"დარწმუნებული ვარ, მერაბი მოკლეს!.."
29-01-2019
"დარწმუნებული ვარ, მერაბი მოკლეს!.."
დასაწყისი

ჩვენი რესპონდენტი განაგრძობს თხრობას ე.წ. კანონიერი ქურდების შესახებ. ის მერაბ კოსტავას დაღუპვის დეტალებს­აც­ იხსენებს. ასევე, როგორ გაიცნო რუსეთში ბიძინა­ ივანიშვილი, რომელსაც რეკეტიორები დიდ ფულს სთხოვდნენ.

"ტვინგადაბრუნებულები რომ ამბობდნენ, კოსტავა ზვიადმა მოაკვლევინაო, სისულელეა"

- მერაბ კოსტავასთან სხვანაირი ურთიერთობა მქონდა. ძალიან წესიერი კაცი იყო. ჩემს ძმაკაცთან ერთად იჯდა და ის მიყვებოდა, როგორ ცხოვრობდა მერაბი ციხეში, როგორი ავტორიტეტი ჰქონდა... ყველაფერში ხუთიანს დაუწერდი, ვაჟკაცი კაცი იყო. ეს ტვინგადაბრუნებულები ერთხანს რომ ამბობდნენ, ზვიადმა მოაკვლევინაო,
სისულელეა. ეგ რომ ზვიად­ს გვერდში ჰყოლოდა... იმიტომ მოიშორეს, რომ მერაბი­ უფრო მიმწოლი იყო, რისკიანი, თავს ისე გაწირავდა, არც დაფიქრდებოდა. ზვიადი გამოსავლის ძიებაში შეიძლება დაფიქრებულიყო, მერაბი კი პირდაპირ მიდიოდა და მიჰყვებოდნენ კიდეც. მაგარი ბიჭები მყავს ნანახი მის გვერდით, ჩვენც
იქვე ვიყავით... სადაც ახლა ბიძინა­ ივანიშვილი ცხოვრობს, იქ კომუნისტების დიდი დროშა ეკიდა. ჰოდა, ეგ უნდა ჩამოვხსნაო, თქვა ერთ დღეს მერაბმა. მაშინ "ვოლგით" დავდიოდი და წამში მანქანაში ვისხედით. ოთხი კაცი საბარგულში ჩახტა.­ ყველას ავტომატები გვქონდა. მე შუა გზიდან მომიწია მობრუნებამ, თუმცა ბევრი წაჰყვა, ავიდნენ და დროშა­ ჩამოხსნეს. ყველა თვალდახუჭული მიჰყვებოდა კოსტავას, კომუნისტებს მისი უფრო ეშინოდათ, ვიდრე ზვიადის.

დღემდე დარწმუნებული ვარ, მერაბი მოკლეს. დედაჩემის ძმა შეესწრო იმ ავარიას. მიყვებოდა, მერაბის მანქანა რომ დაეჯახა მეორეს და გადაბრუნდა, რამდენიმე წუთში კიდევ ერთი მანქანა გაჩერდა, იქიდან სამი ბიჭი გადმოხტა, ხელში რაღაცებით, კოსტავას მანქანასთან მივიდნენ და სალონში ფათურობდნენო. ეს ყველაფერი შორიდან დაინახა და ვერ გაარჩია, რას აკეთებდნენ. როგორც ვიცი, ჩაქუჩით მოკლეს ზურა ჭავჭავაძე და მერაბ კოსტავა. მერაბს თავის ქალა სულ ჩალეწილი ჰქონდა.

პაატა ჩლაიძე

- 90-იან წლებში არაერთი მეგობრის სიკვდილს მოვესწარი. განსაკუთრებით მტკივნეული პაატა ჩლაიძის წასვლა იყო. მასზე 4 წლით დიდი ვარ. ჯერ კიდევ მაშინ დავმეგობრდით, როცა ქურდი არ იყო. 16 წლისა ციხეში მოხვდა (კახეთში­ ჩხუბისას სასადილოს თანამშრომელმა მაგიდის კიდეს ჩამოჰკრა თავი და გარდაიცვალა. - ავტ.). 18 წლისა უკვე ქურდი გახდა. ადრეც გითხარით, რომ ქურდებს ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდი, თუმცა, რა თქმა უნდა, არ მძულდნენ. პაატა კაცური კაცი იყო. 18 წლის ბიჭი 30-40 წლის ქურდებს ფეხზე აყენებდა და აბა, ვინმეს გაებედა და დამჯდარიყო. უდიდესი ავტორიტეტი ჰქონდა.

თბილისში ერთი სახლი ჰქონდა ამოჩემებული და ძალიან მოსწონდა. მაშინ ბოჭორიშვილზე ცხოვრობდა, მეუღლის ბინაში, ჰოდა, ეს სახლი ვორონცოვზე მეგობრებმა ვუყიდეთ - ზოგმა ათასი დოლარი დადო, ზოგმა ბევრად მეტი. თავად ფული არასდროს ჰქონდა, რადგან გამცემი იყო. 90-იანებში, როცა ქვეყანა აირია და საძმოები გაჩნდა, ყველა მაინც მასთან მეგობრობდა, განსაკუთრებით, ვერელები. ამიტომაც მის სიკვდილს არავინ ელოდა.

იმ დღეს ჩემთან ამოვიდა, ქორწილში მიდიოდა და ჩემი წაყვანაც უნდოდა. მაშინ ერთ ჩვენს ნაცნობს, კალანდაძეს, მანქანა მოჰპარეს და იმას ვეძებდი (სწორედ კალანდაძე იჯდა პაატა ჩლაიძის მანქანაში, როცა ე. წ. კანონიერი ქურდი მოკლეს - ავტ.). იმ საღამოს პაატას ერთი სერიოზული შეხვედრა ჰქონდა. ქორწილიდან წამოსულმა ცოლ-შვილი სახლთან დატოვა და შეხვედრაზე წასვლას აპირებდა. ეს ამბავიც მაშინ მოხდა. მოგვიანებით, ვის აღარ აბრალებდნენ პაატას მოკვლას, მათ შორის რიჩო ჯავახაძის (სასტუმრო "მეტეხის" გენერალური მენეჯერი. - ავტ.) ბიჭს, აკაკოს. მე ამის არ მჯერა, მაგრამ ეს ვერსია რატომ გაჩნდა, გეტყვით: ერთ დღეს მე, პაატა და ბიჭები სასტუმრო "მეტეხში"­ შევედით. მაშინ თბილისში არაფერი იშოვებოდა, სასტუმროში კი კარგი მაღაზია იყო. ფული გვქონდა და რაღაცების ყიდვა გვინდოდა. სასტუმროში რიჩოს ბიჭის ძმაკაცები­ შევ­ნიშნეთ, მოშორებით ისხდნენ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვიყიდეთ, რაც გვინდოდა­. პაატამ 1000 დოლარი მისცა გამყიდველს და ის ფულს რომ ითვლიდა, 100-დოლარიანი უკან დაუბრუნა,­ ყალბიაო. უხერხული სიტუაცია შეიქნა. არადა, ეს ფული ისეთი კაცის მოცემული იყო, ყალბი ვერ იქნ­ებოდა - შიშით ვერც კი გაბედავდა ამას. პაატამ გამყიდველს უთხრა, კარგად ნახეთ და თუ მართლაც ყალბია, სხვას მოგცემთო. ამ დროს სასტუმროში რიჩო ჯავახაძე შემოვიდა და პაატა რომ დაინახა, მოვიდა, რა ხდებაო? პაატამ აუხსნა,­ ასეთი სიტუაციაა და იქნებ კარგად ნახოთ,­ ეს ფული ყალბი არ იქნებაო. ჯავახაძეს შეეძლო ეთქვა, რა პრობლემააო და თემა დაეხურა. წესით, ასეც უნდა ექნა, მაგრამ ნაცვლად ამისა, პაატას მიუბრუნდა, კაბინეტში ყალბი ფულის კარგი აპარატი მაქვს, ავიდეთ, გავსინჯოთო. პაატას ეწყინა, დახია ფული და რიჩოს სახეში შეაყარა. ამის დანახვაზე რიჩოს ბიჭის ძმაკაცები წამ­ოიშალნენ. გავიწიეთ ჩვენც, ათამდე კაცი ვიყავით. წარმოიდგინეთ, რა ამბავი დატრიალდებოდა. ბოლოს ისევ პაატამ დაგვაწყნარა და მშვიდობიანად წამოვედით სასტუმროდან. სამი დღის შემდეგ პაატა მოკლეს. რა თქმა უნდა, მკვლელებს ვეძებდით... დეტალებს ვერ მოგიყვებით...

არსენა მიქელაძე

პაატას შემდეგ კიდევ ერთი მეგობრის, არსენა მიქელაძის მკვლელების პოვნაც მოგვიხდა. არსენას მკვლელობაზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, ასეთ საქმეებს ლაპარაკი არ უხდება. თუმცა გეტყვით, რომ არსენა მართლაც ფულის გამო მოკლეს, ებრაელების ფულის გამო. ისიც მართალია, რომ მიქელაძის მკვლელობას შეესწრო კიდევ ერთი ქურდი,­ ხოსია ჯანელიძე. ამბობდნენ, თითქოს ხოსიაც იყო გარეული მიქელაძის საქმეში, მაგრამ ტყუილია, ისეთი მეგო­ბრები იყვნენ, მოსაკლავად ვერ გაიმეტებდა.

იმ დღეს ერთად იყვნენ. ხოსია ჩქარობდა, მაგრამ არსენა ეხუმრებოდა და მანქანის გასაღებს არ აძლევდა, მერე მისცა და ხოსია წავიდა. რადგან ეჩქარებოდა, ლიფტს აღარ დაელოდა და კიბე ჩაირბინა. როგორც კი მანქანაში ჩაჯდა, იარაღი დაადეს.­ თუმცა არ მოკლეს, რადგან მათ შორის იყო ადამიანი, რომელიც ხოსიას არ მოკლავდა. ამ დროს არსენაც ჩამოვიდა და მოკლეს. ხოსიას იარაღი ედო სავარძელზე. არსენას სიკვდილის შემდეგ პრეტენზია გამოითქვა, რატომ არ იმოქმედაო. სხვა რომ ყოფილიყო, არ აპატიებდნენ, მაგრამ ხოსიას ავტორიტეტი ჰქონდა.

სხვათა შორის, არსენას ფულის ამბავს ვეფხვაძე-სვანაძის მკვლელობასაც უკავშირებდნენ, თუმცა არც ეს არის მართალი. ვეფხვაძე-სვანაძე "მხედრიონში" "რასკოლის" მსხვერპლი გახდნენ.
იმ დროს "მხედრიონელი" ბიჭების ნაწილი იმდენად გავლენიანი გახდა, რომ მანქანაში ჯაბას ლამის თავზე აწყობდნენ ფეხებს. იოსელიანს ამ დროს ძველებური ავტორიტეტი აღარ ჰქონდა. რა თქმა უნდა, ეს შეუმჩნეველი არ დარჩა და "მხედრიონში" დიდი ძვრები დაიწყო, რასაც მოჰყვა მკვლელობები, აფეთქებები და. ა.შ.

ივანიშვილის გემები

- მე რუსეთში წავედი და წლები იქ გავა­ტ­არე. ბიძინა ივანიშვილიც სწორედ იქ გავ­ი­ცანი. იმხანად ბიძინას სამი გემი (ორი 60 000-ტონიანი­ ნავთობმზიდი, ერთი გემიც თავისი ქარხნით) ნოვ­ოროსიისკში რეკეტიორებმა ჩაიგდეს ხელთ და ივანიშვილს დიდ ფულს სთხოვდნენ. ჰოდა, "ბრატვა" (საძმო - ავტ.), რომელიც­ ნოვოროსიისკის პორტს "უყურებდა", ჩემს ძმაკაცთან, აფონიასთან (თემო ბაქრაძე) ერთად იჯდა 6 წელი კომში. თემო იმ ზონის მაყურებელი იყო. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, როგორ გავიდა ბიძინა­ აფონიაზე,­ მაგრამ მოძებნა და დახმარება სთხოვა. ფულს განა არ გადავიხდი, მაგრამ იმათ არ გადავუხდი, სამივე გემი წამოიყვანეთ, ერთს თქვენ გადაგიფორმებთ­ და ორი წლის სადგომის ფულსაც მე გადა­გ­იხდითო. ამ თემაზე­ ბიძინას ოთხჯერ შევხვდით. შემდეგ წავიდა რეკვები ნოვოროსიისკში და მოკლედ შევთანხმდით, დაგვიბრუნეს გემები. მაგრამ ამ დროს ერთი გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა - მე და ჩემი ძმაკაცი ცუდად გავხდით, მოვიწამლეთ და საავადმყოფოში წაგვიყვანეს, ლამის დავიხოცეთ. იქ აზრზე მოგვიყვანეს და მეორე დღეს უკვე კარგად ვიყავით. ჩვენი მესამე ძმაკაცი მისულა ბიძინასთან და უთხოვია, ბიჭებს 20.000 დოლარი სჭირდებათო. იმასაც ეს ფული იქვე მიუცია­ და თან უკითხავს, რა მოუვიდათო?­ ამასაც მოუყოლია... ბიძინამ როგორც კი გაიგო საქმე ნარკოტიკებს ეხებოდა, იქვე გაწყვიტა ჩვენთან კავშირი და ბოლომდე მიყვანილი საქმეც ჩაიშალა. რეკეტიორებს ფული გადაუხადა და გემები დაიბრუნა. არადა, იმ დროს სულ არ ვეკარებოდით­ ნარკოტიკს. ერთმა კაცმა მოგვცა, თან "მეტადონი" მაშინ არც ვიცოდით, რა იყო... ეტყობა, ზედმეტი მოგვივიდა და ზედოზირებით მიგვიყვანეს საავადმყოფოში.

ბიძინას ის 20.000 დოლარი დავუბრუნეთ. მოსკოვში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, პატარა ოფისი ჰქონდა, იქ მივუტანეთ. თუმცა არც მაშინ და არც მერე ჩვენთან ურთიერთობა არ უცდია. რაც მე მინახავს, ბიძინას იმდენი და ისეთი რამეები­ აქვს გაკეთებული, ამას ბოროტი კაცი ვერ გააკეთებდა. როგორც გითხარით, მას რამდენჯერმე შევხვდი, საუბრისას მოსმენა იცის და არ გაგრძნობინებს, რომ შენ წინაშე მილიარდერია...


ნატო
10 აპრილი 2019 09:54
ამ ორი რაინდის შემდეგ ვის ხელშია საქართველო......!
jiji
15 მარტი 2019 12:52
როგორ უნდა შეაფასოდ და... ასაკში (სიბერეში) დგება დრო, როცა სურვილი ჩნდება "გულის გადაშლის" – აღარ ეტევა და იმიტომ!.. ზოგი უმკლავდება ამას, ზოგი არა, თუ ვერ.... ისე ახალიც არაფერი უთქვამს რაც არ იყო ცნობილი!... ჩვენთან, ხომ ყველამ ყველაფერი იცის!....
მიქელა კალმახიძე
28 თებერვალი 2019 23:47
,,პრიკუპი" არის კარტი რომელიც მოთამაშეს დარიგებულ კარტებთან ერთად დამატებით ეძლევა ხოლმე. მაგალითაზ ტუზი არის პრიკუპში. ქართული შესატყვისი სამწუხაროდ არ ვიცი.

რედაქტორის რჩევით
ბოლო 2-3 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო 2-3 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა?