სირიაში "ხალიფატის" ე.წ. იუსტიციის პანკისელი მინისტრი დაიღუპა - ვინ იყო ადამ გუმაშვილი და რა აკავშირებდა პანკისის "ჯამაათის" წინააღმდეგ გავრცელებულ მუქარასთან? - კვირის პალიტრა

სირიაში "ხალიფატის" ე.წ. იუსტიციის პანკისელი მინისტრი დაიღუპა - ვინ იყო ადამ გუმაშვილი და რა აკავშირებდა პანკისის "ჯამაათის" წინააღმდეგ გავრცელებულ მუქარასთან?

სირიაში პანკისელი ადამ გუმაშვილის დაღუპვა ოჯახმა დაადასტურა. ადამ გუმაშვილმა 5 წლის წინ დატოვა ხეობა. ის ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძოდა.

44 წლის ადამ გუმაშვილი ხეობაში ცნობილი მწერლის და უხუცესთა საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, სულეიმან გუმაშვილის შვილია. მისი დაღუპვის შესახებ ცნობა ერთი წლის წინ გავრცელდა, თუმცა ოჯახმა მაშინ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა შორის იყო გუმაშვილიც, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია უარყო.

ადამ გუმაშვილი სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი დაჯგუფების ლიდერად ითვლებოდა. გურამ გუმაშვილი იგივე "ადამა" პანკისიდან სირიაში 2013 წელს წავიდა. "ხალიფატის" გამოცხადების შემდეგ თარხან ბათირაშვილთან ერთად გადავიდა მათ რიგებში და გახდა ე.წ. იუსტიციის მინისტრი ხალიფატის სრულ ტერიტორიაზე.

დაახლოებით ორი წლის წინ, "კვირის პალიტრამ" ორი აუდიოჩანაწერი მოიპოვა, რომელიც რაკკაში სპეციალურად "პანკისის ჯამაათისთვის" ჩაიწერა. ორივე ულტიმატუმის და მუქარის შემცველია. აუდიოჩანაწერის ერთ - ერთი სავარაუდო ავტორი, სწორედ ადამ გუმაშვილი იყო. (იხილეთ აუდიომიმართვები)

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის აგვისტოს სირიაში, ავიარიერიშებისას, მის ვაჟი სულთან გუმაშვილი დაიღუპა.

1995 წელს დაბადებული ახალგაზრდა სირიაში მამასთან ერთად წავიდა.

ექსკლუზიური ფოტოები "კვირის პალიტრის" არქივიდან

იხილეთ ასევე: "ცათიაშვილი ტყვედ ჩავარდნილმა თანამებრძოლმა გასცა" - ბათირაშვილის ძმის დაჯგუფებაზე თავდასხმის ექსკლუზიური კადრები