"ქურთისტანი ან სიკვდილი" - ამბობდნენ, რომ კალაშოვმა ქურთ მოძმეებს იარაღის შესაძენად დიდი ფული გაუგზავნა... - კვირის პალიტრა

"ქურთისტანი ან სიკვდილი" - ამბობდნენ, რომ კალაშოვმა ქურთ მოძმეებს იარაღის შესაძენად დიდი ფული გაუგზავნა...

მას მერე, რაც თურქეთის სამხედრო ძალები სირიის ტერიტორიაზე შევიდნენ და ქურთების პოზიციებზე მიიტანეს შეტევა, ვითარება სულ უფრო და უფრო არაპროგნოზირებადი ხდება. ფაქტია, რომ თურქეთს და მის პრეზიდენტს ქურთული პოზიციების გაძლიერება ყველაზე მეტად იმიტომ აშინებს, რომ ქურთისტანის ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბების შემთხვევაში, ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასაც დაემუქრება საფრთხე. მოგეხსენებათ, თურქეთში მილიონობით ქურთი კომპაქტურად ცხოვრობს, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის წლებია იბრძვიან.

გთავაზობთ სტატიას "კვირის პალიტრის" არქივიდან:

"თურქეთის ყველა მოქალაქე თურქია." - 1980 წლის თურქეთის კონსტიტუციიდან

"შეიყვარე თურქეთი, ან გაეთრიე აქედან."

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

"ქურთებს წაართვეს ყველაფერი. თუმცა უმრავლესობამ ეს ვერც გაითავისა, მათ ისიც კი არ იციან, რა დაკარგეს. ხოლო თუ არ იცი, რა არის დაკარგული, შეუძლებელია იცოდე, რა უნდა ეძებო."

აბდულაჰ ოჯალანი, ქურთისტანის მუშათა პარტიის ლიდერი, 2009 წლის 24 ივნისი

2006 წლის ზაფხულში თურქეთის ქალაქ მალათიაში მოვხვდი (ტრეფიკინგის საკითხების კვლევისას ამ ქვეყნის 22 დიდი ქალაქი მოვიარე, მათ შორის მალათია და დიარბაქირიც. ჩემდა გასაკვირად, ქართველი მონა"ქალები აქ ქვეყნის დასალიერშიც კი ჰყავდათ). ქურთების შესახებ პირველად სწორედ მალათიისკენ მიმავალმა შევიტყვე - სხვანაირი ხალხია, ისინი თურქებს არ ჰგვანანო, - მიმტკიცებდა ავტობუსში გვერდზე მჯდომი სტუდენტი გოგონა, უფრო კარგად რომ გამეგო, კავკასიელებიდან ჩეჩნებს ადარებდა - ვაჟკაცები არიან, მეგობრის ღალატი არ იციანო. მალათიაში, გიდის წყალობით, სკოლის მასწავლებელი ქიამრან ხოჯა გავიცანი (წარმოშობით ქურთი, დიარბაქირიდან). დიდხანს ვისაუბრეთ, ბოლოს, ჩემს ერთგვარად გულუბრყვილო შეკითხვაზე - როგორ შეიძლება საკუთარ თავს ქურთი ვერ უწოდო-მეთქი, მიპასუხა, - "ne mutlu tiurkium diene" და ძალიან სევდიანად გაიცინა. მისი სიტყვები ჩავიწერე, რადგან შევატყვე, ჩემმა გიდმა მისი თარგმნისაგან რატომღაც თავი შეიკავა.

ქურთი მასწავლებლის ნათქვამის მნიშვნელობა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ სტამბოლში გავიგე. "ne mutlu tiurkium diene" - ამ სიტყვებს ყოველ დილით მთელ თურქეთში მილიონობით სკოლის მოსწავლე, ე.წ. ხაზზე მოწყობილი, ხმამაღლა იმეორებს. მაშინ მივხვდი კიდეც ქიამრან ხოჯას სევდის მიზეზს - მიწაზე, სადაც შენი მოდგმა უკვე სამი ათასი წელია, ცხოვრობს, საკუთარი ეროვნების განცხადება დღეს სიკვდილის ტოლფასია, ქურთი ბავშვები იძულებულები არიან, იმღერონ - რა ბედნიერებაა, გერქვას თურქი(?!).

"დემოკრატიული საზოგადოების" პარტიამ, რომელიც "ქურთისტანის მუშათა პარტიასთან" ასოცირდება, 2015 წლის საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილი კი დაიკავა, მაგრამ სირიაში განვითარებულმა მოვლენებმა მყიფე მშვიდობა თურქეთის შიგნით კვლავ საეჭვოდ აქცია.

2015 წლის 20 ივლისს ქალაქ სურუჯში სტუდენტმა ისლამისტმა აფეთქება მოაწყო, რასაც 52 ადამიანი შეეწირა, უმრავლესობა თურქი ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც ქურთი ხალხის სოლიდარობის ნიშნად კობანში მიდიოდნენ. სურუჯის ტერაქტში ქურთებმა ოფიციალური ანკარა დაადანაშაულეს და "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ამხილეს... ასე დაირღვა მორიგი მშვიდობის ხელშეკრულება. საპასუხოდ ქურთები თავს დაესხნენ თურქეთის პოლიციას და სამხედროებს. 24 ივლისს თურქეთმა ავიაიერიშები დაიწყო როგორც "ისლამური სახელმწიფოს", ისე ქურთების სამხედრო პოზიციებზე, რასაც საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის ცნობილი მოწოდება მოჰყვა - "გთხოვთ, დაბომბვისას ნუ გეშლებათ პოზიციები!" მაშინ ბევრი ევროპელი ექსპერტი ფიქრობდა, რომ ერდოღანს სურუჯის ტერაქტი სირიაში ოპერაციის დასაწყებად ჰაერივით სჭირდებოდა, რადგან ფაქტი, რომ ქურთთა შენაერთები უკვე აკონტროლებდნენ თურქეთ-სირიის 400-კილომეტრიან ზოლს, ანკარას შეშფოთების მიზეზს ნამდვილად აძლევდა.

ქურთების ბრძოლას მუდამ ყურადღებით ადევნებდნენ თვალს უცხოეთის სახელმწიფოებში მცხოვრები ქურთებიც. კობანის დაცვის დროს კავკასიის რეგიონიდან რამდენიმე ასეული ქურთი ახალგაზრდა ამაოდ ცდილობდა თურქეთის საზღვრის გადალახვას და ქალაქის დამცველთა რიგებში ჩადგომას (თურქეთის ხელისუფლებამ იმხანად საზღვარი ჩაკეტა და იქ მყოფ ქურთ მოხალისეებს ისღა დარჩენოდათ, შორიდან ედევნებინათ თვალი ქალაქის ერთი მუჭა დამცველთა თავგანწირვისთვის). გარდა ამისა, თავის დროზე ესპანური მედია, თურქულ წყაროებზე დაყრდნობით, ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ეთნიკურად ქურთი კრიმინალური ავტორიტეტები თურქეთში ქურთ მეამბოხეებს იარაღს და ფინანსებს აწვდიდნენ, სახელდებოდა ზაქარია კალაშოვის გვარიც. იმასაც ამბობდნენ, რომ მან, ესპანეთის ციხიდან თავის დაღწევისთანავე ქურთ მოძმეებს იარაღის შესაძენად დიდი ფული გაუგზავნა...

დიდი ამბოხის დასაწყისი

კონფლიქტი, რომელსაც ყოველდღიურად ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება, ჯერ კიდევ 1920 წელს დაიწყო. იმხანად ანტანტას და თურქეთს შორის დაიდო სევრის ხელშეკრულება, რომელიც ქურთებს და ამ რეგიონში მცხოვრებ სხვა ერებს დამოუკიდებლობის უფლებას აძლევდა, თუმცა სამი წლის შემდეგ დიდი ბრიტანეთის ინიციატივით ეს ხელშეკრულება გადაიხედა და ნავთობით მდიდარი ქურთული მიწები ერაყის სახელმწიფოს შეუერთდა (ერაყი იმ დროისთვის ბრიტანეთის ვასალი იყო). საბოლოოდ, ქურთული მიწები ოთხმა სახელმწიფომ გაიყო (თურქეთს ხვდა დაახლოებით 16-17 მლნ კაცი, ირანს - 5-8 მლნ, ერაყს - 4-7 მლნ, სირიას - 1-2 მლნ) ისე, რომ ქურთებს არაფერი ჰკითხეს, რამაც უბიძგა"დიდი ამბოხის"ხანას დევიზით - "ქურთისტანი ან სიკვდილი". ქურთი მეამბოხეები განსაკუთრებით აქტიურობდნენ ერაყსა და თურქეთში. თურქეთში 1980 წელს კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება - ამიერიდან თურქეთის ყველა მოქალაქე, განურჩევლად ეროვნებისა, იყო თურქი(?!). აიკრძალა ქურთული ენის სწავლება სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, მეტიც, ქუჩაში ქურთულ ენაზე საუბარი დანაშაული იყო და პატიმრობით ისჯებოდა, თურქეთის იმდროინდელმა ხელისუფლებამ მთელი კამპანია ჩაატარა, რომ ქურთული გეოგრაფიული სახელწოდებები თურქულით შეეცვალა. აიკრძალა ქურთული დღესასწაულები. დაიწყო ქურთების გადასახლება ანატოლიიდან ცენტრალურ პროვინციებში და ეს ყველაფერი ტერორიზმთან ბრძოლის სახელით ტარდებოდა. თურქეთში სიტყვა "ქურთის" ხსენება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლებოდა. ასე გაგრძელდა სამი წელი. 1984 წელს ქურთების ყველაზე მრავალრიცხოვანმა ძალამ,"ქურთისტანის მუშათა პარტიამ", იარაღის ხელში აღება და დამოუკიდებელი ქურთისტანისთვის ბრძოლა გამოაცხადა. მისი ლიდერი აბდულაჰ ოჯალანი იყო... იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: ბაშარ ასადი ქურთების გვერდით ერდოღანის თურქეთის წინააღმდეგ - პუტინის მორიგი სამხედრო-დიპლომატიური გამარჯვება?