ალექსანდრ ლებედი: "თბილისი ჩემთვის ყველაზე ცუდი გამოცდილება იყო... ქალაქში მტრულად გვიყურებდნენ არა მარტო მოქალაქეები, არამედ მაწანწალა ძაღლებიც კი"
09-04-2019
ალექსანდრ ლებედი: "თბილისი ჩემთვის ყველაზე ცუდი გამოცდილება იყო... ქალაქში მტრულად გვიყურებდნენ არა მარტო მოქალაქეები, არამედ მაწანწალა ძაღლებიც კი"
ფოტო:ალექსანდრ ლებედი
2002 წლის 28 აპრილს შვეულმფრენი Ми-8, რომელიც კრასნოიარსკის მხარეში ახალი სათხილამურო ტრასის გახსნაზე მიფრინავდა, მოულოდნელად მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს წამოედო და ჩამოვარდა.

შვეულმფრენის 17 მგზავრიდან დაიღუპა 8 კაცი, მათ შორის კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორი გენერალი ალექსანდრ ლებედი. ამ ამბის გაგებისთანავე მედია გენერლის შესაძლო მკვლელობაზე ალაპარაკდა. ალექსანდრ ლებედის მეგობრებმა საკუთარი ინიციატივით დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი ოისკის ტბასთან და შვეულმფრენის პროპელერის ხრახნზე ასაფეთქებელი მოწყობილობის ნამსხვრევები აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, დისტანციურად იმართებოდა. რა თქმა უნდა, ეს
ოფიციალურმა გამოძიებამ არ გაიზიარა და შვეულმფრენის კატასტროფა ცუდ მეტეოპირობებს დაჰბრალდა. ეკიპაჟის განცხადებით, მიუხედავად ნისლისა, ფრენა დამაკმაყოფილებელი იყო. მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი მაშინღა შენიშნეს, როდესაც რამდენიმე ათეულ მეტრზე მიუახლოვდნენ. როგორც ექსპერტები აცხადებდნენ, პილოტის შეცდომა ის იყო, რომ შვეულმფრენი სწრაფად ასწია ჰაერში. ხრახნმა დატვირთვას ვერ გაუძლო და
პროპელერი დაიშალა, რომელმაც შვეულმფრენს კუდი მოჰგლიჯა, რის გამოც მანქანა 68 მ სიმაღლიდან მიწას დაენარცხა."

"ისე დაბლა მივფრინავდით, გვეგონა, ხელით ნაძვების კენწეროს შევეხებოდით. სქელი ნისლი იყო. ახლაც ვერ გამიგია, რა საჭირო იყო შვეულმფრენი, როდესაც სათხილამურო ტრასამდე მანქანითაც იოლად მივიდოდით. მგზავრები ორ სალონში გავნაწილდით. გუბერნატორი, მისი თანამშრომლები და მცველები ცალკე ისხდნენ, მე ჟურნალისტებთან ერთად ვიჯექი (სამწუხაროდ, ისინი ცოცხლები აღარ არიან). ავარია არ მახსოვს, გავიგონე ძლიერი დარტყმის ხმა... ყველა ყვირის, გარშემო ყველაფერი იმსხვრევა და თავზე გვეყრება. მიწაზე დაცემისას გონება დავკარგე. აზრზე მხოლოდ საავადმყოფოში მოვედი".
სტანისლავ სმირნოვი, ტელეოპერატორი

ათასობით ადამიანი, რომლებიც გენერალს "ნოვოდევიჩის" სასაფლაომდე უკანასკნელ გზაზე მიაცილებდნენ, ლებედს ხან შარლ დე გოლს ადარებდნენ, ხან ავგუსტო პინოჩეტის, ხანაც საკუთარ პრეზიდენტად მოიხსენიებდნენ, ხან სამშობლოს მოღალატეს უწოდებდნენ ხასავიურთის გამო (როდესაც 1996 წელს შამილ ბასაევმა გროზნო აიღო, ხასავიურთში გენერალმა ლებედმა, ასლან მასხადოვთან ერთად, ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ჩეჩნეთში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. ეს დოკუმენტი ერთგვარად რუსეთის კაპიტულაციასაც ნიშნავდა. როგორც ამბობენ, სწორედ ამას ვერ პატიობდა პუტინი ლებედს. - ავტ.), თუმცა მაშინ ბევრმა არ იცოდა, რომ გენერლის" საბრძოლო გზამ, ავღანეთიდან დნესტრისპირეთამდე, თბილისზეც გაიარა. ეს კი 1989 წლის აპრილში მოხდა.

"თბილისში, მიტინგის დაშლის შემდეგ, 9 აპრილის საღამოს, ჩემი დივიზია განგაშის სიგნალზე მზად იყო. აეროპორტიდან თვითმფრინავების არმადა აიჭრა და სამი პოლკი თბილისში ჩაიყვანა. სატრანსპორტო თვითმფრინავები ერთი მეორის მიყოლებით სხდებოდნენ. მე პირველ თვითმფრინავს გამოვყევი.
მშვიდად ვსაქმიანობდით. იტვირთებოდა ტექნიკა, ჯარისკაცები იარაღდებოდნენ და კოლონებად ეწყობოდნენ.
თბილისის აეროპორტში კიდევ ერთი სატრანსპორტო თვითმფრინავი დაეშვა, საიდანაც გამოვიდა ორი ძალიან გრძელი სამთავრობო "ზილი, მერე რამდენიმე კაცი. პირველი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე მოდიოდა. მათ საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი შეეგება. რამდენიმეწუთიანი საუბრის შემდეგ ყველანი მანქანებში ჩასხდნენ და სიბნელეში გაუჩინარდნენ.
ჩემმა დივიზიამ დაიწყო საპასუხისმგებლო ზონების დაკავება.
ედუარდ შევარდნაძე
გვიანი ღამე იყო, 10 აპრილი თენდებოდა. ერთ კოლონას მე გავუძეხი ქალაქში. სანაპიროზე მივდიოდით. მკვდარი ქალაქის დამთრგუნველ სიცარიელესა და სიჩუმეში მხოლოდ ჩვენი ტექნიკის მუხლუხების ხმა ისმოდა. ასეთი შეგრძნება ავღანეთშიც კი არ მქონია. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქალაქში ჯარების შემოსაყვანად სიტუაციაზე კონტროლდაკარგული პატიაშვილი იკლავდა თავს, მხოლოდ მისი ისტერიკული სატელეფონო ზარების გამო ჩამოფრინდა თბილისში სამი საჰაერო-სადესანტო დივიზია. კავკასიის სამხედრო ოლქის სარდალი გენერალი როდიონოვი ამის წინააღმდეგი იყო, თუმცა მისი სიტყვა პატიაშვილზე "მძიმე" არ გამოდგა... თბილისი გაივსო წარწერებით": "როდიონოვი მკვლელია", "სიკვდილი მკვლელ როდიონოვს!" ქალაქში მტრულად გვიყურებდნენ არა მარტო მოქალაქეები, არამედ მაწანწალა ძაღლებიც, რომლებიც ჩვენს მიწოდებულ კონსერვს პირს არ აკარებდნენ და გვიღრენდნენ...

მესამე დღეს, ერთ-ერთი პოლკის მეთაურის მოხსენებით, სასწრაფოდ გავედი ერთ საპასუხისმგებლო ზონაში. იქ ერთი ალიაქოთი იდგა.

ჩვენ ვიცავდით რამდენიმე ობიექტს. ერთ-ერთი იყო შევარდნაძის პირადი რეზიდენცია. საგანგებო ბრძანებით, რეზიდენციის დასაცავად გამოყოფილი იყო ერთი საპარაშუტო-სადესანტო ასეული და 5 საბრძოლო მანქანა.
როდესაც შევარდნაძის რეზიდენციასთან, 5-სართულიანი ფეშენებელური სახლის წინ მივედი (ალბათ ლაპარაკია ვაკეში მრგვალ ბაღზე. - ავტ.), სკანდალი პიკს აღწევდა. სკვერს შუაში კვეთდა გზა, რომელიც პირდაპირ რეზიდენციისკენ მიდიოდა, ცენტრალური გზა კი გადიოდა პატარა ქუჩაზე და ქმნიდა გზაჯვარედინს. სწორედ აქ იყო გაჩერებული ჩვენი 40 სამხედრო მოსამსახურე და საბრძოლო მანქანები.
რუსთაველის გამზირი დარბევის შემდეგ
ალიაქოთის მიზეზი ის იყო, რომ გაურკვეველი სამსახურის სამი პოლკოვნიკი საგუშაგო პოსტის უფროსს, კაპიტანს სთხოვდა, საბრძოლო მანქანებისთვის სანგრები იმ პატარა სკვერში გაეთხარათ. პოსტის მეთაური ამაოდ უხსნიდა, რომ საბრძოლო მანქანა, როგორც უნდა ჩაფლა, 50 მეტრის იქით მაინც ვეღარ ისვრის და თან შევარდნაძის რეზიდენციაზე სატანკო შეტევა ნამდვილად არ იყო მოსალოდნელი. გარდა ამისა, ფუჭად გათხრილი სანგრები სკვერს დაამახინჯებდა და ისედაც აღშფოთებულ მოსახლეობას ვნებათაღელვის მიზეზს მისცემდა. როდესაც დამინახეს, დამიწყეს ახსნა, თუ რამდენად ძვირფასი იყო შევარდნაძის სიცოცხლე. ჩუმად ვუსმენდი, მერე უცებ ეს ყველაფერი მომბეზრდა და ზუსტად 15 წამი მივეცი, რომ გაუჩინარებულიყვნენ და სხვის საქმეში ცხვირი აღარ ჩაეყოთ.

შევარდნაძის რეზიდენციასთან მდგარ ჯარისკაცებს ხან მოსახლეობა ეჩხუბებოდა, ხან სპეცსამსახურების წარმომადგენლები, თავად შევარდნაძე კი ისე ჩაუვლიდა მათ, გამარჯობასაც არ აღირსებდა.
ბრძანება გავეცი, თავადაც არ მისალმებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრს.

თბილისში ყოფნა აღარ მინდოდა. ერთ დღეს ვაგზლის მოედანზე მივდიოდით, ხიდზე რომ გადავედით (საუბარია თამარ მეფის ხიდზე. - ავტ.), რამდენიმე მეტრში მოულოდნელად რაღაც ნარინჯისფერი მოასკდა საქარე მინას. მძღოლმა გაჩერება ძლივს მოასწრო. ჩვენ წინ 5 აგური დაიფშვნა. გავიხედ-გამოვიხედე, ქუჩის ორივე მხარეს ხალხი ისე მიდი-მოდიოდა, ვითომც არაფერი მომხდარა. საიდანღაც ჩამესმა", - "ოკუპანტებო!" ხმა შორიდან მოდიოდა. ეტყობა, რომელიმე საცხოვრებელი სახლის აივნიდან ყვიროდნენ.
თბილისი ჩემთვის ყველაზე ცუდი გამოცდილება იყო...
ალექსანდრ ლებედის მემუარებიდან
...
08 აგვისტო 2019 19:37
Raunda tkva misxva is razdaimsaxura
ნიკოლოზი
11 აპრილი 2019 12:52
ძაღლიო? ნეტავ ძაღლივით ერთგულება ვიცოდეთ იმ ნადირებმა,"ადამიანი "რომ გვქვია!!! მაშინ ხომ ჩვენს ბედს"ძაღლიც არ დაჰყეფდა"!!!
Nik
11 აპრილი 2019 04:26
ამ ბოგანო სიფათის არსებამ დახოცა ხალხი? ისე კი მიეზღო დამსახურებისამებრ, არ შეიძლება ამხელა ბოროტება შერჩეს ვინმეს.

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?