ოდესელი ჯენტლმენები - კვირის პალიტრა

ოდესელი ჯენტლმენები

1918 წელს რუსეთში სამოქალაქო ომი და შიმშილობა მძვინვარებდა. ოდესა ხან თეთრგვარდიელებს ეკავათ, ხან პეტლიურას ჯარებს. მიუხედავად ამისა, ქალაქი ბურჟუაზიისთვის ერთგვარი ოაზისი გახლდათ, სადაც რუსეთის ყოველი კუთხიდან ომს გამოქცეული დიდგვაროვნები აფარებდნენ თავს და საზღვარგარეთ წასვლისა თუ ძველი დროის დაბრუნების მოლოდინში ქონებას ოდესის განთქმულ ტრაქტირებსა და რესტორნებში ანიავებდნენ.

27 დეკემბერს ფრანგულ ბულვარში საახალწლო განწყობა სუფევდა. საკონდიტრო მაღაზიის მეპატრონეს  ნაძვის ხეზე უხვად ჩამოეკიდა ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეული კანფეტები, შოკოლადის ფილები, ნაირფერი მარმელადის ყუთები და იმხანად ძალიან მოდური მონპასიეს კოლოფები. მაღაზიაში ზღვა ხალხი ირეოდა...

- რა ლამაზია, - თვალები გაუბრწყინდა 6 წლის მაშას და ფეხის წვერებზე აიწია, რათა უკეთ დაენახა მორთული ნაძვის ხე, - ეს ყველაფერი ნამდვილია? - ჰკითხა გვერდში  მდგომ 13 წლის ისაკს.

- ნამდვილია, ნამდვილი, ნერწყვი გადაყლაპა ბიჭმა.

- ოდესმე კანფეტი გიჭამია? - არ ისვენებდა გოგონა.

- არასდროს... დედა დღესასწაულებზე ერთ ნატეხ შაქარს გვაძლევდა ხოლმე, - სევდიანად თქვა ისაკმა და თვალები აუწყლიანდა, შემდეგ მაშას ხელი მოჰკიდა, - აქედან წავიდეთო.

- ამწიე რა, მხოლოდ ხელით შევეხები, - სთხოვა ბავშვმა. ისაკი თავიდან უარობდა. მერე ხვეწნამ გაჭრა და ის იყო, გოგონა უნდა აეყვანა, რომ ბეჭებში აუტანელი ტკივილი იგრძნო.

- რა უნდათ ამ მათხოვრებს აქ? - მოესმა მაღაზიის მეპატრონის ხმა, - ახლავე გაათრიეთ აქედან!

ისაკი მობრუნდა. ხელთ ნოქარი შერჩა, რომელმაც ჯოხი ამჯერად  გოგონას მოუქნია. ბიჭი ბავშვს გადაეფარა.

- ჩვენ მათხოვრები არ ვართ, - ცრემლმორეული ეუბნებოდა ნოქრებს, მაგრამ მათ არავინ უსმენდა. ბავშვებს ქეჩოში ხელი წაავლეს და გარეთ გაყარეს.

- ამ ტურტლიანებს ერთი-ორი კიდევ უთავაზეთ საახალწლოდ, - მიაძახა მაღაზიის მეპატრონემ ნოქრებს.

- ჩვენ ტურტლიანები არ  ვართ, - სლუკუნებდა მაშა, - ჩვენ ძია რეზოს ბავშვები ვართ.

- ეგ ვინღა ოხერია! - იკითხა ერთმა ნოქარმა იქედნურად.

- ძია რეზო კეთილი კაცია, ჩვენზე კეთილი, - მოესმათ მოულოდნელად მამაკაცის ხმა. ნოქრებმა ეტლიდან ჩამოსული ნათან ფრენკელი დაინახეს. ხელი გაუშეშდათ ლეგენდარული ბანდიტის დანახვაზე. მაღაზიის მეპატრონეც გამოვიდა გარეთ.

- ძია ნათან, - გაუღიმა მაშამ და ფრენკელს ფეხზე შემოეხვია.

- ძია რეზო კეთილი კაცია, განსაკუთრებით კეთილი... გასაგებია? - გამოცრა ფრენკელმა. მაღაზიის მეპატრონე დაბნეული ლუღლუღებდა.

- მიეცით ბავშვებს მარმელადი... თანაც საუკეთესო, - ფრენკელმა ფული მიუყარა  ნოქრებს და ეტლისკენ გაემართა. მოულოდნელად  ისაკს მიუბრუნდა: - რეზოს უთხარი, რომ მე დავბრუნდი და ხვალ საღამოს რესტორანში ველოდებით. საშა-ებრაელი დაუკრავს, - ფრენკელმა მაშას კიდევ ერთხელ გაუღიმა და მეეტლეს მიაძახა, - მოლდავანკაში (უბანია ოდესაში. - ავტ.) წამიყვანეო....

რეზო ფონტანკაზე ნაცნობ ანტიკვართან იჯდა, რომელიც თვალჩაშტერებით მისჩერებოდა ძველებურ საკინძეებს.

- საერთოდ აღარ გვაქვს მუშაობა. სახლი ათასგვარი "ძველმანით" მაქვს გამოტენილი, მყიდველი კი არ ჩანს, ცუდი დღეები დაგვიდგა, რეზო, - წუწუნებდა ანტიკვარი.

"ნახევარი პეტერბურგის საგანძურს თუ  "ძველმანს" ეძახი, მართლა ცუდი დღეები დაგდგომია, ჩემო იაკობ", - გაიფიქრა რეზომ და იქაურობა კიდევ ერთხელ მოათვალიერა.

- საკინძეები კარგია, ძველი ნამუშევარია, მაგრამ ფული არ მაქვს, ამ დღეებში გამომიარე და იქნებ როგორმე გაგისტუმრო... არაფერი აღარ გვეყიდება, - გააგრძელა წუწუნი ანტიკვარმა და საკინძეები Yყუთში ჩადო.

- ფული მჭირდება, იაკობ, იქნებ გამიხერხო რამე, - სთხოვა რეზომ.

- კარგი, კარგი, - ჩაიბურტყუნა ანტიკვარმა, - დღეს კლიენტს ველოდები, შავი მარგალიტის მძივი უნდა წაიღოს.

- ის ხომ მთელი საცხოვრებელი ღირს, - აღმოხდა უნებურად რეზოს.

- ერთი თავქარიანი გრაფი მომადგა - ქალი შეჰყვარებია და მას უნდა უყიდოს, - ანტიკვარს სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ კარებში ისაკი და მაშა გამოჩნდნენ.

- ძია რეზო, ძია ნათანმა მარმელადი გვიყიდა, - სულს ძლივს ითქვამდა გოგონა, - ოღონდ მანამდე...

რეზომ თვალი მოჰკრა, როგორ ანიშნა ისაკმა გოგონას, - არ თქვაო. "შინ გავარკვევ", - გაიფიქრა რეზომ და წასასვლელად წამოდგა.

- ეს ბავშვები არასდროს მინახავს შენთან, - დაინტერესდა ანტიკვარი.

- ორი თვის წინ რომ ებრაელთა უბანი დაარბიეს, ოთხი ბავშვი უპატრონოდ დარჩა და მე წამოვიყვანე. ახლა 16 ბავშვი მყავს, - სევდიანად გაეღიმა რეზოს და კარებისკენ გაემართა...

1916-1918 წლებში ოდესის კრიმინალური სამყარო სტიქიური და არაორგანიზებული იყო. ქალაქის სიმდიდრე ათას თაღლითს, ქურდბაცაცას თუ ბანდიტს იზიდავდა, თავად ოდესელი კრიმინალებიც კი ვერ რიგდებოდნენ, უბნებს ერთმანეთთანA სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ჰქონდათ გაჩაღებული, მოლდავანკა სავაჭრო პორტსა და ლანჟერონს ებრძოდა, პერესიპის ბანდიტებს კონფლიქტი ფონტანკის ქურდბაცაცებთან ჰქონდათ. სიტუაციის "დალაგება" ერთმა ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ცნობილმა მძარცველმა მოშე ვინიცკიმ გადაწყვიტა. მან პორტის ერთ დუქანში თავი მოუყარა ქალაქის ყველა ავტორიტეტს.

ვინიცკიმ შეკრებილებს უამბო, თუ როგორ შეთანხმდნენ იაპონიაში ნაგასაკის ქურდბაცაცები, ხელი არ შეეშალათ ერთმანეთისთვის და შეექმნათ ისეთი საერთო წესები, რომლებსაც არასდროს დაარღვევდნენ (შემდეგში ქურდული ღირსების კოდექსი). მოშემ შესთავაზა ავტორიტეტებს, აღარ ეომათ და ერთმანეთისთვის მშვიდად ცხოვრების საშუალებას მიეცათ. შეკრებილები შეთანხმდნენ.  მოშე ვინიცკი, ამ შეხვედრის შემდეგ კი მეტსახელად "მიშკა იაპონჩიკი", კრიმინალური ოდესის პატრონი გახდა.

29 დეკემბერს ალექსეევის რესტორანში ხალხმრავლობა იყო. მევიოლინე  საშა-ებრაელი ჩვეული ღიმილით ათვალიერებდა დარბაზს. მიშკა იაპონჩიკს და ნათან ფრენკელს მოჰკრა თვალი და მათი მაგიდისკენ გასწია.

- რამის მოსმენას ხომ არ ინებებთ? - იკითხა მოწიწებით.

- რამე ჩვენებური დაუკარი, ებრაული, - თვალები მოწკურა იაპონჩიკმა, - ამასობაში ნათანის სტუმარიც შემოგვიერთდება.

- ბატონი ბრძანდებით... დღეს ჩვენი ხალხისთვის დავუკრავ, - მევიოლინე ამაყად გაემართა სცენისკენ.

მალე რესტორანში რეზო გამოჩნდა. "სიარულში ეტყობა, უბრალო კაცი არ უნდა იყოს", - გაიფიქრა იაპონჩიკმა და სტუმარი ყურადღებით შეათვალიერა.

- ნათან, შენ მე ციხეში მგონიხარ, მეგობარო, - გადაეხვია რეზო ფრენკელს.

- ჩემს გათავისუფლებას არც მე ველოდი, ეს მიშკას დამსახურებაა, - გაუღიმა ნათანმა და რეზოს იაპონჩიკი წარუდგინა, - მიშკა რომ არა, 12 დეკემბერს პროლეტარები ოდესის ციხეს ვერ აიღებდნენ, - ირონიულად გააგრძელა ნათანმა.

- მე მათ მხოლოდ სამასი შეიარაღებული კაცი დავახმარე, - ჩაიცინა იაპონჩიკმა, - მშრომელებმა პოლიტიკურები გაათავისუფლეს, მე - ჩვენიანები. მართალია, ციხის უფროსი და კიდევ რამდენიმე მისნაირი ღორი შემოგვაკვდა, მაგრამ... სამაგიეროდ, ნათანი ჩვენთან არის, - გადაიხარხარა მიშკამ და მიმტანს გასძახა, - შამპანური მოგვიტანეო. პროლეტარების ხსენებაზე რეზო ჩაფიქრდა. სუფრაზე სიჩუმე ჩამოვარდა.

- მე მითხრეს, რომ ციხეში ციმბირში იჯექით, - დაარღვია დუმილი იაპონჩიკმა.

- მართალი ხართ, - თავი დაუქნია რეზომ.

- არა მარტო იჯდა, გამოიქცა კიდეც, - დაამატა ნათანმა.

- ჩემთან ერთად კიდევ ერთი ქართველი იყო, კობა (სტალინი. - ავტ.), - თქვა რეზომ და შამპანური უხალისოდ მოსვა.

- პოლიტიკურებს 1908 წელს ციხეში მეც შევხვდი, - გაიხსენა იაპონჩიკმა, - ერთს დავუმეგობრდი კიდეც და მისი გაქცევაც მე მოვაწყვე, თუმცა ეს 5-წლიან კატორღად დამიჯდა. ფელიქს ძერჟინსკი ერქვა, - მოულოდნელად სუფრას მიმტანი მიუახლოვდა და იაპონჩიკს ყურში რაღაც ჩასჩურჩულა.

- მოვიდნენ, დავილაპარაკებთ, - უპასუხა მიშკამ და ნათანს  გადაულაპარაკა, - "ციგანია" მოსული ლანჟერონიდანო.

- მე წავალ, - წამოდგა რეზო, მაგრამ იაპონჩიკმა ხელით ანიშნა, იჯექიო.

"ციგანი" მისალმების შემდეგ პირდაპირ საქმეზე გადავიდა.

- ამბავი მოგვიტანეს, 31 დეკემბერს, ღამით, ოდესის თეატრში წვეულება იქნებაო. ფრანგი მოცეკვავეები, ბრილიანტები, სავსე ქისები, - თვალები უელავდა "ციგანს".

- მერე? - სხვათა შორის იკითხა იაპონჩიკმა. მოსაუბრე დაიბნა, - ხომ იცი, ჩვენი წესი - "მოიპარე მხოლოდ ნაქურდალი". ლანჟერონამდე ამან ჯერ ვერ მოაღწია? - წარბი აწკიპა იაპონჩიკმა.

- კი, მაგრამ, მათი ბრილიანტები ნაქურდალი არ არის? მათი შრომით არის შეძენილი? ამბობენ, ებრაელების უბანი რომ დაარბიეს, ბევრი ძვირფასეულობა სწორედ მათ  მიითვისესო, - თავისას არ იშლიდა "ციგანი".

იაპონჩიკი მოსაუბრეს თითქოს არ უსმენდა, მზერა გაყინვოდა.

- "ოქროსხელება" სონია სად არის? - იკითხა ბოლოს.

- ისიც იქნება, - თქვა "ციგანმა".

- კეთილი, - ხელი ჩაიქნია იაპონჩიკმა. "ციგანი" მიხვდა - წასვლის დრო იყო და მაგიდას სწრაფად გაშორდა.

რეზო იაპონჩიკს თვალს არ აშორებდა.  "რაღაც აქვს ამ კაცს უცნაური, ცოტა სევდიანიც", - გაიფიქრა და ნათანს გადაულაპარაკა, - ჩემი წასვლის დროაო.

- რა კაცია ეს რეზო? - ჰკითხა იაპონჩიკმა ფრენკელს.

- ზუსტად არავინ იცის, - მხრები აიჩეჩა  ნათანმა, - ამბობენ, პეტერბურგში სწავლობდაო. შემდეგ პოლიცმაისტერი მოკლა და ციმბირში იყო. იქიდანაც გამოიქცა. მას მერე აქ არის, უპატრონო ბავშვებს უვლის, წერა-კითხვას ასწავლის, მეტსახელად "კეთილი რეზო" შეარქვეს.

- საოცარია, - ჩაილაპარაკა იაპონჩიკმა, - ამ კაცს ზუსტად ჩემნაირი ცხოვრება გამოუვლია, ზუსტად ჩემნაირი.

- ეს სიმღერა ეძღვნება ოდესელ ჯენტლმენებს, ჩემს მეგობრებს, - მოესმა იაპონჩიკს ნაცნობი ხმა. სცენისკენ გაიხედა - საშა-ებრაელის გვერდით მისი მეგობარი ლეონიდ უტიოსოვი იდგა (შემდეგში ცნობილი მომღერალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი)...

- უტიოსოვ, შენი სიმღერა ყველაზე მეტად მჭირდებოდა ახლა, - იაპონჩიკი სცენაზე მყოფ მეგობრებს ფეხზე წამოუდგა.

შინ დაბრუნებულ რეზოს ბავშვები დაძინებული დახვდა, მხოლოდ ისაკი ფხიზლობდა.

- ძია რეზო, ეს თქვენ შეინახეთ, - მან ბალიშიდან მარმელადის დიდი ნაჭერი გამოიღო, - რომ არ მომეპარა, მსუნაგ მაშას პირს ვერ გადაურჩებოდა, - ღიმილით დაამატა ბიჭმა, - ახალ წელს ბავშვებს მიეცით.

რეზო რამდენიმე წამს გარინდებული იდგა, შემდეგ ისაკს თავზე ხელი გადაუსვა. ძილის დროაო, - უთხრა, შემდეგ კი ქართულად ჩაილაპარაკა, - უფალო, არ მიმატოვოო და ჭრაქი ჩააქრო...

გაგრძელება შემდეგ ნომერში