რუსეთის სპეცსამსახურები ­თვალს არც აქ აშორებდნენ - ვინ იყო ზელიმხან ხანგოშვილი და რატომ დაჰყვებოდნენ ფეხდაფეხ მკვლელები? - კვირის პალიტრა

რუსეთის სპეცსამსახურები ­თვალს არც აქ აშორებდნენ - ვინ იყო ზელიმხან ხანგოშვილი და რატომ დაჰყვებოდნენ ფეხდაფეხ მკვლელები?

"ვფიცავ, თავი არ დავზოგო ჩემი ხალხის ტანჯვა-წამებისთვის შურის საძიებლად. ვფიცავ, არასდროს დავდო იარაღი, სანამ ჩემს ხელებს - მისი ზიდვა და გულს სიძულვილი შეუძლია"

"მე, შვილი ღირსეული წინაპრებისა, ჩეჩენი, მეომარი და მუსლიმი, ალაჰის წინაშე ვფიცავ ჩემს გადამწვარ და დაქცეულ სამშობლოს, ვფიცავ ათასობით უდანაშაულოდ მოკლული თანამემამულის საფლავებს, რომ არასდროს დამავიწყდება და არც შთამომავლობას დავავიწყებ ყველა იმ ბოროტებას, რომელიც რუსეთმა ჩემს სამშობლოში ჩაიდინა. ვფიცავ, თავი არ დავზოგო ჩემი ხალხის ტანჯვა-წამებისთვის შურის საძიებლად. ვფიცავ, არასდროს დავდო იარაღი, სანამ ჩემს ხელებს - მისი ზიდვა და გულს სიძულვილი შეუძლია. თუ ჩემი ხალხი ამ ომს დაივიწყებს, მაშინ მე უარვყოფ ჩემს ხალხს. თუ ჩემი ხალხი რუსეთს ჩეჩნეთის სისხლს, სიკვდილს და დაქცევას აპატიებს, დაე, ალაჰის წყევლა აჩრდილივით დაჰყვებოდეს ჩემს ხალხს."და შემეწიოს ყოვლისშემძლე ალაჰი ჩემს გზაზე."

ჩეჩენი მეომრის ფიცი. 1997 წლის 14 ივლისი

"ჩემს ძმას მხოლოდ ერთი რამ სურდა - ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა! მას სურდა, რომ ჩვენს ახალგაზრდებს სირიაში ან სხვაგან საომრად წასვლის ნაცვლად დიდი ოჯახები შეექმნათ, ბავშვები გაეზარდათ თავისუფლების სულისკვეთებით, რუსეთის ოკუპაციისგან გათავისუფლების სულისკვეთებით!"

ზელიმხან ხანგოშვილის ძმის, ზურაბ ხანგოშვილის ინტერვიუდან. 27.08.2019წ.

"რუსეთის სპეცსამსახურებისთვის ხანგოშვილი არა მარტო საშიში ისლამისტი, არამედ მოღალატეც იყო. მისი მკვლელობის უკან შეიძლება ჩეჩნეთში რუსეთის წარმომადგენელი, რამზან კადიროვი იდგეს."

Der Tagesspiegel-ის სტატიიდან.

გასროლა ბერლინში

23 აგვისტოს ბერლინში ორმა ახალგაზრდამ, რომლებიც პარკის გადაკვეთას ჩქარობდნენ, შეამჩნია, რომ უცნობმა მამაკაცმა მოულოდნელად პარიკი მოიხსნა და იქვე, მდინარე შპრეეში გადააგდო, მერე კი მდინარეში იარაღიც გადაუძახა. ახალგაზრდებს, რომლებმაც ნანახი პოლიციას შეატყობინეს, წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობის მომსწრენი გახდნენ - რამდენიმე წუთით ადრე პატარა ტირგარტენის პარკში საქართველოს მოქალაქე თორნიკე ქავთარაშვილი, იგივე ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ საველე მეთაურს მაშინ ესროლეს, როცა ის პარასკევის ლოცვაზე მიიჩქაროდა. ხანგოშვილს მკვლელი ველოსიპედით უკნიდან მიუახლოვდა, ჯერ ზურგში ესროლა, მერე კი თავში საკონტროლო ტყვია დაახალა.მკვლელმა პარიკისა და იარაღის გადაყრის შემდეგ მოპედით გაქცევა სცადა, თუმცა პოლიციამ მალევე დააკავა. საინტერესოა, რომ დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია და შესაშურად მშვიდად გამოიყურებოდა.

კილერი ციმბირიდან(?!)

დამნაშავე 49 წლის რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა. თავიდან სამართალდამცავები ვარაუდობდნენ, რომ ის ჩეჩენი იყო, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ სერგეევიჩი ციმბირიდან არის და მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ჩავიდა ბერლინში. თუ ამოღებულ ბილეთს დავუჯერებთ, ის გერმანიის დედაქალაქის დატოვებას იმავე დღეს აპირებდა.

სანამ დაკავებული დუმს და ჩვენებას არ იძლევა, გამოძიებას მხოლოდ ვარაუდები აქვს. მკვლელობის ვერსიებზე საუბრობს გერმანული მედიაც. მკვლელობა ტირგარტენში ადგილობრივი პრესის პირველი გვერდების მასალად იქცა.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობამ ჩეჩნური დიასპორის ვნებათაღელვა გამოიწვია. ბოლო დროს გერმანიაში ჩეჩნური წრეები ისე მოძლიერდნენ, რომ ადგილობრივი სამართალდამცავების გარდა, ევროპული სპეცსამსახურების ინტერესსაც იწვევენ. სპეციალისტები უკვე აშკარად მიანიშნებენ, რომ გერმანიის ჩეჩნური დიასპორა მალე ავსტრიულსაც ჩამოიტოვებს. ის დღესდღეობით ევროპაში ყველაზე მრავალრიცხოვნად ითვლება. საინტერესოა ისიც, რომ ბოლო დროს პანკისის ხეობიდან უკეთესი მომავლის საძიებლად ევროპაში წასულთა უმრავლესობა სწორედ გერმანიაში იყრის თავს. ამის გამო ზელიმხან ხანგოშვილის სიკვდილი ჩეჩნურ წრეებს შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ, მეტიც - პირველად სწორედ იქ გაისმა ვერსია მკვლელობის შემკვეთის შესახებ, რომელსაც ახლა გამოძიებაც განიხილავს და ეს არის რუსული სპეცსამსახურები.

საქმე რომ შეკვეთილ მკვლელობასთან გვაქვს, საეჭვო აღარ არის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ მკვლელს დანაშაულის პირადი მოტივი არ ჰქონია - ის ხანგოშვილს არც იცნობდა.

ისევ ლაფანყური

თუ გერმანიაში ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში რუსული კვალი აქტიურად განიხილება, 23 აგვისტოს მომხდარმა საქართველოში ყველას ისევ ლაფანყური გაახსენა. ვიცით, რომ მაშინ ლოპოტის ხეობაში შეიარაღებულ ჯგუფთან მოლაპარაკებას, ახმედ ჩატაევთან ერთად, ზელიმხან ხანგოშვილიც აწარმოებდა, სპეცოპერაციის შემდეგ კი კითხვები ხანგოშვილთან არა მარტო სამართალდამცავებს ჰქონდათ... თუმცა ბერლინში მომხდარი მკვლელობის მოტივად ლაფანყურის ამბავი არ გამოდგება, რადგან თავის დროზე ლოპოტის ხეობაში განვითარებული მოვლენები აქტიურად განიხილებოდა როგორც" კავკასიის იმირატში, ისე თურქეთის დაინტერესებულ წრეებში და მაშინ ქართული მხარე დამნაშავედ არ ცნეს.

ნადირობა რუსული სქემით

1999 წლის 7 აგვისტოს ჩეჩენი საველე მეთაური შამილ ბასაევი თანამებრძოლებთან ერთად დაღესტანში შეიჭრა, თუმცა ოპერაცია ჩავარდა და დიდი დანაკარგით დაბრუნდა უკან. იჩქერიის პრეზიდენტმა ასლან მასხადოვმა, რომელიც ფიქრობდა, რომ შეიძლებოდა დაღესტნის ოპერაცია რუსეთის მხრიდან ჩეჩნეთში მეორე ომის გაჩაღების მიზეზი გამხდარიყო, ბასაევის ქმედება ოფიციალურად დაგმო (თუმცა უკვე გვიანი იყო). 4-16 სექტემბერს რუსეთის რამდენიმე ქალაქში სახლები ააფეთქეს. მომხდარში ყველამ ერთხმად"ჩეჩნური კვალი"დაინახა. 30 სექტემბერს რუსეთმა ჩეჩნეთში ე.წ. მეორე ჩეჩნური კამპანია დაიწყო სახელწოდებით "მემკვიდრე". 6 ოქტომბერს მასხადოვმა იჩქერიაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა და ჩეჩნეთის სულიერ ლიდერებს რუსეთის წინააღმდეგ წმინდა ომის"- ჰაზავათისკენ მოუწოდა. იჩქერიის დამოუკიდებლობის დაცვას იმხანად პანკისის ხეობაშიც გამოეხმაურნენ და ძალიან ბევრი ახალგაზრდა გროზნოს დამცველთა რიგებში ჩადგა, მათ შორის იყო ზელიმხან ხანგოშვილიც. რუსეთის მიერ გროზნოს აღების შემდეგ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა კიდევ ათი წელი გაგრძელდა. ჩეჩნეთის ტყეებში დაბანაკებული პარტიზანული დაჯგუფებები ოკუპანტებს სულის მოთქმის საშუალებას არ აძლევდნენ. იმ დროს ზელიმხან ხანგოშვილს უკვე თავისი სამხედრო ჯგუფი ჰყავდა და გავლენიანი საველე მეთაურის სტატუსიც ჰქონდა...

იჩქერიის ბოლო პრეზიდენტის, ასლან მასხადოვის მკვლელობისთვის გამორჩეულ მებრძოლებზე ნადირობა დაიწყეს და რამდენიმე წელში იჩქერიას გამოცდილი საველე მეთაურები, ფაქტობრივად, აღარ ჰყავდა. რუსული სქემა მარტივი იყო - ჯერ კონკრეტული პირის მიმართ აღიძვრებოდა საქმე და ცხადდებოდა ძებნა, თუმცა, რა თქმა უნდა, რუსებს ვინმეს დაკავება და სასამართლო დარბაზამდე მიყვანა აზრადაც არ მოსდიოდათ. არასასურველ ადამიანებს პირდაპირ ქუჩებში ხოცავდნენ.

ხანგოშვილის საქმეში იყო 2002-2004 წლების ინგუშეთის რეიდები მკვლელობებით და ტერაქტებით. რუსეთმა მასზე ძებნა გამოაცხადა, რაც ნიშნავდა, რომ ხანგოშვილის მკვლელობა მხოლოდ დროის საქმე იყო. მან საქართველოში უვნებლად ჩამოსვლა მოახერხა და დიდხანს თბილისში ცხოვრობდა. დაინტერესებული წრეები ხანგოშვილს კავკასიის იმირატის"პირველი ემირის, დოკუ უმაროვის ნდობით აღჭურვილ პირად იცნობდნენ. ის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა როგორც პანკისის ხეობაში, ისე - ჩეჩნურ დიასპორაში.

ტყვია მიზანში...

ხანგოშვილს რუსეთის სპეცსამსახურები თვალს არც აქ აშორებდნენ. მისი მოკვლა არაერთხელ სცადეს. ამის შესახებ შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე ჯერ კიდევ 2014 წელს ინტერნეტგამოცემა "ფრონტნიუსთან" აცხადებდა: "მე და პაპასკირი არაერთხელ გავხდით რუსული სპეცსამსახურების სამიზნე. ე.წ. შავ სიაში მე, რუსლან პაპასკირი და ზელიმხან ხანგოშვილი ვიყავით. ჩვენ ჩავატარეთ მთელი რიგი ღონისძიებები რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე, კონკრეტულად, ოსეთში. ჩავწერეთ ФСБ-ს თანამშრომლები, რომლებიც ჰყვებოდნენ, როგორ მიიღეს დავალება, მაყუჩიანი იარაღი, როგორ დაირიცხა ე.წ. კილერის ხელფასი და მერე როგორ აძლევდნენ ამ ფულს ხელზე ცხინვალში. ეს მოხდა ორ-სამჯერ".

ლაფანყურის მოვლენების შემდეგ ხანგოშვილს უთანხმოება ახმედ ჩატაევთანაც ჰქონდა, თუმცა, როგორც საქმის მცოდნენი ამბობენ, უთანხმოება უფრო ადრე დაიწყო. ხანგოშვილი თავიდანვე წინააღმდეგი ყოფილა შეიარაღებული ჯგუფის დაღესტანში გადასვლის - ახლა ამის დრო არ არის, რუსები საზღვართან ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებენ და შეიძლება პროვოკაცია მოგვიწყონო. ლოპოტის ხეობაში მოლაპარაკების დროსაც ხანგოშვილი ამაოდ არწმუნებდა შეიარაღებულებს, უკან დაბრუნებულიყვნენ. თუმცა ჩატაევთან უთანხმოების მოტივი შეიძლება სხვა რამეც ყოფილიყო, მაგალითად,"კავკასიის იმირატის ფული, რომლის განკარგვის სურვილიც ჩატაევს ჰქონდა.

2016 წლის 28 მაისს თბილისში, საბურთალოზე, ზელიმხან ხანგოშვილი დაჭრეს. დეტალები მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ის საავადმყოფოში მეგობარმა, უმარ იდიგოვმა ინახულა.

"ზელიმხანისგან ვიცი, რომ 9.00 საათზე ის სახლიდან გამოვიდა. ამ დროს მან საეჭვო ავტომობილი შეამჩნია. ერთ-ერთ გზაჯვარედინზე ზელიმხანმა დაამუხრუჭა, რათა უკან მომავალი მანქანა გაეტარებინა. სწორედ ამ დროს იმ საეჭვო მანქანიდან უცნობი გადმოვიდა და ზელიმხანს ოთხჯერ ესროლა. ორი ტყვია მოხვდა მარჯვენა ხელში. როცა მსროლელი გაიქცა, ზელიმხანმა თვითონ მოახერხა რესპუბლიკურ საავადმყოფომდე მისვლა"

რა თქმა უნდა, ომში გამოცდილ მეთაურს ტყვია ვერ შეაშინებდა, თუმცა, ალბათ, ხანგოშვილი მიხვდა, რუსულ სპეცსამსახურებს ვეღარ დაემალებოდა - ისინი ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ. რადგან მისი დაჭრის ფაქტზე საქმის გამოძიება საიმედო არ იყო, ევროპაში წასვლა გადაწყვიტა. მანამდე რამდენიმე თვე უკრაინაში დაჰყო, მაგრამ უსაფრთხოდ თავს ვერც იქ გრძნობდა. 15-წლიანი დევნის შემდეგ სპეცსამსახურებმა ის ბერლინში მაინც მოიხელთეს...

იხილეთ ასევე: გერმანიის პოლიცია ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ფოტოს აქვეყნებს