ტერაქტი "ბედნიერების კუნძუ­ლზე"
29-04-2019
ტერაქტი "ბედნიერების კუნძუ­ლზე"
ვინ იდგა 21 აპრილის ტერაქტების უკან? თვალში საცემია, რომ ტერაქტები კარგად­ ორგანიზებული იყო, ამის რესურსი კი მხოლოდ "ისლამურ სახელმწიფოსა" და "ალ-ქაიდას" აქვთ. თავდასხმის დროს ყველა ჟილეტი აფეთქდა, რაც ნიშნავს, რომ ტერორისტებს დიდი გამოცდილება­ ჰქონდათ
"სისხლის ჩაბარების პუნქტებთან თვალუწვდენელი რიგები იდგა, თითოეულს მხოლოდ ერთი განზრახვა ამოძრავებდა, დახმარებოდნენ აფეთქებისას დაშავებულებს, მიუხედავად იმისა, რა რელიგიური აღმსარებლობის ან რა რასის იყვნენ".
უსმან ალი, კოლომბოს მკვიდრი

"როგორც ჩანს, მათ (ტერორისტები-ავტ.) ანტიქრისტიანული ციებ-ცხელება­ აიტ­აცეს. ტერორისტებს შურისძიება უნდათ,
თუმცა ეს ვერ ხერხდება, რადგან ადგილ­ობრივ ქრისტიანებს მათთვის არაფერი დაუშავებიათ".
დაიან ჯაიატილეკა, დიპლომატი, 22 აპრილი, 2019 წ.

"წირვის დასასრულს მათ დაინახეს, როგორ ადიოდა საფეხურებზე ახალგაზრდა კაცი მძიმე ჩანთით. ჩემი შვილიშვილის თავსაც შეეხო, როდესაც ჩაუარა. ის თვითმკვლელი იქნებოდა, 30 წლის. არ ჩანდა აღელვებული ან შეშინებული, პირიქით,
ძალიან მშვიდად გამოიყურებოდა".

დილიპ ფერნანდესი, ნეგომბოს წმინდა სებასტიანის ტაძრის მრევლი


2019 წლის იანვარში შრი-ლანკის პოლიციამ ერთ-ერთ სოფელში "ისლა­მური სახელმწიფოს" საწვრთნელ ბანაკს მიაგნო - იქ რადიკალი ისლამისტები ტერორისტული იერიშებისთვის ემზადებოდნენ. როგორც დადგინდა, მათ ანურადჰაპურში ბუდისტური ძეგლების აფეთქება სურდათ.


21 აპრილს შრი-ლანკაში ქრისტიანები კა­თოლიკურ აღდგომას აღნიშნავდნენ. ამ დღეს ტრადიციულად "ბედნიერების კუნძუ­ლზე"­­ უამრავი უცხოელი ტურისტი­ ჩადის და ტაძრები ხალხს ვერ იტევს. დაახლოებით 10 საათზე, როდესაც წირვა დასასრულს უახლოვდებოდა, ქვეყნის სხვა­დასხვა ნაწილში 6 აფეთქება ერთდროულად გაისმა - თვითმკვლელი ტერორისტების სამიზნე ერთბაშად სამი ტაძარი გახდა: დედაქალაქ კოლომბოს წმინდა ანტონის, ქალაქ ნეგომბოს წმინდა სებასტიანისა და კათოლიკური ტაძარი ქალაქ ბატიკალოაში. ტერორისტული აქტები მოხდა კუნძულის სამ ფეშენებელურ სასტუმროშიც.

"სისხლიანი აღდგომა" ამით არ დამთავრებულა - საღამოს 5 საათისთვის ქვეყანა­ კიდევ ორმა აფეთქებამ შეძრა: დექილავა-მაუნთ-ლევინიაში, ზოოლოგიური პარკის მიმდებარედ, და დედაქალაქის ერთ-ერთ უბანში, დემატაგოდაში. ამ აფეთქებებს 5 კაცი შეეწირა, მათ შორის 3 პოლიციელი.

შრი-ლანკის ხელისუფლებამ სასწრაფოდ კომენდანტის საათი დააწესა, უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა აეროპორტში­, გადაიდო რეისები, რათა ტერორისტებს ქვეყნიდან გაღწევა, მათ მხარდამჭერებს კი კუნძულზე შემოსვლა ვერ შესძლებოდათ, დაიბლოკა სოციალური ქსელები. პოლიციამ მიაგნო სახლსაც, სადაც, სავარაუდოდ, ეჭვმიტანილები აფარებდნენ თავს, და ხელში ჩაიგდო ფურგონი, რომლითაც ასაფეთქებელი მოწყობილობა გადაჰქონდათ. 21 აპრილს სამართალდამცავებს უკვე რამდენიმე ეჭვმიტანილი ჰყავდათ დაკავებული.

კუნძულს იმავე დღეს კიდევ ერთი შოკი ელოდა - ქვეყნის პრემიერის, რანილ ბუკრამანსიჰეს საგანგებო განცხადება, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია ტერორისტული იერიშების შესახებ, თუმცა მის აღსაკვეთად არაფერი გაუკეთებია(?!).

მოგვიანებით ძალოვანებმა აღიარეს, რომ რადიკალური ორგანიზაცია­ "ჯამაათ თაუჰიდ ალ-ბატანიას" ფანატიკოსები­ ჯერ კიდევ 10 დღის წინ აპირებდნენ ტერორისტულ აქტებს. თუმცა შრი-ლანკის ტერაქტებზე პასუხისმგებლობის აღებას არც ერთი ტერორისტული ორგანიზაცია არ ჩქარობდა.

ვინაიდან ყველა აფეთქება იმ რაიონებში­ მოხდა, სადაც ქრისტიანები ცხოვრობენ, ეჭვს არ იწვევდა, რომ ეს რადიკალი ისლამისტების ჩადენილი იყო, მაგრამ კონკრეტულად ვისი? - ეს კითხვა­ კიდევ ორი დღე უპასუხოდ რჩებოდა. თუმცა ხელისუფლება ასახელებდა ტერაქტების მიზეზს, რომ ეს ახალ ზელანდიაში კრაისტჩერჩის მუსლიმანურ ტრაგედიაზე გამოძახილია. ამ ვერსიას კრაისტჩერჩის ტრაგედიის შემდეგ ერთ-ერთი დაკავებულის მიერ სოცქსელებში გამოქვეყნებული მოწოდებებიც ამყარებდა.

23 აპრილს "ხალიფატის" პროპაგანდისტულმა სააგენტო "ამაკმა" გაავრცელა განცხადება, რომ შრი-ლანკის ტერაქტებზე პასუხისმგებლობას "ისლამური სახელმწიფო" იღებდა და მეტი დამაჯერებლობისთვის იმ 7 ტერორისტის საბრძოლო სახელებიც გაასაჯაროვა, რომლებიც ტერაქტებში მონაწილეობდნენ. "ისლამური ხალიფატის" ამ განცხადებამ შრი-ლანკის ხელისუფლებას ახალი თავსატეხი გაუჩინა, შეფიქრიანდნენ ექსპერტებიც, ხომ შეიძლებოდა 21 აპრილის ტერაქტები ადგილობრივ ფანატიკოსებსაც მოეწყოთ.

და მაინც, ვინ იდგა 21 აპრილის ტერაქტების უკან? თვალში საცემია, რომ ტერაქტები კარგად­ ორგანიზებული იყო, ამის რესურსი კი მხოლოდ "ისლამურ სახელმწიფოსა" და "ალ-ქაიდას" აქვთ. თავდასხმის დროს ყველა ჟილეტი აფეთქდა, რაც ნიშნავს, რომ ტერორისტებს დიდი გამოცდილება­ ჰქონდათ. ექსპერტების აზრით, ახალბედა ტერორისტებს ყოველთვის მოსდით შეცდომა. არსებობს ეჭვი, რომ ტერორისტები სხვა ქვეყნიდან შემოვიდნენ, სირიიდან ან ერაყიდან.

სანამ შრი-ლანკა "სისხლიანი აღდგომის" მსხვერპლთ გლოვობს, ექსპერტებს შემაშფოთებელი პროგნოზი აქვთ - არ მალავენ, რომ რეგიონში სიტუაცია ტერორისტულ პანდემიას ემსგავსება, რომელიც აღმოსავლეთ, შუა და ცენტრალურ აზიას უახლოვდება.

"თამილელი ვეფხვები" VS სინგალები

კუნძულმა შრი-ლანკამ დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისგან 1948 წელს მოიპოვა და მას შემდეგ ქვეყანაში არ შემწყდარა დაპირისპირება ორ კლანს შორის - სინგალებსა­ (ეთნიკური უმრავლესობა, ძირითადად, ბუდისტები, თუმცა არიან ქრისტიანებიც) და თამილთა (ეთნიკური უმცირესობა, ძირითადად, ბუდისტები, თუმცა გვხვდებიან ქრისტიანებიც და მუსლიმანებიც) შორის.

1977 წელს გააქტიურდა ექსტრემისტული­ ორგანიზაცია "თამილ-ილამის გათავისუფლ­ე­ბის ვეფხვები", რომელიც თამილთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის იდეით გამოდიოდა.


1983 წელს ქალაქ ჯაფნაში, რომლის მოსახლეობასაც, ძირითადად, სინგალები შეადგენენ, "ვეფხვები" თავს დაესხნენ პატ­რულს. სინგალებმა საპასუხოდ გადაწვეს ბიბლიოთეკა და ქალაქი დაარბიეს, რომელშიც ძალოვანებიც მონაწილეობდნენ. ჯაფნის დარბევა გახდა მიზეზი სამოქალაქო ომის დაწყებისა. მას შემდეგ კუნძულმა კიდევ 4 სამოქალაქო ომი გადაიტანა.

2009 წელს ოფიციალურმა ხელისუფლებამ "თამილელი ვეფხვები" გაანადგურა. საინტერესოა, რომ "ვეფხვები" ცოცხალ ბომბებს იყენებდნენ - თვითმკვლელთა შენაერთს "შავი ვეფხვები" ერქვა.

2018 წელს შრი-ლანკის რამდენიმე ნაწილში მუსლიმანებს დაესხნენ თავს. მანამდე ვრცელდებოდა ხმა მუსლიმანების ბუდისტებზე თავდასხმებზე, სწორედ ამის საპასუხოდ დაარბიეს ბუდისტებმა მუსლიმანთა მეჩეთები და მაღაზიები.

სინგალ რადიკალ ბუდისტებს მუსლიმანთა ორგანიზაცია "ჯამაათ თაუჰიდ ალ-ბატ­ანია" დაუპირისპირდა, შემხვედრ აგრესიაზე გადავიდა და ბუდისტური სიწმინდეების დარბევა დაიწყო.

"თაუჰიდ ჯამაათის" ბირთვს წარმოადგენენ თამილენოვანი მუსლიმანები (ლანკიელები), უმრავლესობა მედრესეებში ცოდნამიღებული ახალგაზრდები არიან. გასულ წლებში ლუკმაპურის საშოვნელად კუნძულიდან ბევრი გაემგზავრა სირიასა და ერაყში, ნაწილი "ისლამური სახელმწიფოს" რიგებშიც ჩადგა და მალე "ხალიფატის" იდეებს შრი-ლანკაში ბევრი თამილი ახალგაზრდა უჭერდა. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო "ისლამურმა სახელმწიფომ" კუნძულზე შეღწევა.

არის ერთი რამ, რაც "ჯამაათ თაუჰიდს"­ განასხვავებს აღმოსავლელი "კოლეგებისგან": თუ აღმოსავლეთში პირად მტრად ქრისტიანებს მიიჩნევენ, შრი-ლანკაში მხოლოდ ბუდისტებსა და ინდუისტებს ერჩიან,­ აქედან გამომდინარე, მათ ქრისტიანულ ტაძრებში არაფერი ესაქმებოდათ - თუ ისლამისტები ტერორისტულ თავდა­სხმებს გეგმავდნენ, ისინი ქრისტიანების­ წინააღმდეგ არ უნდა ყოფილიყო მიმართული.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

div>
რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?