიც.

მინდა მადლობა გადავუხადო საპატრულო და კრიმინალურ პოლიციას, რომლის თანამშრომლებმა სწრაფად შემოსაზღვრეს რამდენიმე უსაფრთხოების ზონა, ჯანდაცვის სამინისტროს, რომელმაც დროულად გამოგზავნა სასწრაფო დახმარების მანქანები დაჭრილების გადასაყვანად, და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მეხანძრე-მაშველების თავდადება - ისინი ინტენსიური სროლის დროს აქრობდნენ ხანძარს, რათა ცეცხლი მთელ კორპუსს არ მოსდებოდა, ამასთან, სადარბაზოში ხომ ჩვენი სპეცრაზმელები იდგნენ.

- ტერორისტებთან მოლაპარაკებაც სწორედ დროის მოსაგებად დაიწყო?

- მოლაპარაკება მართლაც იყო. ტერორისტებთან მოლაპარაკება მსოფლიო პრაქტიკაა, მიუხედავად იმისა, ჰყავთ თუ არა მძევლები. საბედნიეროდ, მათ მძევლები არ ჰყავდათ...

- მძევლების აყვანის საფრთხე რამდენად რეალური იყო?

- რა თქმა უნდა, საფრთხე იყო, თუმცა ჩვენ მოვასწარით და მთელი სართული გადავკეტეთ, სპეცრაზმის თანამშრომლებმა შეზღუდეს მოძრაობა მთელ კორპუსშიც. თავდაპირველად, კარგა ხანს ვითხოვდით სახლში შესვლას და ჩხრეკის ჩატარებას, ასევე გვინდოდა ბინაში მყოფების იდენტიფიცირება. როდესაც ჩვენს მოთხოვნებზე შიგნიდან ცეცხლით გვიპასუხეს, დავიწყეთ მეზობელი სადარბაზოებიდან და ახლომდებარე კორპუსებიდან მოსახლეობის ევაკუაცია, რასაც დიდი დრო სჭირდებოდა, ამიტომ მოლაპარაკება მაქსიმალურად გავაჭიანურეთ. მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი რომ არ იყო, სწორედ ამის შედეგია. მაშინ გავიგეთ, რომ ბინაში მყოფები "ისლამური ხალიფატის" მებრძოლები იყვნენ.

- არც მაშინ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ ბინაში შესაძლოა აჰმედ ჩატაევიც ყოფილიყო?

- ამის შემდეგ ეჭვი შეიძლება აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადზეც ("ხალიფატის" მეთაური. - ავტ.) კი გვქონოდა. 10-20 კაცი, რომლებიც "ხალიფატის" რიგებში იბრძოდა, შესაძლოა დაბრუნებულიყო და ფარულად ეცხოვრა საქართველოს ტერიტორიაზე. ზუსტი გათვლა, რომ აუცილებლად ჩატაევი უნდა ყოფილიყო, არ გვქონდა. მის ხმას კარგად ვიცნობდით და როდესაც ტელეფონით მოლაპარაკება მიმდინარეობდა, მისი ხმა ნამდვილად არ ისმოდა. ჩვენი მოსაუბრე ადაშევი ან სოლტაჰმედოვი უნდა ყოფილიყო...

- ლაპარაკია პირზე, ვინც თავს მანსურად მოიხსენიებდა?

- დიახ, ასეა.

- როდის მიიღეთ შტურმის გადაწყვეტილება?

- პოლიტიკოსები და ექსპერტები ხშირად აცხადებენ, რომ თითქოს სპეცოპერაცია ორი დღე მიმდინარეობდა.

მოლაპარაკება 6-7 საათს გაგრძელდა. 22 ნოემბერს, გამთენიისას, 05.00 საათზე საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ ისინი არ ჩაგვბარდებოდნენ. თავადაც აცხადებდნენ, "ხალიფატის" მებრძოლები ვართ, გვირჩევნია დავიხოცოთ, თქვენც დაგხოცოთ, ვიდრე ჩაგბარდეთო. იყო სხვა მუქარაც, თუ რამე დაგვემართება, არც თქვენ დაგტოვებენ ცოცხლებსო. მას შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ მოსახლეობა ევაკუირებული იყო და უსაფრთხოების ზომებიც სათანადოდ დაცული, გადავწყვიტეთ შტურმის 06:00 საათზე დაწყება. შტურმს რამდენიმე ფაზა ჰქონდა. ფაზებს შორის ვრეკავდით ტერორისტებთან, რათა დაგვერწმუნებინა, დაეყარათ იარაღი. თუმცა ჩვენს ზარს უკვე აღარ პასუხობდნენ. მიუხედავად ამისა, მათთან დაკავშირების მცდელობა არ შეგვიწყვეტია. სპეციალური ღონისძიება ჯამში 12 საათი გაგრძელდა, ბოლოს მათთან დაკავშირება შუადღის 15:00-დან 16:00 საათამდე კიდევ ერთხელ ვცადეთ, თუმცა ზარი არ შედიოდა... ამის შემდეგ დაიგეგმა ოპერაციის დასკვნითი ფაზა და რაც მოხდა, ყველამ კარგად ვნახეთ - ორი მებრძოლი ლიკვიდირებულია, ხოლო აჰმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა.

- მოლაპარაკების დროს ბინაში მყოფები ამბობდნენ, რომ მარტონი არ იყვნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ შესაძლებელი იყო ქალაქის კიდევ რამდენიმე ლოკაცია ცეცხლის კერად გადაექციათ. როგორ ახერხებდით სპეცოპერაციის პარალელურად ქალაქის გაკონტროლებას?

- რა თქმა უნდა, საფრთხე რეალური იყო. ამასთან, უკვე გვქონდა ინფორმაცია, რომ "ხალიფატის" მებრძოლებს შესაძლოა საქართველოში მხარდამჭერები ჰყოლოდათ და მოწოდების შემთხვევაში პროცესში ჩაერთვებოდნენ. ეს კიდევ უფრო სწრაფ და სწორ გადაწყვეტილებებს ითხოვდა. გარეთ, მესამე უსაფრთხოების ზონაში, ტარდებოდა შესაბამისი სამძებრო ღონისძიებები.

საეჭვო პირის დაფიქსირების შემთხვევაში, მას აჩერებდნენ. ასე იყო მთელ ქალაქში. თავდაუზოგავად მუშაობდა კრიმინალური პოლიცია. ამ დაძაბულ ვითარებაში მოქალაქეებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა იგრძნეს და ნებისმიერი საეჭვო სიტუაციის შემჩნევისას რეკავდნენ 112-ზე, ამით ჩვენს დახმარებას ცდილობდნენ. მართალია, ბევრი ზარი ცრუგანგაში აღმოჩნდა, მაგრამ მოსახლეობის ასეთი აქტიურობა მისასალმებელი იყო.

- 23 ნოემბერს საზოგადოებისთვის ცნობილი შეიქნა, რომ პირი, რომელმაც თავი აიფეთქა, სავარაუდოდ, ჩატაევი იყო. თუმცა მისი ცხედარი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ამოცნობა ჭირდა. ბოლო დროს განიხილება ვერსია, რომ ჩატაევის ცხედარი არ იყო იქ და ის დღესაც ცოცხალია.

- გარწმუნებთ, ჩატაევი ნამდვილად მკვდარია! აფეთქებიდან ზუსტად ერთ წუთში მე მივედი შემთხვევის ადგილზე.

მაშინვე დავინახე რაღაც საგანი, რომელიც ფეხის პროთეზს ჰგავდა. მაშინ ვიეჭვე, რომ შესაძლოა ჩატაევის ყოფილიყო, თუმცა დამტკიცებაც ჭირდა, რადგან ცხედრისგან მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტი იყო დარჩენილი და მისი იდენტიფიცირება, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახლდათ. ოთახი, სადაც, სავარაუდოდ, ჩატაევს ეძინა, ხანძარს გადაურჩა. იქ ტყვიები და ხელყუმბარის რამდენიმე ნამსხვრევი ეყარა. სწორედ იქ აღმოვაჩინეთ ჩატაევის კომპიუტერიც. ხშირად უთქვამთ, სახლში ყველაფერი დაიწვა, მათ შორის კომპიუტერიცო, თუმცა ეს სიმართლე არ არის - უამრავი მტკიცებულება ამოვიღეთ, მათ შორის ელექტრომატარებლებიდან, ტელეფონებიდან... სწორედ იმ ოთახში ვნახეთ ხელ-ფეხის პროთეზი, რაზეც გარკვევით ეწერა "დავიდ მაიერი". ეჭვს აღარ იწვევდა, რომ ეს იყო ჩატაევის პროთეზი, რადგან მან ავსტრიაში ლტოლვილის სტატუსი სწორედ დავიდ მაიერის სახელით მიიღო. პროთეზი მისთვის 2013 წელს დაუმზადებიათ.

ეს იქაურმა კოლეგებმაც დაგვიდასტურეს. გვქონდა ჩატაევის დნმ-იც, რომელიც ერთ-ერთ ჰოსპიტალში იყო შენახული. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი ჩატაევის ხელის მტევნითა და თითის ანაბეჭდის შედარებით ოფიციალურად დადასტურდა, რომ პირი, რომელმაც შაჰიდის ქამრით თავი აიფეთქა, აჰმედ ჩატაევი იყო.

"შეიძლება ფიქრობდნენ, რომ ისეთ რამეს გააკეთებდნენ, რაც შეაზანზარებდა არა მარტო საქართველოს, არამედ ევროპასაც"

- ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დამთავრების შემდეგ, პირველი კითხვა, რომელიც საზოგადოებას შიშთან ერთად გაუჩნდა, იყო, რა უნდოდა ჩატაევს საქართველოში და როგორ მოახერხა ერთ-ერთმა ყველაზე საშიშმა ტერორისტმა, რომელსაც ნახევარი მსოფლიოს სპეცსამსახურები ფეხდაფეხ დაჰყვებოდნენ, იარაღის მთელი არსენალით ქალაქის ცენტრში უსაფრთხოდ დაბინავება? ამასთან, გაჩნდა ეჭვი, რომ ჩატაევი ქართულმა სპეცსამსახურებმა ჩამოიყვანეს გარკვეული ინტერესის გამო და მერე მუხანათურად მოკლეს. სხვათა შორის, ამ ვერსიას ისიც ამყარებს, რომ ჩატაევი ცხოვრობდა იმ ბინაში, რომელიც ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლების კონტროლქვეშ იყო და ჩატაევი იქ შემთხვევით ვერ მოხვდებოდა.

- 2015 წელს ის ბინა გავჩხრიკეთ აიუფ ბორჩაშვილის კავშირების დადგენისა თუ გამოვლენის მიზნით. ბინა დროდადრო ქირავდებოდა და მაშინაც გაქირავებული იყო, როცა ჩვენ შევედით.

ვფიქრობ, ამ სახლში დაბინავება თავად ჩატაევის შეცდომა იყო. მის ადგილას ნამდვილად არ შევიდოდი იქ, სადაც უშიშროების სამსახურს ჩხრეკა აქვს ჩატარებული და სადაც ადრე საეჭვო პირი ცხოვრობდა.

საიდან აღმოჩნდა იქ იარაღი? კახეთის ტყის მასივიდან (არა პანკისის ხეობიდან), სამალავიდან არის წამოღებული, რომელიც ერთ დროს ჩრდილო კავკასიაში გადამსვლელ მეომრებს ეკუთვნოდა. ჩვენ ამის ბევრი მტკიცებულება გვაქვს ფოტოების სახით, ასევე გვყავს მოწმე, რომელიც მოგვიყვა, როგორ ამოიღეს სამალავიდან ავტომატები თუ ხელყუმბარები და თბილისში მისამართზე მიიტანეს. თავად სამალავთან ტერორისტების ტელეფონებში აღმოჩენილმა ფოტოებმა მიგვიყვანა...

- რა უნდოდა ჩატაევს საქართველოში?

- არც ერთი დაკავებული არ იძლევა ჩვენებას, რა გეგმები ჰქონდა ჩატაევს საქართველოში. ჩვენ გვქონდა ოპერატიული ინფორმაცია, მათ შორის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგანაც, რომ ჩატაევი ტერორისტულ აქტებს გეგმავდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც, რაც მოგვიანებით, უკვე აბუ-ჯიჰადისა და ჩატაევის აუდიოგზავნილებით დადასტურდა. არ ვიცი, ის გზავნილები როგორ მოიპოვეთ, მაგრამ ფაქტია, თქვენ გაასაჯაროეთ. ირკვევა, რომ ჩატაევს დავალებული ჰქონდა ხალხის მოძიება და ტერაქტების მომზადება საქართველოში, ასევე თურქეთშიც და მასობრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც ბევრი უცხოელი ტურისტია.

- მათ შორის ამერიკელებიც...

- დიახ, ამერიკელებიც...

- თუმცა ჩვენ მიერ გასაჯაროებულ აუდიოგზავნილებში არის ერთი საინტერესო დეტალი - აბუ-ჯიჰადი ჩატაევს ესაუბრება მხოლოდ თურქეთზე, ხოლო საქართველოს რატომღაც ჩატაევი თავად სთავაზობს... ხომ არ იდგა საქართველოში ჩატაევის მოსალოდნელი აქტივობების უკან არა "ისლამური ხალიფატი", არამედ რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახური ან ორივე ერთად? ჩატაევი ხომ ყოველთვის ასოცირდებოდა სპეცსამსახურებთან?

- ვერსიები არის, თუმცა მტკიცებულებები - არა. მტკიცებით ფორმაში ვერ ვისაუბრებ იმაზე, თუ რომელი დიდი ქვეყნის სპეცსამსახური იდგა ჩატაევის უკან. გამორიცხული არ არის, რომ საქართველოში აქტივობით თავად ჩატაევიც ყოფილიყო დაინტერესებული - ჩვენ ვფლობდით ოპერატიულ ინფორმაციას, რომ ბოლო დროს მას გაუფუჭდა ურთიერთობა "ისლამური ხალიფატის" ხელმძღვანელობასთან, ამიტომ რეაბილიტაციისთვის ეცდებოდა ტერორისტული აქტივობით თავის გამოჩენას იმ ქვეყნებში, სადაც კავშირები ჰქონდა.

- ეს ის პერიოდია, როდესაც ახლოვდება საბავშვო "ევროვიზია" და "აბრეშუმის გზის" სამიტი. დამეთანხმებით, ორივე მასშტაბური ღონისძიება იყო, მაღალი რანგის უცხოელი სტუმრებით. იქნებ ტერორისტთა სამიზნე სწორედ ეს ღონისძიებები იყო?

- არ გამოვრიცხავ, რომ საფრთხე სწორედ აქ ყოფილიყო, სავსებით შესაძლებელია ეს ჯგუფი რომელიმე შენობაში შევარდნილიყო. შეიძლება ფიქრობდნენ, რომ ისეთ რამეს გააკეთებდნენ, რაც შეაზანზარებდა არა მარტო საქართველოს, არამედ ევროპასაც.

- ოფიციალური ვერსიით, ჩატაევი არალეგალურად შემოვიდა თურქეთიდან ე.წ. მწვანე ზოლით, სადაც ის, ჩვენი ინფორმაციით, ბოლო 6 თვე იზმითში ცხოვრობდა. გასაგებია, რომ ჩვენი საზღვრის დიდი ნაწილი დაუცველია და ის როგორღაც "შემოგვეპარა", მაგრამ როგორ "გამოეპარა" თურქეთის ძლიერ სპეცსამსახურებს? ძნელი დასაჯერებელია, ტერორისტი, რომელიც ჯერ სტამბოლის ათათურქის აეროპორტის ტერაქტის, ხოლო 2017 წლის 1-ლ იანვარს ღამის კლუბში ტერაქტის ორგანიზებაში იყო ეჭვმიტანილი, ასე თავისუფლად ცხოვრობდა და გადაადგილდებოდა ქვეყნის ტერიტორიაზე? შთაბეჭდილება მრჩება, რომ თურქულმა სპეცსამსახურებმა ის უბრალოდ გამოუშვეს.

- კატეგორიულად გამოვრიცხავ ამ ვერსიას. ჩვენ თურქ კოლეგებთან კარგი ურთიერთობა გვაქვს ყველა სფეროში, ჩატაევის საქმეშიც აქტიურად ვითანამშრომლეთ. მოდი, ნუღარ ვიდავებთ, თუ როგორ შემოვიდა ჩატაევი საქართველოში. ეს სასამართლომ უკვე დაადგინა - ჩატაევი თურქეთის ტერიტორიაზე საზღვრამდე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა მანქანით და შემდეგ რამდენიმე დღე იარა ტყის მასივებით, ის არალეგალურად გადმოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე. გარდა იმისა, რომ ამას თავად დაკავებული პირები აფიქსირებენ ჩვენებებში, ჩატაევის თურქეთში ყოფნას ადასტურებს მოგვიანებით თურქეთში, ქალაქ ხოფაში დაკავებული ჩატაევის გარემოცვის წევრის, გოჩა საღინაძის მეუღლეც. ის ჩვენებაში აცხადებს, რომ საქართველოში გადმოსვლის წინ ჩატაევმა რამდენიმე პირთან ერთად ღამე მათთან გაათია. საზღვრამდე მგზავრობისას ჩატაევის მანქანას წინ უძღოდა ერთი მანქანა, რომელსაც გზაზე ჟანდარმების დანახვა უნდა შეეტყობინებინა. ჩვენებიდან ჩანს, რომ ისინი გზაში ძალიან ფრთხილობდნენ. რაიმე შეთანხმება რომ ყოფილიყო, საზღვრამდე უსაფრთხოდ მიაცილებდნენ.  იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: "რაც საჭიროა, გავაკეთებთ ძმაო" - ახმედ ჩატაევის გზავნილი ISIS-ის ლიდერს (ექსკლუზივი)