ნათლიის აღსასრული - კვირის პალიტრა

ნათლიის აღსასრული

(გაგრძელება. დასაწყისი #44-45)

1994 წლის 1-ელ აპრილს, დილით, რუსეთის  პირველი ვიცე-პრემიერის, ალექსანდრ შოხინის თვითმფრინავი დომოდედოვოს აეროპორტში დაეშვა.

- ვიქტორ, როგორ არის საქმე? - ჰკითხა ვიცე-პრემიერმა თანაშემწეს ტრაპიდან ჩამოსვლისთანავე.

- მშვიდობაა, როგორც ყოველთვის. თქვენ როგორ მოიარეთ ჩინეთი? - ვიქტორმა  შოხინს მანქანის კარი გაუღო.

- შეიძლება იყოს რაღაც პროექტები...  თუმცა ამაზე ხვალ ვილაპარაკოთ, - შოხინი საზურგეს მიეყრდნო და თვალი მილულა, - მართლა, რა ხდება "ჩვენს" კრედიტზე? - მოულოდნელად იკითხა ისე, რომ თვალი არც გაუხელია.

- სამწუხაროდ, ის 800-მილიონიანი კრედიტი სხვას მისცეს, - უკმაყოფილოდ მიუგო თანაშემწემ.

- რა? - გამოფხიზლდა შოხინი, - ეს საპირველაპრილო ხუმრობაა? - ბრაზი მოერია.

- გუშინწინ გაირკვა - კრედიტი ოთარ კვანტრიშვილს დაუთრევია, - მიუგო ვიქტორმა.

- როდის უნდა მოეღოს ბოლო ამ...

შოხინი უეცრად გაჩუმდა. თანაშემწე მიხვდა, შოხინმა კვანტრიშვილზე რაც გაიფიქრა.

- საღამოს კორჟაკოვმა აუცილებლად შემომიაროს, - მიაძახა შოხინმა თანაშემწეს და სახლის კიბეს აუყვა...

რესტორან "მოსკვა რეჩკაში"”ლიოშა სალდატი ირინასთან სალაპარაკოდ საგულდაგულოდ ემზადებოდა. როდესაც  საყვარელი ქალი დაინახა, მიმტანს შამპანური და ხილი შეუკვეთა და  სტუმარს სკამი შესთავაზა.

- ირინა, გადავწყვიტე, ოჯახიდან წამოვიდე, - ლიოშამ ქალს თვალი თვალში გაუყარა, - მინდა, ჩემთან იყო... მაგრამ თან მეშინია, ცოტა ისეთი სამსახური მაქვს, - ლიოშა მიხვდა, თუ ახლა არ გაჩუმდებოდა, მერე ვეღარ დამალავდა, რომ დაქირავებული მკვლელი იყო.

- ვიცი შენი საქმიანობის შესახებ, - მოულოდნელად უთხრა ირინამ და ჯიქურ შეხედა. კილერს ყელი გაუშრა, რამდენიმე წამს გარინდებული იჯდა, - ვიცი, რომ ყაჩაღებს დასდევ, - დაამატა ირინამ.

- ყაჩაღებს? - შვებით ამოისუნთქა ლიოშამ, - ჰო, ყაჩაღებს დავდევ, - კიდევ უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ  მისი ყურადღება უცნობმა მიიპყრო, რომელიც მათ მაგიდას უახლოვდებოდა.

- სილვესტრს შენი გაცნობა უნდა, შვიდ საათზე კაფე "რუსკაია სკაზკაში" მოდი, - წასჩურჩულა უცნობმა და გაშორდა. ლიოშამ ირინას გაუღიმა, - ხომ იცი, რა მძიმე სამუშაო მაქვსო და შამპანური გახსნა...

კაფე "რუსკაია სკაზკაში" ლიოშა სალდატი სილვესტრს ოსიამ წარუდგინა.

- შენზე ბევრი მსმენია და ეს ჩემგან სახსოვრად, - “სილვესტრმა”კილერს ახალთახალი ТТ გადასცა. ლიოშა გამორთმევას არ ჩქარობდა.

- სუფთაა, - დაამშვიდა "ორეხოვოს" ლიდერმა კილერი, თან გულში მისი სიფრთხილე მოეწონა, - დაიმახსოვრე, ის ადამიანები  რომლებიც ამ დროს გადააგორებენ და ცოცხლები დარჩებიან, შემდეგ ღმერთებივით იცხოვრებენ. მთავარია, ახლა გაუძლო და ცოცხალი დარჩე, - მრავლისმეტყველად გაუღიმა სილვესტრმა და გამოსამშვიდობებლად ხელი ჩამოართვა. "ხომ შეიძლება ამ ხელმა ერთ დღეს მეც მესროლოს", - გაუელვა”"ორეხოვოს" ლიდერს და უსიამოვნოდ გააჟრჟოლა.

როცა პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ალექსანდრ კორჟაკოვს მოახსენეს, პირველ ვიცე-პრემიერს თქვენი ნახვა უნდაო, არ გაჰკვირვებია და მის სანახავად გაეშურა. შოხინი შინ დახვდა.

- პრეზიდენტს ოთარიკთან როგორი დამოკიდებულება აქვს? - ვითომდა სხვათა შორის ჰკითხა შოხინმა და  სტუმარს სიგარა შესთავაზა.

პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მიხვდა, საითკენ მიჰყავდა საუბარი შოხინს.

- ძველებურად კარგი, თუმცა, ხომ იცით, მეგობრები მიდიან და მოდიან, პრეზიდენტი კი რჩება, - მრავლისმეტყველად გაუღიმა კორჟაკოვმა და სიგარას მოუკიდა.

- საქმე ის არის, რომ, - დაიწყო შოხინმა.

- საქმე 800-მილიონიანი კრედიტია, რომელიც კვანტრიშვილმა აგწაპნათ. ხომ ასეა? - შეაწყვეტინა სიტყვა კორჟაკოვმა.

"საიდან იცის ამდენი", - უსიამოვნოდ გაუელვა შოხინს.

- მინდა დაგარწმუნოთ, რომ სულ მალე ყველაფერი მოგვარდება, სულ რამდენიმე დღეში, - გაეღიმა კორჟაკოვს.

"რაღაც ძალიან თავდაჯერებული ჩანს", - გაიფიქრა შოხინმა, თუმცა ხმამაღლა კი თქვა, - ღმერთმა ქნასო. შემდეგ საუბარი ჩინეთში ვიზიტს შეეხო...

5 აპრილს, შუადღისას,“ოსიამ ლიოშა სალდატს დათქმულ დროზე მიაკითხა.

- ეს რა არის, სინთეზატორი? - გაეხუმრა ოსია, როდესაც კილერის ხელში ფუტლარი შენიშნა.

- ამ“სინთეზატორს”მცირეკალიბრიანი შაშხანა ANSCHUTZ ჰქვია. წარმოებულია გერმანიაში, - ამაყად მიუგო ლიოშამ.

როდესაც კრასნოპრესნენსკის აბანოებს მიუახლოვდნენ, ოსიამ”ლიოშას მოპირდაპირე შენობა დაანახა:

- სხვენიდან პირდაპირ ჩანს აბანოს შესასვლელი. რამდენიმე საათში იქიდან რამდენიმე კავკასიელი გამოვა. შენ პირველად ყველაზე სრულ და მაღალ კაცს უნდა ესროლო, შემდეგ კი დანარჩენებიც მოიცილე.

- მე ყასაბი არ ვარ, - გამოცრა ლიოშამ, - სისხლიანი ბაკქანალიების მოწყობა ჩემი სტიქია არ გახლავს!

- ყველაფერი ისე იქნება, როგორც შემკვეთს უნდა, - წარბი ასწია ოსიამ, - ეს კი შენ, - მანქანის გასაღები მიაწოდა კილერს. როდესაც ლიოშას განცვიფრებული სახე დაინახა, დაუმატა, - "ჟიგულისაა", სილვესტრმა გაჩუქაო და გაშორდა.

- ასეთი იაფი ნეტავ, ვისი სიცოცხლე ღირს, - ჩაილაპარაკა კილერმა და სხვენის კიბეს აუყვა...

აბანოში ოთარ კვანტრიშვილი 15 მეგობართან ერთად იყო მისული, მათ შორის მიხეილ მამიაშვილი და მიხეილ დავიდოვი იყვნენ.

- აბანო კარგი რამეა. კარგად მოგიფიქრებიათ აქ თავშეყრა. მერე სადმე რესტორანშიც შევიაროთ და დღეც ამით დამთავრდება, - კმაყოფილებას ვერ მალავდა დავიდოვი და თვალს მალ-მალე განმარტოებით მოსაუბრე ოთარისა და მიხეილ მამიაშვილისკენ აპარებდა.

- რა ქნა შენმა მეგობარმა მომღერალმა (იოსებ კობზონი. - ავტ.)? - ჰკითხა მამიაშვილმა ჩაფიქრებულ ოთარს.

- ბანკი ანზორს (კიკალიშვილი. - ავტ.) დაუტოვა. ოღონდ ფული მთლიანად გამოიტანა. ასე რომ, ბანკი გაკოტრებულია, - უხალისოდ მიუგო ოთარმა.

- კიკალიშვილს კი ასეთი რაღაცები არ ავიწყდება, ხომ ასეა, - ამაოდ ცდილობდა მიხეილი ოთარის საუბარში აყოლიებას.

- მიხო, რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროში დავრეკე და დაცვა მოვითხოვე.

- რა ქენი? - გაოგნდა მამიაშვილი.

- დავრეკე და დაცვა ვითხოვე. მაგრამ არ დამიჯერეს. იფიქრეს, პირველი აპრილია და უშნოდ გვეხუმრებაო. ასეც მითხრეს, - ნაღვლიანად თქვა კვანტრიშვილმა.

- რა გჭირს, ოთარ, - მამიაშვილის ხმაში შეშფოთება გაკრთა.

- მთავარია, ამ დროს გავუძლო და ცოცხალი დავრჩე. თუ ამ დროს გადავაგორებთ, მერე ღმერთებივით ვიცხოვრებთ, ჩემო მიხო, - მოულოდნელად გამხიარულდა ოთარი და დავიდოვს გასძახა, - მე და მიხოს ცივი ლუდი მოგვაწოდეთო...

ლიოშა სალდატმა სხვენი კარგად მოათვალიერა, აბანოს შესასვლელი მართლაც კარგად ჩანდა - ადგილი მაგარი შეურჩევიათო, -”გაუელვა და აბანოს კარები მიზანში ამოიღო,”- ეს საქმე ბოლო იქნება, ხვალ კი ირინას ხელს დავტაცებ და წავალ სამხრეთში... ეს ხის კონდახი რაღაც არაკომფორტულიაო, - გაიფიქრა ლიოშამ და კონდახი პლასტიკურით შეცვალა.

კილერისთვის საათი საუკუნედ იქცა...

- ესე იგი, მივდივართ რესტორანში? - მიაძახა ნახევრად ჩაცმულმა დავიდოვმა ოთარს კარში.

- რა თქმა უნდა... მე და მიხო ავტოსადგომზე დაგელოდებით. რაღაც ძალიან დამცხა, - ამ სიტყვებით ოთარი მიხეილ მამიაშვილთან და დაცვასთან ერთად აბანოს გასასვლელისკენ გაემართა...

- აი, ისინიც, - გაიფიქრა კილერმა, როდესაც აბანოდან გამოსული რამდენიმე კაცი დაინახა და ყველაზე სრული  მიზანში ამოიღო.

- ჩვენებს ხომ არ შევუაროთ არბატ...

ოთარს სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, სროლის ხმა რომ გაისმა. ერთი ტყვია კვანტრიშვილს თავში, მეორე და მესამე - ყელსა და მკერდის არეში მოხვდა... დაცვამ შენობისკენ სროლა ატეხა. სროლის ხმის გაგონებისთანავე მამიაშვილი მეგობარს გადაეფარა, მაგრამ გვიანი იყო...

ლიოშა სალდატს მამიაშვილიც მიზანში ჰყავდა ამოღებული, მაგრამ ჩახმახს თითი აღარ გამოჰკრა - ასეთი თავგანწირვა ხომ მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათო, -  წამოსცდა უნებურად და შაშხანა სამიზნიდან მოხსნა. იქაურობას თვალი მოავლო და სხვენი დატოვა.

მიხეილ დავიდოვი ჯერ კიდევ ჩაუცმელი იყო, როდესაც გასახდელში აბანოს თანამშრომელი შემოვარდა ყვირილით, - ოთარი მოკლესო. ზოგი ნახევრად ჩაცმული, ზოგიც საცვლების ამარა სასწრაფოდ ავტოსადგომისკენ გაცვივდნენ. ოთარი მანქანის საბურავთან იყო ჩაკეცილი და მამიაშვილი ამაოდ ცდილობდა მის მანქანაში ჩასმას. კვანტრიშვილი ბოტკინის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს. საოპერაციო მაგიდაზე 20 წუთში გარდაიცვალა...

ლიოშა სალდატმა მხოლოდ საღამოს საინფორმაციო გამოშვებით გაიგო, რომ ოთაAრ კვანტრიშვილი მოუკლავს. "მეგობრობა სცოდნიათ ქართველებს", - გაიფიქრა, როდესაც ტელევიზიით მამიაშვილს მოჰკრა თვალი...

1995 წელს "სილვესტრი"(სერგეი ტიმოფეევი) საკუთარ "მერსედესში" ააფეთქეს. ამბობდნენ, ქურდებმა შური იძიეს "ოთარიკის" გამოო."ოსია"(სერგეი ბუტორინი) მოგვიანებით კრიმინალური დაჯგუფების, "ორეხოვო-მედვედკოვოს" ლიდერი გახდა. სწორედ მისი წყალობით აღმოჩნდნენ ორეხოვოელი კრიმინალური ავტორიტეტები ციხესა და სასაფლაოზე. ლიოშა სალდატს შემდეგ ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკის მკვლელობაც შეუკვეთეს, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრეს. ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობა დღემდე გაუხსნელად ითვლებოდა. ორიოდე თვის წინ ესპანეთიდან რუსეთში სერგეი ბუტორინი”- ოსია ჩამოიყვანეს.

სამართალდამცავებმა შეძლეს ალექსანდრ შერსტობიტოვის”- ლიოშა სალდატის დაკავებაც. სერგეი ბუტორინს ბრალი დასდეს 32 მკვლელობაში, ხოლო ლიოშა სალდატი 12 მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. სწორედ ახლა გახდა ცნობილი, რომ კვანტრიშვილის მკვლელობის შემკვეთი ლეგენდარული "სილვესტრი" ყოფილა, შემსრულებელი კი, ასევე ლეგენდარული ლიოშა სალდატი.

კილერს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო ბუტორინს მთელი სიცოცხლის ციხეში გატარება მოუწევს...