სიკვდილმისჯილი პატიმრები და ბუშის წერილი... - კვირის პალიტრა

სიკვდილმისჯილი პატიმრები და ბუშის წერილი...

რას იხსენებს ავჭალის მკაცრი რეჟიმის კოლონიის ყოფილი უფროსი ზაურ ებრალიძე

(დასასრული, დასაწყისი ”კვირის პალიტრა” ## 47-50)

სისხლით მოხატული კედლები

სიკვდილმისჯილთა დასჯა რომ გაუქმდა, დახვრეტის მომლოდინე პატიმრებს სასჯელი 20-წლიანი მსჯავრით შეეცვალათ. ბევრი მათგანი ავჭალის კოლონიაში იხდიდა სასჯელს. თითოეული თავის განცდებზე საუბარს რომ დაიწყებდა, ტანში ჟრუანტელი მივლიდა. ძალიან მძიმე იყო მათთვის საკნის სარკმლის ყოველი გაღება, სულ იმაზე ფიქრობდნენ, როდის გაიყვანდნენ სპეციალურად მოწყობილ სასაკლაოზე და განაჩენი აღსრულდებოდა. ერთ-ერთი ასეთი მსჯავრდადებული იყო სხვადასხვა ბრალდებით ოთხჯერ ნასამართლევი ცხონდია. იხსენებდა, სიკვდილის მოლოდინში როგორ მოხატა სისხლით საკნის კედელი...

არასრულწლოვანი იყო, პირველად ქურდობისთვის რომ დაიჭირეს. ამბობდა, მაშინ მართლა არ ჩამიდენია დანაშაული, ცხინვალის ციხეში მიკრეს თავი, იქ კი ”პრისტუპნიკად” ვიქეციო. ჯიბის ქურდი იყო, მერე ყაჩაღობდა კიდეც. ერთ-ერთი ყაჩაღობისას ბინის პატრონმა თავდამსხმელებს ცეცხლი გაუხსნა, ამათაც ისროლეს და კაცი მოკლეს. მოკლული პოლიციელი აღმოჩნდა. იფიცებოდა, მე არ მომიკლავსო, მაგრამ თანამონაწილეობას აღიარებდა. ამ მკვლელობისთვის 5 კაცი გაასამართლეს, მათგან ორს დახვრეტა მიესაჯა. როცა განაჩენი გამოაცხადეს, ვერ გავაცნობიერე, რა ხდებოდა. დარბაზში ჩემს დას გული რომ წაუვიდა, მაშინ მოვეგე გონს და მივხვდი, რაც მჭირდა... იმწუთას ჩემთვის ყველაფერი დამთავრდაო, -ჰყვებოდა.

ძალიან მორწმუნე გახდა. ამბობდა, -ბიბლიის კითხვა პირველად სიკვდილმისჯილთა საკანში დავიწყე. ღმერთს ვევედრებოდი, დახვრეტას გადამარჩინე-მეთქი, ვმარხულობდი, ვლოცულობდი. სასაკლაოზე გაყვანის მოლოდინში წელიწადი ჯოჯოხეთში გავატარე. საკნის კედლებზე ქრისტე, ღვთისმშობელი, წმინდა გიორგი და ანგელოზები დავხატე.

წარმოიდგინეთ, არც ფუნჯი მქონდა, არც საღებავები. ჩემი თმით და ასანთის ღერებით ფუნჯებს ვაკეთებდი. წმინდა გიორგის რომ ვხატავდი, ხან ნახშირს, ხან ჩემს სისხლს ვურევდი ფერების მისაღებად. ამაზე გადამქონდა ფიქრები. მართლა სასწაული მოხდა, ღმერთმა ჩემი ვედრება შეისმინა და გადავრჩი, ახლა მინდა, დანაშაული მოვინანიოო.

ციხეში მოხვედრამდე ცხონდია თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში სწავლობდა. იქ ჩუქურთმების ჭრაც ისწავლა. წმინდა გიორგის ეკლესიის კარი მისი ხელით არის მოჩუქურთმებული.

შევარდნაძემ ტერაქტის მონაწილეები შეიწყალა

ავჭალის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პრეზიდენტ შევარდნაძეზე განხორციელებულ ტერაქტში ბრალდებული, მხედრიონელი გიგა გელაშვილი იხდიდა სასჯელს. პრესაში მასზე ძალიან ბევრს წერდნენ. როგორც ყველა პატიმარს, მასაც ჰქონდა სამდღიანი პაემნით სარგებლობის უფლება. მორიგემ გელაშვილის განცხადება შემომიტანა -ერთდღიან პაემანს ითხოვდა. დავინტერესდი, კუთვნილ დროს სრულად რატომ არ იყენებდა. ავუხსენი, შეგიძლია სამი დღით მეუღლესთან დარჩე-მეთქი. მითხრა: -მეუღლეს საღამომდე დავტოვებ, კოლონიაში ღამის გათენებას ვერ ვაკადრებო.

მან შეწყალებაზე განცხადება დაწერა და 2002 წლის ივლისში პრეზიდენტმა შეიწყალა. ”განვიხილე მსჯავრდადებულთა თხოვნა შეწყალებაზე... გავითვალისწინე პატიმრების ოჯახური მდგომარეობაც. მათ დანაშაული ჩემს წინააღმდეგ აქვთ ჩადენილი, მაგრამ ჰუმანურობის პრინციპიდან გამომდინარე, ვადგენ, შეიწყალოთ: გიორგი (გიგა) გელაშვილი, გიორგი პაპუკაშვილი და თეიმურაზ ხაჩიშვილი”, -წერდა პრეზიდენტი შევარდნაძე. გელაშვილმა ამ გათავისუფლების საბუთს ასეთი შინაარსის მინაწერი გაუკეთა: ”მიხარია, რომ გვიან, მაგრამ სამართლიანობა აღდგა. პრეზიდენტმა ჩემი სიმართლე იწამა”.

”აქ კედელიც კი სიკვდილის ფერია”

ჩვენი კოლონია სამაგალითო იყო და ყველა სტუმარი იქ მოჰყავდათ. ერთ დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარი, ესპანელი ალვარო გილ-რობლესი მოულოდნელად გვესტუმრა. კვირა იყო. მე სპორტული სამოსი მეცვა და პატიმრების ფეხბურთის მატჩს ვმსაჯობდი. ზოგი ჭადრაკს თამაშობდა, ზოგი -ნარდს.

ბიბლიოთეკაშიც აღმოაჩინა მკითხველები. პაემნების ბლოკის ნახვის შემდეგ აღფრთოვანება ვერ დამალა და თქვა, -აქ ნამდვილად ოჯახური გარემოაო. იმ დროს პატიმართა ნაწილი ტაძარს აგებდა და გაოცებული დარჩა მსჯავრდადებულების გალობის მოსმენით. მგალობელთა გუნდში პოლიტპატიმრები იყვნენ. რამდენიმე პატიმარი რობლესს ინგლისურად ესაუბრა, მათ შორის პეტრე გელბახიანიც იყო. პეტრე ძალიან განათლებული კაცი გახლდათ.

ის სიკვდილმისჯილთა საკანში დიდხანს ელოდა სიკვდილს. სულ მიკვირდა, ამ მდგომარეობაში როგორ ინარჩუნებს საოცარ სიმშვიდეს-მეთქი. ახლახან პეტრეს მშობლებმა გარდაცვლილ შვილზე დაწერილი წიგნი გადმომცეს. წიგნის ბოლო გვერდზე სიკვდილმისჯილთა საკანში დაწერილი პეტრეს ლექსიც არის:

”აქ სიმღერასაც სევდაზე მღერიან,

აქ კედელიც კი სიკვდილის ფერია,

მიქელ-გაბრიელს აქ მუდამ ელიან,

მაგრამ ოცნება მაინც ცისფერია”.

”ბებუთა”

”ბებუთა” ადრე ქურდობისთვის ნასამართლევი იყო. ციხიდან 3 თვის გასული ციხეში უმძიმესი ბრალდებით შემოაბრუნეს. ამჯერად ცოლის მკვლელობისა და მისი მეგობრის დაჭრისთვის დააკავეს. ”ბებუთა” ცოლს მეგობარ ქალებთან ურთიერთობას უკრძალავდა. -ერთხელ ცოლმა ციხეში ვიღაც ქალთან ერთად მომაკითხა. მერე გავიგე, რომ ის ქალი მეძავი იყო, მასთან ურთიერთობა ავუკრძალე, მაგრამ ციხიდან ჩემი გამოსვლის შემდეგაც არ მოიშალა მათთან ყოფნა და ამის გამო ვჩხუბობდითო, -ჰყვებოდა ”ბებუთა”.

3 შვილი ჰყავდათ. ცოლმა გოგონა წაიყვანა და საცხოვრებლად მეგობრის ბინაში გადავიდა. ”ბებუთამ” ცოლს იქ რამდენჯერმე მიაკითხა -შინ დაბრუნებას ეხვეწებოდა. ერთ დღეს მისი ”სტუმრობა” ტრაგედიით დასრულდა. ცოლი საძინებელში ჩაიკეტა და არ გამოდიოდა. გაბრაზებული კაცი კარზე აბრახუნებდა და შინ დაბრუნებას დაჟინებით სთხოვდა. ამ დროს ცოლის მეგობარიც მოვიდა და ”ბებუთას” სახლის დატოვება მოსთხოვა. სიტყვამ რომ არ გაჭრა, ქალმა თავში ხელჩანთა დასცხო. კაცმა ყურადღება არ მიაქცია და როცა კარის მტვრევა დაიწყო, ქალმა მოძალადეს თავში რკინის ჯოხი უთავაზა.

თავპირდასისხლიანებულმა ”ბებუთამ” ჯიბიდან დასაკეცი დანა ამოიღო და ცოლის დაქალს ოთხჯერ ჩაარტყა. აAმ დროს ოთახიდან მისი ცოლიც გამოვარდა და გაქცევას შეეცადა. ქმარი გაეკიდა, დაიჭირა, იმავე დანით სამი ჭრილობა მიაყენა და იქაურობას გაეცალა. ცოლი მაშინვე გარდაიცვალა, მისი დაჭრილი მეგობარი კი სიკვდილს ძლივს გადაურჩა. რამდენიმეთვიანი ძებნის შემდეგ ”ბებუთა” დაიჭირეს. ამბობდა, -მინდოდა ჩემს ცოლს პატიოსნად ეცხოვრა, მაგრამ არ დამიჯერა და უბედურებაც დატრიალდაო. ბებუთით რომ ჩაიდინა მკვლელობა, ამიტომ ციხეში პატიმრებმა ”ბებუთა” შეარქვეს. 13 წელი ჰქონდა მისჯილი.

რეციდივისტის ცხოვრება

როგორც გითხარით, ავჭალის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში სასჯელს რამდენჯერმე ნასამართლევებიც იხდიდნენ. მრავალგზის ნასამართლევს რეციდივისტს ეძახიან და, ბუნებრივია, კოლონიაში ამ სახელის მატარებელი ბევრი პატიმარი გვყავდა. 60 წელს გადაცილებული დუშელი გიორგი 7-ჯერ იყო ნასამართლევი. 40 წელი ციხეში ჰქონდა გატარებული. ხუმრობდა, -აქ ჩემი საწოლი ყოველთვის მელოდება და არ ცივდებაო. პირველად 18 წლისა დაიჭირეს მანქანის საბურავის ქურდობისთვის.

თავისუფლებაში გადაბმულად 3 წელი ჰქონდა გატარებული. ქურდობისთვის, მკვლელობისთვის, ყაჩაღობისთვის ასამართლებდნენ. ბოლოს ისევ ყაჩაღობის ბრალდებით შემოვიდა. ირწმუნებოდა, ეს დანაშაული ნამდვილად არ ჩამიდენია, შემითითხნესო. იმ დღეს თურმე ტაქსით უცხო ბიჭები წაიყვანა -ნაქურდალი მიჰქონდათ. მოგვიანებით ისინი პოლიციამ დაიჭირა. მანქანის მძღოლის ვინაობაც დადგინდა და გიორგიც დაიჭირეს.

პირველი დანაშაული ორი თვის მოხდილი ჰქონდა, დეიდაშვილის ქორწილში კაცი რომ მოკლა. ამბობდა, -ხევსურები შარიანები არიან. ნათესავ გოგოს შეურაცხყოფდნენ, ვერ მოვითმინე, ჩხუბი ავტეხე, ბოლოს, დანა დავარტყი და ის კაცი შემომაკვდაო. 10 წელი სრულად მოიხადა. ციხიდან გასულმა ტაქსისტად დაიწყო მუშაობა. მართალია, მთელი სიცოცხლე ციხეში გაატარა, მაგრამ ცოლის შერთვა მაინც მოასწრო და 2 შვილიც შეეძინა.

გიორგი არ უარყოფდა, რომ ქურდობდა, -ისეთ ოჯახში უნდა შეხვიდე, რომ დაგიჭირონ, პოლიციაში საქმის ჩასაწყობი ფული მაინც გამოიტანოო. შეძლებულ ოჯახებში შედიოდა... ამბობდა, ”ნაკოლის” მომცემი ყოველთვის ოჯახის ნათესავი იყოო. ბინის კარებს ე.წ ”ატმეჩკით” აღებდა და ბევრი ფულიანის ბინა ჰქონდა გაქურდული.

ქველმოქმედი პატიმრები

წარმოიდგინეთ, პატიმრები კოლონიაში გამომუშავებული თანხის ნაწილით გაჭირვებულებსაც კი ეხმარებოდნენ. იქაც იყო ეროვნული სულისკვეთება. მახსოვს, 9 აპრილს დაშავებულ დავით ფაილოძეს, რომელიც დაბრმავდა, ანაბარი გავუხსენით და სოლიდური თანხა შევუგროვეთ. რაჭაში მიწისძვრით დაზარალებულებს დავეხმარეთ. სამაჩაბლოს ომში დაზარალებულებს  პატიმრებმა 5.000 მანეთი გადაურიცხეს. ასეთი საქველმოქმედო აქცია ბევრჯერ ჩატარდა. განსაკუთრებით გამოვყოფ 19 წლის სპორტსმენის, გიორგი რთველიაშვილისთვის გაწეულ დახმარებას. ის ბიჭი მოჭიდავე იყო და ჭიდაობის დროს კისრის მალა დაუზიანდა.

2 წელი საწოლში გაუნძრევლად იწვა. თბილისიდან ძეგვში მასაჟების გასაკეთებლად სიარულზე ”ვაიექიმმა” უარი თქვა. მასზე სიუჟეტი ტელევიზიით გავიდა. ამის შემდეგ პატიმრებმა ფული მოაგროვეს, ამას კოლონიის თანამშრომლების დახმარებაც დაემატა, კიდევ რამდენიმე ღვთისნიერმაც გაიკრა ჯიბეს ხელი და საბოლოოდ 33.000 მანეთი შეგროვდა. ავადმყოფი ამერიკაში სპეცსაკაცით გაამგზავრეს. ის კარგ სარეაბილიტაციო ცენტრში მოხვდა და ამაში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი კავკასიის რეგიონში, ქალბატონი დორის ზაილერ პლატი დაეხმარა.

გიგა საქართველოდან პირველი პაციენტი იყო და იქ სპეციალური კონსილიუმი შედგა, ჟურნალისტებიც მოიწვიეს. გიგა რთველიაშვილმა კარგად იცოდა საქართველოს და ამერიკის ისტორია. თავისი ინგლისურითა და განათლებით ყველა განაცვიფრა. პოლიტიკასაც შეეხო და აუდიტორიას აუწყა, რომ საქართველოს ჰყავდა ახალგაზრდა პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, რომელსაც ამერიკის მხარდაჭერა სჭირდებოდა. მის ინტერვიუს მაშინდელი ამერიკის პრეზიდენტი, უფროსი ბუში გამოეხმაურა.

თქვენ წარმოიდგინეთ, გიგა რთველიაშვილმა საავადმყოფოში ბუშისგან წერილი მიიღო. ის თანაგრძნობას უცხადებდა, გამოჯანმრთელებას უსურვებდა და ბოდიშს უხდიდა, რომ მისი მონახულება პირადად ვერ შეძლო. გიგას ამერიკის საპატიო მოქალაქის სტატუსიც მიანიჭეს. ამ წერილის მიღების შემდეგ ექიმების ყურადღებაც გაორმაგდა. ორთვიანი მკურნალობით ხელის კიდურებში ძალა მოემატა. უფასოდ დაუმზადეს ძვირად ღირებული ელექტროსავარძელი. თბილისში ჩამოსულს, დიღომში ბინა მისცეს. სწორედ ამ მხარდაჭერამ გიგას სიცოცხლე გაუხანგრძლივა და 9 წელი იცოცხლა. სამწუხაროდ, 1999 წელს გარდაიცვალა...

თეა ხურცილავა