შავი მარგალიტის მძივი - კვირის პალიტრა

შავი მარგალიტის მძივი

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #1)

1918 წლის 31 დეკემბერს ოდესის გუბერნატორი  გრიშნინ-ალმაზოვი  დილიდანვე მშვენიერ გუნებაზე იყო - ქალაქის  სამხედრო კომენდანტმა მოახსენა, - წუხელ პორტში ათეულობით ქურდბაცაცა დავიჭირეთო. გუბერნატორმა სიამოვნებისგან ხელები მოიფშვნიტა და სტუმარი ჩაიზე მიიწვია. საუბრის თემა საახალწლო წვეულება იყო.

- განსაკუთრებით ფრანგი მოცეკვავე ქალები მაინტერესებს. ყური მოვკარი, არაჩვეულებრივები არიანო, - თვალი მოჭუტა გრიშნინ-ალმაზოვმა.

- რაღა დაგიმალოთ და, მეც, - გაეღიმა კომენდანტს. კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა,  მაგრამ მოულოდნელად დარბაზში გუბერნატორის თანაშემწე შემოვიდა და მოახსენა, - ფიოდორ შალიაპინი უკვე ოდესაშიაო.

- ხომ ხედავთ, დღე რა კარგად იწყება, - მიმართა გუბერნატორმა კომენდანტს და უხალისოდ დაამატა, - იმედია, ამჯერად არ გაძარცვავენ.

- ცხადია, არა, - გაეღიმა თანაშემწეს.

- თქვენს ადგილას ასე თავდაჯერებული არ ვიქნებოდი, - შენიშნა ღვარძლიანად კომენდანტმა, - ყველასთვის ცნობილია, რომ სახელგანთქმულ მომღერალს ოდესაში საკონცერტო ნივთებიც კი მოჰპარეს, - კომენდანტს სახეზე ირონიული ღიმილი აუთამაშდა.

- როდესაც ეს ამბავი მიშკა იაპონჩიკმა გაიგო, მომღერალს ნივთები დაუბრუნეს და თან ბოდიშიც მიაყოლეს. მას შემდეგ ისინი მეგობრობენ. ასე რომ - ხელები გაშალა თანაშემწემ, - მართლა, თქვენთვის წერილია, - თანაშემწემ კონვერტი გუბერნატორს მაგიდაზე დაუდო და  დარბაზი დატოვა. გრიშნინ-ალმაზოვმა წერილი უდიერად გახსნა. კომენდანტმა შეამჩნია, როგორ მოეღუშა სახე გუბერნატორს კითხვისას.

- ეს  ხომ გაუგონარი თავხედობაა, - აღმოხდა გუბერნატორს, წერილი კომენდანტს მიაწოდა და ბოლთის ცემა დაიწყო.

"ჩვენ არც ბოლშევიკები ვართ და არც ჰაიდამაკები, ჩვენ კრიმინალები ვართ. კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ: ჩვენ არ ვეხებით თქვენს ოფიცრებს და ნურც ისინი შეგვეხებიან ჩვენ.  მიშკა იაპონჩიკი."

"ნაძირალა", - კბილები გააკრაჭუნა კომენდანტმა.

- დაიჭირეთ, - გამოცრა მოულოდნელად გუბერნატორმა.

- კი, მაგრამ მას  20000 შეიარაღებული კრიმინალების არმია ჰყავს, - თავის მართლებას შეეცადა კომენდანტი.

-  წარმოუდგენელია, გაუგონარია, - თავისთვის ბუტბუტებდა გუბერნატორი. მერე კომენდანტს მიუბრუნდა, - ამაზე ხვალიდან ვიფიქროთ. საახალწლოდ გუნების გაფუჭებას არ ვაპირებო და დამშვიდობების ნიშნად თავი   დაუკრა.

***

- ძია რეზო, მართალია, რომ ახალ წელს ჩვენთან თოვლის ბაბუა მოვა? - ახმაურდნენ ახალგაღვიძებული ბავშვები რეზოს დანახვაზე.

- ვინ გითხრათ? - დაიბნა რეზო.

- ისაკმა გვითხრა, - ახალ წელს ბავშვებთან თოვლის ბაბუა მოდის. თქვენ კი ძილის წინ სურვილები უნდა ჩაიფიქროთო, - ერთმანეთს არ აცლიდნენ ბავშვები.

- რა  მექნა, ისე არ იძინებდნენ, - გაეღიმა ისაკს.

- მაშინ მითხარით, რა ჩაიფიქრეთ? - დაინტერესდა რეზო.

- ნაძვის ხე,  ოღონდ მორთული და ბევრი, ძალიან ბევრი ტკბილეული, აი ამდენი, - ორივე ხელის თითები გაშალა მაშამ და თვალები აუციმციმდა.

- ძია რეზო, მართლა მოდის ახალ წელს თოვლის ბაბუა? - ჩურჩულით ჰკითხა ისაკმა რეზოს.

- მოდის, მოდის, - ჩაილაპარაკა რეზომ, შემდეგ ბავშვებს მოეფერა და ისაკს უთხრა, - ფონტანკაზე მივდივარ და მალე მოვალო.

საკონდიტრო კაფე”"ფანკონში" ხალვათობა იყო. ერთ-ერთ მაგიდასთან მიშკა იაპონჩიკი,  ნათან ფრენკელი და ლეონიდ უტიოსოვი   ჩაის მიირთმევდნენ.

- მთელი მოლდავანკა პორტში მომხდარ  ამბებზე ლაპარაკობს, - სხვათა შორის თქვა ფრენკელმა.

- არა მარტო მოლდავანკა, მთელი პრივოზი (ოდესის სახელგანთქმული ბაზარი. - ავტ.) ამაზე ყაყანებს, - დაამატა უტიოსოვმა. მიშკა დუმდა.

- ამბობენ, კატაკომბებზე თეთრ ძაღლებს ინფორმაცია პორტიდან მიაწოდესო, - განაგრძო იაპონჩიკის სიჩუმით გაკვირვებულმა ფრენკელმა.

- ვიღაცას გრძელი ენა ჰქონია, - იხუმრა  უტიოსოვმა.

- მოკლე ენა მხოლოდ მკვდარს აქვს, - გამოცრა მიშკამ და ცოტა ხნის შემდეგ დაამატა, - საღამოს წვეულებას ვესტუმროთ. სანახაობას მოვუწყობ, - თითები აათამაშა მაგიდაზე იაპონჩიკმა და კაფეს მეპატრონესთან მიმტანი გაგზავნა, - საღამოსთვის ორი ყუთი  საუკეთესო ტკბილეული გამიმზადოსო.

- რად გინდა?–- ჰკითხა ფრენკელმა.

- ერთი კეთილი კაცისთვის, - გაეღიმა იაპონჩიკს.

***

როდესაც რეზომ იაკობის მაღაზიაში შავი მარგალიტის მძივს თვალი ვეღარ მოჰკრა, გაუხარდა.

- მძივი წაიღეს, თუმცა  მხოლოდ ნახევარი გადამიხადეს, - აწუწუნდა ანტიკვარი, - ახლა 20 მანეთის მოცემაღა შემიძლია.

ანტიკვარის ამ სიტყვებმა რეზოს თითქოს ცივი წყალი გადაასხეს.

- მაგრამ მე უფრო მეტი მჭირდება, იაკობ, - რეზოს ხმაში მუდარა გაისმა, - ამ ფულით მხოლოდ ბინის პატრონს თუ გავისტუმრებ დაB შეშას ვიყიდი. დღეს ხომ ახალი წელია და ბავშვები თოვლის ბაბუას ელოდებიან.

- ჩემო რეზო, რაც უფრო ადრე გაიგებენ ბავშვები, რომ ამქვეყნად სასწაულები არ ხდება, აჯობებს - ცხოვრებას ისწავლიან. ისედაც ბევრს უკეთებ მათ, - აი, ფული. მეტს ვერ მოგცემ.

რეზო დიდხანს იდგა გარინდებული, შემდეგ ფული აიღო და მაღაზიიდან გავიდა. ღამის სუსხმა ციმბირი  და თანამესაკნე კობას სიტყვები გაახსენა - Kკეთილ კაცს უფალი არასდროს მიატოვებსო.”

- მართალი ხარ, ჩემო კობა, - წამოიძახა  უნებურად რეზომ და პრივოზისკენ გასწია, რათა ნაძვის ხის ყიდვა მოეწრო.

***

31 დეკემბრის 23 საათი სრულდებოდა. ოდესის თეატრში  საახალწლო წვეულება  ტემპს იკრეფდა.

"მამაკაცთა უმრავლესობა მოცეკვავეების სანახავად იქნება მოსული, - გაუელვა გუბერნატორს, როდესაც დარბაზს თვალი მოავლო, - თუმცა არც ქალბატონების ნაკლებობა შეიმჩნევა".

- რა მორთულ-მოკაზმულები არიან. ამდენ სამკაულს და ძვირფას ქურქს თითქოს ამ დღისთვის ინახავდნენ, - ფრანგულად გადაულაპარაკა მეუღლეს.

სცენაზე ფიოდორ შალიაპინი გამოჩნდა. დარბაზი გაისუსა.

"თითქოს ყველაფერი ძველებურადაა, არც ომია და არც ეს წყეული ბოლშევიკები, - გაიფიქრა ოდესის კომენდანტმა, - თითქოს შალიაპინს არა აქ, ამ ბინძურ ოდესაში, არამედ  პეტერბურგში, იუსუპოვებთან ვუსმენ."

დარბაზში ჩოჩქოლი ატყდა. კომენდანტმა სცენაზე მიშკა იაპონჩიკს მოჰკრა თვალი, რომელიც შალიაპინს ოვაციებით მიაცილებდა.

"ეს რაღა ჯანდაბაა", - გაუელვა.

დარბაზში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა.

- ქალბატონებო და ბატონებო, დარბაზში არიან ექიმები ან მასწავლებლები? - გაისმა იაპონჩიკის ხმა.

მხოლოდ ორი ექიმი და ერთი პროფესორი აღმოჩნდა.

- ამ სამი ბატონის გარდა ყველას უმორჩილესად გთხოვთ,  ჩააბაროთ თქვენი სამკაულები ჩვენს მეგობრებს, ქალბატონებს ოქროსხელება სონია მოგემსახურებათ, ოღონდ ზედმეტი ინიციატივის გარეშე... მიშკა იაპონჩიკი ახალ წელს გილოცავთ, ბატონებო!

იაპონჩიკის ხსენებაზე დარბაზს ჩურჩულმა გადაუარა.

- მასწავლებლები რაღატომ? - ჰკითხა ნათან ფრენკელმა.

- რეზოს ხათრით, - მოჭრა იაპონჩიკმა და კმაყოფილმა გაიღიმა.

- მე თქვენი დიდი თაყვანისმცემელი ვარ, - უთხრა წასვლის წინ იაპონჩიკმა შალიაპინს და მოწიწებით თავი დაუკრა.

- მე - თქვენი, - გაუღიმა მომღერალმა.

- თქვენ კი მოსახვევში ტყვია არ აგცდებათ, თუ კვლავ შეეხებით ჩემებს, - მიუბრუნდა გრიშნინ-ალმაზოვს მიშკა და გასასვლელისკენ გაემართა.

- რად გინდათ ამდენი სამკაული? - თავი ვერ შეიკავა ერთმა ქალბატონმა ძვირფასეულობით სავსე კალათის დანახვაზე.

- ნაძვის ხის მოსართავად, - დაემანჭა "ციგანი".

გუბერნატორი ხმას ვერ იღებდა. დარბაზიც დუმდა...

***

ბუხართან მიმჯდარი ბავშვები სულგანაბული შეჰყურებდნენ საათს. თორმეტი სრულდებოდა.

- აი, ნახავთ, თუ არ მოვა, - ტიკტიკებდა მაშა, - ძია რეზოს ნაძვის ხე გამოატანა, დანარჩენს თვითონ მოიტანს.

- ახალი წელიც მოვიდა, - წამოდგა რეზო და ბავშვებს სათითაოდ გადაეხვია, შემდეგ კი გადანახული მარმელადი დაჭრა, ბავშვებს ჩამოურიგა და ქართულად დალოცა, - ასე ტკბილად დამიბერდითო.

- არ მოვიდა თოვლის ბაბუა, - წაისლუკუნა ერთმა.

- იმიტომ, რომ ღარიბები ვართ, - ნაღვლიანად მიუგო ისაკმა. რეზომ აღარ იცოდა როგორ მოქცეულიყო. მოულოდნელად კარზე კაკუნი გაისმა.

- ხომ ვამბობდი, - გახარებული მაშა კარისკენ გაიქცა, მაგრამ როდესაც ნათან ფრენკელი დაინახა, დაიყვირა, - თოვლის ბაბუა კი არა, ძია ნათანი მოვიდაო. ფრენკელს მიშკა იაპონჩიკი შემოჰყვა. დაღვრემილი ბავშვები რომ დაინახა, გულიანად გაიცინა:

- თოვლის ბაბუამ მე და ძია ნათანს თქვენთან ეს გამოგვატანა.

გახარებული ბავშვები ტკბილეულის ყუთებს ეცნენ.

- მე მორთული ნაძვის ხე მინდოდა, - უჩურჩულა მაშამ იაპონჩიკს.

- თოვლის ბაბუამ მაგაზეც იზრუნა.

რეზო გაკვირვებული იდგა, მაგრამ როდესაც ფრენკელმა კალათიდან შავი მარგალიტის მძივი და სხვა ძვირფასეულობა ამოიღო, გულიანად გაიცინა...

P.S. მიშკა იაპონჩიკი 1919 წლის თებერვალში მოკლეს, საბჭოთა სივრცის კრიმინალური სამყარო მას პირველ კანონიერ ქურდად მიიჩნევს, ნათან ფრენკელი დახვრეტას ფელიქს ძერჟინსკიმ გადაარჩინა - მას 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

1930 წლის დეკემბრის ერთ საღამოს სტალინი უკვე მერამდენედ კითხულობდა ერთი პატიმრის წერილს...

რამდენიმე საათში წერილის ავტორი ბელადის კაბინეტში იჯდა. "აი, თურმე როგორი ყოფილა კობა", - გაუელვა ტუსაღს.

- ამხანაგო ფრენკელ, თქვენ ფიქრობთ, რომ ბელამორს (თეთრი ზღვა-ბალტიის არხი) პატიმრები ააშენებენ?

- დიახ, და ეს სახელმწიფოს თითქმის არაფერი დაუჯდება.

- მაგრამ როგორ უნდა მართოთ ისინი?

- ისინი სახელმწიფომ უნდა მართოს შიგნიდან. ამ სამსახურს შეიძლება პირობითად "гулаг" (государственное управление лагерей) დავარქვათ.

საუბარი სტალინის კაბინეტში კიდევ დიდხანს გაგრძელდა. იმავე ღამით სტალინის ბრძანებით, ნათან ფრენკელი "გულაგისა" და "ბელამორის" ხელმძღვანელად დაინიშნა. თენდებოდა, ბელადი ფანჯარასთან იდგა.

- ესე იგი გულაგი,  ეს კარგია, - ჩაიღიმა და ჩიბუხი გააბოლა...