ომის ისტერია - კვირის პალიტრა

ომის ისტერია

(გაგრძელება, დასაწყ. #32-36)

10 აგვისტოს, გამთენიისას, გაერთიანებული შტაბის უფროსი ზაზა გოგავა სახელმწიფო კანცელარიაში გამოიძახეს. Pპრეზიდენტთან,  კაბინეტში მას თავდაცვის მინისტრიც დახვდა.

- რუსებმა უკვე დაბომბეს ფოთის პორტი, სენაკის სამხედრო ბაზა, მარნეულის, ვაზიანის, კოპიტნარის აეროდრომები,  ბომბავენ გორს, ქარელს, ონს... რომელი ჩამოვთვალო, - ცხარობდა სააკაშვილი, - ნუთუ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია?

დავით კეზერაშვილი დუმდა და მთავარსარდლის საყვედურებზე უხერხულად იშმუშნებოდა. მოულოდნელად პრეზიდენტს მოახსენეს, - შინაგან საქმეთაA მინისტრი მისაღებში გელოდებათო.

როდესაც სააკაშვილმა ზღურბლზე გაფითრებული ვანო მერაბიშვილი დაინახა, გულმა რეჩხი უყო.

- ნახევარი საათის წინ ოჩამჩირეში 4 რუსული სამხედრო ხომალდი შევიდა, ქალაქში 4000-მდე სამხედრო მოსამსახურეა, სავარაუდოდ, აფხაზები მეორე ფრონტს გახსნიან, უკვე დაიბომბა კოდორში სოფელი ჩხალთა.

- დაუჯერებელია, - შეაწყვეტინა პრეზიდენტმა მერაბიშვილს და კაბინეტში მყოფნი მოათვალიერა, თითქოს გაგონილის უარყოფას მათგან ელოდა.

- ეს ცნობა ჩვენც მივიღეთ, თქმა ვერ მოვასწარი, - გამოცრა თავდაცვის მინისტრმა.

- ახლა რაღა ვქნათ? - წამოსცდა სააკაშვილს და სკამზე მოწყვეტით დაეშვა. კაბინეტში სიჩუმე ჩამოწვა, - ზაზა, რა მდგომარეობაა ფრონტზე? - ჩამქრალი ხმით ჰკითხა გოგავას.

- მოწინააღმდეგემ დაიკავა ქართული სოფლები: ერედვი, ხეითი, ქსუისი და არბო. ზუსტი ინფორმაცია  ჩვენი შენაერთების ადგილმდებარეობის შესახებ არ გვაქვს, ნაწილების უმრავლესობასთან კავშირი გაწყვეტილია, მხოლოდ სავარაუდო ინფორმაცია მივიღეთ...

ამ სიტყვებს პრეზიდენტის ნერვიული სიცილი  მოჰყვა. გოგავამ არ შეიმჩნია და გააგრძელა:

- მესამე ბრიგადა ამ წუთებში ტირძნისში იმყოფება, მეოთხე ბრიგადა საქაშეთთან უნდა ათევდეს ღამეს, ზნაურიდან 43-ე ბატალიონი გამოვიყვანეთ, იქ შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმი რჩება რეზერვისტებთან ერთად, შსს-ს სხვა ნაწილები მოხსნილია ფრონტის ხაზიდან, სამწუხაროდ, ჯარისკაცთა დიდი ნაწილი ბრძოლის გაგრძელებაზე უარს აცხადებს და იარაღს აბარებს. როგორც ვიცი, მეოთხე ბრიგადაში საბრძოლო შემადგენლობის მხოლოდ 30%-ის თავმოყრა შეძლეს.

- დეზერტირები, - გამოცრა სააკაშვილმა, - მეორე ბრიგადა სად არის?

- მეორე ბრიგადასთან კავშირი არ გვაქვს, თუმცა ვცდილობთ...

გოგავას პრეზიდენტი უკვე აღარ უსმენდა.

- მე მივიღე  გადაწყვეტილება, რომ ჯარები კონფლიქტის ზონიდან გამოვიყვანო და მოლაპარაკება დავიწყო რუსეთთან ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე, - თქვა მოულოდნელად პრეზიდენტმა. როცა გოგავას სახეზე დაბნეულობა შეამჩნია, დაამატა, - ამით ერაყიდან პირველი ბრიგადის ჩამოსვლამდე დროს მოვიგებთ.

- ჩვენ მას უკვე რამდენიმე საათში ველოდებით, - დააზუსტა კეზერაშვილმა.

- კარგი იქნება, თუ ფრონტის ხაზზე   გახვალთ, -  დამშვიდობებისას მრავლისმეტყველად თქვა პრეზიდენტმა.

"სადღაა ფრონტის  ხაზი", - გაიფიქრა გოგავამ კაბინეტიდან გასვლისას. მთავარსარდალთან მხოლოდ მერაბიშვილი დარჩა...

დილის 10 საათი იქნებოდა, როცა ერეკლე დადვანი თორი ჩხვიმიანმა გააღვიძა, - კოდორში ასასვლელად მანქანა გველოდებაო.

- გამთენიისას ჩხალთა და აჟარა დაუბომბავთ რუსებს, - უყვებოდა გზაში მძღოლი ბიჭებს.

- ეს რაღაა? - აღმოხდა მოულოდნელად ჩხვიმიანს და ხელი სახერხისკენ გაიშვირა.

- სამხედრო შვეულმფრენია, მაგრამ აქ რა უნდა? - ჩაილაპარაკა ერეკლემ. ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, ახლოს მისულიყვნენ.

- დაზიანებული არ არის, ეტყობა, ჩვენებმა მიატოვეს, - მძღოლი შვეულმფრენს ყურადღებით ათვალიერებდა.

- საბრძოლო შვეულმფრენში არასდროს ვმჯდარვარ, - კაბინიდან დაიძახა თორიმ და ერეკლეს სთხოვა, - მობილურით სურათები გადამიღეო.

- სასწრაფოდ დატოვეთ, შვეულმფრენი, თავი მოგძულებიათ? - ყვირილით მიუახლოვდა ახალგაზრდებს უცნობი მამაკაცი, რომელიც ბორტმექანიკოსი აღმოჩნდა, - ამ დილით აჟარაში  დავეშვით. რამდენიმე წუთში ორი რუსული თვითმფრინავი გამოჩნდა, აფრენა ძლივს მოვასწარით. ერთი სითბური დამიზნების საზენიტო რაკეტა გვქონდა და ის გავუშვით.

- მოხვდა? - მოუთმენლად იკითხა ჩხვიმიანმა.

- სამწუხაროდ, არა, მაგრამ გეზი შეიცვალეს, წეღან გავიგე, კოპიტნარი დაუბომბავთ, - თქვა ბორტმექანიკოსმა.

- ამას რას უპირებთ? - მიანიშნა შვეულმფრენზე ერეკლემ.

- არ ვიცი, - უხალისოდ მიუგო მოსაუბრემ, - ბრძანებას ველოდები, ახლოს ვერ ვეკარები. რუსები როგორც კი შეამჩნევენ, დაბომბავენ, - ხელი ჩაიქნია და შემდეგ ახალგაზრდებს ჰკითხა, - სად მიდიხართო.

- კოდორში, - მიუგეს ერთხმად.

- კოდორში? G- გაოცდა ბორტმექანიკოსი, - კოდორის მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო და ხალხი აქეთ მოდის.

- როგორ თუU აქეთ მოდის, - შეაწყვეტინა მძღოლმა, - ხეობა?

- მეტი არაფერი ვიცი, - ხელები გაასავსავა სამხედრომ. ახალგაზრდები უხმოდ ჩასხდნენ მანქანაში. ორიოდე კილომეტრის გავლის შემდეგ ლტოლვილების პირველი ნაკადიც შენიშნეს. ქალებთან და ბავშვებთან მამაკაცებსაც მოჰკრეს თვალი. არ ესიამოვნათ.

- ხეობა რატომ დატოვეთ? - ჯიქურ მიეჭრა მათ დადვანი.

- წამოსვლა არც ერთ მამაკაცს არ გვინდოდა, ხეობას ცოცხალი თავით როგორ დავტოვებდით. არც დაბომბვისა გვეშინოდა, რუსები ძირითაAდად ტყეებს ბომბავდნენ. წუხელ აფხაზებმა შემოგვითვალეს, - რუსები აპირებენ ამოსვლას და  ქალები და ბავშვები გაარიდეთო.

- ვიფიქრეთ, - საუბარში მეორე მამაკაცი ჩაერთო, - ოჯახებს გამოვუშვებდით და ჩვენ დავრჩებოდით. ჩვენი ჯარის უფროსთანაც მივედით და იარაღი ვთხოვეთ ხეობის  დასაცავად.

- მოგცეს? - მოუთმენლად ჰკითხა თორიმ.

- არა, დაგვცინეს - იარაღი რომ მოგცეთ, ერთმანეთის დახოცვას დაიწყებთო. ქალებსა და ბავშვებს მარტო რომ უშვებთ, გზაზე რომ აფხაზები დახვდნენ, უპატრონოდ ხომ არ მიატოვებთო და თითქმის გვაიძულეს, თან გამოვყოლოდით.

- მოგვატყუეს, - გაისმა ხალხში.

- მთელი გზა უსაფრთხოდ ვიარეთ, არადა იცით, რომ გზაზე უსაფრთხოებას აფხაზები დაგვპირდნენ? - ჩაიქირქილა ვიღაცამ.

უეცრად მძიმე სიჩუმე ჩამოწვა.

- მანქანაში ოთხი ადგილი გვაქვს, მაგრამ უფრო მეტი ჩავეტევით, - თქვა უეცრად მანქანის მძღოლმა და ეშმაკურად გაიღიმა...

შუადღისთვის აფხაზებმა და რუსებმა კოდორის ხეობას შეუტიეს... უიარაღოდ დარჩენილი ადგილობრივი მოსახლეობა ხეობის დათმობას არ აპირებდა...

ორი სანიტარული მანქანა ქარელის გადასახვევთან იდგა და რამდენიმე საათი დაჭრილების და დაღუპულთა გამოყვანას ელოდა. ექიმებს საუბარში დრო გაჰყავდათ.

- მურმან, შენზე მითხრეს, კარგი მონადირეაო, - მიუბრუნდა სახმელეთო ჯარების სამედიცინო სამსახურის უფროსი ჯეჯია  გელენევას.

- კარგი მონადირე ვიყავი, მაგრამ ნადირობას ახლა აღარ ვაპირებ, - უხალისოდ მიუგო ექიმმა.

- აღარც სიმღერას? - საუბარში მედდა ჩაერთო.

- კი, მაგრამ რატომ? - გაოცდა ჯეჯია.

- ახლა მივხვდი, რას გრძნობს მწყერი მასზე ნადირობისას. დირბში, ლობიოებში ჩამალულებს რუსები თავის აწევის საშუალებას რომ არ გვაძლევდნენ, დაგავიწყდათ? - ჩაიბურტყუნა მურმანმა. ექიმებს გულიანად გაეცინათ.

- მგონი, მოდიან, - დაიყვირა მძღოლმა.

- მოდიან კი არა, მორბიან, - შენიშნა ჯეჯიამ, - ჩვენი ჯარისკაცები არიან.

გამოქცეული ჯარისკაცები მანქანებს მიუახლოვდნენ. ჯეჯიამ მედდას სთხოვა, ჯარისკაცებს დაენახვეო და მანქანის კარი გამოაღო.

- სად გარბიხართ, ქალებს არ მიუტოვებიათ პოზიციები და თქვენ რაღა დაგემართათ? - ყვიროდა ჯეჯია, მაგრამ ამაოდ, - დაჭრილებს ალბათ აღარ გამოიყვანენ, ჯობია, ის იარაღი მაინც ავკრიფოთ, ჯარისკაცებმა რომ დაყარეს გზაზე, - თქვა ჯეჯიამ და მანქანიდან გადავიდა.

გულდამძიმებული ექიმები იარაღის აკრეფას შეუდგნენ.  საღამოს გზაზე ერთი სამხედრო სამედიცინო მანქანა გამოჩნდა. დაჭრილები მოჰყავდათ, დაჭრილებში მურმანმა ირაკლი ცარციძე დაინახა.

- არაფერია, ექიმო, მსუბუქადაა, - მოესმა მურმანს გოგიტა მაჩხანელის ხმა.

თეთრხალათიანი რეზერვისტი მურმანმა თავიდან ვერც იცნო.

- გატყობ, ექიმობა მოგხდენია, - გადაეხვია  ექიმი.

- ომი რას არ გასწავლის, - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა  გოგიტა მაჩხანელმა.

- გმირი ხარ, გმირი, - ამხნევებდა ჯეჯია ცარციძეს და მის ჭრილობას ყურადღებით ათვალიერებდა.

- ჩვენს პოზიციაზე 5 რუსული ჯავშანტრანსპორტიორი შემოვარდა, მაგრამ ჩვენმა არტილერიამ იქვე დაადუღა, - ტრაბახობდა ცარციძე, - მერე მოულოდნელად უკვე 15 ჯავშანტრანსპორტიორი გამოჩნდა, მაშინ კი ცოტა გაგვიჭირდა, თუმცა რუსებს უფრო უჭირთ, - გაღიმება სცადა ცარციძემ...

შუადღისას ზუგდიდის მოსახლეობამ ქალაქის დატოვება დაიწყო.

- მოსახლეობის  შეჩერებას ვერ ვახერხებთ, - ეუბნებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია უშიშროების საბჭოს მდივან კახა ლომაიას, - სიმშვიდეს როგორ შევინარჩუნებთ, როცა ქალაქში სრული ისტერიაა. ამბობენ, ერთ საათში რუსები ზუგდიდს დაიკავებენო, - გოროზია ცდილობდა, ლომაიასთვის ქალაქში შექმნილი სიტუაცია აეხსნა, - გარდა ამისა, ჭორი გავრცელდა, კოდორის ხეობას ვკარგავთო.

- აი, ეს უკვე სხვისი პრობლემაა, - გაისმა ტელეფონში. გოროზია მიხვდა, რომ უშიშროების საბჭოს მდივანს საუბარი დამთვრებული ჰქონდა...

საღამოს 5 საათისთვის მესამე ბრიგადა ჯერ კიდევ ცდილობდა თავდაცვითი ზღუდის შენარჩუნებას ტყვიავთან. ჯარისკაცები უკვე მასობრივად უკან იხევდნენ, დარჩენილმა ნაწილებმა კი ღამით სოფელ მარანასთან მოიყარეს თავი. ამგვარივე სიტუაცია იყო, მეოთხე ბრიგადაში, სოფელ ფხვენისთან. 43-ე ბატალიონის მეთაური ამაოდ იძლეოდა ბრძანებას სანგრების გათხრის შესახებ.

- ტექნიკა მწყობრიდან არის გამოსული. საერთოდ არც უმუშავია, - უკმაყოფილებას გამოთქვამდა ერთ-ერთი ოცმეთაური, - გარდა ამისა, ამ სიცხეში ჯარისკაცები უარს აცხადებენ სანგრების გათხრაზე - რამდენჯერაც გავთხარეთ, იმდენჯერ ბატალიონმა საბრძოლო პოზიციები შეიცვალა, ბიჭები გადაღლილები და უძინარები არიან.

- ტანკი და მანქანები რატომ დგას გზაზე, შენიღბეთ მაინც, - გაცხარდა მეთაური.

ღამის 11 საათზე ფხვენისთან რუსული შვეულმფრენი გამოჩნდა. მისი სამიზნე გზაზე მდგარი ტანკი და სამხედრო მანქანები გახდა.

- ცეცხლს რატომ არ ხსნით?.. სადაა "სტრელები"? - ყვიროდა ბატალიონის მეთაური.

- არც ერთი არ ვარგა, - იყო პასუხი, - შეგვიძლია ტყვიამფრქვევიდან გავხსნათ ცეცხლი.

- არავითარ შემთხვევაში, - მიუგო მეთაურმა, - შვეულმფრენი ძალიან დაბლა დაფრინავს და სათითაოდ ამოგვჟუჟავს.

ტანკისა და მანქანის განადგურების შემდეგ შვეულმფრენი უკან გაფრინდა, რამდენიმე წუთში ბატალიონი ისტერიამ მოიცა და უკან, შინდისისკენ დახევა დაიწყო. შინდისისკენ იხევდა ბათუმის საზღვაო ქვეითთა ბატალიონიც...

ერაყიდან ჩამოსული პირველი ბრიგადის  ნაწილები კი ბრძანებას ელოდნენ...

გაგრძელება შემდეგ ნომერში