"ქართული წარწერები" ახალზელანდიურ ტერაქტში - კვირის პალიტრა

"ქართული წარწერები" ახალზელანდიურ ტერაქტში

"ეს მოვლენა შეიძლება ქრისტიანული ტერორიზმის გამოვლინებად ჩაითვალოს"

"სანამ ცოცხალია თეთრი ადამიანი, მუსლიმანები ვერასდროს დაიპყრობენ ჩვენს მიწებს, ვერასდროს შეგვცვლიან ჩვენ." თქვენ ვერ იპოვით მოსვენებას ვერც ისლანდიაში, ვერც პოლონეთში, ვერც ახალ ზელანდიაში, არგენტინასა თუ უკრაინაში"(?!).

ბრენტონ ტარანტის მანიფესტიდან

"ლაპარაკი არ არის მხოლოდ პოლიტიკური პოზიციის გამოხატვაზე, არამედ რელიგიურ ექსტრემიზმზე - ეს მოვლენა შეიძლება ქრისტიანული ტერორიზმის გამოვლინებად ჩაითვალოს".

დუგლას პრატი, ოკლენდის უნივერსიტეტის პროფესორი

15 მარტი, 2019წ.

"თავიდან ვერ მივხვდით, სროლის ხმა საიდან მოდიოდა, თითქოს გარეთ ისროდნენ, ამიტომ ლოცვა გავაგრძელეთ, თუმცა შემდეგ ყველაფერი აირია - ხალხი ფანჯრების მინების ჩალეწვასა და გარეთ გადახტომას ცდილობდა, რათა ტყვიებისგან თავი დაეღწიათ. ეს ჯოჯოხეთი 20 წუთს გრძელდებოდა", - იხსენებს ალ-ნურის მეჩეთის ტრაგედიის თვითმხილველი.

2019 წლის 15 მარტს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩის ორ მეჩეთს. შუადღის ორ საათზე ტერორისტი, რომელიც ალ-ნურის მეჩეთში მისვლამდე, გზად, სერბულ სიმღერას "კარატიჩ, გაუძეხი შენს სერბებს ბრძოლაში" უსმენდა, მეჩეთში შევარდა და მლოცველები ამოხოცა, რასაც სოცქსელის პირდაპირ ეთერში აჩვენებდა. დაიღუპა 41 კაცი, რამდენიმე ათეული დაიჭრა. იმავდროულად, ქალაქის აღმოსავლეთით, ლინვუდის მეჩეთში თავდასხმას 8 კაცი ემსხვერპლა. კრაისტჩერჩის ტერაქტი მასშტაბურობით უპრეცედენტოა ახალი ზელანდიის უახლოეს ისტორიაში.

პოლიციამ ოთხი ეჭვმიტანილი: სამი მამაკაცი და ერთი ქალი დააკავა, მოგვიანებით ერთი მათგანი გაათავისუფლეს. დაკავებულები არ ნანობენ ჩადენილს და აცხადებენ, რომ ეს შეგნებულად გააკეთეს, რათა შური ეძიათ მუსლიმანების მიერ ევროპაში ტერაქტების დროს დახოცილების გამო. დაკავებულთა შორისაა 28 წლის ავსტრალიელი ბრენტონ ტარანტი. მან ტერაქტამდე სოცქსელით 73-გვერდიანი მანიფესტი გაავრცელა, სადაც არ მალავს, რომ ნორვეგიელი ანდრეას ბრეივიკისა და ამერიკელი დილან რუფის იდეების მხარდამჭერია. მანიფესტში, სადაც ის ემუქრება რეჯებ ტაიპ ერდოღანს, ანგელა მერკელსა და ლონდონის მერ სადიკ ხანს, რატომღაც უკრაინასაც ახსენებს. თუმცა მსოფლიო მედიისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია არა თავად ბრენტონ ტარანტი და მისი მანიფესტი, არამედ ის წარწერები, რომლებიც მისი ავტომატის მჭიდებზე აღმოჩნდა. ტარანტის წარწერებმა ვნებათაღელვა გამოიწვია საქართველოშიც - ყველასთვის მოულოდნელად, კრაისტჩერჩელი ტერორისტის ავტომატის მჭიდზე დავით აღმაშენებლისა და თამარის მეუღლის, დავით სოსლანის გვარებიც ეწერა ქართულად. რატომ და როგორ მოხვდა ქართველი მეფისა და სარდლის გვარები მჭიდზე, არავინ იცის. იქიდან გამომდინარე, რომ მჭიდზე იმ ადამიანთა გვარ-სახელებიც არის, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს მაჰმადიან დამპყრობლებთან ბრძოლაში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამ ნიშნით მოხვდნენ ტარანტის "სიაში" დავით აღმაშენებელი და დავით სოსლანი.

როგორც ბრენტონ ტარანტი მანიფესტში წერს, ფულს, რომელსაც ის გამოიმუშავებდა, ძირითადად, მოგზაურობაში ხარჯავდა. წარწერებით თუ ვიმსჯელებთ, ტარანტი ისლამს ოსმალეთის იმპერიასთან აიგივებს და 7-წლიანი მოგზაურობის დროს შესაძლებელია ის ქვეყნებიც მოიარა, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ებრძოდნენ ოსმალეთის იმპერიას. უკვე ცნობილია, რომ ტარანტს უმოგზაურია უკრაინაში, არ არის გამორიცხული, ჩამოსულიყო საქართველოშიც და აქ გაეგო დავით აღმაშენებლისა და დავით სოსლანის შესახებ.

ექსპერტები ახალი ზელანდიის ხელისუფლებას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რადგან ეჭვობენ, რომ ისლამისტების პასუხი არ დაახანებს.