სპორტული მაფიის დასასრული
01-11-2010
კვანტრიშვილის მკვლელობის გაუხმაურებელი დეტალები


გასული საუკუნის 90-იანი წლების  დასაწყისში, რუსეთში ბორის ელცინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ,  კრიმინალურმა სამყარომ უკვე აშკარად დაიწყო მოსკოვისთვის ბრძოლა. გავლენის სფეროების განაწილებაში  დიდი სპორტიც აღმოჩნდა ჩათრეული. ბევრი სპორტსმენი (ძირითადად მოკრივეები და მოჭიდავეები) დიდი სპორტიდან წასვლის შემდეგ საარსებოდ ისეთ გზას ირჩევდა, რომელიც ისევ მოუტანდათ დიდ ფულს. ასეთი კი მაშინ შავი სამყარო აღმოჩნდა.

მოსკოვში ახალფეხადგმული საძმოები თავის "მეომრებს" სწორედ ყოფილი სპორტსმენებისგან ირჩევდნენ. კრიმინალურ სამყაროში ახალი, სპორტული მაფიის ერა დაიწყო,
იმ დროისთვის ყველა დიდი ნათლია”(მაგ. "იაპონჩიკი", "მიხასი") წარსულში ცნობილი სპორტსმენი იყო. დიდი სპორტი, ანუ სისხლიანი სპორტი, როგორც მას მოგვიანებით უწოდეს, მოსყიდული მატჩებით, ქრთამებით, არალეგალური ფარმაკოლოგიური ბიზნესით (დოპინგის იატაკქვეშა წარმოება) და ძალიან დიდი ფულით არც ერთ რეკეტიორს არ ტოვებდა გულგრილს.

ამიტომ ის მალე შავი სამყაროს ყურადღების
ქვეშ მოექცა. სათამაშო და საბანკო ბიზნესის შემდეგ დიდი სპორტი სპეცსამსახურებს, სახელისუფლებო ძალებსა და კრიმინალურ სამყაროს შორის საჯილდაო ქვა გახდა  და  მის ხელში ჩასაგდებად ომი გაჩაღდა.

სპორტულმა მაფიამ პირველი გაფრთხილება 1994 წლის 12 იანვარს მიიღო, როდესაც ნიუ-იორკში, ბრაიტონ ბიჩზე, რესტორან "არბატთან" ლეგენდარული მოკრივე და  კრიმინალური ავტორიტეტი, რუსეთის პროფესიული კრივის ასოციაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ოლეგ კარატაევი მოკლეს. ჯერი ცნობილ მოჭიდავეზე, რუსი სპორტსმენებისა და საბავშვო სპორტსკოლების მეცენატზე, მოსკოვის "უგვირგვინო მეფეზე" ოთარ კვანტრიშვილზე მიდგა.

...1994 წლის  6 მარტს, საღამოს, მოსკოვში ვაგანკოვოს სასაფლაოზე, ამირან კვანტრიშვილის საფლავზე მეგობრებს მოეყარათ თავი.
- 6 აგვისტოს ჩემი ძმის მკვლელობის წლისთავი სრულდება. მკვლელის კვალს ვერ მივაგენით, - ოთარმა ძმის სურათს შეხედა.
- ოთარიკ, ასეთი საქმეები მალე არ იხსნება, - დაუყვავა გენადი ხვატლანძიამ.
- ჩეჩნები? მათზე რას ფიქრობ? - სასხვათაშორისოდ იკითხა ოთარმა.

KvirisPalitra.Ge- ჩეჩნებმა შემოთვალეს, ამირანთან კონფლიქტი  კი გვქონდა, მაგრამ ეს ჩვენი გაკეთებული არ არისო, - ჩაურთო მიხეილ მამიაშვილმა.
- ნეტავ ვიცოდე, ვინ მყავს ჩასაფრებული? - ჩაილაპარაკა ოთარმა და  მეგობრებს ჰკითხა, - ანზორ კიკალიშვილი რატომ არ ჩანსო.
-"ტაივანჩიკთან (ტოხტახუნოვი) მეგობრობას ვერ ელევა. ეტყობა, მოგვიანებით გამოგივლის შინ, - ჩაიქირქილა გენადიმ. "ტაივანჩიკის" ხსენებაზე კვანტრიშვილი უსიამოვნოდ შეიშმუშნა.

- ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ოფიციალური დელეგაციის სიაში შემიყვანეს, - საუბრის თემა შეცვალა ოთარმა.
- საჩვენო საქმეა? - დაინტერესდა მიხეილ მამიაშვილი.
- ფიფას პრეზიდენტს, ჟოაო აველანჟის უნდა შევხვდე. მპირდებიან, რომ მასთან ტეტე-ა-ტეტე საუბარს მომიწყობენ... დროა, ფეხბურთითაც დავინტერესდეთ, - ხელები გაშალა კვანტრიშვილმა.
"ამდენ რამეს როგორ ასწრებს?" - გაუელვა გენადის და მეგობრებს დაემშვიდობა.

- ჩემთან ხომ არ წამოხვალ? სალაპარაკო მაქვს შენთან, - გასძახა ოთარმა მამიაშვილს მანქანიდან. როდესაც თანხმობა მიიღო, მძღოლს გადაულაპარაკა, - შინ მივდივართო...
ბარვიხაში, აგარაკზე, ოთარს კიდევ ერთი სტუმარი, მომღერალი იოსებ კობზონი ელოდა. მან მეგობრები კაბინეტში მიიწვია და ფრანგული კონიაკი "ოტარდი" შესთავაზა.

- ჩემი სახელობისაა, ანზორმა ჩამოასხმევინა, - იხუმრა ოთარმა.
- უყვარს  კიკალიშვილს სიურპრიზები, მათ შორის უსიამოვნოც, - თქვა კობზონმა და კონიაკი მოწრუპა.
- რას გულისხმობ? - დაინტერესდა ოთარი.
- ასოციაცია”"XXI საუკუნე" ფაქტობრივად ხელიდან გვეცლება,  - კუშტად მიუგო მომღერალმა. ოთარმა მიხეილს გადახედა. მამიაშვილი ჩუმად იჯდა და ბუხარში ცეცხლს მიშტერებოდა.

- ანზორი ასოციაციის პრეზიდენტია, - თქვა კვანტრიშვილმა.
- მართალია, მაგრამ ის ჩვენ დავნიშნეთ, - შეაწყვეტინა კობზონმა, - კომპანიის შემოსავლებს ვეღარ ვაკონტროლებთ, ფირმის სახელის შეცვლას აპირებს”- "ანზორი XXII საუკუნე" უნდა დაირქვას.
- ესე იგი, "ანზორი XXI საუკუნე", - ჩაილაპარაკა ოთარმა და ნერვიული სიცილი აუტყდა, მერე დაამატა, - კარგი, გავარკვევ...
კობზონი მალე მეგობრებს დაემშვიდობა.

- ოთარ, ნუ ეხუმრები ამ საქმეს, -  მოულოდნელად უთხრა მიხეილ მამიაშვილმა კვანტრიშვილს, - "სახლში" პრობლემები არ გჭირდება, გარეთაც იმდენია...
- ჩემო მიხო, ახლა ერთი საფიქრალიღა მაქვს - ჩემი პარტია "რუსეთის სპორტსმენები". შენ იIცი, რისთვისაც ვემზადები, - მრავლისმეტყველად თქვა ოთარმა.
- ვიცი, პოლიტიკაში ძლიერი ნახტომისთვის, მაგრამ მოშიშვლებული ზურგით? - ოთარმა მიხეილის გამჭოლი მზერა იგრძნო.
- მე არ მიღალატებენ... არ გამიმეტებენ! - გამოცრა კვანტრიშვილმა.

- ოთარ, შენი სახელი შენთვისვე სახიფათო გახდა. როგორ ფიქრობ, ასე მიგიშვებენ? ჩვენ ძალიან დიდ თამაშში აღმოვჩნდით ჩართული. ეს სასტუმრო "სოვეტსკაია" არ გეგონოს, სადაც შენ და ამირანს კარტში ყოველთვის გიმართლებდათ, შენ ამ თამაშში ფიგურა ხარ, სადაც "მხედარზე" მილიარდებს ჩამოდიან...
კვანტრიშვილი ჩუმად იჯდა.

- შეიძლება მართალიც ხარ, მიხო, მაგრამ ანზორის საქციელს უპასუხოდ ვერ დავტოვებ, - თქვა ბოლოს ოთარმა.
- შენ კიდევ ერთი მტერი, თანაც საკუთარ სახლში არ გჭირდება, წამოდი ფირმიდან.
ოთარი მეგობრისგან ამ სიტყვებს არ ელოდა. ელდანაცემი წამოვარდა და ბოლთის ცემას მოჰყვა. ოთახში მძიმე სიჩუმე ჩამოწვა.

- "ორეხოვოელებს" ტუაფსეს ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის ხელში ჩაგდება უნდათ. "სილვესტრი" კი ყველაფერზე წამსვლელია, - დაარღვია სიჩუმე ოთარმა, - თუმცა ისიც კარგად ვიცი, რომ ამ "ბეზპრიდელნიკთა" ბანდას შენს "პონიატიებს" თუ დაუპირისპირებ, აუცილებლად კილერის სამიზნე გახდები.
- რა გაქვს ჩაფიქრებული? - ეჭვიანად შეხედა მამიაშვილმა.

- მე ვცდი მაინც, - მტკიცედ თქვა ოთარმა და  მეგობარს კონიაკი კვლავ შესთავაზა.
...მოსკოვის კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის "ორეხოვოს" (მოგვიანებით "ორეხოვო-მედვედკოვოს") დაჯგუფება ყველაზე გავლენიან და სასტიკ კრიმინალურ ჯგუფად იყო ცნობილი. მისი ლიდერის, სერგეი ტიმოფეევის ("სილვესტრი") წყალობით "ორეხოვოელები" თითქმის ნახევარ მოსკოვს აკონტროლებდნენ. მათ დედაქალაქში ყველაზე პროფესიონალ კილერთა ჯგუფი ჰყავდათ. თუმცა იმ დროისთვის თავად "სილვესტრმაც" არ იცოდა, რომ "ორეხოვოს" კილერთა ჯგუფის უკან  სპეცსამსახურები იდგნენ. კერძოდ, პოლიციური საძმო "თეთრი ისარი".

"სილვესტრს" ოთარ კვანტრიშვილთან,   ტუაფსეს  ნავთობქარხნის გარდა, სხვა პრეტენზიებიც ჰქონდა. ჯერ კიდევ 1993 წლის შემოდგომის მიწურულს პრეზიდენტმა ელცინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, გრიფით "საიდუმლო", რომელიც დახურული ტიპის საზოგადოების შექმნას ითვალისწინებდა, სახელწოდებით "სპორტის ეროვნული ცენტრი".

ცენტრს კომერციული საქმიანობისთვის არნახული საგადასახადო თუ საბაჟო შეღავათები ეძლეოდა, ელცინის პირადი ბრძანებით, სახელმწიფო სარეზერვო ფონდიდან ცენტრისთვის ასეულობით ათასი ტონა სტრატეგიული დანიშნულების მადნეული, ხეტყე, ძვირფასი ლითონები და ნავთობპროდუქტები გამოიყო, რომელსაც სპორტის ეროვნული ცენტრი საზღვარგარეთ ყიდდა. მოგება ასტრონომიული იყო,  ექსპერტთა შეფასებით, რუსეთს ელცინის სპორტის სიყვარული 2 ტრილიონ 400 მილიარდი რუბლი დაუჯდა. ცენტრის სადავეები რუსეთის პრეზიდენტმა ოთარ კვანტრიშვილს ჩააბარა, რომელიც მაშინ პრეზიდენტის პირადი მწვრთნელიც გახლდათ!

სპორტის ეროვნულიც ცენტრის საქმიანობამ ბაზარზე ბევრი კომპანია და ბანკი აზარალა, მათ შორის "ორეხოვოს" დაჯგუფების ფირმებიც. "სილვესტრმა" გადაწყვიტა, პრობლემა ჩვეული მეთოდით გადაეჭრა.
1994 წლის 20 მარტს მოსკოვში, კაფე "რუსკაია სკაზკაში" "სილვესტრი" თავის  კილერთა ჯგუფის თავკაცს, მეგობარ სერგეი ბუტორინს - "ოსიას" ესაუბრებოდა:
- თემაა. "ოტარიკმა" დიდი პრობლემები გაგვიჩინა, ამ საქმეს თქვენ მიხედავთ.

- მერე ქურდები რას იტყვიან? - დაეჭვდა "ოსია", - კვანტრიშვილი ის ფიგურა არ არის, რომლის მოკვლის მიზეზი არ მოიძიონ.
-”ოთარიკს”ერთი წლის წინ  ძმა მოუკლეს. სხვათა შორის,  კანონიერი ქურდი, ამირანი. მისი მოკვლის მიზეზი მოიძიეს ქურდებმა? -  ირონიულად დაუბრუნა კითხვა "სილვესტრმა".

"ოსიას" აღარაფერი უთქვამს, მხოლოდ გასამრჯელოს ამბავი იკითხა.
- ორასი ათასი დოლარი, თუმცა არა.  ხელფასი რამდენი აქვთ შენს ლომებს? - ეშმაკურად შეხედა "სილვესტრმა".
- 5.000 დოლარი ყოველთვე. მიუხედავად იმისა, მუშაობენ თუ არა.
- ჰოდა, ახლა წაიმუშაონ, ხელფასს ტყუილად ხომ არ ვუხდი!.. ოღონდ მსხვერპლის ვინაობა არ უნდა იცოდნენ. ამაზე პასუხს შენ აგებ, - "სილვესტრი" წამოდგა და გასასვლელისკენ გაემართა.

- სერგეი, - მიაძახა "ოსიამ", - სულ მინდა გკითხო, "სილვესტრს" რატომ გეძახიან?
- სოფელში დამარქვეს სტალონეს პატივსაცემად, - მეც ნავარჯიშები კუნთები მქონდა, - გაეცინა "ორეხოვოს" ლიდერს...
1994 წლის 23  მარტს რუსეთის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის უფროს ალექსანდრ კორჟაკოვს თანამშრომლებთან თათბირი გვიანობამდე გაუგრძელდა, როდესაც თანაშემწემ მოახსენა, გელოდებიანო, კორჟაკოვმა თანამშრომლები სასწრაფოდ დაითხოვა და სტუმართან ერთად განმარტოვდა.

- როგორ არის "თეთრი ისარი", მიეჩვიე ახალ იმიჯს? - ჰკითხა ღიმილით კორჟაკოვმა "ოსიას" (სერგეი ბუტორინი).
- ვმუშაობთ, მაგრამ ერთი "ჩეპე" გვაქვს: ორი დღის წინ "სილვესტრმა" ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობა შეუკვეთა.
- მერე, ეგ არის "ჩეპე"? - იკითხა კორჟაკოვმა.
- ვიფიქრე,  რადგან საქმე ოთარს ეხებოდა... - დაიბნა "ოსია".

- დიახ, ოთარი პრეზიდენტის მეგობარია, მაგრამ  პრეზიდენტის მეგობარი კრიმინალურ წრეებში "ნათლიად" არ უნდა იწოდებოდეს. ნახეთ რა, ეგეც რობინ ჰუდი, - გაცხარდა კორჟაკოვი, - ისიც ისეთივე დამნაშავეა, როგორიც შენი ახლანდელი ძმაკაცი "სილვესტრი", ოღონდ უფრო კეთილი.
- რა ვქნათ? - ხელები გაშალა "ოსიამ".

- რაც გითხრეს, ის გააკეთეთ... დაუჭამიათ ერთმანეთი. ერთ დღესაც "სილვესტრსაც" მოვუღებთ ბოლოს და  მისთანებსაც, - არ ცხრებოდა კორჟაკოვი.
- სად შეიძლება მოვიგდოთ კვანტრიშვილი? - წამოსცდა უნებურად "ოსიას".
- სად და კრასნოპრესნენსკის აბანოებში, სტოლიარნის ქუჩის კუთხეში, - მრავლისმეტყველად გაეღიმა პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს...
marina
10 მარტი 2011 11:08
დასასრული? ამით რა გინდათ თქვათ კვანტრიშვილების მკვლელობით დასრულდა სპორტული მაფია? ან ქართველებით იწყება და მთავრდება მაფია? ეს ხომ სააკაშვილის ფორმულაა? სპორტული მაფია არის ყველგან! ჩვენს საყვარელ ამერიკაში ყველაზე მეტად. რუსეტი მათთან რა მოსატანია!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?