უარყოფილი შვილების შურისძიება - კვირის პალიტრა

უარყოფილი შვილების შურისძიება

სოფელში ყველას გაუკვირდა სერგო კირთაძის (გვარ-სახელები აქ და ქვემოთ შეცვლილია) დაბრუნება. აღარც ეგონათ ცოცხალი. 25 წლის გადაიკარგა. მას შემდეგ კი 40 წელიწადზე მეტი იყო გასული.

...სერგოს მარტოხელა დედა ზრდიდა. არავინ იცოდა მამამისის ვინაობა. არც ვერას გაუმხელია, ისე ჩავიდა სამარეში. ვერა რაიონის საავადმყოფოში მუშაობდა და ჭორი გავარდა, იქაურმა ექიმმა შეაცდინა, მერე კი მისი ფეხმძიმობის ამბავი რომ შეიტყო, სასწრაფოდ სხვაზე დაქორწინდა და იმდენი ქნა, საბრალო ქალი სამსახურიდანაც დაათხოვნინა უფროსობასო.

ვერა ამ ვერსიასაც უარყოფდა და იმ ექიმთან რაიმე კავშირსაც:

– 35 წლის ქალი ვარ და ვერ გავთხოვდი. აღარც დედობის ღირსი უნდა გავმხდარიყავი?! რა თქვენი საქმეა, ვისგან ვაჩენ შვილს, ჩემია და მორჩა. ბავშვს მამა არ სჭირდებაო!.. – ასე იგერიებდა მოკეთეთა თუ მოსეირეთა შემოტევას.

სოფელმა კი დაანება თავი, მაგრამ გათხოვილმა დებმა და სიძეებმა უარი თქვეს მასზე. «ოჯახის შემარცხვენელს» თავიანთი სახელის ხსენებაც აუკრძალეს. ეს ამბავი როგორღაც გადაიტანა ვერამ, ბავშვმა თითქოს ყველა სხვა სადარდებელი დაავიწყა. სერგო მართლაც ნანატრი შვილი იყო, ვერა სიხარულით მეცხრე ცაზე დაფრინავდა მანამ, სანამ ერთმა ავყია მეზობელმა ბიჭს ნაბიჭვარი არ დაუძახა და დედა აუგად არ მოუხსენია...

ამას ისიც დაერთო, რომ 16 წლის ბიჭს სიყვარულზე უარი განუცხადა რჩეულმა:

– მამაჩემი მომკლავს, შენ გვერდით რომ დამინახოს. დედაშენის შვილს სიძედ არავინ მიგიღებსო...

ერთბაშად შეიძულა დედა 16 წლის ბიჭმა, საცემრადაც კი გაიწია მასზე.

– დედა ვარ, სიცოცხლე გაჩუქე და ამისთვის მკლავ?! – მუხლებზე მოეხვია ვერა.

– რად მინდა ასეთი სიცოცხლე, თუ ყველა ნაბიჭვარს დამიძახებს! – წიხლით მოიშორა ბიჭმა დედა და მოსთხოვა, მამის ვინაობა გაემხილა მისთვის.

– არ ვიცი... მართლა არ ვიცი, შენს სიცოცხლეს ვფიცავარ... სამ კაცთან მქონდა მაშინ ურთიერთობა და არ ვიცი, რომლის შვილი ხარ... არც მაინტერესებს – ქმარი არაფერში მჭირდებოდა, შვილი მინდოდა და მყავხარ, მადლობა ღმერთს!..

სამ კაცთან ურთიერთობა ის ბოლო წვეთი აღმოჩნდა, რამაც საბოლოოდ დაუბნელა გონება ბიჭს. ეზოში დაგდებულ ქვას წამოავლო ხელი და დედას თავი გაუჩეჩქვა...

წესით, უნდა დაეჭირათ და პასუხი ეგო მკვლელობისთვის, მაგრამ მომჩივანი არავინ აღმოჩნდა, თანაც დანაშაულის კვალი ისე კარგად დაფარა, გაამართლეს... თანასოფლელებმა კი არა, დეიდებმა და მათმა ქმრებმაც კი ის თქვს:

- თუ მაგან მოკლა, კარგი უქნია, ვაჟკაცი ასე მოიქცეოდა. უნამუსობა დედასაც არავინ უნდა აპატიოსო!..

სერგო კირთაძემ ბიძებისგან ძველი ჭორიც გაიგო, რომ შესაძლოა მისი მამა რაიონში ცნობილი ქირურგი, ვაჟა გიორგაძე ყოფილიყო.

სკოლაშიც აღარ დადიოდა, თუმცა ატესტატი მაინც მისცეს. იმ ატესტატით კი დედაქალაქის ერთ-ერთ პროფტექნიკურ სასწავლებელში გააგრძელა სწავლა. უფრო სწორად, საერთო საცხოვრებელში დაიდო ბინა, თორემ სწავლა ყველაზე ნაკლებად აინტერესებდა.

სამედიცინო ინსტიტუტის პირველკურსელი შორენა გიორგაძე ვითომ შემთხვევით გაიცნო. არადა, თბილისში სწორედ მის კვალს გამოჰყვა. შორენა ექიმ ვაჟა გიორგაძის ქალიშვილი გახლდათ და სავარაუდოდ, ბიჭს დად უნდა მიეჩნია, მაგრამ შურისძიებით დაბრმავებულს ამაზე არც უფიქრია!

შორენა შემთხვევით კი გაიცნო ვითომ, მაგრამ არ დაუმალავს, რომ მისი რაიონიდან იყო, ამის გამო კიდევ უფრო ძვირფასი ხარ ჩემთვისო, უთხრა და ისიც დასძინა, მეც ექიმობაზე ვოცნებობ, ობოლს კი მომზადების საშუალება არა მაქვსო. სერგოს გარეგნობით მოხიბლულმა შორენამ ბიჭს დახმარება შესთავაზა, შინ დაპატიჟა, თუ გინდა, მე დაგეხმარები მეცადინეობაშიო... ცხელი სადილიც დაახვედრა...

გოგოს თავდავიწყებით შეუყვარდა ბიჭი და... მოსახდენიც მოხდა. სერგო შორენასთან გადასახლდა და ახლა იმაზე ფიქრობდა, კიდევ რა მოეფიქრებინა ისეთი, რომ კიდევ უფრო გაემწარებინა და დაესაჯა ვაჟა გიორგაძე...

არავინ იცის, რა მოხდებოდა, შორენას რომ მისთვის არ გაემხილა, მგონი ფეხმძიმედ ვარო. გოგო უკვე მესამე თვეში იყო. ჯერ ბავშვის მოცილება უნდოდა მოეთხოვა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ ვაჟა გიორგაძისთვის უკეთეს სასჯელს ვერ მოიფიქრებდა: მისი ნაფერები ქალიშვილი მისგან უარყოფილმა ვაჟმა დააფეხმძიმა, ცოდვის შვილის ბაბუობის ტვირთს უნდა მოეღო მისთვის ბოლო...

...როგორღაც გაწელა დრო, რომ აბორტის გაკეთება შეუძლებელი გამხდარიყო და ამის შემდეგ გაუმხილა შორენას, რომ მასზე შური იძია და არც მეტი, არც ნაკლები, მამამისისგან უარყოფილი ძმისგან დაფეხმძიმდა...

შორენას ისტერიკა დაემართა. სერგომ გულგრილად გამოიხურა კარი და სამუდამოდ გაუჩინარდა. ყოველ შემთხვევაში, ეძებდა პოლიციაც, ვაჟა გიორგაძეც, მაგრამ მის კვალს ვეღარ მიაგნეს...

შორენამ საწამლავი დალია, მაგრამ გადაარჩინეს. გონს მოსულმა ლამის თვალები ამოკაწრა მამას, – უნამუსო და არაკაცი უძახა... როცა ექიმმა, ბოლოს და ბოლოს, გაიგო რაში სდებდა ბრალს ქალიშვილი, გაოგნებულმა გულზე წაივლო ხელი, მაგრამ მერე შვებით ამოისუნთქა, რადგან იცოდა, სერგო კირთაძე მისი შვილი ნამდვილად არ იყო!

– დედამისი იმიტომ დავითხოვე სამსახურიდან, რომ მართლა უზნეოდ იქცეოდა. შვილის ტოლ ავადმყოფთან შევუსწარი პალატაში. თანამშრომელ მამაკაცებსაც გვაღიზიანებდა გამომწვევი საქციელით. არც მე და არც სხვები სიახლოვეს არ გავკარებივართო...

შორენამ შვებით ამოისუნთქა. მზად იყო ეპატიებინა კიდეც სერგოსთვის მომხდარი, შვილიც ერთად გაეზარდათ, მაგრამ ის მხოლოდ მაშინ გამოჩნდა, როცა გოგონა უკვე სხვისი ცოლი იყო და ბავშვიც სხვას ეძახდა მამას...

25 წლის სერგო მხოლოდ იმიტომ ჩამოვიდა სოფელში, რომ სახლი გაეყიდა, ფული სჭირდებოდა. გაყიდა კიდეც, მხოლოდ ბაღჩაში ჩადგმული პატარა ქოხი დაიტოვა: ვინ იცის, იქნებ ოდესმე დავბრუნდეო...

წავიდა და წავიდა. არავინ დაინტერესებულა მისი ბედით. არადა, 65 წლის კაცს ლამის ცხოვრების ნახევარი ციხეებში გაეტარებინა – ქურდობისა და ყაჩაღობისთვის იხდიდა სასჯელს. ბოლოს მძიმედ დაავადებული გამოვიდა ციხიდან, არც ისე დიდი ხნის სიცოცხლე დარჩენოდა. მშობლიურ სოფელში ინდომა სიკვდილი.

სოფელში, ბუნებრივია, ვერ იცნეს. აღარც დატოვებული ქოხი დახვდა. ის ადგილი მოესწორებინათ და სოფლის სასაფლაოსთვის მიეერთებინათ მისი მიწა.

ბოლოს ძველი ვაგონი იყიდა, სასაფლაოს კუთხეში ჩადგა და იქ დაბინავდა...

თანასოფლელები ერიდებოდნენ და არც თვითონ ჰქონია ვინმესთან ურთიერთობის სურვილი. არც გამოვიდოდა თავისი ბუნაგიდან, რომ არა აუტანელი ტკივილი. ურჩიეს, საავადმყოფოში მისულიყო.

ანკეტის შევსება მოითხოვეს და როცა სანდომიანმა ხანში შესულმა ექიმმა ქალმა ანკეტას დახედა, გაფითრებულმა შეავლო თვალი პაციენტს:

– ვერ მიცანი, მე შორენა ვარ!

სერგო ისე იყო შურისძიებით დაბრმავებული, არც ის გაურკვევია, რომ შორენა მისი და არ ყოფილა და არც ის, – დაიბადა თუ არა მათი შვილი! ამიტომაც მშვიდად შეხვდა ქალს, რომელიც ახალგაზრდობაში მარტოობისა და შერცხვენისთვის გაიმეტა.

– ახლა შეგიძლია ყველაფრისთვის გადამიხადო სამაგიერო, თუმცა ისიც იცოდე, რომ არაფერს ვნანობ. უნამუსო მამაჩვენის გამო დამენგრა ცხოვრება, არასრულფასოვნების კომპლექსისგან ვერ გავთავისუფლდი... შენც დაგღუპე...

– ჩვენ და-ძმა არა ვართ, სერგო. ეს დაამტკიცა მამაჩემმა, თორემ თავს მოვიკლავდი... გეძებდი, რადგან მართლა მიყვარდი და რომ არ გადაკარგულიყავი, ამ უბედურებას გადარჩებოდი. არც შენი შვილი დაუძახებდა სხვას მამას...

– ჩვენი შვილი დაიბადა?! – აღელდა კაცი.

– დაიბადა... ძალიან კარგი შვილი იყო, სანამ სიმართლე არ გაიგო თავისი დაბადების შესახებ. დაფიცებული აქვს, თუ გიპოვა, არ გაცოცხლებს!..

– მაინც უნდა ვნახო...

– არა, არ უნდა გაიგოს შენ შესახებ – ცოდვა არ უნდა დაიდოს... ეგონოს, რომ სამუდამოდ გაიქეცი...

– უნდა ვნახო, თუნდაც სიცოცხლის ფასად დამიჯდეს... ვნახო და... არა, პატიებას ვერ ვთხოვ, არ დამიმსახურებია... სიკვდილსაც გამიადვილებს იმის შეგრძნება, რომ ღმერთმა შვილი მომცა და ჩემი სიცოცხლე მასში გრძელდება...

– სამი შვილიშვილიც გვყავს! – სინანულით შეხედა ქალმა.

– უნდა ვნახო! – უკვე ვედრებას ჰგავდა კაცის ჩურჩული...

შორენამ არ გაუმხილა შვილის ადგილსამყოფელი. მანუჩარი პოლიციელი იყო და სასტიკი მაძებრის სახელითაც იცნობდნენ. ასეთი კი მას შემდეგ გახდა, რაც სიმართლე გაიგო თავისი დაბადების შესახებ. შორენამ სცადა მისთვის გული მოელბო, მაგრამ მალე მოუხდა იმისი აღიარება, რომ მანუჩარს მამის გენები გამოჰყვა, მისი სიფიცხე, დაუნდობლობა და შეურიგებლობა. იმაზეც მადლობას სწირავდა ღმერთს, რომ მისი შვილი პოლიციელი გახდა და არა კრიმინალი...

...ერთ დღეს სერგო კირთაძე სოფლელებს მკვდარი დახვდათ თავის ვაგონში. იცოდნენ, მძიმე ავადმყოფი რომ იყო და მისი სიკვდილი არ გაუკვირდებოდათ, რომ არა სისხლის გუბე საწოლთან. რამდენიმე გასროლით მოეკლათ და საკონტროლო ტყვიაც დაეხალათ შუბლში...

მწყემსმა გოგიამ თქვა სინანულით:

– მაგის სახეზე სიხარული პირველად დავინახე ორი კვირის წინ. გაეგო, შვილი რომ ჰყავდა, ენახა კიდეც: – ჯერ არ გამიკარა, მაგრამ კიდევ ვნახავ და კაცურად დაველაპარაკებიო, უთქვამს.

ადგილზე მისულმა გამომძიებლებმა როცა გაიგეს, ვინც იყო მოკლულის შვილი, ერთმანეთს მრავალმნიშვნელოვნად გადახედეს და ფაქტობრივად, მკვლელობის გამოძიებასაც აქ დაესვა წერტილი.

უპატრონო კაცის ბედი კი არავის ადარდებდა და ალბათ მისი მკვლელობა ოფიციალურად არც არსად აღრიცხულა. მხოლოდ იმ გამომძიებლის მახსოვრობას შემორჩა, რომელმაც ეს ამბავი ჩვენამდე მოიტანა...