მტრის თვალით დანახული ომი!.. - კვირის პალიტრა

მტრის თვალით დანახული ომი!..

"ჩვენი მეთაური კარგა ხანს იდგა ქართველების ცხედრებთან"

"რუსი ოკუპანტი ქართველი ჯარისკაცების გმირობამ გააოგნა"

შვებით ამოვისუნთქე, რომ გავიგე, რუსები სამეგრელოდან გადიანო. იმედი გამიჩნდა, იქნებ ახლა მაინც მოვახერხო მათთან გასაუბრება-მეთქი. ყოველთვის მაინტერესებდა, როგორი იყო ჩვენი მტრის თვალით დანახული ეს ომი, სწორედ ამ განზრახვით მივადექი ფოთში (ნაბადაში) განლაგებულ რუსების საგუშაგოს.

არ მოგვიახლოვდე, აქ ისვრიანო, დამიყვირა რუსმა ჯარისკაცმა. ამან ძალზე გაამხიარულა მისი თანამებრძოლები, სიცილი დამაყარეს. რომ მიხვდნენ, უკან წამოსვლას არ ვაპირებდი, ერთ-ერთი მომიახლოვდა. სახე გაუნათდა, აა რუსი ყოფილხარ, იერზე გეტყობა, რომ რუსი ხარო. არა, ქართველი ვარ, მაგრამ ბებია მყავს პოლონელი-მეთქი.

- პოლონელი? მერე რა, მაინც ჩვენიანი ხარ, პოლონეთი ადრე რუსეთის იყო(?!). რა გინდა? - ჯარისკაცს ხმაში ბრაზი აღარ ეტყობოდა.

- მინდა ვინმეს გავესაუბრო.

- არ შეიძლება, თან მეთაური აქ არ არის, რომ დაგვინახოს, მოგვხვდება, თუმცა... საშა, მოდი, შენთან ლაპარაკი უნდათ, - გასძახა ვიღაცას, - ამას მეთაური არაფერს ეტყვის, მისიანია, - მითხრა და სიცილით გაბრუნდა უკან.

ჩემი მოსაუბრე 20 წლის სარატოველი საშა დროზდოვი აღმოჩნდა. თურმე 10 თვეა, რაც ჯარში მსახურობს (ფოტოს გადაღებაზე კატეგორიულ უარს მეუბნება).

- 6 წლის ვიყავი, სარატოვში რომ გადავედით საცხოვრებლად, მანამდე სოფელში ვცხოვრობდით, ბაბუასთან. ჩემს ოჯახში ქართველები ყოველთვის უყვარდათ. ბაბუას საწოლთან რაიხსტაგზე დროშის ამართვის დიდი ფოტო ეკიდა. როცა დათვრებოდა, მე და ჩემს დას, ვინ იცის მერამდენედ, გვიყვებოდა, რომ როცა \ჯარში მსახურობდა, მათთან ნაწილში მელიტონ ქანთარია ყოფილა სტუმრად და ბაბუაჩემისთვის ხელიც კი ჩამოურთმევია. სტალინისა და ქანთარიას სადღეგრძელოს ერთად სვამდა.

მამაჩემი სარატოვში მშენებლობაზე მუშაობდა და ბინა მოგვცეს. მე-15 სართულზე ვცხოვრობდით, მესამეზე კი და-ძმა ია და გია. გია ჩემი ტოლია, ერთად გავიზარდეთ, ცურვაზეც ერთად დავდიოდით, ომობანასაც ვთამაშობდით. გიას მამაც მშენებლობაზე მუშაობდა და იქ დაიღუპა. როცა ბავშვები გავიგებდით, გიას ბაბუა და ბებია ჩამოდიან საქართველოდანო, სადარბაზოს არ ვშორდებოდით ტკბილეულის მოლოდინში. მე განსაკუთრებით ის მიყვარდა, ყურძნისგან რომ აკეთებენ, უცნაური სახელი ჰქვია.

- ჩურჩხელა? - შევახსენე მე. - ჰო, ეგ. საღამოობით ბაბუაჩემი და გიას ბაბუა, იმასაც გია ერქვა, ერთად ქეიფობდნენ, ბაბუა ამბობდა, სამ დიდ ქართველს ვიცნობ: სტალინს, ქანთარიას და უფროს გიას. რუსები და ქართველები რომ ყველაზე მაგრები ვართ, იმიტომ აგვირჩია სტალინმა რაიხსტაგზე დროშის აღსამართავად, ამიტომ სულ ძმები უნდა ვიყოთო.

რომ წამოვიზარდეთ, ომობანა შემჯავრდა. დასახიჩრებული ბიჭები ჩამოდიოდნენ ჩეჩნეთიდან და იმიტომ. მხოლოდ სვამდნენ, ხმას არ იღებდნენ, მე-7 კლასში ვიყავით, ერთმა ჩემმა კლასელმა ვიდეოკასეტა იშოვა, ფილმი ჩეჩნეთის ომზე იყო. ამბობდნენ, დოკუმენტურიაო. ბიჭებმა ბოლომდე ვერ ვუყურეთ, მას შემდეგ მძულს ჩეჩნები. გეოლოგიურზე ვსწავლობ, მესამე კურსზე გადავედი და ჯარშიც გამიწვიეს. გია ავარიაში მოყვა და გაწვევაზე უარი უთხრეს, მე, ლიოშა კასატკინი და დიმა ერთად მოვხვდით. გაცილება ოთხივემ ერთად აღვნიშნეთ, ძალიან დავთვერით და გიას პირობა მივეცით, ჯარიდან როგორც დავბრუნდებოდით, საქართველოში წამოვიდოდით და მთებში ვიხეტიალებდით. მე ხომ გეოლოგი ვარ. ამბობდნენ, საქართველო ძალიან ლამაზიაო, მართლა ლამაზი ყოფილა (ჩვენი საუბარი აქ დროებით შეწყდა. არ ვიცი, რას ფიქრობდა ჩემი რესპონდენტი ამ დროს, მაგრამ შევატყვე, განერვიულდა)...

მე საზღვაო ძალებში მინდოდა სამსახური, მაგრამ მამაჩემის მეგობარი 58-ე არმიაში მსახურობს, შტაბში, და მამის თხოვნით არმიაში მოვხვდით. ჩვენი ბატალიონის მეთაური, ბატკა გრიშა ჩეჩნეთში ნაბრძოლია, ბევრს გვიყვებოდა იმ ომზე.

7 აგვისტოს ვლადიკავკაზში ვიყავით, დაუჯერებელ ამბებს ჰყვებოდნენ. ერთი ქალი კიოდა, ქართველებმა შვილი მომიკლეს, თავი მოაჭრეს და მერე დაწვესო. მისი ხმა ახლაც ჩამესმის. არავის ინდობენ, ყველას ხოცავენ, განსაკუთრებით ქალებს და ბავშვებსო. ტელევიზიაც ამას ამბობდა, ეს კოშმარი იყო.

8 აგვისტოს საღამოს როკის გვირაბისკენ დავიძარით. მეთაური ჩვენს ჯავშანმანქანაში იჯდა. გზაში ვიღაც რაციით ელაპარაკებოდა. თურმე მე-2 ბრიგადაში ერთ-ერთი ჯგუფის უფროსსა და მის 16 ჯარისკაცს უარი უთქვამთ ცხინვალში წამოსვლაზე. მათ სამხედრო ტრიბუნალი ემუქრებოდათ. მოგვიანებით მეთაურს ვკითხე, ვინ იყო ის ურჩი მეთაური-მეთქი. მითხრა, ქართველია და ჯარისკაცებში დიდი ავტორიტეტი აქვსო. იმ 16 ჯარისკაციდან უმრავლესობა რუსი იყო. ხედავ? ასეთი ამბებიც ხდებოდა ჩვენთან.

როკის გვირაბთან კარგა ხანს ვიდექით. ცხინვალში 9 აგვისტოს, გამთენიისას შევედით. ღამით ბევრს ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ როგორც კი გათენდა, ჩემი თავი ამერიკულ ბლოკბასტერში მეგონა, ვიეტნამის ომში. ქუჩები სავსე იყო მიცვალებულებით და დამწვარი ტექნიკით. ჩვენს დანაყოფს ცხინვალის ერთი მონაკვეთის გაწმენდა დაავალეს, წინ ჩვენი ჯავშანმანქანა მიდიოდა. ნელა მივდიოდით. ერთ ქუჩაზე ქალი დავინახეთ, ხესთან იდგა, შავები ეცვა, ძალიან მოხუცი იყო. იდგა და არ იძროდა. მანქანიდან დაუყვირეს, შედი, ბებო, სადმე დაიმალეო, მაგრამ არ განძრეულა. ახლოს რომ ჩავუარეთ, მის თვალებში ისეთი სიძულვილი დავინახე, რომ მივხვდი, ჩვენ აქ არავინ გველოდა. რაციით გადმოგვცეს, რომ ცხინვალის გასასვლელთან ჩვენს ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს. დახმარება იყო საჭირო. ჩვენც იქით წავედით. გზაში ვფიქრობდი, შემეძლო თუ არა ქართველისთვის მესროლა. გასასვლელთან ჩვენს მესამე მანქანას ესროლეს და ცეცხლი გაუჩნდა, მხოლოდ სამი ჯარისკაცის გადარჩენა მოვახერხეთ, ლიოშა ნახევრად დამწვარი იყო. თავიდან მკვდარი მეგონა. მაშინ მივხვდი, რომ ეს ომია და შენ თუ არ მოკლავ, მოგკლავენ. ლიოშა ასეთ დღეში რომ დავინახე, აღარავინ მახსოვდა, - არც გია, არც ჩვენი ეზო. ნუ გავჩერდებით, თორემ ყველას დაგვხოცავენო, ყვიროდა მეთაური, მაგრამ ვინ უსმენდა?! ვიდექით გაოგნებული და ჩვენს დამწვარ ჯავშანმანქანას ვუყურებდით. ერთი ჯარისკაცი ხმამაღლა ატირდა, ყველანი შეშინებული ვიყავით. გონს მაშინ მოვედით, როცა სროლის ხმა გავიგეთ. საბედნიეროდ, მანქანებს არ მოხვედრია. სასწრაფოდ ჩავსხედით მანქანებში და გავაგრძელეთ გზა. გასასვლელთან რომ მივედით, ჩვენების საქმე ცუდად იყო, ქართველები თავის აწევის საშუალებას არ აძლევდნენ. მიცვალებულებიც ჰყავდათ და დაჭრილებიც, ესენი ვინ არიანო, ყვიროდა რუსი მეთაური, ეშმაკები არიან თუ ვინ (ქართველებზე), უკვე საათია, ასეთ დღეში ვართო. 15 წუთში კიდევ ერთი ჯგუფი წამოგვეშველა თავისი ტექნიკით. მოკლედ, 2 ჯავშანმანქანა, 1 ტანკი გვყავდა და სამოცი ჯარისკაცი ვიყავით. ნახევარსაათიანი ბრძოლის შემდეგ ყველაფერი დამთავრდა. ამის გახსენებაც არ მინდა... როგორც გავიგეთ, მხოლოდ თორმეტი ქართველი გვებრძოდა, მხოლოდ თორმეტი! აღარავინ გადარჩენილა. ერთს ხელში "ლიმონკა" შერჩენოდა, ეტყობა, სროლა ვერ მოასწრო.

ჩვენი მეთაური კარგა ხანს იდგა მათ ცხედრებთან. აი, ასეთი ბიჭები რომ მყოლოდა მაშინო... მივხვდი, ჩეჩნეთი გაახსენდა, მაგრამ სიტყვა არ დაუმთავრებია, ისე ჩაჯდა მანქანაში და ცხინვალში დავბრუნდით.

11 აგვისტოს ბატკა გრიშამ მითხრა, ბატალიონს ვტოვებ, აფხაზეთში, სამშვიდობო ძალებში გადასვლა მიბრძანესო. დროებით მეც წამომიყვანა და აი, აქ ვარ.

აქ რომ გადმოვედით, 3 ღამე არ გვიძინია. მეთაურმა გაგვაფრთხილა, ჩეჩნეთში პოსტზე ღამით ადგილობრივი მოსახლეობა გვეპარებოდა და ხან ბენზინს გვასხამდა და გვწვავდა, ხან გვხოცავდაო. ქალს თუ გაუღიმებდი, ისიც გაგიღიმებდა, მაგრამ ეს ღიმილი საკმარისი იყო მხოლოდ იმისთვის, რომ კაბის ქვეშ დამალული იარაღი ამოეღო და შენთვის სული გაეფრთხობინებინაო. ამიტომ არ გვეძინა, მაგრამ ქართველები სულ სხვანაირები ხართ, მოდიხართ და გვეხვეწებით, წადითო, ტყვიას არ გვესვრით, მაგრამ შეიძლება ჩეჩნებზე მაგრად გძულვართ. ამას ყოველ წუთს ვგრძნობთ... ეს არ იყო ჩვენი ომი, ჩვენ ომი არ გვჭირდებოდა. მოვა დრო და თქვენ და ოსები ისევ ერთად იცხოვრებთ, ჩვენ კი ძალიან ცუდები გამოვალთ. სახლში ერთი წლის შემდეგ ჩავალ. გია გამიგებს და არ იტყვის ჩემთან მეგობრობაზე უარს, რადგან ომი ომია - შენ თუ არ მოკლავ, ის მოგკლავს... რას ვიზამთ...

გულდამძიმებულმა დავტოვე რუსების საგუშაგო და თან დროზდოვის ბოლო სიტყვებზე ვფიქრობდი: ყველაზე ცუდი ის არის, რომ საქართველოში, მთებში სახეტიალოდ ვეღარ ჩამოვალთ. შეგვრცხვებაო...