მკვლელობა... სიყვარულის საბაბით
21-09-2009
- სიყვარულიც ზოგჯერ იმოდენა ბოროტებას შობს, წარმოდგენაც რომ გაუჭირდება კაცს! - ასე დაიწყო ბატონმა ბიძინამ კიდევ ერთი კრიმინალური ამბის თხრობა.
შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებს კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ, რადგან მძღოლს მანქანა ისე მოეტრიალებინა, რომ სწორედ გვერდით მჯდომის მხრიდან შესკდომოდა ასწლოვან მუხას. მსხვერპლი ისე იყო დამტვრეული, გასაკვირია, რომ შეჯახების ძალამ ფესვებიანად არ მოთხარა ხე.
მძღოლი ქალი იყო. მართალია მარჯვენა ფეხი მასაც წვივში გადამტვრეოდა, მაგრამ თანამგზავრის ფონზე ეს რა მოსატანი
იყო. ნაწვიმარი იყო და სავსებით დამაჯერებლად ჩანდა მძღოლის ვერსია, მანქანა მომიცურდაო, მხოლოდ იმას თუ წავუყენებდით ბრალად, რომ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.
როცა ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლები მოვიდნენ, პირველადი დათვალიერების შემდეგ ექიმმა გვერდზე გამიყვანა:
- ბატონო ბიძინა, თუ ავარია სულ რაღაც ერთი საათის წინ მოხდა, როგორც თქვენ ამტკიცებთ, მაშინ საქმე
ბევრად რთულადაა. ეს უბედური კაცი მანამდეა მოკლული, სულ მცირე, ათი საათი მაინცაა გასული მისი გარდაცვალებიდან...
- არ ცდებით?! - შევხედე გაკვირვებულმა.
- შეცდომა გამორიცხულია! - თქვა მტკიცედ და ისღა დამრჩენოდა მეთხოვა, რაც შეიძლება სწრაფად დაედგინათ გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი.
მანამდე კი, ბუნებრივია, ვცადე, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მომეგროვებინა როგორც გარდაცვლილზე, ასევე ავარიის მომხდენ ქალზე, რომლისთვისაც ფეხი უკვე ჩაესვათ თაბაშირში და ტკივილგამაყუჩებლებიც მიეცათ.  
47 წლის მანანა ბახტაძე (გვარ-სახელი აქ და შემდგომაც შეცვლილია) მარტო ცხოვრობდა. საკუთარი ბიზნესი ჰქონდა, - სილამაზის სალონების მთელი ქსელი და ცხოვრება არ უჭირდა, რადგან ორსართულიანი კერძო სახლი იმხანად საკმაოდ ძნელად საშოვნელი იმპორტული ავეჯითაც გაეწყო; მანქანაც, რომლითაც ავარია მოახდინა, მისი იყო...
თუმცა, ყოველთვის ასე არ ყოფილა. როგორც მისი სახლის კიდევ ერთმა ბინადარმა ქალმა გვითხრა, რომელიც შორეულ ნათესავადაც ერგებოდა და ახლა დამხმარედ აეყვანა, - მანანა სოფელში გაზრდილი გოგო იყო, სტუდენტობაში ქირითაც ცხოვრობდა და როცა ქირის გადახდის საშუალება არ ჰქონდა, ნათესავებს აფარებდა თავს. სიღარიბე ისე მოჰბეზრებოდა, სტუდენტობაშივე ისწავლა პარიკმახერობა, მანამდე კი ერთ-ერთი სალონის დამლაგებლადაც არ თაკილობდა მუშაობას. მაშინ ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაში იყო ყველა საწარმო და არც პარიკმახერობა ითვლებოდა პრესტიჟულ საქმედ, ამიტომ არ გასჭირვებია ადგილის შოვნა. მერე კი ისეთი ალღო და მოხერხებულობა გამოიჩინა, მართალია საბჭოთა კავშირის დაშლამდე დაფარულად, მაგრამ თავის "კანტორად" აქცია ჯერ ისევ სახელმწიფო ქონება. შესაბამისად, ჰიგიენის სახლი აბანო-საუნად "გარდაქმნა"... მდიდარი კლიენტებიც გაიჩინა. დღისით ჩვეულებრივი სალონი იყო, ღამით კი იქ ნამდვილი ორგიები იმართებოდა.
მარტო ვეღარ გაუძღვა ღია თუ დაფარულ ბუღალტერიას და ახლობლებს არა მარტო ნიჭიერი, სანდო ეკონომისტის შერჩევაში დახმარება სთხოვა და ასე გაიცნო თავისზე 5 წლით უმცროსი ლადო თევდორაძე, რომელიც სულ რაღაც 25 წლის გახლდათ მაშინ, მაგრამ მაინც შეუცვლელი სპეციალისტი აღმოჩნდა. 30 წლის მანანას ლადო გარეგნობითაც მოეწონა. აგრძნობინა კიდევაც, რომ ერთად ბედნიერები იქნებოდნენ. შეწუხებული თევდორაძე ქალს გამოუტყდა, რომ უკვე ცოლიც ჰყავდა და შვილიც. ქალი არ უყვარდა, მაგრამ რადგან დაფეხმძიმდა, იძულებული გახდა, ცოლად შეერთო, - კრიმინალი მამის გარდა, გოგოს არანაკლებ თავზე ხელაღებული უფროსი ძმა ჰყავდა, რომელიც უარის შემთხვევაში ლადოს არ აცოცხლებდა...
მანანამ მაინც ვერ თქვა მასზე უარი და მალე ყველამ გაიგო, რომ საყვარლები გახდნენ. ხმებმა სოფლამდეც ჩააღწია და ახლა ბახტაძეს აუმხედრდნენ მამა და ძმები, მოკვლით დაემუქრნენ ოჯახის შემრცხვენელს, თუ სასწრაფოდ სოფელში არ დაბრუნდებოდა, მაგრამ მანანამ შეძლო მათი წინააღმდეგობის დაძლევა. თუმცა, ოჯახმა მასზე უარი თქვა და მკვდრად გამოაცხადა.  
მანანას ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაც მოხდა, - ლადო თევდორაძისგან დაფეხმძიმდა. დააპირა კიდევაც ბავშვის გაჩენა, მაგრამ ლადო მუხლებში ჩაუვარდა: ეგ ბავშვი რომ დაიბადოს, მომკლავენ სიმამრი და ცოლისძმა. როგორც კი მუცელი დაგეტყობა, იძულებული ვიქნები, თავი რუსეთს შევაფარო, რომ სიცოცხლე შევინარჩუნოო... ქალი დაემორჩილა. თან, მისი დაპირებებიც დაიჯერა: კაცი მას, ადრე თუ გვიან, ცოლად შერთვას ჰპირდებოდა და ეფიცებოდა, მიყვარხარო...
ახლა კი სწორედ ლადო თევდორაძე იყო გარდაცვლილი და როგორც ექსპერტიზის დასკვნაში გვიმტკიცებდა სპეციალისტი, - ის ავარიის დროს უკვე მკვდარი იყო და სავარაუდოდ, მთვრალი (სისხლში დიდი რაოდენობით ალკოჰოლი აღმოაჩნდა) გაგუდეს!
მანანა ბახტაძემ მეორე დღესვე მოგვცა ჩვენება და არ დაუმალავს, რომ თევდორაძე მისთვის უბრალო თანამშრომელი არ იყო. ისიც გვითხრა, რომ ქალაქგარეთ მორიგი პაემანი ჰქონდათ, რაც რესტორანში ქეიფით დასრულდა. ლადო იმდენად მთვრალი იყო, გზაში ჩაეძინა. ავარიის მომენტშიც ეძინა.
- რესტორანში მარტო იყავით? - შევეკითხე და მომეჩვენა, რომ შეკრთა, თუმცა ემოცია მალე მოთოკა და უხეშად მიპასუხა:
- როდის იყო, პაემანზე მოწმეები დაჰყავდათ?!
ამ დროს ექიმი შემოვიდა პალატაში და გვთხოვა, დაზარალებულის დაკითხვა შეგვეწყვიტა:
- გამაყუჩებელი უნდა მივცეთ, თორემ აუტანელი ტკივილი დაეწყება...
მის პალატასთან მეთვალყურედ თანამშრომელი დავტოვე, რომელმაც ღამის 10 საათზე დამირეკა:
- ბატონო ბიძინა, ბახტაძეს მნახველი ჰყავდა და, მგონი, უნდა იცოდეთ ამის შესახებ. უკვე დავადგინე - მისი ერთ-ერთი მოადგილე, თენგიზ წვერავაა. ხმადაბლა ლაპარაკობდნენ, მაგრამ მაინც შევძელით მიყურადება: ბახტაძემ მას სასწრაფოდ ვალის გასტუმრება დაავალა... ვერ გეტყვით, რა ვალზეა ლაპარაკი, მაგრამ წვერავას უკან გავყევი. დღეს არავის შეხვედრია, შინ მივიდა და მანქანაც გარაჟში დააყენა...
სასწრაფოდ მასაც მივუჩინე ორი პოლიციელი მეთვალყურედ და ვუბრძანე, მისი ყველა ნაბიჯი გაეკონტროლებინათ.
იმ დღეს და მეორე დღეს საეჭვო არაფერი მომხდარა.
წვერავას არც ბახტაძე მოუნახულებია საავადმყოფოში. ორი დღის შემდეგ კი მათ ოფისში დაახლოებით ორმეტრიანი გოლიათი მივიდა. ძლივს ეტეოდა "ჟიგულის" მარკის ავტომობილში. შენობაში ცარიელი შევიდა, იქიდან გამოსულს კი ხელში ქაღალდის სქელი პარკი ეჭირა. იმ დროს მეც იქ ვიყავი და მისი დაპატიმრების ბრძანება გავეცი. იარაღი რომ მივუშვირეთ, აღარ უფიქრია წინააღმდეგობის გაწევა და ჩვენებაც მალე მოგვცა:
- მე იმ რესტორნის თანამშრომელი ვარ, სადაც იმ დღეს მანანა და მისი საყვარელი მოვიდნენ. ჯერ ისადილეს, მერე განმარტოება ისურვეს. იქ რა მოხდა, არ ვიცი. მართლა არ ვიცი, შვილებს გეფიცებით. რომ დამიძახა, კაცი უკვე მკვდარი ეგდო საწოლში. მე მხოლოდ მანქანამდე მივათრევინე და შიგ მძინარესავით ჩავსვი. ეს ფული კი დუმილის საფასურად მომცა... შევცდი, ფულს დავხარბდი. თან ცუდი არც მიფიქრია: მითხრა, საყვარლები ვართ და არ მინდა მისმა ოჯახმა გაიგოს, რომ ჩემთან ყოფნისას მოკვდა. სადმე სხვაგან დავტოვებო...
უკან გავყევი. ავარიაც ჩემ თვალწინ მოახდინა. არ იცოდა, თუ უკან მივყვებოდი. ბუნებრივია, არ ვენდე, რომ სწორად მითხრა თავისი კოორდინატები. მანქანა განგებ შეახეთქა ხეს... სანამ პოლიცია მივიდოდა, მე მივვარდი მის მანქანას და ვუთხარი: თანხას გამიორმაგებ, რადგან აშკარაა, რომ დანაშაულის დაფარვას ცდილობ-მეთქი!
თავისი მოადგილის კოორდინატები მომცა, - ის მოგცემს, რაც საჭიროა, ოღონდ ახლა აქაურობას მოშორდიო!
მეც ასე მოვიქეცი...
ისეთი მოწმე გვყავდა, თავისუფლად შეგვეძლო მანანა ბახტაძისთვის საყვარლის მკვლელობაში ბრალი წაგვეყენებინა, მაგრამ ამასობაში კიდევ ერთი რამ მოხდა - საავადმყოფოში ფეხმძიმე ქალი, ია ბაკურაძე მოვიდა და საწოლში გაშოტილი ბახტაძე თმით ითრია. ძლივს გამოჰგლიჯეს სანიტრებმა და ჩვენმა პოლიციელებმა ხელიდან, სულ მკვლელი და ნაძირალა უძახა.
ცოტა რომ დამშვიდდა, ბაკურაძემ ასეთი რამ გვიამბო:
- ლადოს მე ვუყვარდი. მართალია ის ჩემზე 16 წლით იყო უფროსი, მაგრამ სიყვარულმა ასაკი არ იცის. ქობულეთში გავიცანი ორი წლის წინ და მაშინვე შეგვიყვარდა ერთმანეთი. ლადომ ბინაც მიყიდა. მართალია, ერთოთახიანია, მაგრამ სასახლეს მირჩევნია, რადგან მისი კედლებია ჩვენი სიყვარულის მოწმე. რომ გაიგო, ფეხმძიმედ ვიყავი, ცოლთან გაყრა გადაწყვიტა და დაიწყო კიდევაც პროცესი, რასაც ოჯახში სკანდალი მოჰყვა და ხმები მანანამდეც მივიდა. მომივარდა. ალბათ მომკლავდა, ლადო რომ არ ჩაგვდგომოდა შუაში. მერე კი გაკაპასებულ ქალს პირში მიახალა:
- არც შენ და არც ჩემი ცოლი არასოდეს მყვარებიხართ, მუცელიც იმიტომ მოგაშლევინე თავის დროზე. ია კი ჩემი სიცოცხლეა, ეს ბავშვიც უკვე გაზრდილ შვილზე მეტად თუ არა, ნაკლებად არ მიყვარსო! - მომეფერა მუცელზე და მანანას ხელი ჰკრა, გარეთ გააგდო. მანანა დაგვემუქრა, რომ არ გაგვახარებდა და აასრულა კიდევაც მუქარა. ეჭვიც არ მეპარება, რომ მკვლელია. ჩემი შვილის მამა როგორღაც გაიტყუა ქალაქგარეთ. არ ვიცი, რატომ შეხვდა მას ლადო, გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მალე მასთან ყველანაირ კავშირს გაწყვეტდა...
მანანა ბახტაძე უტვინო ქალი არ იყო. მიხვდა, რომ ჩიხში მოექცა და მალე აღიარა დანაშაული:
- მე მას შევწირე ახალგაზრდობა, პატიოსანი სახელი, საკუთარი მომავალიც, როცა შვილზე ვთქვი უარი და აბორტზე დავთანხმდი... სანაცვლოდ კი... - არასოდეს მყვარებიხარ, გიყენებდიო, მითხრა! ჩათვალეთ, რომ გავგიჟდი, მაგრამ ამის პატიება აღარ შემეძლო, მაშინ მე უნდა მომეკლა თავი. როგორღაც დავითანხმე, რომ განშორებამდე კიდევ ერთხელ უნდა გველაპარაკა... რომ დავათვრე, ჩაეძინა და ჭკუა გადამეკეტა: ბალიში დავადე სახეზე და... წინააღმდეგობას მიწევდა, არც კი ვიცი, როგორ მოვერიე. მერე რაც მოხდა, იცით. ეს დანაშაული რომ შემრჩენოდა, არც ია ბაკურაძეს ვაცოცხლებდი, რადგან ის იქცა განხეთქილების ვაშლად, ის ჩადგა ჩემსა და ლადოს შორის და ჩემს სიცოცხლესაც აზრი დაუკარგა...
...მანანა ბახტაძეს 15 წელი მიუსაჯეს. მგონი, ბოლომდე მოიხადა.


რედაქტორის რჩევით