კვანტი კვანტრიშვილისთვის - კვირის პალიტრა

კვანტი კვანტრიშვილისთვის

(გაგრძელება. დასაწყისი იხ. #44-ში)

1994 წლის 25 მარტს, საღამოს, მოსკოვში, კულტურის საერთაშორისო ფონდის ოფისში მიღებაზე რაისა გორბაჩოვამ (ფონდის ხელმძღვანელი) ანზორ კიკალიშვილი იტალიის ელჩს წარუდგინა:

- ბატონი ანზორი ასოციაცია "XXI საუკუნის" პრეზიდენტი და ჩვენი ფონდის დიდი გულშემატკივარია. სხვათა შორის, ჩემს მეუღლეს (მიხეილ გორბაჩოვი) იტალიაში პირველი ვიზიტის დროს თან ახლდა, - დაამატა რაისა მაქსიმოვნამ და მოსაუბრეები მარტო დატოვა.

იტალიის ელჩი წამით ჩაფიქრდა, თითქოს რაღაცის გახსენებას ცდილობსო. მერე ანზორს ხელი ჩამოართვა:

- რა თქმა უნდა, გიცნობთ. თქვენი კომპანია მოსკოვში 30 იტალიური მაღაზიის გახსნას გეგმავდა, მე და ოთარმა ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ. ხომ არ გადაიფიქრეთ?

- არა, არა, ოღონდ ამჯერად ოთარს სხვა ინტერესები გაუჩნდა, - გაღიმება სცადა კიკალიშვილმა.

- აგერ  ბატონი კვანტრიშვილიც, - თქვა მოულოდნელად ელჩმა, როდესაც დარბაზში შემოსული ოთარი დაინახა.

"იმედი მაქვს, საღამო მშვიდობიანად ჩაივლის", - გაიფიქრა ანზორმა, ელჩს მოუბოდიშა  და ოთარისკენ გაემართა.

- ოთარ, ჩვენ ალბათ სალაპარაკო გვექნება, ხომ ასეა? - მისალმებისთანავე უთხრა ანზორმა.

- ალბათ, მაგრამ აქ არა, - ოთარს კიდევ უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ გადაიფიქრა - ნაცნობი მილიციის გენერალი მიუახლოვდათ.

- გავიგე, რაისა მაქსიმოვნას, ოფისს და არა მარტო ოფისს, თქვენი ბიჭები იცავენ "სოლნცევოდან" (ერთ-ერთი გავლენიანი კრიმინალური დაჯგუფება), - ირონიულად გაეღიმა გენერალს.

- მათზე უკეთ ვინ დაიცავს, იქნებ თქვენ? - კვანტრიშვილმა გენერალს თვალი თვალში გაუყარა და გააგრძელა: - გაგებით იმასაც გაიგებდით, რომ მე "მაფიის ნათლია" ვარ, მაგრამ ამ ტიტულში ვლადიმირ ლენინს არ შევეცილები, რომელმაც ეს დანაშაულებრივი სახელმწიფო დაქოქა. ახლა კი, როგორიც არ უნდა იყოს ეს სახელმწიფო, ვალდებული  ვარ, მას ვემსახურო. განა თქვენც ასე არ იქცევით, გენერალო? - კვანტრიშვილი პასუხს არც დაელოდა, ისე  დაშორდა მოსაუბრეებს. Gგენერალი ჩუმად წრუპავდა შამპანურს. ხმა არც კიკალიშვილს ამოუღია.

- როგორ ფიქრობთ, რაისა მაქსიმოვნამ, რომელიც ამ წუთში კვანტრიშვილის "ჩიტის რძეს" მიირთმევს, იცის, რომ ოთარიკი ციხეში გაუპატიურებისთვის არის ნაჯდომი და თანამესაკნეს ყური მხოლოდ იმიტომ მოაჭამა, შიზოფრენიის დიაგნოზით გარეთ გამოსულიყო? - თვალები მოწკურა გენერალმა, - დიდი დღე არ დარჩენია თქვენს არწივს, - დაამატა მოულოდნელად და გაოცებული ანზორი დატოვა...

1993-1994 წლების მოსკოვში მკვლელობები ჩვეულებრივი ამბავი იყო, ძირითადად ბიზნესმენებსა და კრიმინალურ ავტორიტეტებს უსწორდებოდნენ. რუსეთის დედაქალაქში 1993 წელს 500 ასეთი მკვლელობა მოხდა. სწორედ ამ დროიდან მოსკოვში და არა მარტო იქ, ფეხს იკიდებს  დაქირავებულ მკვლელთა, ანუ კილერთა ინსტიტუტი. ავღანეთსა და აფხაზეთში ნაომარი ჯარისკაცები იძულებული იყვნენ, საარსებოდ ნებისმიერ შემოთავაზებას დათანხმებოდნენ. თუმცა დაქირავებულ მკვლელებში იყო ე.წ. ელიტური ნაწილიც, რომლის მომსახურებაზე ხელი ყველას როდი მიუწვდებოდა. ამ ნაწილში ყოფილი სპეცრაზმების თანამშრომლები და სპორტსმენი ბიატლონისტები იყვნენ, მათი დაქირავება კლიენტს ხანდახან ნახევარი მილიონი დოლარიც უჯდებოდა.

როგორც ცნობილია, შესრულებული სამუშაოს შემდეგ კილერსაც კლავდნენ, თუმცა ელიტური კილერების შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირად იყო: კრიმინალური დაჯგუფებები ცდილობდნენ, ასეთი პროფესიონალები თავისთან ჰყოლოდათ და მათი მომსახურებით წლობით სარგებლობდნენ. 1994 წლის გაზაფხულისთვის მოსკოვში ორი ცნობილი დაქირავებული მკვლელი იყო:

საშა მაკედონსკი (ალექსანდრ სალონიკი). მაკედონსკი იმიტომ შეარქვეს, რომ მას ორივე ხელით ერთნაირი სიზუსტით შეეძლო სროლა. ბაუმანის დაჯგუფება  მას თვეში მხოლოდ ხელფასს 50.000 დოლარს უხდიდა, ცალკეული შეკვეთების შემთხვევაში მისი ჰონორარი მილიონ დოლარსაც აღწევდა. მეორეს, ლიოშა სალდატს (ალექსანდრ შერსტობიტოვი) კრიმინალურ სამყაროში სახეზე არავინ იცნობდა, რადგან ძალიან ფრთხილი იყო. ის "ორეხოვოს" დაჯგუფებაზე მუშაობდა. ლეგენდარული მსროლელი იყო, ერთ-ერთ ბიზნესმენს 47 მეტრის მანძილიდან პისტოლეტიდან ესროლა - ტყვია პირდაპირ კეფაში მოარტყა. სწორედ ლიოშა აღმოჩნდება ოთარ კვანტრიშვილის მკვლელიც...

27 მარტს კაფე "პარიზში"”გვიან ღამით ხალვათობა იყო.

- მოგართვათ რამე? - თავაზიანად ჰკითხა მიმტანმა ოსიას (სერგეი ბუტორინი. - ავტ.)

- ჯერჯერობით მხოლოდ ჩაი, სტუმარს ველოდები, - უპასუხა ოსიამ, თუმცა როდესაც კაფეში შემოსული მეგობარი დაინახა, მიმტანს მიაძახა, - ორი ჩაი მოგვართვითო და სტუმარს მაშინვე საქმეზე დაუწყო საუბარი:

- სილვესტრმა”(სერგეი ტიმოფეევი. - ავტ.) გადაწყვიტა, რომ ოთარი ხელს უკვე ძალიან უშლის. ხომ იცი, რასაც ვგულისხმობ? - როდესაც მოსაუბრემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, ოსიამ განაგრძო, - "ზემოთაც" თანახმანი არიან. ყველაფერი ზედმეტი ხმაურის გარეშე უნდა მოხდეს. ოპერაციის  დაგეგმვაში ჩვენები მიიღებენ მონაწილეობას "თეთრი ისრიდან".

"თეთრი ისრის" გაგონებაზე მოსაუბრეს მრავლისმეტყველად გაეღიმა.

- მთავარია, ამ საქმეს ვინ შეასრულებს, - თქვა ოსიამ  და სიგარეტს მოუკიდა.

- ვფიქრობ, შერსტობიტოვი, - მიუგო მოსაუბრემ, - საუკეთესო მსროლელია, შინაგან ჯარში მსახურობდა, მამაცობისთვის ორდენითაც დააჯილდოეს.

- ასეთი არავინ გამიგია, - ჩაილაპარაკა ოსიამ.

- "ლიოშა სალდატს" ეძახიან, - თქვა მოსაუბრემ და როდესაც ოსიას განცვიფრებული სახე დაინახა, გადაიხარხარა.“

- გინდა თქვა, რომ ეს ლეგენდარული კილერი სპეცსამსახურის თანამშრომელია? - გაკვირვებით შეხედა ოსიამ.”

- დიახ, ისევე, როგორც მე და შენ, - სიცილს ვერ იკავებდა მოსაუბრე.

- ადგილი შერჩეული გვაქვს, - გონს მოეგო ოსია და განაგრძო, - კრასნოპრესნენსკის აბანოები. იქ ოთარი ხშირად დადის.  აბანოს მოპირდაპირე მხარეს შენობაა, შეიძლება მისი სახურავი გამოვიყენოთ; ოღონდ კილერმა მსხვერპლის ვინაობა არ უნდა იცოდეს. სილვესტრის მოთხოვნაა, - დასძინა ოსიამ და საუბრის თემა შეცვალა...

90-იანი წლების დასაწყისში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თანამშრომლები მიხვდნენ, რომ მხოლოდ კანონით დანაშაულის კატასტროფულად ზრდას ვერ შეამცირებდნენ,  რადგან ძალოვან უწყებაში გამეფებული კორუფციის გამო დამნაშავეები ციხეში თითქმის არ ხვდებოდნენ. გაჩნდა იდეა, შექმნილიყო მილიციური საძმო, რომელიც სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას გააჩაღებდა დამნაშავეთა სამყაროსთან და კრიმინალურ ავტორიტეტებს ადგილზე გაასამართლებდა.

მილიციური საძმო "თეთრი ისრის" სახელწოდებით იყო ცნობილი. "ორეხოვოს" ლიდერი სილვესტრი ვერც წარმოიდგენდა, რომ მისი მარჯვენა ხელი და მეგობარი ოსია სპეცსამსახურის თანამშრომელი იყო. "თეთრი ისარი" რუსეთის პრეზიდენტის ელცინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ალექსანდერ კორჟაკოვის პატრონაჟით მუშაობდა...

31 მარტს სასტუმრო "ინტურისტში" კვანტრიშვილის ოფისში ანზორ კიკალიშვილს   ელოდნენ. სტუმრის მოსვლამდე ოთარი მიხეილ მამიაშვილთან საუბრით იქცევდა თავს.

- ოთარ, მთელი ქალაქი გადაცემა "კარაულში" შენს გამოსვლაზე ლაპარაკობს.

- რაო, რას ამბობენ?–- სასხვათაშორისოდ იკითხა ოთარმა და ფანჯრიდან მოსკოვს გადახედა.

- ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგივიდა, როდესაც  პირდაპირი ეთერით ვლადიმირ რუშაილოს დაემუქრე, - დაფიქრდი, შენს შვილებს რა ბედი ეწევათ?! ოთარ, არ შეიძლება, ასე დიდხანს გაგრძელდეს. როდესაც  ქალაქის პირველ მილიციელს ასე აშკარად ემუქრები, ეს უკვე ხუმრობა აღარ არის.

მამიაშვილს სიტყვა ანზორის გამოჩენამ შეაწყვეტინა. ოთარი  კიკალიშვილს არც მისალმებია. მამიაშვილი წასასვლელად წამოდგა.

- მიხო, დარჩი, მე და ანზორს ბევრი სალაპარაკო არ გვაქვს, - უხალისოდ მიმართა ოთარმა  და  ისევ ფანჯრისკენ  მიბრუნდა. კაბინეტში მძიმე სიჩუმე ჩამოწვა.

- ანზორ, კარგად იცი, ჩვენ როგორ დავიწყეთ. ასოციაციაში მეც და იოსებმაც (იოსებ კობზონი) შენთან ერთად ბევრი რამ ჩავდეთ და  დღემდე რომ ეს  კომპანია  ყველაზე წარმატებული და დაცულია, მგონი, მადლობა ჩვენც უნდა გვითხრა.

კიკალიშვილი დუმდა.

- თუმცა ამ საქმეზე შენთან ლაპარაკს არ ვაპირებ, კომპანია  შენი იყოს. გინდა "ანზორი XXI საუკუნე" დაარქვი, გინდა სხვა რამ, - თქვა ოთარმა და მიხეილს გადახედა.

"როგორც ჩანს, ჩემი რჩევა მაინც გაითვალისწინა", - გაიფიქრა მამიაშვილმა და გულს მოეშვა.

- მაგრამ, - მშვიდად განაგრძო ოთარმა, - არის ერთი რამ, რასაც არასდროს გაპატიებ...

მამიაშვილმა დაინახა, როგორ დაიძაბა კიკალიშვილი.

- ანზორ, ჩვენ ადრეც გვილაპარაკია იმ ჩეჩნურ და აზერბაიჯანულ დაჯგუფებებზე, რომლებიც საცალო ბაზრობაში არიან ჩართული.

- მათ ჩვენ ვაკონტროლებთ და ასოციაციაში მოგების 10% შემოაქვთ, - ჩაურთო კიკალიშვილმა, თუმცა ვერ გაეგო, საით მიჰყავდა ოთარს საუბარი.

- ვიცი, რომ შენ აკონტროლებ, -  გამოცრა ოთარმა, - სწორედ იმ ჩეჩნებმა, შენ  რომ "აკონტროლებ", ძმა სახალხოდ ჩამიცხრილეს, - თავს ძლივს იკავებდა აღელვებული კვანტრიშვილი.

"აი, თურმე რა აწუხებს ოთარს", - გაუელვა მამიაშვილს.

- შენ ფიქრობ, რომ...

თავის მართლებას შეეცადა ანზორი.

- მე ჯერ არაფერს ვფიქრობ, - სიტყვა შეაწყვეტინა გაცხარებულმა ოთარმა, - მაგრამ  თუ რამე გაირკვევა...

კვანტრიშვილმა აღარ დაამთავრა და ისევ ფანჯრისკენ შეტრიალდა.

კიკალიშვილი მიხვდა, მისი წასვლის დრო იყო და კარისკენ გაემართა.

- ასოციაციაში ჩემს ხალხს არ შეეხები, ანზორ, - გამოცრა ოთარმა ისე, რომ ანზორისკენ არც მიბრუნებულა.

კიკალიშვილის წასვლის შემდეგ კვანტრიშვილი კარგა ხანს ჩუმად იყო.

- ბედის ირონიაა ალბათ, მიხო, რომ მთელ მოსკოვს მე ვიცავ, მე კი ახლა ყველაზე დაუცველი ვარ და ისიც არ ვიცი, კვანტს ვინ და როდის დამიდებს, - მოულოდნელად თქვა კვანტრიშვილმა.

მამიაშვილმა მეგობრის ხმაში გამკრთალი შეშფოთება შეამჩნია.

- გადაიღალე, ოთარიკ, და  სადმე ხომ არ წავსულიყავით, თუნდაც აბანოში? - მზრუნველი ტონით ჰკითხა მიხეილმა.

- მართალი ხარ, მიხო, აბანო კარგი საქმეა, მაგრამ დღეს რაღაც არ მინდა. მოდი, რამდენიმე დღეში წავიდეთ, თუნდაც 5-ში.

- კარგი, იყოს 5 აპრილი. ბიჭებსაც ვეტყვი და ახალგაზრდობა გავიხსენოთ, - ამ სიტყვებით მამიაშვილი წამოდგა და ოთარს შესთავზა, - სასადილოდ ჩავიდეთო...

გაგრძელება შემდეგ ნომერში