ბოროტების საზღაური - კვირის პალიტრა

ბოროტების საზღაური

ბატონი ბიძინა კიდევ ერთ კრიმინალურ ამბავს გვიყვება:

- საავადმყოფოდან შემოვიდა შეტყობინება, ექიმი ჩემი ახლო მეგობარი გახლდათ და ამიტომ პირდაპირ ჩემთან ითხოვა დაკავშირება.

მივედი თუ არა, ამირანმა პროზექტურაში შემიყვანა და 60 წელს გადაცილებული მამაკაცის გვამი მაჩვენა:

- იცი, ეს ვინ არის?

ყურადღებით დავხედე, მაგრამ არ მეცნო:

- ცნობილი პროფესორი - ირაკლი ფაილოძე (აქ და შემდგომში გვარ-სახელები შეცვლილია). ჯერ კიდევ სტუდენტობაშივე აღიარებდნენ გენიოსად და ნებისმიერი საავადმყოფო სიხარულით მიიღებდა, მაგრამ მოულოდნელად მიატოვა ყველაფერი და მოსკოვის უნივერსიტეტში ხელახლა მიუჯდა სტუდენტის მერხს - ქიმიით დაინტერესდა. მერე რა მოხდა, ზუსტად ვერ გეტყვი, მაგრამ იმისი თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ სწორედ ქიმიით გატაცების მსხვერპლი გახდა და თვითონ მოუწყო განკითხვის დღე საკუთარ თავს...

- ეგ რას ნიშნავს?! - ვერ მივუხვდი მეგობარს, რომელმაც მიცვალებულს ზეწარი გადააფარა და თავისი კაბინეტისკენ გამიძღვა. როცა სავარძელში მოვკალათდი, ამირანმა სეიფის კარი გახსნა და იქიდან ფრთხილად გამოიღო ჩვეულებრივი შუშის ბოთლში ჩასხმული უფერო სითხე:

- ისეთი საწამლავია, ჩვენმა გამოცდილმა ექსპერტმაც რომ ვერაფერი გაუგო. სანამ მოხვიდოდი, უამრავ სამედიცინო ცნობარსა თუ ენციკლოპედიაში ვცადეთ მისი ფორმულის მოძიება, მაგრამ ამაოდ. არსად და არასოდეს ყოფილა რეგისტრირებული...

- ამას რა კავშირი აქვს ფაილოძის სიკვდილთან?!

- მაგასაც გეტყვი: ირაკლი ფაილოძე საქართველოში 10 წლის წინ დაბრუნდა და სწორედ ჩვენს საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა. თუმცა სრული განაკვეთი არ აიღო, არ დაუმალავს, რომ დრო მეცნიერული ცდებისა და ექსპერიმენტებისთვის სჭირდებოდა და რომ ქიმია მისი ყველაზე დიდი გატაცება იყო ისევ...

ექიმის ხელფასი დიდი არ არის, მაგრამ ფაილოძეს რომ ცხოვრება არ უჭირდა, ამას კარგად ვხედავდით. ეჭვიც გვქონდა, რომ რაღაც არალეგალურ საქმიანობას ეწეოდა, მაგრამ დადასტურებას ვერ ვახერხებდით. ახლა კი, მგონი, უკვე ჩაგვივარდა ხელში რთული ამოცანის გასაღები და დარწმუნებული ვარ, რაღაც საშინელ დანაშაულს აეხდება ფარდა...

- უფრო გარკვევით ამიხსენი! - დავკარგე მოთმინება.

ამირანი კართან მივიდა და დერეფანში ვიღაცას გასძახა:

- ნათელა, ფაილოძის ჭირისუფალი უკეთაა?

- დიახ, ბატონო ამირან, ადგომაც შეძლო.

- ჩემთან შემოიყვანეთ, გთხოვთ...

მერე მე მომიბრუნდა:

- ფაილოძე დაქორწინებული არასოდეს ყოფილა. არადა, ისეთი წარმოსადეგი იყო ახალგაზრდობიდანვე, გოგონები ჭკუას კარგავდნენ მასზე. ზურგს უკან დავცინოდით კიდევაც, ქალისკენ რომ ვერაფრით გავახედეთ და ერთხანს მის ორიენტაციაშიც კი გვეპარებოდა ეჭვი. რაც მშობლები გარდაეცვალა, შინაბერა მამიდასთან ერთად ცხოვრობდა და სწორედ ნატალია ფაილოძეა მისი ერთადერთი ჭირისუფალი. ახლა მას მინდა მოუსმინო.

ნატალია 80-ს გადაცილებული იქნებოდა, თუმცა საკმაოდ მხნედ გამოიყურებოდა. რომ არა ძმისშვილის მოულოდნელი დაღუპვით გამოწვეული ელდა, ალბათ კიდევ კარგა ხანს ვერ მოერეოდა სიბერე.

ამირანმა მოხუცი სავარძელში ჩასვა და კიდევ ერთხელ გამოხატა თანაგრძნობა, რომ ირაკლის გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა. მერე კი მე მომიბრუნდა:

- მიუხედავად იმისა, რომ ირაკლის წნევა არ აწუხებდა, წუხელ მას სწორედ ინსულტი მოუვიდა და სანამ გონს დაკარგავდა, მამიდისთვის იმის თქმა მოასწრო, სასწრაფოდ ჩვენთან გადმოეყვანათ და ექიმებს მთავარი ყურადღება გულზე გადაეტანათ... მოკლედ, იცოდა, რაც მოუვიდოდა - ანუ, მთავარი საფრთხე გულის კუნთს მოელოდა და მხოლოდ სიტუაციის ზედმიწევნით მცოდნე ექიმი თუ შეძლებდა მის მდგომარეობაში მყოფისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას:

- ეგ რას ნიშნავს?!

- მაგას მოგვიანებით გეტყვი, ახლა კი ქალბატონ ნატალიას მოუსმინე...

- დავიღუპე... ცოლ-შვილი მაინც დარჩენოდა... დაიქცა მამაჩემისა და ჩემი ძმის ოჯახი.

- რატომ არ დაქორწინდა? - ვკითხე ის, რაც ყველაზე ნაკლებად მაინტერესებდა, მაგრამ რაღაც ხომ უნდა მეთქვა?

- აქამდე არ ვამხელდი, მაგრამ ახლა დამალვას აზრი აღარ აქვს. ირაკლი ქრონიკული ალკოჰოლიკი იყო. მამამისიც სასმელმა შეიწირა, ახლობლის ქორწილიდან წამოსულა უგონოდ მთვრალი და ქუჩაში მოკვდა უპატრონოდ. ეს რომ ახსოვდა, ირაკლი გარეთ და სხვის დასანახავად არ სვამდა, მაგრამ სახლში ისე გამოტყვრებოდა ხოლმე, კაცის სახეს კარგავდა. იცით ალბათ, რომ ძალიან ძლიერი ქიმიკოსი იყო და ისეთი ხსნარიც გამოიგონა, რომელსაც თუ რამდენიმე წვეთს გავურევდი წყალში და უგონოდ მთვრალს დავალევინებდი, ნახევარ საათში მოდიოდა გონს, თითქოს ფხიზლდებოდა და მშვიდად იძინებდა. ცოლი ამიტომ არ შეირთო: ნარკომანზე უარესი ავადმყოფობა მჭირს, თანაც გენეტიკური, მამაჩემიც არაყმა გაისტუმრა საიქიოსო.

სხვათა შორის, იმ ხსნარისთვის ხშირად აკითხავდნენ კლიენტები. კარგადაც უხდიდნენ. მესმის, რომ ბევრს უღირდა სიმთვრალესთან ამ გზით ბრძოლა, მაგრამ ზოგჯერ მაინც მიკვირდა, კლიენტი რომ ფულის დიდ შეკვრას დაუტოვებდა. ამის ხარჯზე ვცხოვრობდით უზრუნველად...

- წუხელ რაღა მოხდა?

- ის, რაც სხვა დროსაც მომხდარა: უგონოდ დათვრა და დაეძინა. ისე ბორგავდა, შემეშინდა არ გაგუდულიყო. ამიტომ წვეთები გავუხსენი წყალში, მაგრამ რადგან ის შუშა, რომელიც ჩემთვის ჰქონდა დატოვებული, დაცლილი იყო, მის ლაბორატორიაში შევედი და ახალი ავიღე.

ძალით ჩავასხი პირში და ხუთ წუთში ციებიანივით აკანკალდა. გაეღვიძა და შიშით გაფართოებული თვალებით მკითხა, რა დამალევინეო?! მერე პასუხისთვისაც არ მოუცდია, მიყვირა - სასწრაფოდ გადამიყვანე ჩემებთან, საავადმყოფოში და გული აიყვანონ კონტროლზეო... მერე უცებ დენდარტყმულივით გადავარდა უკან... - ისევ ატირდა ქალი.

- საკმარისია, ქალბატონო, დამშვიდდით, - დაუყვავა ამირანმა, - ჩვენები წაგიყვანენ შინ, ირაკლისაც მოასვენებენ საღამოს...

მარტო რომ დავრჩით, კარგა ხანს აღარ ამომიღია ხმა - მეშინოდა იმის გამხელა, რაც გავიფიქრე. ისევ ამირანმა დაიწყო:

- დუმილზე გატყობ, რომ მიხვდი, რაშიცაა საქმე! ფაილოძემ ძლიერმოქმედი შხამი გამოიგონა, რომელიც არანაირ კვალს არ ტოვებს ორგანიზმში და ავადმყოფს თუ ექსპერტიზა ჩაუტარდა, ეჭვი არავის შეეპარება, რომ სისხლძარღვები მართლაც წნევამ დაუხეთქა.

- მართლა შეიძლებოდა მისი გადარჩენა?

- თეორიულად ალბათ კი, ისიც იმ შემთხვევაში, თუ იმ დონის ცოდნა ექნებოდა ექიმს, რასაც ის უბედური ფლობდა და ეჭვიც არ მეპარება, ახლაც იწვის ჯოჯოხეთის ცეცხლში, რადგან ბევრი ეყოლება იმ შხამით საიქიოში გასტუმრებული. უბრალო გამოსაფხიზლებელ წვეთებში დიდ ფულს არავინ გადაუხდიდა.

ამირანი მართალი იყო. საქმე კრიმინალთან გვქონდა, მაგრამ გულმა მიგრძნო, ამის გახმაურება არ შეიძლებოდა. ჩემი აზრი ხელმძღვანელებს მოვახსენე და ისინიც დამეთანხმნენ. ძიება ოფიციალურად არ გაგვიფორმებია, უფრო ინტერესისთვის დავიწყეთ მუშაობა მე და ჩემმა მეგობარმა გამომძიებელმა - გიორგი პატაშურმა. ფაილოძის ლაბორატორია, ბუნებრივია, გავანადგურეთ, მასალები კი შესაბამის ლაბორატორიებს გადავეცით შესასწავლად...

ფაილოძის დაკრძალვის შემდეგ მამიდამისს ვკითხეთ, ხომ არ შეეძლო ვინმეს დასახელება, ვისაც მისმა ძმისშვილმა ე.წ. სიმთვრალის წამალი მიჰყიდა. გვითხრა, რომ ძირითადად უცნობი ხალხი მოდიოდა, თუმცა "წამალი" ორჯერ წაუღია ირაკლის ახლო მეზობელს, ვინმე რამაზ თავაძეს, რომელსაც ვითომდა იგივე პრობლემები ჰქონდა. იმ დღესვე მივაკითხეთ შინ და ისეთი უცნაური რამ გავიგეთ მისი დისგან, ეჭვიც არ შეგვპარვია, რომ საქმე მართლაც სერიოზულ დანაშაულთან გვქონდა:

- რამდენიმე თვეა ჩემი ძმა საქართველოდან წავიდა და აღარც აპირებს დაბრუნებას. ისეთი ტრაგედია დაატყდა თავს, აქ რაღა გააჩერებდა - გაყიდა ყველაფერი და ისრაელში გადასახლდა...

მაგრამ ის აღარ გაუმხელია, რომ რამაზს ისრაელი შემთხვევით არ აურჩევია თავის ახალ საცხოვრებლად. როგორც მოგვიანებით დავადგინეთ, ის ისრაელში თავის მეორე მეუღლესთან, ებრაელ ქალთან ერთად გაემგზავრა, რომელიც მანამდე მისი საყვარელი ყოფილა და შვილიც კი გაუჩენია. პირველ ცოლთან კი რამაზს შვილი არ ჰყავდა თურმე. ბავშვის აყვანის წინააღმდეგი იყო და ამიტომაც გააბა ურთიერთობა ორმოცდაათს გადაცილებულმა ახალგაზრდა ქალთან, რომელმაც მას მალევე გაუჩინა შვილი და არც იყო გასაკვირი, რომ მასთან მოენდომებინა ცხოვრება. ვერც უშვილო ცოლი და ვერც იმ დროისთვის გავლენიანი სიმამრი დააკავებდნენ. თუ არ მიდიოდა, მხოლოდ იმ ქონების ხელში ჩაგდების სურვილით, რომლის მემკვიდრეც ცოლის გარდაცვალების შემთხვევაში ავტომატურად ხდებოდა...

47 წლის ქალის ინსულტით გარდაცვალება რატომღაც არავის გაჰკვირვებია, მით უმეტეს, იმავე დიაგნოზით მოკლე ხანში მისი 79 წლის მამის სიკვდილი, - ვერ გაუძლო ერთადერთი შვილის დაკარგვასო!..

რამაზ თავაძემ ჯერ ცოლი დაკრძალა ყველა წესისა და რიგის დაცვით და შემდეგ სიმამრი. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ მემკვიდრეობით მიღებული ქონება ერთ წელიწადში ფულად ექცია, საყვარელთან ქორწინება ოფიციალურად გაეფორმებინა და ისრაელში გადასახლებულიყო მასთან და სანატრელ ვაჟიშვილთან ერთად...

როგორც ჩანს, თავაძემ ირაკლი ფაილოძესაც კარგად გადაუხადა ორი "ზედმეტად" მიჩნეული ადამიანის ასე "უმტკივნეულოდ" მოშორებაში...

ამის შემდეგ შეგვეძლო, რამაზ თავაძისთვის ბრალის წაყენება და მისი დაპატიმრებაც არ გაჭირდებოდა, მაგრამ შევიტყვეთ, რომ ისრაელში, ავტოკატასტროფაში დაღუპულა. ასე რომ, ბოროტებისთვის ორივეს მიეზღო. ჩვენც ამ საქმის გახმაურებას მოვერიდეთ. დანამდვილებით ვიცი, რომ იმ შხამის ქიმიური ფორმულაც არ გასულა მაშინ პოლიციის სამმართველოს კედლებს მიღმა. არც ნატალია ფაილოძისთვის გაგვიმხელია, რომ ძმისშვილი თავისივე შექმნილმა "წამალმა" და მამიდის საბედისწერო შეცდომამ გაუყენა ჯოჯოხეთის გზას...